ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

წასვლა სჯობს წარმავალისა…

დღეს კიდევ ერთხელ დავიმოწმებ კონსტანტინე კაპანელს და ერთ ამონარიდს მოვიყვან მისი ნაშრომიდან “ჭეშმარიტების პრობლემა და ლოგიკა”.

იგი წერს: “შეუთანხმე აზრები ერთმანეთს”, – ლაპარაკობენ ელინები; “შეუთანხმე აზრები ავტორიტეტს”, – ამბობდნენ საშუალო საუკუნეებში; “შეუთანხმე აზრები ფაქტებს”, – ამბობენ დღეს. ჰეგელი ფაქტებს ომს უცხადებდა. “თუ ფაქტები ჩემს თეორიას არ ემორჩილებიან, მით უარესი ფაქტებისათვის”, – ამბობდა იგი. მაგრამ დრო რომანტიკული იდეოლოგიით შეიცვალა და ფაქტებს დღეს უფრო ენდობიან, ვიდრე რაციონალისტურ ტრიადებს, სქოლიოებსა და გააზრებულ ზვიადობას. დღეს ფაქტების ინტერპრეტაციაა საჭირო, იმიტომ რომ ფაქტების ტრიალსა და ქარიშხალში ვიხრჩობით…”

ჩვენი ყოფა მოვლენებისა და ფაქტების ორომტრიალით მდინარესავით მიედინება. მთის მკერდიდან გადმოხეთქილ ახალფეხადგმულ ნაკადულში ფაქტი შედარებით ნაკლებია, მაგრამ მათი ცვალებადობის დინამიკაა მაღალი. გადის წლები, ჩვენი ყოფის მდინარეც გაივაკებს და მშვიდ, მდორე დინებას მიეცემა, თუმცა მოვლენების და ფაქტების რაოდენობა ჩვენ გარშემო უფრო და უფრო იზრდება, როგორც მდინარის მასა ზღვის შესართავთან…

მოვლენათა ცვალებადობის სისწრაფე და მათი რაოდენობა ხელს გვიშლის, თვალი მივადევნოთ მათ და მხოლოდ უკვე მომხდარი ფაქტებით “ვიკვებებით”. პირველი დიდ ძალისხმევას – დაკვირვებას, ცოდნას, გააზრებას, ანალიზს – მოითხოვს, მეორე – მხოლოდ აღქმას. დიახ, ხშირად მხოლოდ მშრალ ფაქტებს აღვიქვამთ… ვერდიქტიც მშრალია: “კარგია-ცუდია”, “საინტერესოა-უინტერესოა”, “გამოსადეგია-გამოუსადეგარია”, “მისაღებია-მიუღებელია” და ა.შ.
არადა, ვინ იცის, ერთ-ერთი ქრისტიანული შეგონებაც – “არ განიკითხო” სწორედ ამისგან თავის შეკავებისკენ მოგვიწოდებს…

დღეისთვის ქიმიაში უამრავი ნაერთია ცნობილი. ადამიანის ხელი უკვე 21 მილიონზე მეტ ორგანულ და ბიოორგანულ ნაერთს შეეხო. რეაქციების, მათი მიღების მეთოდების რაოდენობა, ცხადია, გაცილებით მცირეა. რომელი ადამიანის, თუნდაც ქიმიკოსის, გონება შეძლებს მილიონობით ნაერთის თვისებების, ქცევის წესების დამახსოვრებას? ცხადია, ვერც ერთისა! ამიტომ ქიმიაში შემოვიღეთ რეაქციის მექანიზმების ცნება. ძირითადი მექანიზმების რაოდენობა ორივე ხელის თითებისას არ აღემატება. მათი ცოდნა საშუალებას გვაძლევს, განვჭვრიტოთ მიმდინარე მოვლენის ან დაგეგმილი ურთიერთქმედების შედეგი. არადა დღეს ხშირად უარს ვამბობთ მექანიზმების შესწავლაზე იმ მოტივით, რომ “მაღალი დონის” ქიმიაა და ქიმიის მხოლოდ “ღრმად” შესწავლისთვის გვჭირდება…

რეაქცია, რომელიც ქვემოთ ზოგადი სქემის სახით არის მოცემული, სპირტების მიღების მეთოდს წარმოადგენს და სკოლის სახელმძღვანელოშიც არის შეტანილი:
ამ ზოგადი სქემის მიხედვით შესაძლებელია უამრავი რეაქციის დაწერა, მაგალითად, ამ ორი გარდაქმნისა:

გარდაქმნის ლოგიკაც მარტივად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: ჰალოგენალკანში ჰალოგენის ატომი ჩანაცვლდება ჰიდროქსილით და მიიღება სპირტი.

მაგრამ ეს განმარტება ფაქტის კონსტატაციაა მხოლოდ! აქ არაფერია ნათქვამი მოლეკულების ვნებათა ღელვაზე, მათ მისწრაფებებზე, შიგა კატაკლიზმებსა და მიზეზებზე, რომლებმაც ამ შედეგთან მიგვიყვანა.

როგორც აღვნიშნეთ, ორივე რეაქციაში ბრომი წამსვლელი ჯგუფია (ეს ქიმიური ტერმინია). მის ადგილს ჰიდროქსილი იკავებს. მაგრამ რა მექანიზმით მოხდება ეს ცვლილება, ჰალოგენალკანის აღნაგობაზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ მოყვანილი ორივე რეაქცია ერთი ზოგადი რეაქციის “ქოლგის ქვეშ” არის დაწერილი, საბოლოო პროდუქტის მიღების გზები ერთმანეთისგან განსხვავებულია. პირველადი და მესამეული ჰალოგენალკანი რეაქციაში სხვადასხვა მექანიზმით შედის!

პირველი ნაერთის გარდაქმნის მთავარი მიზეზი გარე ფაქტორების ზეგავლენაა, რასაც, რა თქმა უნდა, მოლეკულის აღნაგობაც უწყობს ხელს. ნახშირბადატომს, რომელთანაც ბრომია ჩანაცვლებული, ზურგი დაუცველი აქვს. მოლეკულის შიგნით არსებული დაძაბულობით (C-Br ბმის პოლარიზაციით) ადვილად შეიძლება ისარგებლოს სხვა ნუკლეოფილმა და ზურგიდან შეუტიოს. პროცესი ნელი და დროში გაწერილია – ნახშირბადი ნელ-ნელა ემშვიდობება ბრომის ატომს მის დანაკლისს ჰიდროქსილით ივსებს. დაბოლოს, დგება ჟამი, როდესაც ნახშირბადი და ბრომი საბოლოოდ ემშვიდობებიან ერთმანეთს…

ეთილბრომიდის ეს ტრანსფორმაცია ერთ საფეხურად მიმდინარეობს, თუმცა მისი სიჩქარე ორივე საწყისი რეაგენტის კონცენტრაციაზეა დამოკიდებული, ამიტომ ამ მექანიზმს SN2 მექანიზმის სახელით მოიხსენიებენ.
მესამეული ბუტილბრომიდისთვის გარდაქმნა სულ სხვა მექანიზმით მიმდინარეობს. ბრომის მატარებელ ნახშირბადს გვერდს კიდევ სამი მოძმე ნახშირბადი უმშვენებს. თანაც მათი მარაოსებური განლაგება “ბრომიან” ნახშირბადზე ზურგიდან შეტევის შესაძლებლობას გამორიცხავს. ამ ტიპის ნაერთებში გარდაქმნის ინიციატორი მოლეკულის შიგადაძაბულობაა, რის გამოც C-Br ბმა “თავისთავად” წყდება. რაც უფრო კარგი წამსვლელი ჯგუფია ჰალოგენი, რაც უფრო ადვილად ხელეწიფება დამოუკიდებლად არსებობა, მით უფრო ადვილად წყდება ეს კავშირი.
ამ შიგა კონფლიქტის შედეგად მიიღება ორი დამუხტული ნაწილაკი: კარბკატიონი და ბრომის (წამსვლელი ჯგუფის) ანიონი. კატიონის ნახშირბადოვან ჩონჩხს დიდხანს არ ძალუძს ამ ფორმით არსებობა და სხვა ნუკლეოფილს პოულობს.
მეორე შემთხვევაში რეაქცია ორ საფეხურად მიმდინარეობს და მისი წარმართვა მხოლოდ მესამეული ბუტილბრომიდის აღნაგობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, რეაქციის სიჩქარეს ერთ კომპონენტის კონცენტრაცია განსაზღვრავს და წყლის მოლეკულის გარე ზემოქმედება გავლენას არ ახდენს მასზე, ამიტომ რეაქციას SN1 მექანიზმს მიაკუთვნებენ.

ამრიგად, ერთი და იგივე ბმა (C-Br) სხდადასხვა მიზეზით შეიძლება გაწყდეს, თუმცა მხოლოდ ფაქტების აღმნუსხველთათვის ამას მნიშვნელობა არ აქვს.

ისინი მუდამ იმ ადამიანებს მაგონებენ, წიგნის მარტო ბოლო გვერდს რომ კითხულობენ…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი