ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ქრისტინე

ზაფხულის არდადეგების დროს ჩვენს იმერულ სახლში საკურთხის სუფრა რამდენჯერმე იშლებოდა. ბებიაჩემს საიქიო ცხოვრებისა ბევრი არაფერი სწამდა, მაგრამ წესია ასეთიო, იტყოდა და საქმარეულოს მიცვალებულებთა სახსენებლად განსაკუთრებულ სადილს მოამზადებდა.  კვერებიც რომ გამოცხვებოდა, ნაღვერდლიან კეცზე საკმევლის ჩაკმევამდე უნათლავ ბავშვებს ეზოში გაგვიშვებდა, აქ ყოფნა არ გეკუთვნითო. გამოძევებულს ცნობისმოყვარეობა წამძლევდა და ძველი ფიცრულის კარს ავეკრობოდი. ბებიაჩემის ხმის მიმოსვლით ვხვდებოდი, რომ ძველისძველ მაგიდას წრეს უვლიდა და ათასჯერ ნათქვამს იმეორებდა – ღმერთო, შენ აცხონე და გაანათლე პავლია რუხაძის მკვდრებიო. იმ უხილავ, საიდუმლო ერთობაში იყო ჩემი დიდი ბებია ქრისტინე ჩომახიძეც.

იმერეთში სამი ჯიხაიშია  – დიდი, პატარა და გოჩა. ქრისტინე გოჩადან ყოფილა. დედ-მამა შავი ჭირით გარდაცვლია და ნათესავებს სატირლის გარეშე დაუკრძალავთ. დაობლებულ და-ძმებს ერთმანეთი დაუზრდიათ  – უფროსებს უმცროსებზე უთავებიათ მზრუნველობა, პატარები კი დიდებს ამოსდგომიან მხარში.

წამოჩიტულა ქრისტინე, ლამაზი გოგო დამდგარა, მხრებგაშლილი და თავდაჯერებული. ჯარიანობა იცოდნენ იმხანად, შეიკრიბებოდა სოფელი და იყო დიდი მოლხენა. ქრისტინეს სოფლის თავყრილობებზე „კავალრებად“ ძმები დაჰყვებოდნენ თურმე, აბეზარი თავყვანისმცემლებისგან რომ დაეცვათ.  ქრისტინესაც ალბათ თავი მოსწონდა და მომავალი ცხოვრება საამურად ესახებოდა.

18 წლის როგორც კი შესრულებულა, სოლომონს და სარდიონს მაჭანკლისთვის თანხმობა უთქვამთ და ქრისტინე 60 წლის პავლე რუხაძისთვის შეურთავთ ცოლად. ჩვენთან რომ მოვიდა, უკვე თეთრი წვერი ეფინაო, იხსენებდა წლების მერე თურმე ქრისტინე და ყოველ ცისმარე დილას საკუთარ ძმებს წყევლიდა, ასე როგორ გამიმეტესო.

პავლე კულაკი ყოფილა – მიწების, მცირე საწარმოს და მუხის ხისგან ნაგები სახლის პატრონი.  ქუტირშიც გამრჯე და მტკიცე ხასიათის კაცის სახელი ჰქონია. მისი წინამორბედი ცოლების სახელებს ქრისტინე თურმე არასოდეს ახსენებდა, მაგრამ იმას კი ხშირად ამბობდა, ალბათ პავლეს ვერ გაუძლეს და საიქიოს გზას ადრიანად იმიტომაც დაადგნენო.

 

მხოლოდ ევდოკია ეკერა პირზე, ეწერში გათხოვილი და – ერთი, ვერ ვნახეო, დანანებით იტყოდა თურმე. არ იყო ადვილი მაშინ მიმოსვლა, ჭირისა და ლხინის ამბავს სხვისი პირით თუ შეუთვლიდნენ ხოლმე დები ერთმანეთს. გულის დარდი და ვარამი კი შუამავლისთვის, აბა, ვის გაუნდია.

 

ყოველ საღამოს, როგორც სტუმარს, ქმარს ისე უნდა დავხვედროდიო, იხსენებდა მოხუცებულობაში ქრისტინე. გავამზადებდი ვახშამს, გავშლიდი სუფრას, მოვიდოდა დაღლილი, ამიხირდებოდა  – ან ის ჭიქა რატომ არ დევს, ან ეს კერძი როგორ მოგიმზადებიაო, კრავდა ხელს მაგიდას და სუფრას ააყირავებდაო. მერე ისევ თავიდან უნდა გამეშალა ვახშამი და უხმოდ მემასპინძლაო. გასაქცევი არ მქონდა, იმ გაჭირვებაში ძმები აღარ მიმიღებდნენ და შვილებსაც ვერ მივატოვებდიო.

1921 წელს წითლები მოსულან, პავლესთვის მიწები ჩამოურთმევიათ, თოხის პირებიც კი წაუღიათ და მხოლოდ საკარმიდამო ნაკვეთი დაუტოვებიათ. 90-ს მიტანებულ მოხუცს მიწის დარდი აჰყოლია და მალევე გარდაცვლილა.

 

დაკრძალვის დღეს ქვემო იმერეთში უჩვეულოდ დიდი თოვლი მოსულა. არ იცის ჩვენში მკაცრი ზამთარი, ნესტიანი და თბილი მიწა დიდხანს არ შეირჩენს ხოლმე ნაფიფქს. სოფლის კაცებს თოვლის გვირაბი გაუჭრიათ და თეთრწვერა ისე გაუსვენებიათ. ქრისტინეს კი სახლის კარი მოუხურავს და ქმარი უკანასკნელ გზაზე აღარ გაუცილებია. არც ის მოუკითხავს, სად გაუჭრეს საფლავი, არც ორმოცი გადაუხდია და არც წლისთავზე აუხდია ჭერი.

 

პავლე რუხაძეს 3 ქორწინებიდან 17 შვილი ჰყოლია. მათგან 5 ქრისტინემ შობა. ავქსენტი და მიხეილი მცირეწლოვნები გარდაცვლილან, კონსტანტინე (ჩემი ბაბუა) მეორე მსოფლიო ომიდან აღარ დაბრუნებულა, არც გალინას უცოცხლია დიდხანს. მხოლოდ მარუსია დაბერებულა, თუმცა მამის საფლავის გზა არც მას სცოდნია.

 

რუხაძეებისთვის სუფრის გაშლა ქმრის სიკვდილის მერეც არ დაკლებია ქრისტინეს.  სკოლიდან „პერემენაზე“ გამოქცეულ შვილიშვილებს ყოველდღე გემრიელ სადილს ახვედრებდა და უკვე მოზრდილებსაც საფერხეში იწვენდა.

ქრისტინე შთამომავლებმა დიდი პატივით დაკრძალეს და სამუდამო განსასვენებელი იმ ეკლესიის ეზოში მიუჩინეს, რომლის აშენებისთვისაც პავლე რუხაძეს არაფერი დაუშურებია.

 

საუკუნის წინანდელ საგას ჩემზე უკეთ ბებიაჩემისგან ყურმოკრული ფრაზა – „პავლია რუხაძის მკვდრები“ – უფრო იტყვის და კიდევ ქრისტინეს კენტი საფლავი, რომელშიც იმ გოგოს დანატრებული ქალი ასვენია, საყვარელ ძმებთან ხელკავით ჯარიანობაზე რომ მიეჩქარებოდა.

 

დრო იყო მაშინ ასეთი.

 

ახლაც ასეთი დროა.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი