შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ამანიტა კაესარია გაგიგიათ?

გურმანი მეთქმის. თუ სადმე თბილისში ფეხს შევადგამ, მენიუში ორად ორ რამეს ვათვალიერებ თავიდან, ბოლონიურ სტეიკს (ძროხის ხორცის საშუალოდ შემწვარ ნაჭერს ან ობიანი ყველის, ან კიდევ ალუბლის სოუსით) და ჯეიმსონს.

სოკო თუ მიყვარს? ვგიჟდები, ოღონდ ჭამაზე არა, პოვნაზე. ამანიტა კაესარია გაგიგიათ? რა ჯობია, დილით უთენია ტყეში ბილიკზე შემდგარს სადმე მუხის ფესვებქვეშ წითელი ოდნავ გაშლილი თავი რომ შემოგანათებს. მიხვალ, კოკორი თუ დაგხვდა, ცოდოა, გაზრდით მეტი მაინც აღარ გაიზრდება, ბებიაჩემი ასე იტყოდა, კაცის თვალი წყენსო, გამომიცდია, მართალი თქმაა. უფრო, მეტისმეტად პატარებზე მართლდება, მთლად თავმოთეთრებულ, კვერცხის ცილისფერ და ცილისავე მსგავს ტყავში გახვეულებზე, პარკი რომ არ შემოურღვევიათ ჯერ, თვალი რომ არ გამოუხელიათ, არ გამოუჭყეტიათ. აი წამოზნექილი თუა უკვე, მაშინ ერთ რამედ ღირს მისი ნახვა. თავმოსველებული, ჩამავალი მზისფერი, თეფშზე დახლილი კვერცხისგულისფერი სიმრგვალე შემოგეფეთება ახალგათენებულზე. რა ჯობია, მოჭრისას ტოტს რომ მოებღოტები გვერდით (დანით უნდა მოიჭრას სოკო უეჭველად, ასე მასწავლიდა მამაჩემი, დანით თუ მოჭრი, მომავალ წელს ისევ ამოვა ამისთანაო) და ის ტოტიც უსინდისოდ მთელი ღამის ნაგროვებ ცვარს თავზე რომ ჩამოგაბერტყავს.

კარგი ადგილია ჩემი სოფელი, ტყე, ტყე, ტყე, მიდიხარ, მიდიხარ, არ თავდება, რო მოინდომო მგელს უფრო იოლად შეხვდები, ვიდრე კაცს. სოკოც იმდენია, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ჩემი ეზოს თავზე ამოდის, ნიყვი ქვია მაგ სოკოს, ლათინურად Amanita caesaria. ენციკლოპედაში წერია იმერეთის მუხნარში ამოდისო, მართალია ეგეც. ორეული ჰყავს ამანიტა კაესარიას თავისი, ყველა სოკოს ჰყავს თავისი ორეული, მე რაც მინახავს. თხელია მისი ორეული კაფანადარა, ღეროც სუსტი აქ, რომ გადმოაბრუნებ შიგნიდან გულზეც ღარები უფრო ფართე, თავიც უფრო თხელი. ნამდვილი ხორციანია რაღაცნაირად, ღარებიც დანის პირებივით ჩალაგებული აქვს, თავიც და ღეროც სქელი, სქელი, რძიანი. არაფერი იმ შეგრძნებას არ ჯობია, ნაპოვნ ამანიტას თავზე ხელს რომ გადაუსვამ ვითომ შერჩენილი ფოთლის მოსაშორებლად, თან ჩვენკენ ორჯერ შემოდის ამანიტა წელიწადში, ერთხელ აგვისტოს შუაში იცის მოსვლა, მეორედ ჰე, ჰე, როდის როდის, ოქტომბრისკენ. მოლევაც რაღაცნაირი იცის, ერთ ღამეში გაიპარება, გაქრება და წინა დილით 10 რომ გქონოდა შეთვალიერებული, მეორე დღეს ერთს ვეღარ მიაგნებ წამლად. გულის დაწყვეტა იცის ძალიან.

სახლი მაქვს იქით, დასავლეთში, ძველი, ათი და თორმეტი შვილისთვის აშენებული, ცხენი გაჭენდება იმხელაა. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ქართულ მოდაზე მოფერადებული, მოცისფრო–მოლურჯო კედლებით და შუაში ერთ ხაზზე მიხატული ბუთქუნა ჩიტებით. ძველ საღილეებში, საყანწე განჯინებში, ბუხრის თავებზე, სურათების საგვარეულო ალბომებში ყოველთვის შეიძლება უცნაურ ჩანაწერს გადააწყდე, წერილს, საჩივარს, ქვითარს, ან ზანდუკში საგულდაგულოდ მიმალულ ჯადოს. ჰოდა, ძველი ამბავი მინდა მოგიყვეთ, პაპაჩემის პაპისდროინდელი.

საგვარეულო სურათებთან ნაპოვნი წერილი

 

,,ჩვენ, ამ სოფლის მაცხოვრებლები, ორმოცი კომლი, ტალახაძეები, კიკნაძეები, ყიფიანები, ჩხეიძეები, ფოცხვერაძე პირობას ვდებთ, რომ სოფლის ბოლოს, ფოშტის გზის პირზე ავაშენებთ სკოლას, ჩვენის ხარჯით, ორ კლასიანს.

აფრასიონ ტალახაძეს, მამია ტალახაძეს, ბიქტორ ტალახაძეს, მამია კიკნაძეს ავალიათ კედლის ფიცრების ჩამოტანა ნუნისის მთიდან, მათი ხარებით და მათი ხარჯით.

სპირიდონ ტალახაძეს, მურმან კიკნაძეს, ალმასხან კიკნაძეს, გუგული ყიფიანს, გრიგოლ ყიფიანს ავალიათ ქვის მოზიდვა კედლების ამოსაყვანად.

დომენტი ყიფიანს, ბესარიონ ყიფიანს, ლავრენტი ტალახაძეს, შიოლა ფოცხვერაძეს ავალიათ ჭერის კოჭების ჩამოტანა, რამდენიც საჭირო იქნეს.

რაჟდენ ყიფიანს, სამსონ კიკნაძეს, ვანო ჩხეიძეს ავალიათ ყოველგვარი სხვა მასალა გოუმზადონ სკოლას, ლურსმანი იქნება, ჩანგალი თუ სხვა რამე, დროით მოიტანონ ქალაქიდან. ხელი გოუმართონ ვასილ ყიფიანს კრამიტის მოჭრაში.

ვასილ ყიფიანს ავალია, უსასყიდლოდ მოუჭრას სკოლას სამყოფი კრამიტი.
აშენების მერმისს, ვიყოლიებთ მასწავლებელს ერთს, ჩვენის ხარჯით მივცემთ ბინას და ჯამაგირს, რამდენიც საჭირო იქნეს და რამდენსაც გავწვდებით”…

და ასე შემდეგ და ასე შემდეგ

მე მინახავს ეგ სკოლა, ახლაცაა ფოსტის გზა და ახლაც ისე მისდევს ჩხერიმელას გვერდით, როგორც მაშინ, საუკუნის და ცოტა მეტის ხნის წინ კიდევ. ოღონდ ბავშვები აღარ დადიან სკოლაში. ჩემს ბიჭობაში კიდევ ჰქონდა შერჩენილი ფანჯრები, ახლა მიტოვებული მოხუცივითაა, ჯერ ფეხსალაგი წაიქცა ეზოში, მერე ბოძზე ჩამობმული ზარი დაიკარგა, მერე ფიცრებს შუა ამოვიდა ბალახი, ლეღვი ამოიბარდა კედლის უკან. ბავშვები აღარ დადიან მეთქი, ბავშვი აღარაა, სამია სულ სოფელში და სამი ბავშვისთვის სკოლა მეტისმეტია. შორს უფრო, სამი კილომეტრის იქით გადაიტანეს სასწავლებელი, დაიარებიან იქ, ორი ბიჭია და ერთი გოგო, დაადგებიან დილით გზას და მიდიან დროით, ჯანი მოსდევთ და გაღმა სოფელში გასვლასაც 40 წუთს თუ მოუნდება კარგი მოსიარულე, მეტს არა.

პს. ამას წინათ, ამერიკაში ვიღაც გადარეულმა სკოლაში რომ ბავშვები ამოხოცა, ხომ გახსოვთ? ჩემებმაც თანაგრძნობაო და აქეთ მოდგნენ, იქით მიდგნენ, მოახელკეთილეს ამბავი ბოლოს, იმდენი მოახრეხეს, მადლობის წერილიც მიიღეს ამერიკის ელჩისგან. გახარებულები იყვნენ. მე კიდე ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ არსებობს ასეთი სოკო, agaricus, მოევროპულე ხალხისთვის შამპინიონი რომ ქვია და ჩვენში შინაურულად ქამას რომ ეძახიან. მშვენიერი სოკოა ეგეც, ერთი ნაკლი აქვს, სათბურში მოდის კარგად. ჰოდა, ახალწლებზე გავიგე, უყიდია ვიღაცას ის ჩემი მინგრეული ნასკოლარი და შამპინიონის სათბური გაუმართავს შიგნით.


დიდი ხნის უნახავ და ოდესღაც ნაჩუმათევად ნაყვარებ გოგოს ქუჩაში შემთხვევით რომ შეეფეთები, ის რომ ფეხმძიმედაა და გაბრწყინებული რომ გეკითხება, როგორ ხარო, შენ კიდე მარცხნივ ისე გექაჩება რაღაც, ლამისაა წაიქცე, ზუსტად ეგეთი რამე დამემართა იმ დღეს. ბავშვებს ვეღარ ვუთხარი ვერაფერი, ან რა უნდა მეთქვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი