ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სახეში გალაწუნების საქმე

ისეთი დღეა, მჟავე სუნი რომ ასდის ერთნახადი არყის. სახდელი ორე. ღელე. წითელი ტალახი. წვიმა, თავის თავსაც რომ ძლივს ამჩნევს. ასეთი დღეები მე სოფელში მახსოვს. ამ სოფელს სურები ჰქვია. ოდესღაც ბაბუაჩემი და ბებიაჩემი ასწავლიდნენ.

ბაღის ასაკისა ვიყავი. პირველად იქ ვნახე, რომ მასწავლებელს შეეძლო, მოსწავლისთვის სახაზავი დაერტყა, საფეთქელთან თმა მოეწიწკნა ან ყური აეწია. შევედი ჩემს სკოლაში და იქაც – ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. რასაკვირველია, ყველა მასწავლებელი ასე არ იქცეოდა, მაგრამ ყველა მოსწავლე კი იღებდა, როგორც ბუნებრივ მოცემულობას.
ამ პატარა სტატიას იმისთვის კი არ ვწერ, რომ ვინმე გავკიცხო და სამაგალითოდ ვაქციო, ანდა მეთოდიკურ–პედაგოგიკური რჩევები მოგცეთ – ეს სხვებს უფრო ხელეწიფებათ; უბრალოდ, მინდა გავიხსენო და თქვენც გაგახსენოთ მარტივი რამ: ძალადობა შობს ძალადობას. იყო სისტემა, რომელიც თავისებურად ანაწილებდა როლებს და მისი მონაწილეებიც, ნებით თუ უნებლიეთ, ამ ადათს მისდევდნენ: მასწავლებელი – აგრესიისას, მოსწავლეები – თმენისას.
ახლა ამბობენ, საქმე ამ მხრივ უკეთააო – ვერ ვიჯიუტებ, მეგობრებს ვენდობი. მე ძველ ამბებს გიყვებით.
სახეში გაურტყამთ და გამირტყამს კიდეც – მოზარდობა და ცხოვრება, სამწუხაროდ, ამასაც გულისხმობს. გარდა ამისა, სულ სამი–ოთხი ხელი თუ მომხვედრია. ერთი მათგანი დღეს ცოცხალი აღარ არის, მე კი სულ ცოცხლად მიდგას თვალწინ, ფიზკულტურის გაკვეთილზე ჩამოგვამწკრივებდა და ვინც თვალში არ მოუვიდოდოდა, გაულაწუნებდა. მე ცრემლი მომაწვა და მთელი ღამე ვაწამებდი იმ კაცს, სადღაც ხეზე მიბმულს. სიზმარში, ცხადია. მერე, წლების მერე, მატარებლის სადგურზე შემხვდა, მოტეხილი და დაჩაჩანაკებული; არყის ფული ისე მთხოვა, თითქოს იმ გაკვეთილებისთვის ბოდიშს მიხდიდა… მივხვდი, ამ კაცს შეეძლო, სულ სხვანაირი მასწავლებელი ყოფილიყო, უფრო მეტად მომთმენი მაინც. იქნებ გამხდარიყო კიდეც ასეთი, თავის დროზე ვინმე ზემდგომს სათანადო ინსტრუქცია რომ მიეცა ან რომელიმე მოსწავლეს ცხადი და არგუმენტირებული პროტესტი გამოეხატა. იმას კი არ ვამბობ, რომ წესები ადამიანებს ცვლის, მაგრამ ისიც ცხადია, რომ დინებისკენ უბიძგებს, – თუ არ გინდა, ნაპირზე გახვალ. ამ კაცისთვის ვინმეს რომ ესწავლებინა ეს, სად იქნებოდა დღეს, ვერ გეტყვით, მაგრამ, დანამდვილებით ვიცი, ასე უცნაურად არ დაასრულებდა სიცოცხლეს.
მთავარი ალბათ სხვა რამეა – როლები. მასწავლებელი უსათუოდ მსახიობიცაა. მას საკუთარი სცენა აქვს, იქ ათასგვარი იმპროვიზაცია შეუძლია, ხანდახან – ჩამოსვლა და მაყურებლებში გარევაც კი, მაგრამ როლიდან არ უნდა ამოვარდეს. ამას შესაძლოა მეორე უკიდურესობაც კი სჯობდეს – აი, ის ლეგენდა, საპირფარეშოში რომ არ დადიან და სხვანი. როლის შექმნას კი სცენარისტი სჭირდება და რეჟისორი. სხვათა შორის, ჩვენც ჩვენი ამ სტატიებით იმავეს ვცდილობთ – ცოტა რომ სიტყვა დავღვლარჭნოთ, წარეჟისორებას თუ წასცენარისტებას.
თან ისეთი დღეა, არყის გამოხდას რომ მოგაგონებს. ასეთ დღეებში ორესთან, ღელის პირიდან, რჩევების მიცემა უყვარს კაცს…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი