შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

სკოლისა და მშობლების წარმატებული პარტნიორობის გასაღები

ნეტავი ხელს არ მიშლიდნენ და ჩართულობას ვიღა დაეძებს?!

„სკოლაში მოვიდოდეს მშობელი და შვილის ამბავს იკითხავდეს, რაღა მინდა! ჩაერთონ, ვინ უშლით ხელს?!

პედაგოგებთან მშობელთა ჩართულობაზე საუბრისას ყველაზე ხშირად ეს ორი ფრაზა მესმის და მინდა, ყოველ ჯერზე მქონდეს საკმარისი დრო და ენერგია, ავუხსნა მათ, რა შრომა აქვთ გასაწევი მშობელთა ჩართულობის უზრუნველყოფისთვის.

სინამდვილეში საქმე გაცილებით რთულადაა.

მშობლებს აღელვებთ შვილის სასკოლო ცხოვრება, მაგრამ მათ პასიურობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.

  • ზოგიერთმა მშობელმა არ იცის, როგორ იურთიერთოს შვილის სკოლასთან.
  • ზოგიერთს კომუნიკაცია გამოსდის, მაგრამ ბავშვის ინტერესების სასარგებლოდ ვერ იყენებს ამ უნარს.
  • ზოგიერთმა იცის, რა და როგორ უნდა გააკეთოს, მაგრამ არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა სასკოლო საზოგადოებისგან ან სხვა მშობლებისგან.
  • ზოგიერთს აქვს მხარდაჭერა, მაგრამ არ აქვს საკმარისი დრო, ენერგია ან მოტივაცია, რომ  შვილების სასკოლო ცხოვრებაში ჩაერთოს.

მე ახლა ორი მიზანი მაქვს: ერთი – განსხვავებული კუთხით შეგახედოთ მშობელთა მონაწილეობის სარგებლიანობისთვის და მეორე, მთავარი – მცირედით მაინც გაგიადვილოთ მოსწავლეთა მშობლებთან ურთიერთობა.

თუ გავიხსენებთ ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, ადვილად მივხვდებით, რომ მშობლების გარეშე სკოლა ამ მიზნებს ვერ მიაღწევს და ვერც აღწევს. რატომ? იმიტომ, რომ სიტყვა „მშობლების“ უკან მილიონ-ნახევარი ადამიანი დგას. საზოგადოების უდიდესი აქტიური ნაწილი. თუ საზოგადოებრივი ღირებულებები განსხვავდება სასკოლო ღირებულებებისგან, მიზანს ვერ მიაღწევთ: ვერ აღზრდით ტოლერანტ პიროვნებას; ვერ განუვითარეთ მოქალაქეობრივ აზროვნებას; ვერ დაამარცხებთ ბულინგს; ვერ ასწავლით ჯგუფურ და ინდივიდუალურ მუშაობას; ვერ გამოუმუავებთ ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების უნარებს; ვერ ასწავლით, რომ თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე.

ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ თქვენ, სკოლის თანამშრომლებმა. ეს არის სკოლის დანიშნულება, რომელიც მთავრობის დადგენილებით გამყარდა და ამ დადგენილებას ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ჰქვია. ეს არის სკოლის მიზანი და არა ის, რომ მოსწავლემ ცალკეულ საგანში  მაღალი ქულები მიიღოს, დეკლარაციული ცოდნა დააგროვოს და როგორმე/სადმე სტუდენტი გახდეს. თუ ჩვენ სწორად გავიაზრებთ, რა არის სკოლა, აღარ გაგვიჩნდება კითხვა, რა საჭიროა მშობელთა ჩართულობა: ეს არის სკოლისა და ოჯახის ერთობლივი და უწყვეტი პასუხისმგებლობა მოსწავლის მიღწევებისა და სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

მშობლების ჩართულობა არ არის ადვილად ან ერთჯერადად მოსაგვარებელი საკითხი, მაგრამ სწორი სტრატეგიის შემთხვევაში არც ძალიან რთულია.  რა არის ამისთვის საჭირო?

  1. თქვენი განწყობა – თუ გჯერათ, რომ გაზრდით მშობელთა მონაწილეობას, ამას აუცილებლად შეძლებთ.
  2. ცოდნა – თუ იცით, ეს როგორ გააკეთოთ, სასურველ შედეგს მიიღებთ.

 

იმისთვის, რომ სკოლის თანამშრომლებმა სიღრმისეულად გაიაზრონ მშობელთა ჩართულობის ყველა მექანიზმი, გთავაზობთ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის (აშშ) პარტნიორობის სკოლების ეროვნული ქსელის დირექტორის, დოქტორ ჯოის ეპშტეინის მიერ შემუშავებულ ჩარჩო  დოკუმენტს სახელწოდებით წარმატებული პარტნიორობის გასაღები.

ეპშტეინის ჩარჩოში ასახულია, როგორ შეიძლება გააძლიერონ სკოლებმა მშობლების ჩართულობის კულტურა ექვსი სახეობის მიხედვით:

 

  1. მშობელთა ცნობიერების ამაღლება ბავშვთა კეთილდღეობისთვის

ოჯახების მხარდაჭერის მიზნით სკოლა გეგმავს საგანმანათლებლო აქტივობებს მშობლებისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე. მაგალითად, სთავაზობს მშობლებს სემინარებსა და ტრენინგებს მშობლობის სტილის, ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებების, ცხოვრების ჯანსაღი წესის, ბავშვების ციფრული უსაფრთხოების ან სხვა აქტუალური საკითხების შესახებ. საგანმანათლებლო აქტივობებში მშობლებთან ერთად ერთვებიან მასწავლებლები და სკოლის სხვა თანამშრომლებიც. თუ სკოლას არ აქვს შესაძლებლობა ტრენერების მოწვევის მოიწვიოს, შესაძლოა დაადგეს უფრო მარტივ გზას და მშობლებს შესთავაზოს უკვე შექმნილი მულტიმედია მასალების ჯგუფური ან იდივიდუალური გაცნობა, ვიდეორესურსები იქნება ეს, ანიმაციები, საკითხავი ბლოგები თუ სახალისო ტესტები. ასეთი რესურსები არაერთ ქართულ ვებგვერდზე იძებნება. მათ შორისაა საგანგებოდ შექმნილი გვერდი www.mshobeltaskola.ge

  1. სკოლასა და მშობლებს შორის ეფექტური ორმხრივი კომუნიკაციის დამყარება

ეფექტური კომუნიკაციის მიზნით სკოლა მოსწავლეთა ოჯახებისადმი მეგობრულ გარემოს ქმნის. სკოლის პერსონალი გადის ტრენინგებს, რათა გაიუმჯობესოს მოსწავლეთა მშობლებთან ურთიერთობის უნარები. სკოლა ამცირებს ბარიერებს, თანამდებობაზე ნიშნავს მშობლებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელ პირს, წინასწარ უთანხმებს მშობლებს მთელი წლის შეხვედრების განრიგს, რათა მოსწავლეთა ოჯახებმა დაგეგმონ თავიანთი დრო. სასკოლო სივრცეში აკრავენ, ვებგვერდებზე აქვეყნებენ მშობლებისთვის მამოტივირებულ პოსტერებს. სკოლის მიზანია, დაარწმუნოს მშობელი, რომ სკოლაში მას სიხარულით ელოდებიან და მზად არიან, თანამშრომლობისთვის სასურველი გარემო შექმნან. სკოლის თანამშრომლები იყენებენ შეტყობინებებს, შეხსენებებს, სატელეფონო ზარებს, E-mail-სა და კომუნიკაციის სხვა არხებს, რათა რეგულარულად მიაწოდონ ინფორმაცია მშობლებს მათი შვილების პროგრესისა და წარმატების შესახებ.

  1. მშობელთა მოხალისეობის ხელშეწყობა

მშობელთა მოხალისეობის სისტემის ასაწყობად სკოლები ქმნიან სტრატეგიებს. გაწერილი სტრატეგიის ფარგლებში ისინი ყოველწლიურად ატარებენ გამოკითხვას, რათა მოიძიონ ინფორმაცია მოხალისე მშობლების შესახებ. კერძოდ, გაარკვიონ მათი ინტერესები, ნიჭი და ხელმისაწვდომობა. გამოკითხვის შედეგად შეკრებილი ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში გროვდება და მოხალისეთა აქტივობები ამის მიხედვით იგეგმება. იქმნება არაფორმალური ხასიათის მხარდაჭერის ქსელი, რომელშიც ყველა კლასიდან თითო მშობელი მაინც არის ჩართული. სკოლის შენობაში გამოყოფილია მშობლების ოთახი ან საოჯახო სივრცე მოხალისეობრივი მუშაობისთვის, შეხვედრებისა და საოჯახო რესურსებისთვის. რეგულარულად ტარდება შეხვედრები მოსწავლეთა წინსვლის, თამაშების, შეკრებების მიმოხილვისთვის, რომლებზე დასასწრებადაც მშობლებს მოსაწვევებს უგზავნიან. ეს მოსაწვევები პერსონალურია და არა ზოგადი.

  1. შინ მეცადინეობისას დახმარება

სკოლის თანამშრომლები ასწავლიან მშობლებს, როგორ დაეხმარონ შვილებს საშინაო დავალების მომზადებაში და როგორ გახადონ ეფექტიანი შინ სწავლა. მაგალითად, როგორ მოაწყონ სამეცადინო სივრცე. ასევე – როგორ დაეხმარონ ბავშვებს იმ უნარ­ჩვევების განვითარებაში, რომელთა გაუმჯობესებაც სჭირდება; როგორ განიხილონ შვილთან ერთად საშინაო დავალება. სკოლაში ბავშვებს ეძლევათ ინტერაქციული საშინაო დავალება, რომელიც ბავშვს იმის წარმოჩენის საშუალებას აძლევს, რა ისწავლა სკოლაში ყოფნის დროს.

  1. მშობლების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში

სკოლა მშობლებს თანაბარუფლებიან პარტნიორებად მოიაზრებს და ცდილობს, ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართოს.  სასკოლო პოლიტიკის ცვლილებების მიღებამდე მართავს საკონსულტაციო შეხვედრებს მოსწავლეთა ოჯახებსა და თემთან. სკოლა წაახალისებს მშობელთა გააზრებულ ჩართულობას მშობელთა ოფიციალურ ორგანიზაციებში, სკოლის სამეურვეო საბჭოში, მრჩეველთა საბჭოში ან მშობელთა ლიდერობისა და მონაწილეობის კომიტეტში. სკოლა ეხმარება მშობლებს, რათა სხვადასხვა კლასის მოსწავლეთა მშობლები იცნობდნენ ერთმანეთს და თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან.

  1. სკოლისა და თემის თანამშროლობა

მოსწავლეთა სწავლის ხარისხის ასამაღლებლად სკოლა ქმნის თემთან თანამშრომლობის სტრატეგიას. სკოლა, ოჯახი და თემის წარმომადგენელი მართავენ დისკუსიებს, ამყარებენ კავშირებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ჯანდაცვის ადგილობრივ ცენტრებთან, რათა მათი სერვისები სასკოლო საზოგადოებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს. სკოლა თანამშრომლობს სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებთან, კულტურულ ჯგუფებთან, წაახალისებს თემში სკოლის ისეთი რესურსების გამოყენებას, როგორიც არის ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი და სხვა.

 

რაც მთავარია, მშობელი და მასწავლებელი ერთმანეთთან კომუნიკაციისას მხოლოდ ბავშვზე უნდა იყვნენ ორიენტირებულნი და არა საკუთარ თავზე, საკუთარ სურვილებსა და საკუთარ მორალზე. მხოლოდ ამ შემთხვევაში წარვმართავთ პროცესებს ეფექტურად და მივიღებთ შედეგს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://mshobeltaskola.ge/wp-content/uploads/2021/03/%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90.pdf

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი