ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ავტოაგრესია – როგორ გავუმკლავდეთ

ბავშვობასა და მოზარდობაში ადამიანში ემოციების – აგრესიის, რისხვის, სასოწარკვეთის – ნამდვილი ქარიშხალია. ხშირად მოჭარბებულ გრძნობებს ის სწორად ვერ უმკლავდება, რასაც სავალალო შედეგი მოსდევს. ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გვინახავს ბავშვი, რომელიც ემოციურ ფონზე თვითდაზიანების მიყენებას ცდილობს – სცემს საკუთარ თავს, იკაწრავს სახეს, კბენს, თმას იგლეჯს. ასეთ ქმედებას სპეციალისტები ავტოაგრესიას უწოდებენ.

ავტოაგრესია საშიშია როგორც ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ასევე მშობლებისთვისაც. მისი სიმპტომების სპექტრი საკმაოდ ფართოა: შინაგანი ჩაკეტილობიდან სუიციდურ მიდრეკილებამდე.

„ავტოაგრესია“ ლათინურად საკუთარ თავზე თავდასხმას ნიშნავს. ფსიქოლოგთა ნაწილი მასში საკუთარი თავისკენ მიმართული ნეგატიური ემოციების ნაკრებს მოიაზრებენ, მაგალითად, ბრაზს, რისხვას, გაღიზიანებას. ფსიქოლოგთა სხვა ჯგუფი კი მას თვითგანადგურების ქცევად განმარტავს, ანუ როდესაც საკუთარ თავს, საკუთარ კეთილდღეობასა და ფსიქიკურ წონასწორობას ძლიერ ზიანს აყენებ. ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ ავტოაგრესია ადამიანისთვის შეიძლება იყოს საპასუხო რეაქცია, ერთგვარი დამცავი მექანიზმი გარკვეულ გარე ფაქტორებზე.

ავტოაგრესია არ არის თანდაყოლილი. მაგალითად, ერთი წლის ბავშვი, რომელმაც არ იცის, რა არის თავის მართლება, არ ნერვიულობს დაშვებული შეცდომების გამო, ავტოაგრესიას არ მიმართავს.

როდესაც ბავშვი იწყებს აზროვნებას, საკუთარი თავის გაანალიზებას, მას ავტოაგრესიის ნიშნებიც უჩნდება. ბავშვი უკვე არჩევს ცუდს და კარგს. უნდა, რომ არასწორი ქცევა მოიცილოს, რისთვისაც ყველაზე ნაცნობ და გასაგებ მეთოდს მიმართავს – მშობლების ქცევის კოპირებას. იგულისხმება დასჯით სწავლება, როდესაც მშობლები ბავშვს  დასჯით უხსნიან რაღაცას. ამდენად, გარკვეულ სიტუაციაში, ბავშვი თვითონაც სწავლობს საკუთარი თავის საყვედურს, თავისებურად სჯის საკუთარ თავს ცუდი საქციელისთვის, შეცდომისთვის. დროთა განმავლობაში კი ასეთი „თვითგანათლება“ ჩვევად ყალიბდება.

საკუთარი თავისკენ მიმართული აგრესია არასასიამოვნო სანახავია და ნებისმიერ მშობელს აშინებს. თუმცა, მთავარია, სწორად ამოვიცნოთ, რასთან გვაქვს საქმე – ავტოაგრესიასთან თუ სხვა ქცევასთან.

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ავტოაგრესიაზე მშობლის მხრიდან საპასუხო, გადაჭარბებული ემოცია ძალიან ცუდია, რადგან ის პროვოცირებას უწევს ბავშვის ამ ქცევას და ავტოაგრესიის დამატებით აფეთქებას განაპირობებს, ანდა შეიძლება ისე დასტრესოს  მოზარდი, რომ მომავალში მან დაუმალოს მშობელს თვითდაზიანებები.

ავტოაგრესია სხვადასხვა ფორმით ვლინდება: კვებითი აშლილობა (ანორექსია, ბულემია), თვითდაზიანება – ჭრილობები, ტატუები, პირსინგი, ნაჩხვლეტები, ექსტრემალური სპორტით გატაცება, ფანატიზმი – დესტრუქციულ რელიგიურ კულტებში მონაწილეობა, მსხვერპლის როლის მორგება და მსხვერპლის ქცევა, ქიმიური დამოკიდებულება (ნარკომანია, ტოქსიკომანია, ალკოჰოლიზმი), აუტისტური ქცევა – საკუთარ თავში ჩაკეტვა, საზოგადოებისგან განცალკევებით ყოფნის სურვილი, სუიციდური ქცევა (აუტოაგრესიის უკიდურესი ფორმა).

და მაინც, რატომ იზიანებენ თავს ბავშვები და მოზარდები? ყველაზე ხშირად, ისინი ოჯახური ან პირადი კონფლიქტის მძევლები ხდებიან. ზოგჯერ მიზეზი მასწავლებლებთან ან თანატოლებთან უთანხმოებაა. ასეთი ქცევის განვითარების ძირითადი მიზეზებია: უფროსების აგრესიული ქცევა მოზარდის მიმართ, ინდივიდუალური პიროვნული თვისებები, ოჯახური ურთიერთობები, დასჯის შიში, ყურადღების დეფიციტი.

რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ არაფერი გამორჩეს? – ყურადღება უნდა მიაქციოს ბავშვის ან მოზარდის სხეულის ნებისმიერ დაზიანებას: ნაკაწრებს, სისხლჩაქცევებს, ნაჩხვლეტებს. მშობელმა უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და დაინტერესდეს, რატომ აქვს ბავშვ ისინი, მით უფრო, თუ დაზიანებები მატულობს. უთხარით მოზარდს, რომ ამის გამო არ უსაყვედურებთ და თქვენი მიზანი მხოლოდ მასზე ზრუნვაა.

ასწავლეთ მას, რომ ნეგატიური ემოციები სოციალურად მისაღები გზით გამოხატოს, თავისთვის ზიანის მიყენების გარეშე. განუმარტეთ, რომ მას აქვს  ბრაზის, გაღიზიანების უფლება, ისევე, როგორც სიხარულისა და სიამოვნების მიღების.

დაე, ნუ შეაშინებს ემოციების სიტყვიერად გამოხატვა. აუხსენით, რომ ბრაზი არ არის ძალადობა. თუ მოზარდი ემოციების სწორად გამოხატვას ისწავლის, თავისა და სხვებისთვის ზიანის მიყენების გარეშე, ავტოაგრესიული რეაქცია აღარ ექნება.

შეაჩვიეთ მოზარდი, რომ მან მცირე ასაკიდანვე მოუაროს ნაკაწრებს, ჩამოიბანოს, დაიმუშავოს სპირტით, იოდით. ასწავლეთ სხეულის სიმრთელეზე ზრუნვა.

მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ მოზარდის სხვებთან ურთიერთობას. იქნებ მან    ასეთი ქცევა მეგობრებისგან ან პოპულარული თანატოლებისგან გადაიღო და ამ გზით ცდილობს საკუთარი გამორჩეულობის პოზიციონირებას. უმეტესად ასე დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვები და მოზარდები იქცევიან. ასეთ შემთხვევაში მშობელმა ბავშვის თვითშეფასების ამაღლებაზე უნდა იზრუნოს.

ზოგჯერ აუცილებელია, მივმართოთ ფსიქოლოგს. ის არ ჩაგთვლით ცუდ მშობლად. პირიქით, გაიგებს, რა კავშირშია ზიანის მიყენების ტენდენცია მოზარდის ისეთ მახასიათებლებთან, როგორიცაა ჩაკეტილობა, პედანტიზმი, მორცხვობა.

შესაძლებელია თუ არა აუტოაგრესიის პრევენცია? რა თქმა უნდა, შესაძლებელია!

ფსიქოლოგები გვირჩევენ ოჯახში მგრძნობიარე და სანდო ურთიერთობების დამყარებას, ბავშვის პრობლემებისა და მოთხოვნების გათვალისწინებას. მოზარდს უნდა ჰქონდეს საკუთარი ადგილი და დრო დასასვენებლად, განსამუხტად, სადაც შეძლებს ზედმეტი ემოციებისგან გათავისუფლებას.

მთავარია, მშობელი ყურადღებით იყოს. არ დარჩეს გულგრილი ბავშვის პრობლემების მიმართ, ასწავლოს აგრესიის „გარეთ გამოტანა“, მაგალითად, ბალიშზე დარტყმის გზით, ფურცლების დახევით ან სათამაშო ისრების მიზანში სროლით.

ნაკლებად გააკრიტიკეთ მოზარდი, მეტად შეაქეთ, ესაუბრეთ თქვენს ემოციურ რეაქციებზე. ამით აჩვენებთ, რომ მანაც უნდა გაგიზიაროთ თავისი პრობლემები, გამოხატოს საკუთარი გრძნობები, არ დააგროვოს ისინი.

უფრო ხშირად ჩაეხუტეთ, თუმცა, თუ წინააღმდეგობას გაგიწევთ, თავს ნუ მოაბეზრებთ. ეს მხოლოდ გაამწვავებს ავტოაგრესიის გამოვლენას.

ისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომლებიც ბავშვისთვის საინტერესოა და ხელს შეუწყობს მისი ყურადღების სხვა საგანზე გადატანას: „სად შეგვიძლია წავიდეთ შემდეგ უქმეებზე“, „მოდი, შენი საყვარელი სიმღერა ვიპოვოთ ინტერნეტში“, „გინდა, რამე გემრიელობას მოგიმზადებ?“

შეგიძლიათ ძილის წინ მასთან რამდენიმე წუთით დაყოვნდეთ. მოზარდებს ეს უფრო ხშირად სჭირდებათ, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ…

თუ იცით, რომ მოზარდი მიდრეკილია ავტოაგრესიული ქცევისკენ, ეცადეთ ტაქტიანად ესაუბროთ ამ ჩვევაზე. მაგალითად, გაუზიარეთ, რომ ბევრმა ადამიანმა შეძლო უარის თქმა ამ თვითგამანადგურებელ ქცევაზე, ისწავლა დარდისა და რისხვის მართვა.

ნუ აჰყვებით მოზარდის შანტაჟს, თუ ის ეცდება, რომ ავტოაგრესიული ქმედებებით რამე პირადი სარგებელი ნახოს. მკაცრად მოუწოდეთ, დაასრულოს თავისი საშიში ქცევა.

ავტოაგრესიის ყველაზე ხშირი მიზეზი მშობლების დაუდევრობაა. ამიტომ ეცადეთ ბავშვთან სრული ემოციური კონტაქტის დამყარებას, მის მხარდაჭერას, მასთან მეტი დროის გატარებას.

როგორ მოვქცეთ თუ თვითდაზიანების ქცევას შევესწარით?

– უპირველეს ყოვლისა, არ ავყვეთ პანიკას. ამ მდგომარეობაში შეიძლება ბავშვი ზედმეტად აღგზნებული იყოს და თქვენმა რეაქციამ დამშვიდების ნაცვლად შესაძლოა, კიდევ უფრო განუმტკიცოს თვითდაზიანების ჩვევა და ის ემოციური გათავისუფლების გზად ექცეს;

– ეცადეთ, დაამშვიდოთ ბავშვი საუბრით. ეს შფოთის დაძლევის საუკეთესო გზაა. მიუჯექით, ჩაეხუტეთ მანამდე, ვიდრე არ მოდუნდება და ყურადღებას სხვა რამეზე არ გადაიტანს. მოგვიანებით გაესაუბრეთ მომხდარზე: ახსენით, რომ ზოგჯერ ადამიანები თავს ვნებენ იმის გამო, რომ იწყენენ ან ცუდი აზრები ძლევთ. აუხსენით, რომ ასეთი ქცევა არ გაათავისუფლებს მას შფოთვისგან. უთხარით, რომ ყოველთვის მზად ხართ, მოუსმინოთ, უბრალოდ, მასთან ერთად იყოთ.

– თუ მოზარდმა თავს სერიოზული ზიანი მიაყენა და ფიქრობთ, რომ უმჯობესია ექიმს მიმართოთ, არ გადადოთ ვიზიტი. არ გირჩევთ ბავშვზე გაბრაზებას ან მის დაშინებას საავადმყოფოთი. უთხარით, რომ გამოუსწორებელი არაფერი მომხდარა, რომ ზოგჯერ ადამიანები, როდესაც თავს ცუდად გრძნობენ, სისულელეებს აკეთებენ. აუხსენით, რომ თქვენც შეშინდით და შეწუხდით, მაგრამ უსიამოვნო შედეგების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია ექიმთან მისვლა.

პირველივე შესაძლებლობისას სერიოზულად გაესაუბრეთ მას და აუხსენით, რომ ასეთი ქმედებები შეიძლება სავალალოდ დასრულდეს.

– ამის შემდეგ, ისე ნუ მოიქცევით, თითქოს არაფერი მომხდარა. ზოგჯერ მშობლებს ჰგონიათ, რომ ურეაქციობა თავიდან ააცილებთ მათ ამ საშინელი ეპიზოდის განმეორებას.  სინამდვილეში, მოზარდი ამას თავისი პრობლემების უგულებელყოფად აღიქვამს. აჩვენეთ, რომ ყურადღებიანი ხართ და ღელავთ მის გამო. გახსოვდეთ, რომ მოზარდები მიდრეკილი არიან მკვეთრი ემოციური რეაქციებისკენ და რთულ სიტუაციებში განსაკუთრებით სჭირდებათ ემპათიური დამოკიდებულება.

 

 

 

 

.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი