პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სტასიკით შეუმკრთალი ქვეყანა

როდესაც 9 აპრილი მოდის და ერთხელ კიდევ ვნახულობთ ნამდვილი პროტესტის, შეუპოვრობის, ამ შეუპოვრობის საპასუხოდ გამოფენილი ტანკებისა და ნიჩბიანი ჯარისკაცების კადრებს, ყოველთვის გურამ დოჩანაშვილის ის მოთხრობა მახსენდება – „ორნი, აქა, იქა” – რომელიც დიდი ხნის წინ ჩემმა მეგობარმა ხათუნა დარასელიამ წამაკითხა.

ნაწარმოების ეპიგრაფიდანვე ცხადი ხდება, რომ მწერალი მხატვრულ სინამდვილეში დოკუმენტური ფონის შემოტანას აპირებს და მკითხველს წინასწარ ამზადებს ამისთვის: „ეს ამბავი შესაძლოა ზოგან გამოგონილად მოეჩვენოს ვისმე, მაგრამ არა, არაა მთლიანად გამონაგონი”.

„მთლიანად გამონაგონი” რომ არაა, ეს უფრო შემდეგ გაირკვევა, შუაწელში, მანამდე კი უცხო, საკვირველი ფერებით აბრდღვიალებულ სილამაზეში მოხვედრილ გოგონას ჰკითხავენ: „ძალიან გეტკინა?” ის კი ხმადაბლა მიუგებს: „მე არ მოველოდი”. მერე მარიამ ღვთისმშობელთან მიიყვანენ, ყველაზე დიდ ქალბატონთან, დედათაგან უნეტარესთან, რომელიც მიიახლოვებს და გულში ჩაიკრავს გოგონას, ჭრილობაზე აკოცებს, გაათბობს. 

ჭრილობა. იქვე, უფრო სწორად, რამდენიმე სტრიქონით ადრე იწყება ამ ჭრილობის მიზეზი და თავგადასავალი, რომელიც შემდეგ, გურამ დოჩანაშვილისთვის დამახასიათებელი პარალელური თხრობით, ნელ-ნელა კულმინაციას აღწევს და ორი ადამიანის – გოგონასა და სტასიკის – ბედისწერაში გადაიკვეთება.

გოგონა და სტასიკი.

სტასიკი – მისი დაბადება ორი პორტვეინით, მჟავე კიტრით, მოხარშული კვერცხებით, პეჩენიითა და ორი ჭიქის მიჭახუნებით აღნიშნეს. რომ არ ეყოთ, პივაც მიაყოლეს და ახალშობილის მამამ და მამის მეზობელმა გადაწყვიტეს, რომ ბავშვისთვის სტასიკი დაერქმიათ. „ეს სტასიკს გაუმარჯოს, მე მაგის დედა” – თქვა სტასიკის მამის მეზობელმა. „მეც მაგის დედა. ბევრჯერ” – თქვა სტასიკის მამამაც.

გოგონა – არნახულ, უცხოდ ფერადოვანი ყვავილების ბაღში გოგონას დეიდა წმინდა ნინო მეგზურობს და გზადაგზა მისთვის ნაცნობ ძვირფას პერსონაჟებს უჩვენებს – იაკობ ცურტაველს, დავით აღმაშენებელს – დიდგორის კაცს (ამ დროს გოგონა აღტაცებით იხსენებს, როგორ წაიყვანეს ერთხელ სკოლიდან გელათში ექსკურსიაზე, დეიდა წმინდა ნინო კი თავაზიანად უხსნის, რომ ეს ექსკურსია არ იყო: „ექსკურსიაზე სხვაგან მიდიან. გელათი შენი ადგილია”). ერთმანეთს მისდევს ყვავილოვანი ბუჩქები: „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო…”, „ჩემო კარგო ქვეყანავ…” „რამ შემქმნა ადამიანად…”, თვალუწვდენლად უხვფოთლება სულხან-საბა და უზენაეს ხმას შერთული „რომელმან შექმნა სამყარო, ძალითა მით ძლიერითა…”

სტასიკი – „ნაპლეე-ჩოუ! ერთ-ორ!” – გენერლობაზე მეოცნებე ჯარისკაცი სხარტად ასრულებს პრიკაზებს, ყალიბდება. მხოლოდ გამორჩეულები რომ შეარჩიეს, ასის ფარგლებში, სტასიკსაც მაშინ დააწინაურებენ და მიხვდება, თუ როგორ მონატრებია ნამდვილი საქმე, იარაღიანი. აი, საქმე კი: მშვიდობიანად დაფრინდნენ უცხო მიწაზე და სარგადაყლაპული ხუთმაგი მწკრივის წინ გოროზად დამდგარმა პრიკაზჩიკმა იროდმა (როგორ გავს ჩვილთა გამჟლეტელი ჰეროდეს სახელს!) მოკლე, ტევადი, ამომწურავი ბრძანება გასცა: „დადგა ჯერი თქვენი მაღალი მხედრული ვალის ასრულებისა. თქვენს დანახვაზე თავს მოიკატუნებენ. არ დაუჯეროთ. არ დაინდოთ არც დიდი, არც პატარა. მშვიდობას გაუმარჯოს!” და მის პასუხად მწკრივმა იფეთქა: „ვემ… სახ… საბ… შირს!!!”.

შემდეგ კი – მთელი დარჩენილი მოთხრობა სტასიკისა და გოგონას, ამ ორი სრულიად განსხვავებული ადამიანის ბედისწერაზეა: თუ როგორ ციაგებდა აუარებელი სანთელი ვერგათენებულ 9 აპრილში, როგორ გაისმა ბრძანება „იმოქმედეთ!”, როგორ ურტყამდნენ ქალებს ხელბარიანები, ყაზარმებში გამოკეტილები, ქალებს მოწყურებულები, როგორ შემართა წყეულმა სტასიკმა რასკოლნიკოვის ნაჯახზე არანაკლებ მჭრელი ბარი, წინ მდგარ გოგონას დაუსწორა და ყვრიმალებდაბერილმა, კბილებში გამოსცრა: „ვოტ ტებე…”.

„ეგონა, მოსპო” – ეს მწერლის აუცილებელი კომენტარია, რომელსაც ის სცენა მოსდევს, თუ როგორ უხმობენ გოგონას, როგორ ფაქიზად შეუდგება მხრებში ორი ცისარტყელა და მარიამ ღვთისმშობელთან მიიყვანს. იქვე ახლოს ვიღაც ხნიერი, პალტოგაცვეთილი კაცი დგას. სტასიკი აღმოჩნდება. გოგონა, რა თქმა უნდა ვერ იცნობს.
გაახსენებენ, რომ მისი მკვლელია. სტასიკი ჯიუტად უარყოფს ყველაფერს, მერე გამოტყდება, მე კი მოვკალი, მაგრამ ასეთი პატარა თუ იყო, არ მეგონა, ძალიან ცუდად ჩანდა, ამხანაგო მარიამ, იმ სიბნელეში სრულწლოვან მოქალაქეს ჰგავდაო. მაგრამ მარიამ ღვთისმშობელი მაშინვე მოუჭრის უსინდისოდ თავის მართლების გზას: „ცუდად როგორ ჩანდა, სანთელი ეკავა ხელში”.

ბოლოს ისე ხდება, რომ გოგონას მიანდობენ მკვლელის ბედს, ის კი: „გთხოვთ, აპატიოთ, დიდო მარიამ ღვთისმშობელო!.. შეხედეთ, რა უბედურია…”

…მანამდე მარიამ ღვთისმშობელი მის წინაშე წარდგომილ დამნაშავე სტასიკს ჰკითხავს:

– ყურძნის მოყვანას რა შრომა უნდა თუ იცი?

– რა შრომა უნდა – მხოლოდ დაწურე და დაასხი-დალიე!

და ამას გულისშემძვრელი სიტყვები მოჰყვება, უფრო სწორად, გურამ დოჩანაშვილის მიერ მიგნებული განუმეორებელი სახე: „გულზე მიიდო ჯვარი სტასიკით შემკრთალმა წმინდა ნინომ”.

ასე მგონია, 9 აპრილის ტრაგედიამ – თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საოცარმა ამბავმა – სათავე დაუდო სულისკვეთებას, რომ ქვეყნის ღირსეული ნაწილი, მიუხედავად დიდი თუ მცირე სტასიკების მუქარისა და ძალადობისა, არასდროს დაჩოქებულიყო, არავის დამონებოდა, სინდისი არ გაეყიდა და შეურაცხყოფა მეტად აღარ მოეთმინა. 

…იმ დღეს ახალი ქვეყანა დაიბადა: სტასიკით შეუმკრთალი საქართველო. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი