ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ყველაზე საფრთხილო

ჩემს პატარა მეგობარს, რომელსაც დროდადრო ქართულში ვამეცადინებ და ზოგჯერ ჩემს საყვარელ წიგნებსაც ვათხოვებ ხოლმე, ერთი კლასელი ჰყავს, ჟღალთმიანი და ჭორფლიან-ვარსკვლავებიანი გოგონა, პირობითად – ანა.

რადგან ჩემი პატარა მეგობარი თავისი კლასის ამბებს ხშირად მიყვება, ამ ჟღალთმიან გოგონასაც კარგად ვიცნობ – მათემატიკაში მაგარია, ქართული მართლწერა უჭირს, სამაგიეროდ ისტორიასა და გეოგრაფიაში ტოლი არ ჰყავს. ჩემს კლასელ გიორგის უყვარსო, კიდევ ლუკას მოსწონსო. ჩემი პატარა მეგობარი ცოტათი ეჭვიანობს. ოჰ, ეს ცამეტი წლის გოგონები!

ერთ დღესაც მოვიდა ჩემი პატარა მეგობარი და მეუბნება, გიორგის და ლუკას ანა აღარ უყვართო. გამიკვირდა. მერე, როცა ქართულის სავარჯიშოს შესრულების შემდეგ ფორთოხალი მივუტანე და გვერდით მივუჯექი, თვითონვე მითხრა: იცი რა, აღმოჩნდა, რომ ანა სხვანაირ ეკლესიაში დადის, ის კი არადა, თეონა, რომელიც ანას გვერდით იჯდა, ბოლო მერხზე გადაჯდა და საერთოდაც, მეც აღარ დავპატიჟებ ჩემს დაბადების დღეზეო.

გული დამწყდა, მაგრამ იმისთვის, რომ კარგად მომეფიქრებინა, როგორ მეთქვა ჩემი პატარა მეგობრისთვის, რომ ის და მისი კლასელები არასწორად იქცევიან, ამ თემაზე საუბარი ერთი დღით გადავდე.

იმ საღამოს, როცა ჩემი პატარა მეგობარი გავისტუმრე, მყუდროდ მოვკალათდი კომპიუტერთან და დიალექტური კორპუსის თვალიერება განვაგრძე. იცით, ეს რა არის? ეს ასეთი საიტია – https://www.mygeorgia.ge/gdc/Default.aspx. ძალიან კარგი ენათმეცნიერების ჯგუფი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა იმისთვის, რომ ერთიანი ელექტრონული სივრცე, “საქართველოს ლინგვისტური პორტრეტი” შეექმნა, სადაც თავმოყრილია ქართული ენისა და მისი დიალექტების ტექსტები, ლექსიკონები, ცნობარები.
ტექსტი ენათმეცნიერისთვის მასალაა, ხოლო ჩვეულებრივი ადამიანისთვის მთელი ცხოვრება – ზეპირი ისტორია. ჰოდა, მეც ისტორიების ძებნაში ტექსტებს შევყევი.
მუჰაჯირობაზე გაგიგონიათ რამე? მაგალითად, მუჰაჯირობაზე აჭარაში? მოკლედ მოგიყვებით, რაც იყო.
ბერლინის კონგრესის შემდეგ აჭარა რუსეთის შემადგენლობაში მყოფ საქართველოს დაუბრუნდა, თუმცა საფრთხე რელიგიური უთანხმოებისა, რომელიც შეიძლებოდა მაჰმადიანებსა და ქრისტიანებს შორის მომხდარიყო, ორივე დამპყრობელმა, ოსმალეთმაც და რუსეთმაც, თავის სასარგებლოდ და აჭარელი ხალხის საწინააღმდეგოდ გამოიყენა. რუსეთის მთავრობამ ბათუმელებს განუცხადა, ვისაც აქ ცხოვრება არ გსურთ და ოსმალეთში გირჩევნიათ გადასვლა, სამი წლის განმავლობაში უნდა გადახვიდეთ, მერე აღარ გაგიშვებთო. ოსმალეთიდან კი დიდი აგიტაცია-პროპაგანდა მოდიოდა. სტამბულში სპეციალური ბროშურები და პროკლამაციები იბეჭდებოდა ბათუმსა და მთელ აჭარაში გასავრცელებლად. ბროშურებში ეწერა, რომ თუ მაჰმადიანები რუსის ხელმწიფის ქვეშევრდომებად დარჩებოდნენ, სულითა და ხორცით წაწყმედილი იქნებოდნენ და ედემს ვერასოდეს ნახავდნენ.
სოფლებიდან ათასობით ადამიანი მოედინებოდა ბათუმისკენ, რომ გემით ოსმალეთში გადასულიყვნენ. აჭარაში მუჰაჯირობა დაიწყო.
ალბათ ახალშემოერთებული ძმებისაც ეშინოდათ, იქნებ სხვა აღმსარებლობის გამო ახლოს არ მიგვიშვან და გაგვრიყონო.
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, გაურკვეველი, მაგრამ, მათი წარმოდგენით, მშვიდი ცხოვრებისთვის დათმეს საყვარელი სახლები, მიწა, რომელიც დღემდე ესიზმრებათ…
გაზეთი “დროება” წერს: “საშინელ სურათს წარმოადგენს თურმე ეს ხალხის გადასახლება. მნახველთ უამბიათ და მოუწერიათ ჩვენთვის, რომ ესენი დედამიწას ჰკოცნიან, ხეებს, სახლებს, ყველაფერს სულიერსა და უსულოს, რასაც კი სტოვებენ. ცხარე ცრემლების ღვრით გულდამწვავ ტირილით ეთხოვებიან და ასე მიდიანო. ბევრი, ძალიან ბევრი იხოცება შიმშილისაგან და ვინც კი ადგილამდის მიაღწევს, დიდი სიკეთე არც იმას ეყრებაო. იქაც უკეთესი ბედი არ მოელის, იქაც შიმშილი ხვდება, უპატრონობა… და ამნაირად რამდენიმე თვის განმავლობაში უკან ბრუნდებიანო. მაგრამ ბრუნდება ორში ერთი. დანარჩენი კი გაჭირვებისა და შიმშილის გამო იხოცება”.
გულისმომკვლელ ტექსტებს წააწყდებით ლინგვისტურ კორპუსში, უკვე თურქეთში მცხოვრები ქართველებისგან ჩაწერილს:
“ახლა გურჯისტანსა რომე მუახლოვდით, გულმა დიმიწყო ბანძგალი, მეშინია, რამე არ დემემართოს. ღმერთო, ერთი დამანახიე ჩემი დიდუანების ნამყოფნი ჲერები და მემრე, როიცხა გინდა, წემიყუაი შენთან.
ახლა გურჯისტანისკენ მივალთ და გული დიდი გუაქ, ჩუენ მემლექეთში მივალთ. ჰამა მე ახლავენ წამოსლას ვჩივი. აქეთ რომ შამოვბრუნდებით და წამუალთ, მაშინ მოგვიჭირეფს გულზე, სარფის კარსა რომე გამევძრავთ, მაშინ ვიქნებით ცოდვა.
რა ვქნათ, ღმერთსა ასე დუუწერია ჩუენთვინ. ღმერთმა გააყოლავოს წასლა-მოსლა და მოგვაყაჟირებიოს ერთმანები, მალ-მალე გედევდეთ, გადმოვდეთ…”
“გემი რომ გაქანებულა, ჯევაირა ნენეს უტირია მეგემ. გემში ასე მღერობდენო, იტყოდა ნენეი:
აჭარას ვემშვიდობებით, რა ლამაზი დარიაო,
ჩუენ რომ გემში ჩავჟდებით, ჩუენი გული კდარიაო…”
“კიდო რა მახსოვს, იცი? მუჰაჯირათ რომ მოვდოდით, ჩამევიარეთ ქუედა აჭარას და ხურმები იყო დაკონწლილი, ძალიან მომინდა ჭამა, მარა ვინ გაჭმევდა! იმისი ჰევესი დამჩა ჰალადვენ. ჭამა მინდოდა, ვერ ვჭამე და ჰალა იშტაჰი მაქ. მუჰაჯირობა ძალიან წარეა”.
“ღამეში მემლექეთში რამდენჯელ მივალ-მუალ, ჰესაბზე არ მუა. სიზმარში სულ იქ ვარ. აქავრობა მაიდამაი არ დემესიზმრება. იქავრობას ვყაჯირობ სიზმარში. მევიარ ეზოკარ, ჯუმუშავრ გავხედავ, წისქვილში შევალ, მევიარ…”
“არ დავკარქავთ გურჯის ენასა. წინიებზე მიველ ოქულში, ვუთხარ ორეთმენსა: ჩემი დედეი რომ მემლექეთ მეიგონებდა, ერთ ჰავთას იტირებდა, შუიდ დღე იტირებდა, კერაზე მიდებდა თავსა და იტირებდა. მემრე ანჯახ ადგებოდა, თუალ გაახილებდა. რატომ ტირიო? – ვკითხევდით ბადიშები. ჩემი მემლექეთი, ჩემი ანაი, ჩემი ძმები მემენატრა და იმიტომ ვტირიო. მეცოდვებოდა ჩემი დედეი”.
“სიზმარში ვითამ დედეს სახლში მიველ გოგნიავრზე. ეზოში ჩიჩეგები იყო ამოსული, წყაროც მოდიოდა ცივი. ჩემი დედეი წყალ სუემდა. რომ დიმინახა, ხის საფლი წყლით აამსო, მომცა და მითხრა, ეს ეზო-კარი მენატრებოდა და ძვილაი მუელ აქაო. წყალი ვსვი და გემეღვიძა. გერმელი წყალი იყო, სუბუქი, ჰალადვენ პირში მაქ იმის გემო…”
მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ, ხვალ ჩემს პატარა მეგობარს სამშობლოდაკარგული და შეშინებული მუჰაჯირების შესახებ მოვუყვები და ვეტყვი, რომ მის კლასელს, ჟღალთმიან და ვარსკვლავ-ჭორფლებიან ანას, შეიძლება ისე შეეშინდეს მის მიმართ “სხვანაირ ეკლესიაში” სიარულის გამო უარყოფითი დამოკიდებულების, რომ სხვა სკოლა და სხვა საზოგადოება აირჩიოს უფრო მშვიდი, თუმცა უსიხარულო არსებობისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი