პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

პასექი ქუთაისურად

ქუთაისი უცნაური ქალაქია. ერთნი ამბობენ, “ინდუსტრიის მშენებელიო”, მეორეთ მიაჩნიათ, რომ “ქუთაისი ჩქარა და იოლად ქრება მეხსიერებიდან და შეიძლება ეს იყოს მისი ერთადერთი და უკანასკნელი ღირსება”. წლების წინ მავანს ქუთაისის სტუდენტურ ქალაქად გადაქცევა ჰქონდა განზრახული, წლების შემდეგ კი სხვებმა მას გამოსაცოცხლებლად პარლამენტი შეაშველეს.

ჩემი, საკუთარი ქუთაისი უფრო პატარაა და მშვიდი, ვიდრე სინამდვილეშია. ის რუსთაველის ქუჩით იწყება და იქ მთავრდება, სადაც სალოცავად უძველესი ქუთაისელები, ჭკვიანი და დინჯი ებრაელები იკრიბებიან – მეორე სინაგოგასთან.

ყოფილ შაუმიანის ქუჩას და მის მიმდებარე ტერიტორიას ქუთაისში დღემდე ებრაელების უბანს ეძახიან. რიონის პირას გაშენებულ ულამაზეს სახლებს შორის ორი სინაგოგა დგას, რომლებსაც მთელი ბავშვობა მორიდებით ვუვლიდი გვერდს. ძალიან მინდოდა, ერთხელ მაინც მენახა, რა ხდებოდა შენობაში, მაგრამ ქცევის წესები არ ვიცოდი და მეშინოდა, “უცხო ღმერთები” არ გამებრაზებინა, ამიტომ ვერც ერთხელ ვერ გავბედე სინაგოგის კარის შეღება.

როგორც ბევრ ქუთაისელს, მეც მყავდა ებრაელი თანაკლასელი. მიშიკო ერქვა. წყნარი, უკონფლიქტო ბიჭი იყო, ლაპარაკში ხანდახან ახსენებდა თავის შორეულ, სულ სხვა სამშობლოს და რელიგიის გაკვეთილებზე, სანამ ჩვენ ხმამაღლა გვაკითხებდნენ ლოცვებს, ისიც ჩვენთან ერთად იდგა ფეხზე, ოღონდ ჩუმად.

ყველაზე ხშირად მიშიკო გაზაფხულობით მახსენდება, პასექის ჟამს. ყოველ წელს, პასექის პერიოდში, უამრავი მაცა მოჰქონდა სკოლაში. პატარები ვიყავით და ნორმალურად არც ერთს არ გვესმოდა, რას ვზეიმობდით, მაგრამ მაცა ყველას გვიყვარდა. ჩვენი საკლასო პასექის დღეები ჩემს მეხსიერებაში ასეთია: სკოლის წინ უზარმაზარ ხეს თეთრი ყვავილები გამოუსხამს და საოცარ სურნელს აფრქვევს, ქუჩაში გაზაფხულის თბილი ამინდია, კლასი კი მხიარული ხრაშუნით ივსება. ყველა ცდილობს, მეტი მაცა შეიხვედროს, სხვანაირად წარმოუდგენელია, ბოლოს და ბოლოს, მიშიკოს არავინ აწყენინებს. კარგად ვიცით, რომ ცოტა ხანში არც ის იტყვის უარს ჩვენს შეთავაზებულ პასკაზე.

მოგვიანებით ვიღაცამ მითხრა, რომ მაცას ჭამა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ცოდვად ითვლება. არ ვიცი, ალბათ ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რამხელა ტვირთის ზიდვა შეუძლია მის სულს. მე ვერავის საქმეში ვერ ჩავერევი. უბრალოდ, მიყვარს იმ დღეებზე ფიქრი. ბავშვობაში ხომ “ცოდვა” და “მადლი” ძალიან რთულ სიტყვებად გვეჩვენება და უფრო მარტივ დაყოფას ვამჯობინებთ, ამიტომ მხოლოდ “სიკეთე” და “ბოროტება” არსებობს და მე თუ მკითხავთ, ნაწილობრივ სწორიცაა. ჰოდა, რა შეიძლება იყოს უფრო დიდი სიკეთე, ვიდრე მეგობრის სიხარულის გაზიარება, მისი დღესასწაულის აღნიშვნა, მისი პურის გატეხვა?

რელიგიურ ნიადაგზე ატეხილ კამათში არასოდეს ვერთვები. უფრო მეტიც – მიკვირს, სხვები რომ კამათობენ. ჩემთვის ყველაფერი დღესაც ისეთივე მარტივია, როგორიც მაშინ იყო, არც ისე შორეულ ბავშვობაში. როგორც ჩანს, უფროსებს სირთულეები გვიყვარს და ხანდახან გვეთაკილება, ყველაზე სერიოზულ საკითხებს ბავშვის თვალით შევხედოთ, ვისწავლოთ ჩვენი შვილებისა და მოსწავლეებისგან სიკეთე, ურთიერთგაგება და ურთიერთობა, ვისწავლოთ სამყაროს სიყვარულით, თავდაპირველი სიმშვიდით აღქმა და აღარ მოგვინდება, ერთმანეთს გავემიჯნოთ.

ჩვენი საკლასო ტრადიცია სადღაც მეშვიდე კლასამდე გაგრძელდა, მერე კი, სხვა ქუთაისელი ებრაელებივით, მიშიკოს ოჯახიც გაემგზავრა ისრაელში. შეიძლება, ქუთაისი მართლაც სწრაფად ქრება მეხსიერებიდან, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ყოველ წელს, გაზაფხულზე, მასაც ვახსენდებით კლასელები, სკოლის წინ თეთრად აყვავებული ხე, თავისი მაცა და ჩვენი პასკები.

მე კი დიდი ხნის ოცნება ავიხდინე და შაბათის ლოცვას დავესწარი, თუმცა ეს წლების შემდეგ, ქუთაისისგან შორს მოხდა. ვილნიუსის სინაგოგაში ჩემმა ამერიკელმა ჯგუფელმა, მაიკმა წამიყვანა. “ყველა რომ ადგება და შეტრიალდება, შენ შეგიძლია, არ ადგე”, – მითხრა მან. მე მაინც ავდექი. უბრალოდ, ვერ შევძელი სხვანაირად. ვუყურებდი ჩემ გარშემო მლოცველ ადამიანებს და თუმცაღა სიტყვაც არ მესმოდა, მეჩვენებოდა, რომ ყველაფერი კარგად ნაცნობი იყო ჩემთვის. მახსენდებოდა წლების წინანდელი ბავშვური რიტუალი და ვიდექი ჩუმად, როგორც ჩემი ებრაელი კლასელი სკოლაში, რელიგიის გაკვეთილებზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი