პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

უკვდავება, რომელიც გაიყოფა

დასაწყისი ნაბოკოვისა იყოს:

ჰოვარდ კარტერი – ჩემი ბავშვობის გმირი; ჩემი გონების ლაბირინთი; ჩემი მიზნების იდუმალება; ჩემი ინდიანა ჯონსი.

ის დღე იყო, თბილისში რომ მუხლამდე მოთოვა. ვითომც არაფერი, მაგრამ ასეთი დღეები კარგად მაქვს დაცდილი: ერთი იყო – დიდთოვლობის გამო მანქანა ქუთაისში დავტოვეთ, თბილისისკენ მატარებლით წამოვედით და კუპეში კატერინა ეროფეევა გავიცანი; მეორე იყო და – ისტორიის მასწავლებელმა, თინათინ შველიძემ, ჰოვარდ კარტერი გამაცნო. გაყინულ საკლასო ოთახში, სადაც თებერვლის სუსხი ფანჯრის ღრიჭოებიდან ძვრებოდა, გაკვეთილის დაწყებამდე კურტ კერამის გაყვითებული და მორღვეული წიგნი მომაწოდა. “ღმერთები, აკლდამები და მეცნიერები” – ასე ერქვა და ზედ ამოუცნობი გამოსახულებები ეხატა. იცოდა, ეგვიპტური ამბები რო მიტაცებდა, მაგრამ მაინცდამაინც ვერ ვერკვეოდი, ამიტომაც დააყოლა: “აქ იმ კაცზე წერია, ტუტანხამონის აკლდამა რომ აღმოაჩინა”. “ვაახ!” – ვიფიქრე.

კითხვა სკოლაშივე დავიწყე. რის გამოც, ჯერ იყო და, ფიზკულტურის გაკვეთილი გავაცდინე, რომლის დროსაც პარალელური კლასისთვის პრინციპული საფეხბურთო მატჩი უჩემოდ მოგვიგია, მერე კი, ჩემდა უნებურად, გვარიანი ჩხუბი გამოვტოვე, რომელიც ამ პრინციპულ მატჩს მოჰყვა.

არც ერთი დამნანებია და არც მეორე.

ამბავი 1902 წლით იწყებოდა, როცა თეოდორ დევისმა მეფეთა ველზე გათხრების უფლება მიიღო და მგონი, მას მერე კაი ხანს აღარც გაჩერებულან. ხან ვინ თხრიდა, ხან ვინ, მაგრამ მათ შორის ჰოვარდ კარტერისა და ფარაონ ტუტანხამონის ამბავი ყველაზე საინტერესო და იდუმალებით მოცული იყო იმ დროისთვის. მით უმეტეს, აგათა კრისტის “ეგვიპტური აკლდამის საიდუმლო” ახალი წაკითხული მქონდა. ოცდათორმეტგვერდიან ტექსტში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ფარაონები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდებოდნენ ტუტანხამონს; დავდიოდი აკლდამებისა და პირამიდების ლაბირინთებში; ვხვდებოდი სამარხთა მძარცველებს; ხელს ვართმევდი მეცნიერებს, რომლებთანაც კარტერი ჭკუის საკითხავად მიდიოდა. რაც მთავარია, ვმეგობრობდი ლორდ კარნარვონთან – თავქარიან კაცთან, სოლიდური მემკვიდრეობა რო მიიღო, ავტორბოლები რო უყვარდა და ერთხელაც ისეთი კატასტროფა შეემთხვა, ლამის სული განუტევა, რის შემდეგაც ინგლისის მტკიცე ჰავას მისმა ფილტვებმა ვეღარ გაუძლო და ეგვიპტეში გადაბარგდა, სადაც, ბედად, კარტერს გადაეყარა.

საკლასო ოთახის ბოლო მერხზე გაყინულ კედელს მიყრდნობილი მეშვიდეკლასელი ბიჭისთვის იმის განცდას არაფერი სჯობდა, რომ ორი ადამიანი გახურებული მეფეთა ველის წინ დადგა, იქაურობას თვალი მოავლო, მიზანი დაისახა და, ზღვა პრობლემის მიუხედავად, ბოლომდე მიიყვანა – მიწაში პირველი ნიჩბის ჩარტყმიდან იქამდე, სანამ იმავე ნიჩაბმა ტუტანხამონის აკლდამის კარი არ გააჭახუნა. გაჭახუნების ხმა კი ზარის ხმას დაემთხვა, მაგრამ ტექსტი მაინც ბოლო წერტილამდე მივლიე. როცა ამოვიხედე, ოთახში მარტო დავრჩენილიყავი.

გუშინ ქუჩაში ბუკინისტების თაროებს ჩავუარე. ერთ-ერთ მათგანზე კურტ კერამის “ღმერთები, აკლდამები და მეცნიერები” მიეყრდნოთ – დრომოჭმული, გაყვითლებული. მე კი ზურგჩანთაში “ქინდლი” მედო, რომელშიც დილით სალმან რუშდის “ჯამბაზი შალიმარი” მომეთავსებინა და დაღამებას ველოდი. გუშინ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ელექტროსაკითხავი ვერასოდეს შემიცვლის წიგნის გაყვითლებული ფურცლისა და მის კიდეებზე შერჩენილი მტვრის ინტიმს, გადაფურცვლის შრიალს, ენით აუწერელ სურნელს და ქაღალდის იმ ნაგლეჯს, რომელზეც ლამაზი გოგონას ტელეფონის ნომერი ჩაიწერე და როცა უკვე დაკარგული გეგონა, აღმოაჩინე, რომ წიგნის იმ გვერდზე ჩაგრჩენია სანიშნად, რომელზეც ფლორენტინო არიზა და ფერმინა ურბინო ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. თქვენი არ ვიცი და მე ნაღდი სიყვარულით ღიმილი უფრო მასნეულებს, ვიდრე ლამაზი მაკიაჟი.

ჰოდა, ასეა. დასასრულიც ნაბოკოვისა იყოს:

ნაბეჭდი წიგნები ერთადერთი უკვდავებაა, რომელიც მე და თქვენ შეგვიძლია გავიყოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი