ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როცა მასწავლებელი აცდენს

რა არის იმაზე უფრო სევდიანი, ვიდრე გადაღლილი მასწავლებლის ცარიელი დილა, დასიებული თვალები და სრული უმწეობის განცდა, ბალიშიდან თავის აწევა… მაღვიძარას გამორთვაც რომ არ შეუძლია?! ხანდახან ყველა მასწავლებელი ხვდება, რომ ვერ გაუძლებს ვერც სკოლის კედლების თანაბარ, მონოტონურ გრუხუნს, ვერც ათას გამომცდელ თვალს, ათობით შეკითხვას, კალმის წრიპინსა და კედლებს, კლასის ფანჯრების მიღმა. მხნეობას იკრებს, სკოლაში რეკავს და ამბობს, მაღალი სიცხე მაქვს, ვერ მოვალო. შესაძლოა, არც ახსოვდეს, რატომ გრძნობს თავს მოდიანოს მეხსიერებადაკარგული პერსონაჟივით, მაგრამ ზუსტად იცის, რომ ხანდახან ცუდად ყოფნაც შეუძლია.

შემოდგომის მიწურული, თბილი, მზიანი დღე არ მოასვენებს და აუცილებლად გარეთ გაიხმობს. სახლიდან გამოსვლისას, ყოველი შემთხვევისთვის, ქუდსაც დაიხურავს – რომ არ იცნონ, თუ ათასობით ნაცნობიდან ქუჩაში ვინმეს გადაეყრება. ნაცნობები კი იმდენი ჰყავს, სხვები რომ მთელი ცხოვრება ვერ შეიძენენ. თანაც ყოველ წელიწადს მათი რაოდენობა 100-150-ით მატულობს. მათ ის არასდროს დაავიწყდება, რადგან მათი მასწავლებელია.

ზოგი ადამიანი ქუჩაში მთელი დღე ისე იხეტიალებს, არავის მიესალმება. ის კი დღეში ათობით „გამარჯობას“ ამბობს, მათაც ესალმება, ვისაც ყოველდღე ხვდება და მათაც, ვინც წლებია, არ უნახავს. სხვები შეხვედრებს მხოლოდ სამსახურში აწყობენ. მისი შეხვედრები კი სამსახურის გარეთაც გრძელდება – ქუჩებში, მაღაზიებში, მატარებელში, სარეკრეაციო ზონებსა და კაფეებში. ღამის საათებშიც კი, როცა, წესით, ბავშვებსა და მოზარდებს უნდა ეძინოთ, თვალებს აქეთ-იქით აცეცებს და ამოწმებს, ხომ არ მისწვდა ვინმეს მახვილი მზერა და ხომ არავინ შეამჩნია მისი მუხლებზე გადაქექილი ჯინსი. მოკლედ, მისი ანგარიშით, ოც წელიწადში დაახლოებით 15000 ადამიანს ეცნობა. მათგან კი 10000 მაინც მიესალმება შეხვედრისას, დანარჩენი იცნობს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით თვალს მოარიდებს (მაგალითად, იმიტომ, რომ ოდესღაც დაბალი ქულა დაუწერა და გულში ჩაიტოვა, ან მშობელთან ერთადაა და შეხვედრა აფრთხობს, ან უბრალოდ გულზე არ ეხატება). თავისუფლად შეძლებს, გაეჯიბროს რომელიმე პატარა თეატრის მსახიობს, რომელსაც მაყურებელი ფილმებში ვერა, მაგრამ სცენაზე ხედავს ყოველ შაბათ საღამოს, ოც საათზე.

სად შეიძლება წახვიდე მაშინ, როცა არავისთან შეხვედრა არ გსურს, მაგრამ გინდა, საკუთარ თავს ასიამოვნო, დაისვენო და გალაღდე? ალბათ, ისევ წყლის პირას! ასეთ დროს ლისის ტბა საუკეთესო ნავსაყუდელია. ვის არ უყვარს ლისის ტბაზე შემოდგომის ეს დრო?! ჯერ არც ისე ცივა, რომ თბილ ტანსაცმელში შეიყუჟო, მაგრამ აღარც ზაფხულის სითბოა, ქარიც ხშირად გახსენებს თავს, უზარმაზარი ხეები კი შრიალებენ და შრიალებენ. მთავარი ბილიკიდან გადაუხვევს და ტყეში შევა. „ტყეს“ ეძახის, თორემ იქვე პატარა მაგიდები ჩაუდგამთ. იმ მაგიდასთან ჩამოჯდება და ჩაის შეუკვეთავს. პოეტი რომ ყოფილიყო, აუცილებლად დაწერდა ლექსს იმაზე, როგორ მოქმედებს ადამიანზე ფოთლების შრიალის ხმა, როგორ ეხმიანება ის მის შინაგან განწყობას, მუსიკას… მაგრამ პოეტი არ არის, უბრალოდ, მასწავლებელია…

– მააას?! – შეკრთა, მკვეთრად წამოიწია და თვალები დაჭყიტა. თავზე მოსწავლე წამოდგომოდა. – მას, როგორ ხართ?

– კარგად, – ამასღა ამოღერღავს. ხომ იცოდა, რომ ასე მოხდებოდა, სახლიდან არ უნდა გამოსულიყო.

– მას, გვითხრეს, რომ ძალიან ცუდად იყავით და მაღალი სიცხე გქონდათ, – გაოცებას ვერ მალავს გოგონა, – ნამდვილად კარგად ხართ? – ტყუილი რომ ეთქვა, რას ისწავლიდა მისგან ეს ამაყი, ძლიერი და დამოუკიდებელი გოგო?

– დილით ძალიან ცუდად ვიყავი და ეს სიცხის ბრალი არ ყოფილა, – გოგონას თვალები გაუფართოვდა, – მაგრამ ნამდვილად არ შემეძლო მოსვლა, – დაიჯერა, – ხანდახან ადამიანებს ასეთი რამ ემართებათ.

– აქ ხშირად ამოვდივარ ხოლმე, მიყვარს აქაურობა, – ამბობს გოგონა.

– მეც ძალიან მიყვარს და ხშირად ვსტუმრობ.

– ვერ წარმოვიდგენდი, რომ აქ სეირნობდით…

– მეც ვერ წარმოვიდგენდი… – გაუღიმა და იგრძნო, დაძაბულობის ნასახიც აღარ დარჩენილიყო მასში. ალბათ, ადამიანებს, თუნდაც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, ერთმანეთთან იმაზე მეტი რამ აკავშირებთ, ვიდრე ჰგონიათ!

სევდა, დაღლილობა და უმწეობის განცდა მაშინვე სადღაც გაქრა. ერთმანეთს უყურებდნენ და უხაროდათ, რომ ამ მზიანმა დღემ შეახვედრა, ამ უჩვეულო გარემოში, ტბის პირას, მაღალი ხეების ქვეშ… უხაროდათ, რომ ერთმანეთს იცნობდნენ, რომ ის მასწავლებელი იყო, გოგონა კი მისი მოსწავლე! რომ შეეძლო, მისთვის მაგალითი მიეცა, რაიმე კარგი, ღირებული ესწავლებინა! (დიდი ხანია შეამჩნია, რომ მასსა და მოსწავლეებს შორის ყოველთვის მყარდებოდა უცნაური კავშირი. სულ ერთი-ორი კვირა სჭირდებოდათ ხოლმე ერთმანეთის შესაფასებლად და ამოსაცნობად, მერე კი უსიტყვოდ ესმოდათ, უთქმელად მეგობრობდნენ და პატივს სცემდნენ ერთმანეთს).

ძილის წინ, როცა ამ დიალოგს იხსენებდა, კიდევ უფრო რწმუნდებოდა საკუთარი სიტყვების სიმართლეში – მოსწავლეები და მასწავლებლები ერთმანეთს კარგად არ იცნობენ, თორემ უამრავი რამ აერთიანებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი