ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ხმამაღლა კითხვა და მისი სარგებელი

ვფიქრობ, არავინ კამათობს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია წიგნის კითხვა და მისი სიყვარული ბავშვის განვითარებისთვის. ყველამ კარგად ვიცით, რომ კითხვა დიდი სიკეთის მომტანია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, მაგრამ რამდენად სასარგებლოა ხმამაღლა კითხვა ბავშვისთვის, მისი ინტელექტუალური და პიროვნული განვითარებისთვის.

რატომ უნდა წავუკითხოთ ბავშვებს ხმამაღლა ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან:

  • ხმამაღლა კითხვა ბავშვის მეტყველების განვითარების ხელშემწყობია. ასევე აფართოებს მის ლექსიკურ მარაგს. ცნობილია, რომ, რაც უფრო მეტ სიტყვას იყენებენ მშობლები 8 თვის პატარასთან ურთიერთობისას, მით უფრო მოცულობითია მისი ლექსიკური მარაგი 3 წლის ასაკისთვის. წიგნებში ბევრი ისეთი სიტყვაა, რომელიც საეჭვოა, პატარამ გარშემომყოფებთან ურთიერთობისას ისწავლოს. საბავშვო წიგნებიდან გაცილებით მეტი სიტყვის გაგება შეუძლია ბავშვს, ვიდრე სატელევიზიო გადაცემებიდან ან ურთიერთობებიდან.

მეტყველება აზროვნების საფუძველია. ამასთან, წიგნიერი მეტყველება ბევრად რთულია, ვიდრე ზეპირმეტყველება, რადგანაც ის არ არის დაკავშირებული ურთიერთობის კონკრეტულ სიტუაციასთან, არ არის შევსებული თანამოსაუბრის ვიზუალური აღქმით, მიმიკითა და ჟესტებით. მას ყოველთვის გამოარჩევს რთული გრამატიკული კონსტრუქციები. ენის გრამატიკა კი ასახავს ადამიანური აზროვნების ხერხებს. ამიტომ, ბავშვებისთვის ხმამაღლა კითხვა ნებისმიერ ასაკში განვითარების ქმედითი მექანიზმის როლს ასრულებს;

  • ხმამაღლა კითხვა ბავშვს უვითარებს ფანტაზიას, უუმჯობესებს წარმოსახვასა და შემოქმედებით უნარებს. პატარა ვერ ხედავს იმას, რასაც ავტორი აღწერს. ის ამ ყველაფერს წარმოისახავს. ხმამაღლა კითხვა კარნახობს მას, საით წაიყანოს წარმოსახვა;
  • ხმამაღლა კითხვა ბავშვისთვის დედ-მამასთან და ბებია-ბაბუასთან გატარებული სასიამოვნო დროცაა. ბავშვებს უყვართ უფროსების გვერდით ყოფნა, როცა ისინი ხმამაღლა უკითხავენ წიგნს. ასეთი სიახლოვის წყალობით კი ვითარდება მჭიდრო კავშირი მშობლებსა და შვილებს შორის;
  • ხმამაღლა კითხვა განამტკიცებს უფროსის ავტორიტეტს ბავშვის თვალში. როდესაც ჩვენ ხმამაღლა ვუკითხავთ ბავშვს, ამით მის თვალში ვიმაღლებთ პატივისცემას, ვუმუშავებთ გარკვეულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქცევის მოტივაციას. ხანდახან საჭირო ხდება დამატებით ავუხსნათ პატარას, რატომ მოიქცა ესა თუ ის პერსონაჟი ასე და არა სხვაგვარად. ამის გაკეთება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია. წიგნის კითხვის პროცესში ხომ სწორედ ჩვენ ვხდებით ბავშვისთვის ავტორიტეტი. როცა ბავშვი თავად, დამოუკიდებლად, ჩვენ გარეშე კითხულობს, ის დიდწილად აღიქვამს მხოლოდ იმას, რაც მისთვის ნაცნობია, რაც უკვე კარგად იცის. იმ შემთხვევაში კი, როდესაც მშობელი უკითხავს ხმამაღლა, პატარას ეძლევა საშუალება, მისგან მიიღოს საჭირო ინფორმაცია მისთვის გაუგებარ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ბუნებრივია ამდიდრებს მის ცოდნას, უვითარებს ხედვას და აფართოებს მის ჰორიზონტს;
  • ხშირად წიგნის ხმამაღლა კითხვა ბავშვს ამშვიდებს და სტრესის დაძლევაშიც ეხმარება. ეს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში მოხდება, თუ წიგნი ბავშვის ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით იქნება შერჩეული;
  • ბავშვები, რომლებსაც წიგნებს ხმამაღლა უკითხავენ ცხოვრების პირველივე წლების განმავლობაში, გაცილებით დიდი ალბათობით იქნებიან კითხვით გატაცებული უფროს ასაკში. ისინი, როგორც წესი, წიგნის კითხვას აღიქვამენ, როგორც მნიშვნელოვან, ამასთან სასიამოვნო და სახალისო პროცესს. მშობლების მიერ გამოვლენილი მზრუნველობა და ყურადღება წიგნის ხმამაღლა კითხვის დროს ბავშვს წიგნების მიმართ დადებით დამოკიდებულებას უყალიბებს;
  • წიგნის ხმამაღლა კითხვა ბავშვს ყურადღებით მოსმენას ასწავლის, რაც მოგვიანებით სკოლაში ძალიან გამოადგება.

    იმისათვის, რომ წიგნის ხმამაღლა კითხვამ სასურველ შედეგამდე მიგვიყვანოს, საჭიროა გარკვეული წესების დაცვა:

  • სანამ ბავშვს წიგნს ხმამაღლა წავუკითხავთ, გავეცნოთ შერჩეული წიგნის შინაარსს, ჩვენ თავად წინასწარ რამდენჯერმე წავიკითხოთ;
  • გავარკვიოთ, იცის თუ არა ბავშვმა ყველა სიტყვა, რომელიც წიგნში გვხვდება. ხომ არ არის ტექსტში სიტყვები და გამოთქმები, რომლებიც ჩვენ თავად უნდა ავუხსნათ ბავშვს;
  • ხანდახან უმჯობესია წიგნის ამა თუ იმ მონაკვეთში აღწერილი ისტორია ბავშვს ჩვენი სიტყვებით მოვუთხროთ, იმისათვის, რომ მან უკეთესად გაიგოს ის;
  • მივცეთ ბავშვს დრო წიგნში წარმოდგენილი ილუსტრაციების დასათვალიერებლად და ერთად განვიხილოთ ისინი; დავასახელოთ საგნები, ცხოველები, ფრინველები, ბუნებრივი მოვლენები და ა.შ., რომლებიც გამოსახულია სურათებზე. ამასთან, აუცილებელია, ამ დროს სწორი სახელები გამოვიყენოთ;
  • წიგნის ხმამაღლა კითხვის პროცესში შევქმნათ ისეთი გარემო, რომ ბავშვს თავისუფლად შეეძლოს შეკითხვების დასმა. თუ ჩვენ ამა თუ იმ შეკითხვაზე არ შეგვიძლია პასუხის გაცემა, გულწრფელად ვაღიაროთ ეს. ასეთ სიტუაციაში კარგი იქნება, თუ პირდაპირ ბავშვის თვალწინ, მისი თანდასწრებით ჩავიხედავთ ლექსიკონში. ჩვენი ასეთი ქცევის წყალობით ის ისწავლის წიგნის, როგორც საინფორმაციო წყაროს გამოყენებასა და დაფასებას;
  • მნიშვნელოვანია, რომ წიგნი, რომელსაც ბავშვს ვუკითხავთ, მისთვის საინტერესო იყოს. ცნობილია, რომ პატარების უმრავლესობას თავისი საყვარელი, „ამოჩემებული“ წიგნი აქვს და დაჟინებით მოითხოვს, რომ მუდმივად ეს წიგნი ვუკითხოთ. ნუ დავიზარებთ, ნუ გავღიზიანდებით და წავუკითხოთ მისი რჩეული წიგნი იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგვთხოვს. განმეორებითი კითხვით ხშირად ის ზეპირადაც კი სწავლობს იმას, რასაც ვუკითხავთ. ამიტომ, ხმამაღლა კითხვის პროცესში ჩვენ შეიძლება გავჩერდეთ და თუკი პატარა ამას მოისურვებს, მივცეთ საშუალება თავად მოგვითხროს იმის შესახებ, რა მოხდება ამ ისტორიაში შემდგომ. ან შეიძლება განზრახ დავუშვათ შეცდომა კითხვისას იმისათვის, რომ დავინახოთ, რამდენად კარგად გაიგო ბავშვმა წაკითხულის შინაარსი;
  • ხმამაღლა კითხვის დროს ყურადღება გავამახვილოთ სიტყვების გამართულად და სწორად წარმოთქმაზე. საჭირო ადგილას გავაკეთოთ აქცენტები და პაუზები;
  • მნიშვნელოვანია ტექსტის ემოციური შეფერილობა. კითხვის პროცესში თამამად ვცვალოთ ხმის ტემბრი, სიმაღლე, მეტყველების ტემპი, არ დავივიწყოთ მიმიკა და ჟესტები. არტისტულად გავახმოვანოთ პერსონაჟები;
  • სასურველია, რომ ბავშვს 12 წლამდე ვუკითხოთ ხმამაღლა მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკში მას დამოუკიდებლადაც უკვე შესანიშნავად შეუძლია ამის კეთება. მშობლის მიერ ხმამაღლა წაკითხულის მოსმენა ეხმარება ბავშვს უკეთესად აითვისოს მოსმენილი, დაიმახსოვროს სიტყვები და აღიქვას პერსონაჟების ემოციები;
  • კითხვის პროცესში მოსმენილის უკეთესად ასათვისებლად და წაკითხულიდან სარგებლის მისაღებად გავააქტიუროთ კითხვის პროცესი ტექსტთან დაკავშირებული შეკითხვებით: „რა მოგეწონა უფრო მეტად წაკითხულიდან?“, „რისი თქმა/გაკეთება უნდოდა გმირს?“, „შენ როგორ მოიქცეოდი მის ადგილას?“. ასეთ შეკითხვებზე ფიქრი და პასუხების ჩამოყალიბება ბავშვის აზროვნების, მეხსიერების, მეტყველებისა და წარმოსახვის განვითარების კარგი საშუალებაა.

ზემოაღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება სერიოზულ დახმარებას გაგვიწევს, რომ ხმამაღლა კითხვა სარგებლის მომტანი აღმოჩნდეს ბავშვის განვითარებისთვის და გარკვეული უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ბავშვობის პერიოდში მშობელთან ერთად კითხვა უკვე ზრდასრულობაში ადამიანისთვის სასიამოვნო მოგონებებთან იქნება დაკავშირებული. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ჩვენი ბავშვობის  ყველაზე თბილი და ნათელი მომენტები, როცა ჩვენ გვერდით მჯდომი დედა საინტერესო ისტორიებს გვიკითხვდა. ეს მოგონებები ყოველთვის გვათბობს ჩვენი ცხოვრების რთულ მომენტებში მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი