პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ნუ მოკლავ ჯაფარას

დღეს ყველგან იმ წიგნებზე საუბრობენ, რომლებიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ. საგამომცემლო სახლები ამ ნიშნით ათეულობით ნაწარმოებს ბეჭდავენ და ავრცელებენ. შედეგად მსოფლიო ლიტერატურის კლასიკა ბევრისთვის იოლად ხელმისაწვდომი გახდა. ეს შესანიშნავია! თუმცა არც ერთ ამგვარ სერიაში არ მოხვედრილა რომანი, რომელმაც წაკითხვის დღიდან, მილიონობით სხვა ადამიანივით, ჩემთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ხშირად დასმულ, ყველასთვის თავისმომაბეზრებელ კითხვაზე, რომელია ჩემი ყველაზე საყვარელი წიგნი, გონებაში ყოველთვის პულიცერის პრემიისა და აშშ-ის თავისუფლების საპრეზიდენტო მედლის მფლობელი მწერლის, ჰარპერ ლის, სახელი ამომიტივტივდება ხოლმე. იგი ავტორია წიგნისა “ნუ მოკლავ ჯაფარას”, რომელიც ამერიკის თითქმის ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სავალდებულო პროგრამაშია შეტანილი.

ჩემი რჩეული ნაწარმოების სიუჟეტი ვითარდება 1930-იანი წლების აშშ-ის პატარა სამხრეთულ ქალაქ მეიკომში, სადაც ადამიანები სიღატაკესა და სასოწარკვეთილებაში ცხოვრობენ, მოუკირწყლავ და წვიმის დროს “მოწითალოდ დატბორილ” ქუჩებში თავის გადარჩენას ცდილობენ.

“დიდი დეპრესიით” გატანჯული ალაბამას ამ მხარეში ცხოვრობს ქვრივი ადვოკატის, ატიკუს ფინჩის, ოჯახიც. ყველასთვის პატივსაცემ, მოკრძალებულ და კეთილ ვექილს ორი მცირეაწლოვანი შვილი, ჯინ-ლუიზა (იგივე ჭყიტა) და ჯეიმსი, ჰყავს. რომანში მნიშვნელოვანი ზნეობრივი საკითხები სწორედ ამ ბავშვების თვალით არის დანახული. წიგნში უდიდესი ადგილი მათი აღზრდის ამბავს ეთმობა. ავტორი აქცენტს გულუბრყვილო მოსწავლეების ზრდასრულ, ჰუმანურ ადამიანებად გარდაქმნის ურთულეს პროცესზე სვამს.

სოციალური უსამართლობისა თუ რასობრივი უთანასწორობის გაცნობიერების, მათთან შეჯახების შემდეგ და-ძმას ებადება კითხვა: ოპტიმიზმით, სამყაროს კეთილი აღქმით დაამარცხებენ ბოროტებას თუ მათაც, სამართლიანობისთვის მებრძოლი სხვა თანამოქალაქეების მსგავსად, გადაუვლიან და გაანადგურებენ?

პასუხის პოვნასა და სიკეთის რწმენის შენარჩუნებაში ბავშვებს ეხმარება საუკეთესო მასწავლებელი – მამა. იგი შვილებს თანაგრძნობას ასწავლის და გარშემო მცხოვრებთა ღირსებებზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს. ატიკუს ფინჩი პატარებს მუდამ მიანიშნებს, რომ სოლიდარობის შემთხვევაში ადამიანთა ნაკლოვანებები უკანა პლანზე გადაინაცვლებს. იგი საქმითაც აძლევს მაგალითს შვილებსა და მეიკომელებს, როდესაც, საზოგადოების მკაცრი, აგრესიული რეაქციის მიუხედავად, სასამართლოზე უდანაშაულო აფროამერიკელის უსასყიდლოდ დაცვას გადაწყვეტს.

ადამიანებთან ურთიერთობის ოქროს წესი ავტორმა უბრალო წინადადებით გამოთქვა, რომელსაც ერთ-ერთ ეპიზოდში ადვოკატი ეუბნება სკოლისკენ მიმავალ ჯინ-ლუიზასა და ჯეიმსს: “კაცს ვერასდროს ბოლომდე ვერ გაიცნობ, თუ დროებით მის ტყავში არ ჩაძვერი და ისე არ გაიარ-გამოიარე!”

წიგნის თითოეულ თავში უამრავი საყურადღებო თემა შეიძლება გამოიყოს, თუმცა რომანის მთავარ სათქმელს, ალბათ, სათაურში უნდა ვეძებდეთ. რა არის ჯაფარა? იგი მგალობელი ჩიტია, რომელსაც ყანისთვის ზიანი არ მოაქვს. “ერთადერთი, რასაც ჯაფარა შვრება, ისაა, რომ მღერის და გვართობს…” მიუხედავად ამისა, უწყინარ ფრინველს ხშირად ერჩიან მონადირეები და ბავშვები. “ჯაფარა” უბრალო, სოციალური კუთვნილებისა თუ რასობრივი წარმომავლობის გამო დაჩაგრული ადამიანის მეტაფორაა, რომელსაც ლი საზოგადოების არასასურველი დაყოფის, დისკრიმინაციის წინააღმდეგ იყენებს.

1986 წელს “ნუ მოკლავ ჯაფარას” საქართველოშიც გამოიცა. “საბჭოთა აჭარამ” ორად გაყო წიგნი და მისი სრული სახით გამოქვეყნება გააჭიანურა. ბევრს ყურადღებაც არ მიუქცევია უხარისხო ქაღალდზე დაბეჭდილი რომანისათვის, ეგებ რომელიმე “ულტრაინტელექტუალს” არცთუ აქტუალური მოეჩვენა… ეს თითქმის მეოთხედი საუკუნის წინ იყო.

დღეს კი, დარწმუნებული ვარ, ლის რომანი კიდევ არაერთი ადამიანისთვის, განსაკუთრებით – მასწავლებლისთვის, იქცეოდა სამაგიდო წიგნად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი