პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ახალი ამბები – სივრცე ბავშვებთან სალაპარაკოდ

ბავშვობაში ხშირად მესმოდა ფრაზა ილიას ლექსიდან, რომლის თანახმადაც ყოველი დღის ბოლოს ადამიანმა თავის თავს უნდა უნდა ჰკითხოს, იმ დღეს ვის რა არგო. ეს იყო არაპირდაპირი მოწოდება უფროსების მხრიდან მოვქცეულიყავი კარგად და თავაზიანად, დავხმარებოდი სხვებს, თუკი ამის საჭიროება იქნებოდა და ერთგვარი თამაშიც ჩემი თავთან, ძილის წინ გამეხსენებინა დღის ამბები და დამეჭირა მათში რაიმე სასიამოვნო, საინტერესო, საამაყო.

 

მერე გავიზარდე, ჟურნალისტი გავხდი.  მე კი არა, ჩემი შვილიც გაიზარდა და უკვე წელიწადზე მეტია საღამოობით, ძილის წინ მეკითხება ხოლმე, რაზე ვიმუშავე იმ დღეს. თავიდან ზედაპირულად ვუყვებოდი ხოლმე დღის იმ ამბავს, რომელზეც ვმუშაობდი – არ ვფიქრობდი რომ ამ ასაკის ბავშვისთვის შეიძლება პოლიტიკა ასე საინტერესო ყოფილიყო, ეკონომიკა გასაგები და სამართლის საკითხები ემოციური, მაგრამ სულ ტყუილად. თურმე ყველა ამბის მოყოლა შეიძლება ისე რომ ბავშვებისთვის გასაგები იყოს და მეტიც, ძალიან სწორად შეუძლიათ ამოიცნონ ამბებში სისტემური ხარვეზები, უმნიშვნელო წვრილმანები, კეთილი და ბოროტი გმირები და ასევე კარგად ერთობიან, თუკი რთული ვითარებებიდან გამოსავლის გზების მოძებნას სთხოვ, ან პრობლემების გადაჭრაზე საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას. არ არსებობს ამბავი, რომელსაც ზღაპარივით ვერ მოჰყვები და არაფერია ახალ ამბებში სიახლე, ყველაფერი რაც ხდება, ათასჯერ მაინც გაუვლის სხვადასხვა საზოგადოებას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმით.

 

მოკლედ, ვინაიდან მოცემულობად გვაქვს, რომ დღეში ერთი თემა მაინც მაქვს, რომელში გარკვევა და საზოგადოებისთვის მოყოლა მევალება, დღის ბოლოს, ძილის წინ ამ ამბებს ბავშვებსაც ვუყვები – ესეც თამაშად გადაიქცა, რომ საინტერესო ამბავი მქონდეს, კარგად შევძლო მისი ადაპტირება ბავშვებისთვის, გაჩენილ კითხვებზე ვუპასუხო და დავანახო, როგორ ფუნქციონირებს ქვეყნები, სისტემები, ვირუსები, როგორ იბრძვიან ადამიანები ლუკმა-პურისთვის, სამართლისთვის, უკეთესი მომავლისთვის, ერთმანეთის გადასარჩენად, გარემოს დასაცავად, როგორი მრავალფეროვანია სამყარო და თან როგორი ადვილია იპოვო მსგავსებები სხვადასხვა დროსა და სივრცეში მიმდინარე პროცესებს შორის.

 

“მახარებს ის, რომ პირველი ბავშვები ვართ, რომლებიც ქალაქის ამბებს ვიგებთ, რადგან ჩვენი დედა ჟურნალისტია” – ეს მესამეკლასელი მარიამის ჩანაწერია დავალების რვეულში. უნდა დაეწერა, რა სწყინს და რა უხარია. წარმოგიდგენიათ ალბათ ჩემი, მომუშავე დედის სიხარული, რომელსაც სულ სინდისი ქენჯნის, რომ ბავშვებისთვის ბევრი დრო არ რჩება, ზოგჯერ დასვენების დღეებშიც მუშაობს და ღამის საათებშიც, როცა იმ ათასი შესაძლო ვერსიიდან, რაც პატარა გოგოს სიხარულის მიზეზად შეიძლება დაეწერა სკოლაში, მაინცდამაინც ეს დაწერა. უფრო საინტერესო ამბებს ვიპოვი,  მეტს ვიფიქრებ, რის თქმა მინდა ამ ამბების მოყოლით-თქო, ვფიქრობდი სკოლიდან სახლისკენ მომავალ გზაზე.

ჩვენ ხშირად გვსაყვედურობენ ხოლმე იმის გამო, რასაც ვაკეთებთ – ზოგს კრიტიკული კითხვა არ მოწონს, ზოგს ინტერესი მის მიმართ, ზოგი ცუდი ამბების მოყოლის გამო ხალხის დაზაფვრაში გვადანაშაულებს და ზოგი ზედაპირულობაში – კრიტიკის ნაწილი სამართლიანია, ნაწილი ჩვენ გაჩუმებას ისახავს მიზნად და იმისთვის, რომ სამართლიანი შენიშვნა მიიღო და თავდასხმას ყოჩაღად დახვდე, ალბათ საკუთარი თავი, პროფესია  და პრინციპები უნდა გიყვარდეს, პატივს სცემდე შენს ღირებულებებს და ცდილობდე, არ გადაუხვიო სწორი გზიდან. ამ გზაზე, ღირებულებების სადარაჯოზე ბავშვები აღმოჩნდა რომ საუკეთესო მცველები, საუკეთესო მეგზურები არიან.

 

ახალი ამბებით თამაში ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ მათი საშუალებით ადვილია ისტორიის, გეოგრაფიის, ბიოლოგიის რიგი საკითხების განმარტება. ახალი ამბების გარჩევა მედიაწიგნიერების ელემენტარული უნარების განვითარებისთვის შეიძლება გამოიყენო სწავლის დაწყებით საფეხურებში და წყაროებთან მუშაობა ისწავლო მათი დახმარებით. დისკუსია და მსჯელობა, საკუთარი პოზიციის დაცვა და არგუმენტის ჩამოყალიბება, სხვისი მოსმენა ისწავლო, ეთიკურ დილემებსაც კი შეიძლება გადაწვდე, სხვისი სივრცის პატივისცემის აუცილებლობაზე დაფიქრდე და საზოგადო ინტერესზე – სულაც არ მგონია, რომ ცოტაა.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი