პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მალევიჩის კვადრატული ღმერთი

მე იმ თაობას ვეკუთვნი, ვისთვისაც სკოლაში ხელოვნება არასდროს უსწავლებიათ. მე უფრო რელიგიური ფანატიზმის მსხვერპლი ვარ, რომლისთვისაც არაესთეტიკური ხელოვნება მწვალებლობაა და მხოლოდ ჩახუჭუჭებულ ჩუქურთმებს, ბიბლიურ სცენებსა თუ წმინდანთა ფრესკებს აღიარებს. იმ დროს გულშიც არ გამივლია სლოგანი “ნაკლები რელიგია, მეტი ხელოვნება” და ყელზე საბელმობმულ ბოჩოლასავით მორჩილად ვიზეპირებდი იმას, რასაც დროთა განმავლობაში ისედაც გავიგებდი მართლმადიდებლურ ეკლესიაში რომელიმე მოძღვრის დახმარებით (უარეს შემთხვევაში – არაარგუმენტირებული ქადაგებით). თანაც არავინ იწუხებდა თავს, ჩვენთვის მსოფლიო რელიგიები ესწავლებინა: რელიგია იყო ერთადერთი და ის გახლდათ ჩვენი კულტურაც და თვითგამოხატვის საშუალებაც (“რელიგია და კულტურა”). იმხანად, სრულიად ნორჩს, ძალიან მეშინოდა ადამიანების, რომლებიც ასეთ ფრაზებს წარმოთქვამდნენ და სულაც არ რცხვენოდათ ამის. მე ისინი მიმაჩნდა ურწმუნოებად და ურჯულოებად, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მათგანი ჩემზე უფრო მორწმუნეც გახლდათ. სასოწარკვეთილი ვცდილობდი, დამერწმუნებინა ეს უღვთოები, ფართოდ გაეხილათ თვალები და ფართოდვე გაეღოთ გულის კარი ღმერთისათვის. ერთი რამ დღემდე არ შეცვლილა – მე მათი გულები ისევ მგონია ტაჯ მაჰალი, თუმცა ახლა თავად მავზოლეუმმა დაკარგა მნიშვნელობა. იმხანად ასეთი რამ რომ გამეგონა, ყურებში თითებდაცობილი უმისამართოდ გავიქცეოდი, როგორც ნოე გაურბის წარღვნას; მე, თანამედროვე ნოეს, ეს სიტყვები უფრო შემაძრწუნებდა, ვიდრე რომელიმე მომავალი ბიბლიური ინცესტი:

“ნამდვილად წმინდა ფერწერის ნაწარმოებს დავინახავთ მაშინ, როცა სურათებში გაქრება ბუნების კუთხეების, მადონების და ურცხვი ვენერების დანახვის ჩვევა. მე გარდავიქმენი ფორმათა ნულში და საკუთარი თავი ამოვიყვანე აკადემიური ხელოვნების ნაგვიდან. მე მოვსპე ჰორიზონტის წრე და გამოვედი საგანთა წრიდან, რომელშიც დამწყვდეულია მხატვარი და ნატურის ფორმები. ეს წყეული წრე აღმოაჩენს სულ ახალს და ახალს და მას მხატვარი მიზნიდან დაღუპვისკენ მიჰყავს. ტყუილს ჰყვება მხოლოდ მხატვრის ლაჩრული ცნობიერება და შემოქმედებითი ძალების ნაკლებობა და ისინი ადგენენ თავის ხელოვნებას ნატურის ფორმებზე. მათ ეშინიათ დაკარგვა საფუძვლისა, რომელზეც დაამყარეს თავისი ხელოვნება ველურმა და აკადემიამ. მხატვარი შემოქმედია მხოლოდ მაშინ, როდესაც მის სურათებს არაფერი აქვს საერთო ნატურასთან.

 

“რთული წინათგრძნობა”

 

ხელოვნება არის წონის, მოძრაობის სიჩქარის და მიმართულებიდან გამომდინარე კონსტრუქციის და არა ფორმისა და ფერის თანაფარდობიდან და სილამაზის ესთეტიკური გემოვნებიდან გამომდინარე კომპოზიციის შექმნა. ფორმებს უნდა მივცეთ სიცოცხლე და ინდივიდუალურად არსებობის უფლება. მხოლოდ აბსოლუტურ შემოქმედებაში მოიპოვებს მხატვარი თავის უფლებას. ეს კი შესაძლებელი იქნება მაშინ, როდესაც ჩვენს ხელოვნებებს მოვაშორებთ მეშჩანურ აზრს – სიუჟეტს და ბუნებაში დავინახავთ არა რეალურ საგნებს და ფორმებს, არამედ მასალას, მასებს, რომლებისგანაც უნდა გავაკეთოთ ნატურისგან სრულებით განსხვავებული ფორმები.
ფერწერაში მნიშვნელოვანია ფერი და ფაქტურა – ფერწერის ამ არსს ყოველთვის კლავდა სიუჟეტი. აღორძინების ხანის ოსტატებს რომ მოენახათ ფერწერული სიბრტყე, ის ბევრად უფრო მაღალი და ღირებული იქნებოდა, ვიდრე ნებისმიერი მადონა და ჯოკონდა. და ყოველი გამოკვეთილი ხუთკუთხედი ან ექვსკუთხედი ქანდაკების უფრო დიდი ნაწარმოები იქნებოდა, ვიდრე ვენერა მილოსელი და დავითი. ველური ბაძავდა ბუნებას და ჩვენ, ცივილიზებულებმა, ბუნებას წიხლი უნდა ვკრათ”.

მალევიჩის პირველ მანიფესტში მართლაც არაფერია ღვთიური. მისი შავი კვადრატი კი, ეს საიდუმლოებით მოცული შავი ხვრელი, დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული და იდუმალი ნახატია. მისი იდუმალება კი ამ კითხვით გამოიხატება: შავი კვადრატი მართლაც ხელოვნების ნიმუშია თუ უბრალო ავანტიურა?


“შავი კვადრატი”

სანამ უკრაინელი კაზიმირი ფუტურისტული ოპერისთვის ამ შავ დეკორაციას შექმნიდა და მთელ მსოფლიოს აალაპარაკებდა, მას ჰქონდა მშობლების მიერ შექმნილი, ბოშური ბავშვობა: მათი უკრაინული “კარავი” ცას არა, მაგრამ სულ სხვადასხვა სოფელს მიემგზავრებოდა. ამ “კარვის მამამთავარი”, კაზიმირის მამა, შაქრის ჭარხლის ქარხნის დირექტორი იყო და ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი შვილი ოდესმე არა შაქარივით ტკბილ ნამუშევრებს შექმნიდა.
მოსკოვში გადასული კაზიმირი ივიწყებს კიევურ სამხატვრო განათლებას და მოსკოვურ ცხოვრებაში ძალიან არაორდინარულად ერთვება: კვლავაც ბევრს სწავლობს და პარალელურად სრულიად ახალ მიმდინარეობასა თუ მოძრაობას, სუპრემატიზმს, უყრის საფუძველს. ეს არის გეომეტრიული, მჭლე, ერთგანზომილებიანი ფიგურების მოძრაობა. ეს არის გულგრილობა გაძევებული ბუნებისადმი, ბუნების ერთ-ერთი მთავარი თვისება კი სისავსეა. ეს არის ხორცის როგორც ფორმის უარყოფა და მისდამი თითქმის ვეგეტარიანული სიძულვილი. ეს არის იდეის მხატვრობა და სიუჟეტის საპყრობილისგან ფერების გამოხსნა. ეს არის ხელოვნება, რომელმაც, შესაძლოა, დაკარგოს ესთეტიზმი და მასთან ერთად ღმერთიც მაგრამ იქცეს სრულიად ახალ ხელოვნებად. ერთი სიტყვით, კაზიმირი თითქმის ახალ მესიად გვევლინება, რომლის მისიაც ძველი ხელოვნების, როგორც არასაჭირო მავზოლეუმის, დაფერფვლა და ახალი სივრცის აღმოჩენაა.
რაც ყველაზე საინტერესოა, თუ ხშირად შავი ფერი კლავს სივრცეს, მალევიჩის ცნობილმა კვადრატმა, წრემ და ჯვარმა შესაძლოა სული შეგიხუთოთ, მაგრამ არა სივრცის ნაკლებობის გამო. რაც უფრო მეტხანს აკვირდები თითოეულს, მით უფრო შორს მიდიხარ, თუმცა იქიდან დაბრუნებული უფრო სევდიანი ხარ, ვიდრე იყავი. რა თქმა უნდა, იგივე შეგრძნება დაგეუფლება, როცა დიდხანს უყურებ შავ კედელს, მაგრამ ეს კედელი მალევიჩმა ჩარჩოში მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩასვა და გვითხრა, რომ კვადრატის იდეალური ზომების იქით ვერ გაიქცევი, რომ ეს არის შენი მინისამყარო, რომ, თუნდაც საკუთარ თავსაც გადაახტე და პლანეტარულ სივრცეში ჩაყვინთო, შენი ტვინი ერთ ჩვეულებრივ, შავ ხვრელად დარჩება, რომელშიც რაც არ უნდა ღრმად ჩაყო ხელი, რაც არ უნდა ბევრი “ახალი იდეა” ამოყარო ზედაპირზე, ერთი რიგითი მკერავი ხარ, რომელიც ძირითადად კაბების გადაკეთებაზე მუშაობს; რომ თუ გინდა გაუთანაბრდე ღვთიურს, სწორედ ეს “ნაპერწკალი” უნდა გაანადგურო შენში, რადგან ამ “ნაპერწკლის გამღვივებელი” (ღმერთი) თუ თავის დროზე გიმალავს ცოდნას, მაშინ ის ჩვეულებრივი მატყუარაა. მალევიჩის “ღმერთის სახე და ხატი კი შავი კვადრატია”.
ეს კაზიმირის ახალი, ექსპერიმენტული მომავალია, რომელიც მზის დამარცხებით, არსებულის განადგურებით მიიღწევა. მოგვიანებით უკვე ჩარჩოში ჩასმული ეს ახალი რეალობა სტალინისტური რეჟიმის დროს ხელოვნების მოყვარულთათვის აკრძალულ ხილად იქცევა, თავად მალევიჩი კი, ადამიანი, რომელიც ოცდამეერთე საუკუნის საზოგადოებასაც კი საგონებელში ჩააგდებს, – საზოგადოებას, რომელიც მიჩვეული იქნება ეპატაჟებს და ფეკალიების ღმერთად გამოცხადებას, – 1935 წელს სიღარიბეში გარდაიცვლება სანკტ-პეტერბურგში.

მისი შემოქმედება არ არის მხოლოდ სხვადასხვა ფერის კვადრატები, წრეები თუ ჯვრები (ეს სამი ფორმა, დადებული ერთმანეთზე, საბოლოოდ ქმნის კვადრატში ჩასმულ წრეს, როგორც სუპრემატიზმის საფუძველს და როგორც სამყაროს არსებობის სქემატურ პირველსაწყისს სხვადასხვა უძველეს კულტურაში). მე რომ მკითხოთ, კაზიმირის უსახო ადამიანები, რომელთა მკვეთრი და ხასხასა ფერებიც ხელოვნებათმცოდნეებს ხშირად სჭრით თვალს, უფრო მეტია, ვიდრე ვან ეიკის მინიმალურ სარკეში მიკროსკოპით დანახული უფაქიზესი და უმცირესი ფიგურები.

“პეიზაჟი ყვითელი სახლით”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი