ემოციები ჩვენს ცხოვრებაში

ერთხელ ორ ახალგაზრდა ქალბატონს შორის საინტერესო და საყურადღებო საუბრის უნებლიე მოწმე გავხდი. მეოთხეკლასელი თამუნას დედა მეგობარს თავის გულისტკივილს უზიარებდა – „იცი, დღეს ბავშვთან ვიყავი სკოლაში. მაინტერესებდა, რაიმე პრობლემა ხომ არა ჰქონდა, რომ დროულად მეზრუნა მის გადაწყვეტაზე. ყველა ემადლიერება, მონდომებული, ბეჯითი, მოწესრიგებული ბავშვიაო. თუმცა, კლასის ხელმძღვანელმა ერთ „ნაკლზე“ მაინც გაამახვილა ყურადღება – ძალიან ემოციური ბავშვია და შეიძლება მომავალში სერიოზული პრობლემები შეექმნას თანატოლებთან ურთიერთობაშიო. არ გამკვირვებია, რადგან ამას მეც ვამჩნევ. სიხარულსაც და მწუხარებასაც ზედმეტად ემოციურად გამოხატავს. სულ ვეხვეწები, რომ ჩაახშოს თავისი ემოციები და მშვიდად შეხვდეს ყველაფერს, მაგრამ არაფერი გამოსდის“.

ვფიქრობ, აღწერილი შემთხვევა გამონაკლისი არ არის, რადგან ხშირად ზრდასრული ადამიანებიც აძლევენ ერთმანეთს მსგავს რჩევებს – „მოდი ემოციების გარეშე ვილაპარაკოთ“; „შეეშვი ემოციებს და ცივი გონებით გააანალიზე შექმნილი სიტუაცია“; „ემოციები დაგღუპავს შენ“. – ეს ის ფრაზებია, რომლებსაც არცთუ იშვიათად შევხვდებით ადამიანთა შორის ურთიერთობისას.

მართლაცდა რაში გვჭირდება ემოციები, ხშირად ისინი ხომ გვირთულებენ კიდეც ცხოვრებას და მათ გარეშე შეიძლება უფრო გონივრული გადაწყვეტილებებიც კი მიგვეღო.

  • ემოციების გარეშე ადამიანის ცხოვრება და განვითარება წარმოუდგენელია. განურჩევლად იმისა, პოზიტიურია, თუ ნეგატიური, ისინი უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებენ ადამიანის ცხოვრებაში;
  • ემოციები ჩვენი რეაქციებია ყველაფერ იმაზე, რაც ჩვენ გარშემო ხდება. მათი საშუალებით ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას, როგორც ამა თუ იმ მოვლენის, ასევე ცალკეული ადამიანების მიმართ. ემოციები ჩვენი ფსიქიკის მნიშვნელოვანი და აუცილებელი მექანიზმია გადარჩენისთვის;
  • ემოციები გვეხმარება ადამიანებთან ურთიერთობის სწორი მიმართულებით წარმართვაში, ეფექტიან კომუნიკაციაში. ჩვენში აღმოცენებული ნებისმიერი ემოცია სიგნალია გარშემომყოფებისთვის – ის მათ აწვდის ინფორმაციას ჩვენი მდგომარეობის შესახებ. თავად ჩვენც სწორედ ამ სიგნალების დახმარებით ვიგებთ, რა განწყობა აქვს ადამიანს, რა მდგომარეობაშია, ღირს თუ არა მასთან ახლა საუბარი, ხომ არ აჯობებდა ჩვენი შეხვედრა სხვა დროისთვის გადაგვედო. ემოციები საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ ადამიანის მდგომარეობა და პროგნოზირება გავუკეთოთ მასთან ჩვენს ურთიერთობას.

გარშემომყოფთა ემოციების სწორად ამოცნობის უნარი გვეხმარება ადამიანებთან ურთიერთობაში და წარმოადგენს სოციალური წარმატების საფუძველს. გამომდინარე იქიდან, რომ ურთიერთობისას ემოციებით უფრო მეტ ინფორმაციას გავცემთ, ვიდრე სიტყვებით, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სხვისი ემოციების „წაკითხვა“, უფრო მეტ წარმატებას აღწევენ, როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე სამსახურეობრივ საქმიანობაში და პირიქით, გარშემომყოფთა ემოციების ამოცნობის უუნარობა სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია ადაპტირების პროცესში.

  • ემოციები გვიბიძგებს მოქმედებისკენ. როგორც წესი, ისინი ჩვენი ნებისმიერი ქცევის აღმძვრელია. სწორედ ემოციები გვაიძულებს ვიმოქმედოთ. თითოეული ემოცია საკუთარ თავში მოქმედების სურვილს მოიცავს, მაგ. შიში გვაიძულებს, გავიქცეთ ან დავიცვათ თავი; მოწონება, გატაცება კი სტიმული ხდება ჩვენთვის, რომ უფრო ახლო კონტაქტი დავამყაროთ ადამიანთან, რომლის მიმართაც აღნიშნულ ემოციას განვიცდით;
  • ემოციები არეგულირებს ჩვენს ქცევას. სწორედ ემოციები გვანიჭებს ძალას და სიმტკიცეს მოქმედებისთვის, ან პირიქით – გვაიძულებს, უარი ვთქვათ ჩანაფიქრზე, ჩვენს განზრახვაზე. რაც უფრო კარგად გვესმის ჩვენი ემოციები, მით უფრო უკეთესად ვმართავთ ჩვენს ქცევას;
  • ემოციები გვეხმარება სამყაროში ორიენტირებაში, გამომდინარე იქიდან, რომ მათ მაორიენტირებელი ფუნქცია აქვთ ადამიანისათვის. თითოეული ემოცია არის სიგნალი ჩვენთვის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანზე, მაშინაც კი, თუ ის არ მოგვწონს. ემოციები გვეხმარება გარემოსთან ადაპტირებასა და გადარჩენაში.

ემოციები ჩვენი დიდი მოკავშირე, დამხმარე და მეგობარია. თითოეული ემოცია რაღაცას გვეუბნება. თუ ყურს დავუგდებთ ჩვენს ემოციებს, ვიგრძნობთ მათ, ეს დაგვეხმარება, პირველ რიგში, საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში და, მეორე მხრივ, გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში, ჩვენთან კონტაქტში მყოფი ადამიანების განწყობა-დამოკიდებულების განსაზღვრაში. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ფსიქიკისთვის ყველა ემოცია მნიშვნელოვანი და ღირებულია. ამდენად, არანაირი გამართლება არა აქვს იმ აღმზრდელის ქცევას, რომელიც უკრძალავს ბავშვს ემოციების, განსაკუთრებით კი ნეგატიური ემოციების – შიშის, ბრაზის, აღშფოთების და ა.შ. გამოხატვას. თუ ეს ხშირად მეორდება, სერიოზულად ვაზარალებთ  ემოციებთან ბავშვის დამოკიდებულებას:

  • დიდი ალბათობით მას განუმტკიცდება აზრი, რომ ემოციები რაღაც ზედმეტი, არასაჭირო, და ხანდახან სასირცხვო და სახიფათოც კია. ასეთი დამოკიდებულებით პატარას გაუჭირდება ემოციებთან დამეგობრება, მათში გარკვევა და თავის სამსახურში ჩაყენება;
  • ემოციების გამოხატვის აკრძალვით, განურჩევლად იმისა, თუ რა სახის ემოციაზეა საუბარი, ჩვენ ბავშვს შეუსრულებელი, განუხორციელებელი ამოცანის წინაშე ვაყენებთ. პატარა არ ებრძვის შიშის განცდას იმის გამო, რომ ვუთხარით – „ნუ გეშინია!“. ასევე არ წყვეტს გაბრაზებას იმ იმედით, რომ მის დამშვიდებას შევეცდებით სიტყვებით – „ნუ ბრაზობ!“. ერთადერთი, რაც შეიძლება მან გააკეთოს ის არის, რომ თავს მოგვაჩვენებს თითქოს „არ ეშინია“ ან „არ ბრაზობს“. ნამდვილი ემოცია მასში ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება, არ გაქრება;
  • ჩვენი მხრიდან ემოციების დათრგუნვის მოთხოვნის შემთხვევაში, იმის ნაცვლად, რომ „არ ეშინოდეს“ და „არ ბრაზობდეს“, ბავშვი უბრალოდ დაიწყებს თავისი ემოციების დაფარვას ჩვენგან და ფიქრს იმაზე, რომ მას რაღაც ემართება, რაღაც პრობლემა აქვს სხვა ადამიანებისაგან განსხვავებით. მისი ლოგიკა ძალიან მარტივია: „მეუბნებიან, რომ არ უნდა მეშინოდეს, არ ვბრაზობდე, არ ვტიროდე, მაგრამ მე მეშინია, ვბრაზობ, ტირილი მინდა, ე.ი. რაღაც მჭირს, მე არ ვარ სრულფასოვანი, რაღაც პრობლემა მაქვს“. განუხორციელებელ მოთხოვნებს ბავშვი მიჰყავს თვითშეფასების დაქვეითებამდე, თავს იჩენს სირცხვილი და დანაშაულის გრძნობა. გამომდინარე იქიდან, რომ ისინიც გარკვეულ ემოციებს წარმოადგენენ, ბავშვს მათი დამალვაც მოუწევს, ეს პრობლემას კიდევ უფრო გააღრმავებს;
  • ემოციების დათრგუნვის მოთხოვნამ შეიძლება დაარღვიოს ბავშვის კონტაქტი მშობლებთან. ვის მოეწონება ურთიერთობა ადამიანთან, რომლის წინაშეც მუდმივად განიცდი სირცხვილს და დანაშაულს, რომელთანაც საკუთარი ემოციების დაფარვა გიწევს. 11-12 წლამდე პრობლემა შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, მაგრამ მოზარდობის ასაკში ის სრული ძალით გამოვლინდება;
  • ბავშვი გრძნობს, რომ ის თავის განცდებთან, ემოციებთან მარტო, ერთი-ერთზე რჩება. უფროსები არ დაეხმარებიან შიშთან, ბრაზთან და ცრემლებთან გამკლავებაში, რადგან მისგან ამ ყველაფრის იგნორირებას და დათრგუნვას მოითხოვენ. ეს რასაკვირველია, სერიოზულად დააზარალებს მშობლებთან ბავშვის დამოკიდებულებას;
  • ასეთი დამოკიდებულებით ბავშვი ვერ სწავლობს ემოციებთან გამკლავებას. ამის ნაცვლად კარგად ითვისებს, რომ არ უნდა შეიმჩნიოს, იგნორირება გაუკეთოს, ჩაახშოს ემოციები. შედეგად სულიერი ცხოვრება ასეთი ბავშვისთვის საიდუმლოებით მოცული ხდება; გრძნობებს კი ამჩნევს მხოლოდ მაშინ, როცა ისინი (იმის გამო, რომ უჭირს მათი მართვა) გარეთ გამოდის, ვლინდება და ყველასათვის თვალსაჩინო ხდება.

უკეთესი იქნება, თუ ემოციების ჩახშობის, დათრგუნვის მოთხოვნის ნაცვლად ბავშვთან საუბრისას აქტიურად გამოვიყენებთ მსგავს ფრაზებს: „მე მესმის შენი, შეიძლება გეშინოდეს, ხანდახან მეც მეშინია“; „მოდი დაველაპარაკოთ შენს შიშს. ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია“; „სამწუხაროა, რომ ასე მოხდა და განაწყენდი, მესმის შენი“; „ვხედავ, რომ ბრაზობ, მომიყევი შენი ბრაზის შესახებ, შევეცდები გაგიგო“. ან „ვხედავ, რომ გახარებული ხარ, შეგიძლია ასეთი ხმაურიანი თამაშები შენს ოთახში ითამაშო“. ბავშვთან ურთიერთობისას ასეთი ფრაზების გამოყენებით ის იგრძნობს, რომ ჩვენ ვამჩნევთ მის ემოციებს და ხმამაღლაც კი ვლაპარაკობთ ამაზე. ჩვენ კი არ ვუკრძალავთ ამ ემოციების გამოხატვას, პირიქით – ვასწავლით, როგორ მოიქცეს საკუთარ ემოციებთან. შედეგად ჩვენ მივიღებთ სრულიად განსხვავებულ სურათს:

  • ბავშვს ვუსახავთ რეალისტურ, შესრულებად ამოცანას;
  • კონტაქტი უფროსთან მარტივდება. ბავშვი გრძნობს მხარდაჭერას, მიმღებლობას, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწავლობს საკუთარი თავის მიღებას;
  • ბავშვი სწავლობს ქცევის წესებს. აკრძალვების ნაცვლად ის იღებს ინსტრუქციას, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ შემთხვევაში, მაგ. ითამაშოს ხმაურიანი, მხიარული თამაშები თავის ოთახში და არა იქ, სადაც დაღლილი ბებო ისვენებს;
  • ბავშვი სწავლობს საკუთარ განცდებთან, ემოციებთან სწორ დამოკიდებულებას. შედეგად ის შეძლებს, დაასახელოს თავისი ემოციები და გაიგოს, რა ხდება მის თავს.

გაუმართლებელია ემოციების დათრგუნვაზე, ჩახშობაზე ფიქრი და მოწოდებები აღნიშნული მიმართულებით. გავითვალისწინოთ, რომ თუ ჩვენ ემოციებთან კონტაქტს დავკარგავთ, ჩვენ დავკარგავთ კონტაქტს საკუთარ თავთან, საკუთარ სხეულთან, კავშირს სხვა ადამიანებთან, რეალობის ადეკვატურად შეფასების უნარს, სიტუაციასთან შეგუების უნარს, რაც თავის მხრივ ხელს შეგვიშლის ჩვენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში და ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავებაში. ემოციები ხომ მთელ ჩვენს ცხოვრებას მართავს, ისინი ჩვენი რეაქციაა ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე და საერთოდ რა იქნებოდა ჩვენი სამყარო ემოციების გარეშე, ალბათ ძალიან უფერული და უინტერესო რამ. სწორედ ამიტომ, გავუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ, ასევე ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანების ემოციებს და ჩახშობის ნაცვლად შევეცადოთ, ვმართოთ ისინი.

 

 

კომენტარები

comments