ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

“ცრემლები სამოთხეში”

გაგიგონიათ რამე ჯგუფზე “Cream”? ბლუზისა და ფსიქოდელიური როკის აქტიური მსმენელები ამ კითხვაზე ალბათ დადებით პასუხს გამცემენ, ფართო საზოგადოება კი “Cream”-ს, ვფიქრობ, ნაკლებად იცნობს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ეს ჯგუფი “The Doors”-ივით, “Deep Purple”-ივით, “Led Zeppelin”-ივით ან თუნდაც “Pink Floyd”-ივით პოპულარული არ არის, “Cream”-ის ხანმოკლე არსებობაა. ბენდმა მოღვაწეობა 1966 წელს დაიწყო და ორი წლის შემდეგ დაასრულა შინაკონფლიქტებისა და განსაზღვრულ საკითხებზე მუსიკოსთა შეუთანხმებლობის გამო.

აღსანიშნავია, რომ “Cream-მა” 2005 წელს გრემის “ცხოვრებისეული მიღწევის ჯილდო” (Lifetime Achievement Award) მიიღო. ამ ჯილდოს ისეთ მუსიკოსებს ანიჭებენ, რომელთაც თავიანთი არსებობის განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს მუსიკის განვითარებაზე. ის მიღებული აქვთ დიუკ ელინგტონს, ელა ფიცჯერალდს, ლუი არმსტრონგს, ჩარლი პარკერს, მაილს დევისს, რობერტ ჯონსონს, ჯიმი ჰენდრიქსს… სწორედ ჰენდრიქსის ერთ-საყვარელი ბენდი გახლდათ “Cream”, რომელშიც მისი კარგი მეგობარი უკრავდა.
 
ამ “კარგი მეგობრის” სახელი ბევრმა მელომანმა იცის. მისი 2-3 კომპოზიცია მაინც ყველას მოუსმენია. გაიხსენეთ:
If I Could Reach The Stars,
Pull one down for you…

ერიკ კლეპტონი – უკვე 70 წელს მიტანებული ბლუზის ლეგენდა. ადამიანი, რომლის ცხოვრებასაც თან ახლდა დიდი ტკივილი, ბევრი ალკოჰოლი, ნარკოტიკების დიდი დოზები, სასიყვარულო ურთიერთობა ბევრ ცნობილ ადამიანთან, მათ შორის – ჯენის ჯოპლინთან, პეტი ბოიდთან (რომელიც ჯერ ჯორჯ ჰარისონის, მერე კი თავად ერიკის მეუღლე გახლდათ) და საფრანგეთის ყოფილ პირველ ლედისთან კარლა ბრუნისთანაც კი.

რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, კლეპტონის მუსიკალური კარიერა ქუჩიდან დაიწყო. ჯერ კიდევ თინეიჯერი, კინგსტონის, რიჩმონდისა თუ ვესტ ენდის ქუჩებში უკრავდა. იქიდან ადგილობრივ კლუბებში გადაინაცვლა, 1963 წელს კი ჯგუფ “The Yardbirds”-ს შეუერთდა. ეს ჯგუფი იმით არის გამორჩეული, რომ სხვადასხვა დროს მასში ჩვენი დროის სამი ლეგენდა: ერიკ კლეპტონი, ჯიმი პეიჯი და ჯეფ ბექი – ირიცხებოდა.

“Yardbirds”-იდან ერიკი 1966 წელს წამოვიდა და სწორედ იმ ბენდს შეუერთდა, რომლის შესახებაც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. “Cream”-მა თავისი ორწლიანი არსებობის განმავლობაში მოახერხა და ბევრი დასამახსოვრებელი კომპოზიცია შექმნა. მათგან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესად რობერტ ჯონსონის ლეგენდარული “Crossroads”-ის სრულიად ახლებური ვერსია მიმაჩნია:

ვიდეო 2005 წელს “Royal Albert Hall”-შია გადაღებული. დაშლიდან 37 წლის შემდეგ კოლექტივი კიდევ ერთხელ გაერთიანდა და დაუვიწყარი შოუ შესთავაზა მაყურებელს.

“Cream”-ის დაშლის შემდეგ კლეპტონმა მრავალ პროექტში მიიღო მონაწილეობა. 70-იანებში ნარკოტიკებსაც დაანება თავი და ბევრ სხვადასხვა სტილის მუსიკოსთან მოსინჯა საკუთარი ნიჭი. მათი სათითაოდ ჩამოთვლა ნამდვილად არ ღირს, თუმცა 1984 წელს როჯერ უოტერსთან ერთად შექმნილი ალბომი “The Pros and Cons of Hitch Hiking” ჩემთვის ერთ-ერთ ძვირფას ნამუშევრად რჩება. მუსიკის ხარისხი ძალიან მაღალია, ორი უდიდესი მუსიკოსის კოლაბორაციამ კი ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.

1984 წლის შემდეგ კლეპტონი და უოტერსი საკმაოდ ხშირად ჩნდებოდნენ სცენაზე ერთად. ყველაზე დაუვიწყარი გამოსვლა ალბათ 2005 წელს ცუნამით დაზარალებულთა დახმარების ფონდისთვის გამართული შოუ გახლდათ, სადაც როჯერმა და ერიკმა უკვდავი კომპოზიცია “Wish You Were Here” აკუსტიკურად შეასრულეს.

კლეპტონის 80-90-იანი წლების წარმატებებს თან დიდი ტკივილიც ახლდა… მისი ცხოვრების უდიდესი ტრაგედიის შესახებ ბევრმა ალბათ არც არაფერი იცის. საქმე ის არის, რომ 1991 წელს ნიუ-იორკში მისი 4 წლის ვაჟი კონორი ოჯახის მეგობრის ბინის ფანჯრიდან გადმოვარდა. ბინა 53-ე სართულზე მდებარეობდა… ტკივილის დაძლევაში ერიკს ისევ მუსიკა დაეხმარა. ერთ-ერთი საუკეთესო ჰიტი, “Tears in Heaven” (“ცრემლები სამოთხეში”) კლეპტონმა სწორედ დაღუპული შვილის ხსოვნას მიუძღვნა. აღსანიშნავია, რომ 1992 წელს აღნიშნული სიმღერისა და აკუსტიკური ალბომის წყალობით მუსიკოსმა გრემის 6 ჯილდო მიიღო.

კლეპტონი ერთადერთი მუსიკოსია, რომლის სახელიც სამჯერაა მოხსენიებული როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში (“Rock and Roll Hall of Fame”), ერთხელ – როგორც სოლო არტისტისა, ხოლო ორჯერ – როგორც ჯგუფების “Cream”-ისა და “Yardbirds”-ის წევრისა (ცნობისთვის, დიდების დარბაზი ოჰაიოს შტატში მდებარეობს და ერთგვარ მუზეუმს წარმოადგენს, რომელიც როკ-ენ-როლის ყველაზე გავლენიანი მუსიკოსების შესახებ მოგვითხრობს).

ერიკი მუსიკალურ მოღვაწეობას დღესაც საკმაოდ ნაყოფიერად განაგრძობს. 2012 წლის ნოემბერში მისი ახალი ალბომი “Old Sock” (“ძველი წინდა”) გამოვიდა. ალბომში რამდენიმე სპეციალური სტუმარია მოწვეული, მათ შორის – სტივ ვინვუდი და თვით პოლ მაკარტნიც კი. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ალბომი ძალიან კარგად ისმინება – ისეთივე “კომფორტულია”, როგორიც საყვარელი წინდა 🙂

მნიშვნელოვანია კლეპტონის წვლილი ბლუზის განვითარებაში. მის მიერ ორგანიზებული ფესტივალი “Crossroads”, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ იმართება, ბლუზის უძლიერეს შემსრულებლებს აერთიანებს ყველა ქვეყნიდან. ფესტივალში მონაწილეობა დიდი პატივია ყველა დამწყები თუ პროფესიონალი ბლუზმენისთვის. მათ საშუალება ეძლევათ, ისეთ ვარსკვლავებთან ერთად დაუკრან, როგორებიც ბი ბი კინგი, რობერტ ქრეი, ბადი გაი, თავად კლეპტონი და სხვანი არიან.

ბოლო ასეთი ფესტივალი სულ ახლახან, 12-13 აპრილს გაიმართა. ჯერ მხოლოდ რამდენიმე ჩანაწერია ინტერნეტში გავრცელებული. მოუთმენლად ველი მთლიანი ვიდეოს გამოსვლას, რათა კიდევ ერთხელ ვირწმუნო ერიკ კლეპტონის, ამ უდიდესი მუსიკოსის გენიალურობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი