პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მხატვრული ლიტერატურა და ტკივილის გაზიარება

მხატვრული ტექსტის ფილოსოფიური, ესთეტიკური, დიდაქტიკური ბუნებიდან გამომდინარე, ლიტერატურის დახასიათებისას ბევრ ასპექტს ექცევა ყურადღება. ლიტერატურა არის ხიდი წარსულსა დ მომავალს შორის, ლიტერატურა არის გემი, რომელიც ცოდნის ზღვაში ცურავს.

ამასთან, ლიტერატურა არის ტკივილების გაზიარება.

ფრანც კაფკა ამბობდა: „ჩვენ გვჭირდება წიგნები, რომლებიც ჩვენზე მოქმედებენ, როგორც უბედურება, რაც ძალიან გვტკივა, ისევე, როგორც ჩვენთვის საყვარელი ადამიანის გარდაცვალება, როგორც თითქოს ტყეში დავრჩით ყველასგან შორს.  წიგნი უნდა იყოს ჩვენთვის ნაჯახი გაყინულ ზღვაში“. (ფრანც კაფკა, „წერილები ოსკარ პალაკს“).

ლიტერატურა არის ცხოვრება: ტკბილ-მწარე. ტკივილით გადმოცემული საქმე და ამბავი, ადამიანის ხასიათის რომელიმე მუქი და ბნელი მხარის ჩვენებით, საზოგადოების, ხალხის, სოციუმის ყველაზე ბრმა და  მიჩუმებული უარყოფითი ასპექტების გამოხატვით, რომელმაც მკითხველი უნდა შეძრას. აქ აუცილებლად გაგვახსენდება ილია ჭავჭავაძის „პოეტი“ – „არა მარტო ტკბილ ხმათათვის გამომგზავნა ქვეყნად ცამა“.

ლიტერატურა ზოგჯერ არის მხატვრული შურისძიება: ყველაზე მძიმე და მტკივნეული შურისძიება. მტკივნეული ილუსტრაცია, ან ნიმუში და მაგალითი, როცა სულიერად შიშვლდება ადამიანის, საზოგადოების, ნაკლი და ზადი, რომ კიდევ უფრო თვალსაჩინო და ხელშესახები იყოს.

ლიტერატურა არის შეურიგებლობა, შეუგუებლობა და პროტესტი.

სწორედ შეურიგებლობა, პროტესტი და შურისძიება იკითხება მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებში“. კითხულობ ტექსტს, მიჰყვები ავტორს და გრჩება მხეცად ქცეული ადამიანის, დიქტატორის, საზარელი სახე. თუ სიმბოლურად გავიაზრებთ, თეიმურაზის დეგრადაცია, ჯაყოს აღმასვლა და მარგოს ღალატი – ეს ყველაფერი იმდენად საზარელია, რომ ტკივილით სავსე განცდა არ ტოვებს მკითხველს.

ლიტერატურა არის ტკივილის რეპრეზენტაცია, რაც მხატვრული ნაწარმოების დიდაქტიკური თვისებიდან მომდინარეობს. მკითხველმა, აქამდე მშვიდად მთვლემარემ, მოდუნებულმა, მინებებულმა ყოველდღიურ ორომტრიალს, საკუთარ ბუნაგში შეყუჟულმა, უნდა იგრძნოს ტკივილი, დაინახოს და განიცადოს ის, რასაც საკუთარი თვალით ვერ ამჩნევდა, ვერ ხედავდა და რასაც ვერ განიცდიდა. სწორედ ასეთი ტექსტია ილია ჭავჭავაძის შესანიშნავ მოთხრობა, „სარჩობელაზედ“. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ტექსტი არ არის საპროგრამო ნაწარმოები და მოსწავლეებმა ნაკლებად იციან. მეორე მხრივ, ისიც მართალია, რომ ილიას მრავალი ტექსტია შეტანილი პროგრამაში და რთულია ყველა მნიშვნელოვანი ნაწარმოების სკოლაში სწავლება. მე მაინც ვფიქრობ, რომ ის ფილოსოფიური ნიადაგი, ეგზისტენციის პრობლემა, რაც ამ თხზულებაშია, აუცილებლად იმსახურებს მეტ ყურადღებას. ინდივიდის რთული, ბედისწერით განპირობებული ცხოვრება ტრაგიკულად მთავრდება. ადამიანების სისასტიკე და გულგრილობა ერთმანეთს ეჯაჭვება, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა  არ არსებობს.  პეტრეს ცხოვრებისეულ რუტინაში გაუვლია წუთისოფელი. ბევრი რამ უნახავს და განუცდია, თუმცა ვერ და არ გრძნობს ტრაგედიას, რომელიც მის თვალწინ ხდება. რეალობა თეატრალური წარმოდგენა ჰგონია, „თამაშა“. შემდეგ კი, როდესაც ყველაფერი გაირკვევა, კითხულობს, „მე რა შუაში ვარო“. სიუჟეტის მძაფრი და მოულოდნელი განვითარება, ტრაგიზმი და პერსონაჟების გამოუცნობი ქმედებები დიდ ზეგავლენას ახდენს მკითხველზე. ეს არის ლიტერატურის დიდაქტიკა, რომელმაც მკითხველში შეხედულებათა და ღირებულებათა გადაფასება უნდა გამოიწვიოს.

თანამედროვე პერუელ მწერალს, მარიოს ვარგას ლიოსას 2010 წელს მიანიჭეს ნობელის პრემია „სიძლიერის სტრუქტურის მისეული შედგენისა და ინდივიდუალური წინააღმდეგობის, ამბოხისა და გამარჯვების მკვეთრი სურათებისთვის“.   ლიტერატურის ბუნება, მკვეთრად და დრამატულად ასახოს, ლიოსას „ვაცის ნადიმში“ კიდევ უფრო ძლიერად ვლინდება. დრამატიზმი და ტრაგიზმი ერთიანდება და სიმკვეთრე შეუძლებელ, აუტანელ ტკივილს ასახავს, სასტიკ ბოროტებას, როგორც შურისძიებას კაცობრიობაზე, რომელმაც ეს ბოროტება თავის წიაღში შექმნა.

ლიოსას შემოქმედება, როგორც დაუვიწყარი განცდების სამყარო, მეტაფორულად აქვს შეფასებული გურამ დოჩანაშვილს მოთხრობაში „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“.

“– თქვენ ბეტანკურიანი რომანი არ წაგიკითხავთ, არა, ხომ?
– ა-არა, ხომ… – ამბობს ხელმძღვანელი, მშვიდდება, – არა, ტყუილი რა საჭიროა… ნაწარმოებია ასეთი?
– ჰე! არის და… და არც ლიოსა? მარიო ვარგასი…
– ეეე… არა,
– და კორტასარი?
– მმუ… არა.
და უცებ კაცი ღონივრად ართმევს ხელს:
– მომილოცავს, მომილოცავს, ბედნიერი კაცი ყოფილხართ, ბედნიერი…
– რატომ?! – უკვირს ხელმძღვანელს.
– რატომ და ისეთი დიდი სიამოვნება გელით…
– რა სიამოვნებაა?
კაცი კი ამბობს:
– პირველად წაკითხვის”.

მარიოს ვარგას ლიოსას „ვაცის ნადიმი“ არის დიდი წიგნი, დიდი როგორც მოცულობით, ისე ამბებით, ეპოქალური სათქმელით. ეს არის წიგნი დიდ ტკივილებზე, პირად და გლობალურ ტკივილებსა და შიშებზე. ეს არის წიგნი, სადაც დიქტატურა მთელი თავისი სისასტიკით, წვრილმანებით, ათასი დეტალით, სხვადასხვა ადამიანის პოზიციიდან, სათქმელიდან იყურება. ეს არის დიქტატურის მხატვრული ასახვა, შიშისა და სისასტიკის მრავალფეროვანი და ფერადი სახეებით, თუკი სისასტიკე შეიძლება იყოს ფერადი. ეს არის წიგნი დიდ უბედურებაზე, რომელიც კაცობრიობას ატყდება თავს სხვადასხვა მხრიდან და სხვადასხვა ადგილზე, მაგრამ საერთო სახელი აქვს – დიქტატურა – და საერთო ფორმები.
ლიოსას “ვაცის ნადიმი” არის ლიტერატურული შურისძიება დიქტატურაზე.

რომანის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი და მთხრობელი ქალია, ურანია კაბრალი, დომენიკის რესპუბლიკის დიქტატორის, რაფაელ ტრუხილიოს დიქტატორული რეჟიმის მსხვერპლი. დიქტატორული სისტემა გოგონას, ბავშვის ცხოვრებაში საზარლად იჭრება. გოგონა იძულებულია, დევნას ემიგრაციაში გაექცეს. რომანის პერსონაჟები არიან რეჟიმის მოწინააღმდეგეები, რომლებიც მასთან ბრძოლაში მარცხდებიან, რადგან რეჟიმი ტირანის სიკვდილის შემდეგაც გრძელდება.  ამავდროულად, რომანის პერსონაჟები არიან ის დომენიკელები, რომლებიც შეგუებულნი არიან სისასტიკეს, რომლის ნორმირება დიქტატორულ გარემოში დუმილთან ერთად იწვევს სრულ დანებებას. გენერალსიმუს ტრუხილიოს, დიქტატორსა და ბელადს, ლექსებს, ტექსტებს, პანეგირიკებს უძღვნიან, მის ხასიათს, შეუპოვრობას, დიდებულებას  აქებენ და განადიდებენ, ღმერთს ადარებენ და უზენაესთან აიგივებენ. შეგუება, დათმობა, კიდევ უფრო ამძაფრებს ტრაგიზმს.  შეიძლება ითქვას, რომ „ვაცის ნადიმი“ არის დიქტატურის ილუსტრაცია და მხილება, ლიტერატურული შურისძიება დიქტატურაზე.

მხატვრული ლიტერატურა, როგორც ტკივილის რეპრეზენტაცია, შესაძლებელია განვიხილოთ დიდაქტიკური პერსპექტივიდან. მწერალი საგანგებო ყურადღებას აქცევს მტკივნეულ თემას, პრობლემას, ტრაგიკულ ამბავს. მკითხველი თანაგანმცდელი და, ამავდროულად, დამკვირვებელია, შემმეცნებელია, რომელიც ხედავს, გრძნობს და განიცდის.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი