ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ინტერვიუ მოსწავლეებთან – როგორია თქვენთვის კარგი სკოლა

დავიწყებ ჩემი მოსწავლეობის დროინდელი ისტორიით:

მეთერთმეტე კლასში ვიყავი, როცა ბიოლოგიის ოლიმპიადის მესამე ტურში გავედი და 10 მაქსიმალური ქულიდან მხოლოდ სამი ავიღე. ძალიან შემრცხვა ჩემი ბიოლოგიის მასწავლებლის, რომელიც ორი წელი მიღებდა საკუთარი სახლის კარს და მისი ოჯახის ყველა წევრი ყოველთვის სიხარულით, სითბოთი სავსე თვალებით მხვდებოდა. ალბათ მიხვდებით რამდენად მერიდებოდა მასწავლებელთან მისვლა. ორი გაკვეთილი გავაცდინე, მესამე გაკვეთილზე ძალით მივათრევდი თავს. ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა ამეწია თავი. ალბათ ეს სახეზეც მეტყობოდა. მივედი და მასწავლებელთან ერთად დამხვდა მისი მეუღლე, რომელიც იმ წუთას ჩემი „გადამრჩენი“ აღმოჩნდა. ასეთი წინადადება მითხრა: „რას ნერვიულობ, არ არსებობს ცუდი მოსწავლე. არსებობს ცუდი მასწავლებელი (თუმცა ჩემი ყველა მასწავლებელი საუკეთესო იყო). ალბათ კარგად ვერ გასწავლა და შენც ვერ დაწერე“. ამ დროს უბედნიერესი ვიყავი. გავთავისუფლდი სინდისის ქენჯნისგან. დავიჯერე, რომ მასწავლებლის ბრალი იყო ყველაფერი.

უკვე თექვსმეტი წელია მასწავლებელი ვარ და ეს სიტყვები დღეში იმდენჯერ მახსენდება, რამდენჯერაც ჩემს მოსწავლეს რაღაც კარგად არ გამოუვა. ამ დროს ყურში ჩამესმის: „არ არსებობს ცუდი მოსწავლე“. ფაქტობრივად ეს უდიდესი გამოწვევაა და მოსწავლისთვის შენიშვნისა და საყვედურის თქმის ნაცვლად იმაზე ვიწყებ ფიქრს, რა ვერ გავაკეთე სწორად, რა შევცვალო. ეს მეხმარება პროფესიულ და პიროვნულ ზრდაში.

ახალგაზრდების მოსმენა რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს უდავოა. ძალიან ხშირად ვთხოვ მათ ჩემი შრომის შეფასებას, ზოგი თავისუფლად გამოხატავს აზრს, რამდენიმე თავს იკავებს ხოლმე. ამ სტატიის მომზადებისას მოსწავლეებს რამდენიმე შეკითხვა დავუსვი და მინდა მათი ნააზრევი თქვენამდე მოვიტანო (ანონიმურად დარჩენა არჩიეს).

  1. როგორი წარმოგედგინა სკოლა აქ მოსვლამდე?

– ჩემს თანატოლებთან ურთიერთობის აწყობა გამიჭირდებოდა, რადგან სერიოზული დამოკიდებულება მქონდა მათგან განსხვავებით (სათამაშო სივრცედ არ წარმომედგინა);

– სკოლის შესახებ გარკვეული წარმოდგენები ბაღში უკვე შემიქმნეს, ამიტომ წინასწარ რამე განსაკუთრებულს არ წარმოვიდგენდი;

– ეს 11 წლის წინ იყო და არც კი მახსოვს.

  1. გამართლდა მოლოდინი?

– მოლოდინები გამართლდა, მაგრამ განსხვავებულობა შევინარჩუნე;

–  უფრო რთული მეგონა, ვიდრე იყო, პირველი რამდენიმე კლასი მაინც. უფრო მხიარული იყო, თუმცა ჩემს შემთხვევაში პირველი დღეებიც განსხვავებული იყო და მრავალი უსიამოვნებით სავსე. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ნაწილობრივ გამართლდა.

  1. სკოლის როგორი მოდელია შენთვის იდეალური?

– მასწავლებლისა და მოსწავლის თანამშრომლობა. სკოლა, სადაც მასწავლებელი მყვირალა პერსონა არ იქნება;

– ჩემი აზრით, ის საკითხები, რომელთა ცოდნაც ყველასთვის აუცილებელია, გარკვეული დოზით სკოლაში უნდა ისწავლებოდეს. საშუალო საფეხურზე კი უნდა ისწავლებოდეს არჩევითი საგნები. დიდი ყურადღება უნდა ექცეოდეს დისციპლინას. სასწავლო გარემო ყველა მოსწავლისთვის ერთნაირად სახალისო უნდა იყოს;

– ჩემი აზრით, მოსწავლისთვის ამ კითხვის დასმა ცოტა აბსურდულია, რადგან ყველას პასუხი საკუთარ „მეზეა“ მორგებული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თითოეულს არ უნდა ჰქონდეს საშუალება თავისი პოტენციალის რეალიზება მოახდინოს. აუცილებელია, რომ ძირითადი საგნების გარდა, იყოს დამატებითი წრეები და კლუბები, რომლებზეც ბევრ მოსწავლეს მიუწვდება ხელი. არაფორმალური განათლების მხრივ ბევრი რამ არის დასანერგი. სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც თითოეული ადამიანი საკუთარი ინტერესების მიხედვით განვითარებას შეძლებს.

  1. როგორია შენს წარმოდგენაში კარგი მასწავლებელი?

– მასწავლებელი, რომელიც ვითარდება და ერთ დროს უკვე მიღებული, ფიქსირებული ცოდნით არ შემოიფარგლება;

– კარგი მასწავლებელი ჩემთვის პირველ რიგში განათლებულ ადამიანთან ასოცირდება. როგორც პიროვნება, ის უნდა იყოს გამგები და ტოლერანტი. ამავდროულად შეეძლოს ყველა მოსწავლეს თავისებურად მიუდგეს, კარგი ურთიერთობა დაამყაროს მათთან;

– კარგი მასწავლებელი აუცილებლად უნდა იყოს საქმის პროფესიონალი. საგნის კარგად ცოდნის გარდა, აუცილებელია, იცოდეს ბავშვის ფსიქოლოგია და მასთან სწორი ურთიერთობის დამყარება შეძლოს. ითვალისწინებდეს ბავშვების აზრს და მათთან ერთად იღებდეს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ღია უნდა იყოს ახალი შემოთავაზებებისთვის და მუდმივად ცდილობდეს განვითარდეს. არ მიაჩნდეს, რომ ყველაფერი იცის და უშეცდომოა, რადგან არავინაა უშეცდომო. რაც მთავარია, უნდა შეეძლოს უსაფრთხო გარემოს შექმნა თითოეული მოსწავლისთვის, რათა მათ საკუთარი აზრის გამოხატვა შეძლონ.

  1. რას ურჩევდი შენს მასწავლებლებს?

– არ განასხვავონ ბავშვები აკადემიური მოსწრების მიხედვით, არ იყვნენ ტოქსიკური მოსწავლეებთან ურთიერთობაში;

– ვურჩევდი, რომ ხშირად შესულიყვნენ მოსწავლის მდგომარეობაში. სკოლა, ჩემი აზრით, არაა ადგილი, სადაც მხოლოდ მატერიალური განათლება უნდა მიიღონ, ბავშვის აღზრდა ჯერ ოჯახში და შემდეგ სკოლაში ხდება;

– როგორც ყველა მოსწავლე, ისე მასწავლებლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან. ზოგი მზად არის მოუსმინონ ბავშვს, ზოგი – არა. ზოგი მასწავლებელი შედის მოსწავლის მდგომარეობაში, ზოგიც – არა. ვიცი, რთულია ყველა მოსწავლე ერთნაირად დააინტერესო, თუმცა ცდად მაინც ღირს. ჩემი ბევრი მასწავლებელი ცდილობს, რუტინული გაკვეთილები უფრო საინტერესო გახადოს და მიუხედავად იმისა, რომ კომფორტის ზონიდან გამოვყავარ, ამ იდეებს მაინც მივესალმები. ჩემი რჩევა იქნება ეცადონ, მოსწავლეები ერთმანეთს არ შეადარონ. რთულია, მაგრამ ინდივიდუალური უკუკავშირი აუცილებელია, რათა მოსწავლემ საკუთარ ძლიერსა და სუსტ მხარეებზე გაამახვილოს ყურადღება და არა ზოგადზე.

  1. სწავლების რომელ მოდელს ანიჭებ უპირატესობას – დისტანციურს თუ პირისპირ სწავლებას? რატომ?

– ადრეულ ასაკის მოსწავლისთვის უპირატესობას ვანიჭებ საკლასო სივრცეში სწავლებას, რადგან ვფიქრობ, ამ ასაკში მოსწავლემ სწავლის, წესრიგის ჩვევა უნდა გამოიმუშაოს, ხოლო მაღალი კლასის მოსწავლისთვის პრიორიტეტულია ონლაინსწავლება;

– პირადად მე, დისტანციური სწავლება მომწონს, რადგან უფრო მეტი თავისუფალი დრო მაქვს და ვფიქრობ, სწავლის ხარისხიც უფრო მაღალია;

– პირისპირ სწავლებას ვამჯობინებდი, რადგან გარემო უფრო ოფიციალურია და კონცენტრირებაში მეხმარება. ამას გარდა, ცოცხალი ურთიერთობები უფრო მიზიდავს. თუმცა ამჯერად დისტანციურ სწავლებაზე ვარ. სუბიექტური მიზეზების გამო ეს მოდელი ავირჩიე. ისეთ მოსწავლეებთან ვარ, სადაც კონკურენტული გარემოა და სხვადასხვა უნარის განვითარებისთვის კლასგარეშე აქტივობებს მეტ დროს ვუთმობ. თუ მოსწავლეს აქვს რესურსი და მონდომება, ჩემი აზრით, ორივე მოდელის ფარგლებში შეძლებს სწავლას.

  1. როგორ გეხმარება თანამედროვე ქართული სკოლა მოქალაქედ ჩამოყალიბებაში?

– ვფიქრობ, ნაწილობრივ მეხმარება, რადგან დროის უმეტესი ნაწილი შემაჯამებლებში გადის. შეიძლება ითქვას, რომ თეორიული ცოდნის შემოწმება კარგია, მაგრამ ძალიან დაბალ დონეზეა პრაქტიკული სამუშაოების კეთება;

– მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი რამ დასახვეწია, ჩვენს მოქალაქედ ჩამოყალიბებაში ქართული სკოლები გადამწყვეტ როლს თამაშობს;

– ჩემი აზრით, არ ეხმარება. დიახ, შესაძლოა ცოდნას ზოგადად აწვდიდეს კონკრეტული საკითხების შესახებ, რომელთა ცოდნაც ხშირად საერთოდაც არ არის აუცილებელი, მაგრამ აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბებას ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება სჭირდება. აქ არ ვგულისხმობ ჯგუფურ სამუშაოებს, რომლებშიც მხოლოდ ორი მოსწავლე აკეთებს დავალებას; ან კონკურსებს, სადაც ბავშვებს მათი სურვილის მიუხედავად წერენ. არამედ აქტივობები, რომლებიც სწორედ მოსწავლეების სურვილის საფუძველზე იქმნება და მათში მონაწილეობის მიღების სურვილი და მოტივაციაც უფრო მაღალია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

კათედრის შეხვედრები

მოგონებების მცველი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი