პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

„დიდები უცნაურები არიან“ – ფიქრობდა პატარა პრინცი და გზას მიუყვებოდა…“

 ფიქრები ეგზიუპერის წიგნის კითხვისას

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერმა ყველაზე ჯადოსნური და გამორჩეული ამბავი პატარა უფლისწულზე ასაკოვან ადამიანს მიუძღვნა და ამით მკითხველებს მინიშნებაც მოგვცა, რომ საკუთარ თავებში აღმოვაჩინოთ ის პატარა ბავშვი, წლების წინ რომ ვიყავით. ყველა დიდი ოდესღაც პატარა იყოო, ამის ცოდნა, არდავიწყება წარმოადგენს კარგი მასწავლებლობის, მშობლობისა და ადამიანობის საფუძველს.

„პატარა უფლისწული“, რომელიც ახალ ქართულ თარგმანში „პატარა პრინცად“ იქცა (მე მაინც უფლისწულად მოვიხსენიებ, არა წოდების სიზუსტის, არამედ სიტყვის ეტიმოლოგიის გამო: უფლის + წული (შვილი, ძე)), ერთი დიდი სახელმძღვანელოა ჩვენთვის, როგორ გავუგოთ ბავშვებს, როგორ გავხდეთ უკეთესი, როგორ შევიყვაროთ, როგორ ვემეგობროთ და როგორ გვწამდეს, სასწაულების როგორ ვირწმუნოთ.

ჩემთვის, უზარმაზარ ტრაგედიაგამოვლილი დედისთვის ეს წიგნი ცხოვრების მთავარ წიგნად იქცა და იმ კითხვებზე გამცა პასუხი, რომლებიც გამუდმებით მტანჯავდა. მიუხედავად იმისა, ბავშვობაში რამდენჯერმე მქონდა წაკითხული, მის არსს მხოლოდ მაშინ მივხვდი, როდესაც ძალიან დამჭირდა. სწორედ მაშინ გადამიშალა საკუთარი გული და მაჩვენა, აღმომაჩენინა მთავარი ჭეშმარიტება – როგორ მერწმუნა. სხვა, დედებს, რომელთა შვილებმაც ეს სამყარო მიატოვეს და მარადიულ მოგზაურობას შეუდგნენ, ხშირად უთქვამთ, რომ „პატარა უფლისწულმა“ მათ მინიშნებები მისცა. მინიშნებებთან კი იმედებიც და საკუთარი ვარსკვლავებიც აპოვნინა, მილიარდობით მოციმციმე ვარსკვლავს შორის.

„პატარა უფლისწული“ მართლაც ჯადოსნური წიგნია. ნებისმიერი მკითხველისთვის ის ზუსტად იმ სიტყვებად, იმ ნარატივად გარდაიქმნება, ძალიან რომ სჭირდება. ამიტომაა ალბათ თაყვანისმცემელთა არმია რომ არ აკლდება, ვინ იცის, რამდენ ადამიანს შეუღო გულის კარი ან/და პირიქით რამდენი ადამიანისთვის იქცა თავად თავშესაფრად.

მაშ ასე, „პატარა უფლისწული“ მშობლებს ეხმარება, აღმოაჩინონ საკუთარ შვილებში დაფარული ნიჭები. არ უთხრან მათ: „მახრჩობელა გველების ხატვას, გიჯობს გეოგრაფიას, ისტორიას, არითმეტიკასა და გრამატიკას მიხედეო“.

წლების წინ ერთი მოსწავლე მყავდა – 8 წლის ლაშა, თვალებბრიალა, საოცრად მგრძნობიარე და ემოციური ბიჭუნა. მაღალი, მსხვილი აგებულების, ძლიერი. შეეძლო კლასში „ყოჩი“ ყოფილიყო, თუმცა ეს არ ანაღვლებდა. ჭიანჭველას ფეხს არ ადგამდა, საოცრად კეთილი და კეთილშობილი. ხატავდა ფანტასტიურად, ისეთ ფერთა პალიტრას იყენებდა, გაოცებისგან სიტყვებს ვერ ვუყრიდი ხოლმე თავს. მათემატიკის ან ქართულის გაკვეთილზე გავხედავდი და თავი ჰქონდა ჩარგული მერხის ქვემოთ. ჩუმად ხატავდა, რაღაც არაამქვეყნიურ სიუჟეტებს. ბებია, დედა, მამა ძალიან წუხდნენ. უნდოდათ მათემატიკა სცოდნოდა ძალიან კარგად, მათემატიკაში ყოფილიყო ძლიერი. ამზადებდნენ კიდეც, დაჰყავდათ უამრავ წრეზე, მაგრამ ლაშას მხოლოდ ხატვა უნდოდა, სხვა არაფერი.

ჰოდა, გავიდა წლები, ერთ-ერთ გამოფენაზე, ჩემი ყურადღება ჯადოსნური ფერებით შექმნილმა ფერწერამ მიიქცია, ზღაპრული სიუჟეტი იყო, ფერადი ცა და ყვავილების წვიმა. ავტორი, არც მეტი, არც ნაკლები, ჩემი მოსწავლე ლაშა აღმოჩნდა. როგორც ჩანს, მშობლები დანებდნენ და მისცეს გასაქანი, არც შემცდარან.

დღეს ლაშა ძალიან წარმატებული, ახალგაზრდა მხატვარია. მშობლებს რომ არ დაეთმოთ, არ გაეგოთ მისთვის, ახლა ალბათ ძალიან უბედური და წარუმატებელი, ჩვეულებრივი მოხელე იქნებოდა, ეკონომიურზე ან საბანკო საქმეზე ჩააბარებდა და მთელი ცხოვრება საძულველი რიცხვების თვლაში გაატარებდა, ფერები კი ოცნებად, სიზმრად ექცეოდა. რა თქმა უნდა, არაფრით არ ვაკნინებ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს. ვიღაცისთვის რიცხვებია საოცრებათა სამყარო,. ვიღაც რიცხვებით ცხოვრობს, ვიღაც – ლექსებით, ვიღაც – ფერებით, ვიღაც – ამბებით და ასე დაუსრულებლად, აი ეს არ უნდა გამოგვეპაროს, ამას უნდა ჩავეჭიდოთ და არ გავუშვათ. უნდა გავიგოთ, „რით ცხოვრობს“ ჩვენი შვილი.

„პატარა უფლისწული“ მასწავლებლებსაც ეხმარება, მოსწავლეების ფანტაზიას გასაქანი მისცეს და სახელმძღვანელოში მოცემული მშრალი ფაქტები არ ამეორებინოს. თუ მოსწავლეს პატარა პრინცზე მოყოლა მოუნდება, არ ჩაეკითხონ, რომელ ასტეროიდზე ცხოვრობდა? ვინ აღმოაჩინა? რომელ წელს? ვის პატივსაცემად უწოდეს ეს სახელი? არ დააყარონ მსგავსი მომაბეზრებელი, გაქვავებული კითხვები. მოისმინონ და ისიამოვნონ, რომ პატარა პრინცი ძალიან ლამაზი იყო, რომ იცინოდა და ბატკანს ნატრობდა, დაიჯერონ, ირწმუნონ. მერე რა, თუ ერთ, ძალიან მორცხვ, მგრძნობიარე, მაგრამ ძალიან თავმოყვარე გოგონას თარიღები სულ აღარ ახსოვს. სამაგიეროდ, ისე ლამაზად აღწერს მზის ჩასვლას უფლისწულის პლანეტაზე…

პატარა უფლისწული ჩვენ, დიდებსაც შეგვაძლებინებს ყოველი წამით ტკბობასა და შეუმჩნევლის შემჩნევას. სიყვარულს სულ სხვანაირს აღმოგვაჩენინებს და ნამდვილ მეგობრობაზე ფიქრს დაგვაწყებინებს.

იქნებ პოლიტიკოსებსაც გამოადგეთ, თუ წაიკითხავენ (მაგრამ მეეჭვება, პატარა უფლისწულის ამბების წაკითხვის შემდეგ ისევ მოუნდეთ პოლიტიკოსობა), და ასტეროიდის ერთ-ერთ მეფეს ძალიან გონიერი ბრძანებების გაცემაშიც მიბაძავენ.

რა სასაცილოები არიან დიდები უფლისწულის თვალში! ამპარტავანი მეფე – რომელსაც ქვეშევრდომები არ ჰყავს, მაგრამ მაინც გასცემს ბრძანებებს; ლოთი – რომელიც იმიტომ სვამს, რომ დაივიწყოს რომ ლოთია; ვარსკვლავების „მფლობელი“ ბიზნესმენი, სქელტანიანი წიგნების მწერალი გეოგრაფი – საკუთარი პლანეტის რომ არაფერი გაეგება, ეს რომ მკვლევრების საქმედ მიაჩნია. სულ ერთი წუთით გამოვუშვათ გარეთ ჩვენში არსებული ბავშვი, რომ ჩვენს ცხოვრებას შეხედოს, შეხედოს საკუთარ გაზრდილ ვარიანტს. ნეტა რას იტყოდა? ერთს გემრიელად ხომ არ გადაიხარხარებდა, ან ხომ არ მოიწყენდა? თუ პირიქით ძალიან გაიხარებდა? აბა სცადეთ, ოღონდ აუცილებლად მოუსმინეთ მას.

იმ დედებისთვის, პატარები რომ გაუფრინდათ, პატარა უფლისწული ნამდვილი ნუგეშია:

„- შემიძლია გემზე შორს წაგიყვანო, – უთხრა გველმა და ოქროს სალტედ შემოეჭდო კოჭებზე პატარა პრინცს“.

  • ვისაც კი შევეხები, მყისვე მშობელ მიწას ვუბრუნებ, – თქვა მან, – მაგრამ შენ უცოდველი ხარ, თანაც სხვა ვარსკვლავიდან მოხვედი“.

ჰო, უცოდველი პატარა უფლისწულები საკუთარ პლანეტებს უბრუნდებიან.

ეგზიუპერი ნამდვილი ჯადოქარი იყო. ამოიცნო ადამიანთა მოდგმის უბედურება, მიუხვდა მათ მთავარ სატკივარს:

„ადამიანები? რამდენიმე ჯერ კიდევ შემორჩა, ექვსი ან შვიდი. დიდი ხნის წინ ვნახე. ვერავინ გეტყვის, სად უნდა ეძებო. ქარი აქეთ-იქით დაათრევს. ფესვები არა აქვთ, ამიტომ ძალიან უჭირთ“.

„რა უცნაური პლანეტაა! – გაიფიქრა პატარა პრინცმა, – გამომშრალი, წვეტიანი, მლაშე. ადამიანებს წარმოსახვის უნარი აკლიათ…“.

„- ადამიანებს აღარ ახსოვთ ეს ჭეშმარიტება, – თქვა მელამ, – შენ კი გახსოვდეს. მუდამ პასუხს აგებ იმისთვის, ვინც მოიშინაურე“.

„დასანახს მხოლოდ გულით დაინახავ. მთავარი – თვალით უხილავია“.

პატარა უფლისწულო, მიდი, იარე უდაბნოში ჭისკენ, რომ სახლში დასაბრუნებელი გზა გაიკვლიო. ვარსკვლავები, ის ერთადერთი, წკრიალა ზანზალაკები კი უფროსებს დაგვიტოვე, იქნებ რაღაცას მაინც მივხვდეთ, იქნებ ოდესმე მაინც გამოვფხიზლდეთ და გულის თვალით ხედვა ვისწავლოთ. იქნებ, ბოლოს და ბოლოს ვიპოვოთ ის ერთადერთი, უკიდეგანო, უკუნ ცაზე მარად მოკაშკაშე სინათლის წერტილი. ვიპოვოთ და ხანდახან, საღამოობით, ყოველდღიური ცხოვრებისგან გადაღლილებს, გაგვახსენდეს უდაბნოში მოხეტიალე პატარა ბიჭუნა. და თუ ძალიან მოვინდომებთ კოსმოსის ხვეულებიდან ათასი ზანზალაკის ხმაც გავიგონოთ. შენ კი სიკვდილის გავლით, შენს პლანეტაზე დაბრუნდი. ჰო, სხეულს თან როგორ წაიღებ, ძალიან მძიმეა, ბებერი ხის ქერქივით ეგდება მიწაზე.

P.s. ანტუან დე სენტ-ეგზიუპერზე ვიკიპედიაში ვკითხულობთ: „1943 წელს ფრანგულ საჰაერო სამხედრო ძალებში დაბრუნდა და ჩრდილოეთ აფრიკის კომპანიაში მონაწილეობდა. 1944 წლის 31 ივლისს კუნძულ სარდინიაზე გაფრინდა სადაზვერვო მისიით, საიდანაც აღარ დაბრუნებულა.

დიდი ხნის განმავლობაში სენტ ეგზიუპერის დაღუპვის შესახებ არანაირი ცნობები არ არსებობდა. მხოლოდ 1998 წელს მარსელთან ახლოს ზღვაში ერთმა მეთევზემ იპოვა სამაჯური, რომელზეც შემდეგი წარწერა იყო: «Antoine», «Consuelo» (ასე ერქვა ანტუანის ცოლს) და «c/o Reynal & Hitchcock, 386, 4th Ave. NYC USA». ეს უკანასკნელი იმ გამომცემლობის მისამართი იყო, რომელშიც სენტ-ეგზიუპერის წიგნები გამოიცემოდა. 2000 წლის მაისში მყვინთავმა ლიუკ ვანრელმა განაცხადა, რომ 70 მეტრ სიღრმეში აღმოაჩინა ნარჩენები თვითმფრინავისა, რომელიც შესაძლოა სენტ-ეგზიუპერს ეკუთვნოდა. გამოძიებამ ეს ვერსია დადასტურდა. თუმცა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი დღესაც არ არის ცნობილი”.

თქვენც ის გაიფიქრეთ, რაც მე?…

ჰო, მთავარი უხილავია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი