შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ვინ არის რეპეტიტორი?

ყველა დიდი მოაზროვნე ოდესღაც მაინც იყო მასწავლებელი, ან მასწავლებლობამ უბიძგა მათ უფრო ღრმად ეფიქრათ, რადგან ადამიანის აღზრდა ის ფუნდამენტური სიკეთეა, რომელიც „ლესვაში არ სწორდება“ და ფაქიზ, დეტერმინირებულ და ამავე დროს, შემოქმედებით მიდგომებს მოითხოვს, სწორედ ამიტომ, მასწავლებლისა და მოსწავლის კომუნიკაცია ოდითგანვე იყო პიროვნულ ურთიერთობებზე აგებული ინდივიდუალური მეთოდოლოგია და შედეგი, გამორჩეული შედეგი იმ შემთხვევაში დგებოდა, როცა მოსწავლეს ინდივიდუალური მწვრთნელი ჰყავდა ხოლმე.

ეს წესი, რასაც ჩვენთან რეპეტიტორობის ინსტიტუტს ვეძახით და რაღაცნაირად დაკნინებული და ვიტყოდი, გაუფასურებულიცაა (რადგან ფინანსურ ინტერესთან ასოცირდება და არა ცოდნის ტრადიციის გადაცემასთან), სათავეს უძველესი ცივილიზაციიდან იღებს, როცა მასწავლებელი მოსწავლეს განსაკუთრებულად (უფრო ზუსტია – ინდივიდუალურად) ზრდიდა. სოკრატე წვრთნიდა პლატონს, პლატონი არისტოტელეს და არისტოტელე მაკედონელს.

განათლებას თავისი რთული და საინტერესო ევოლუციური პროცესი აქვს, რომელიც ეპოქებისა და კულტურების მიხედვით საინტერესოდ ვითარდებოდა, ამ საკითხზე ძალიან საინტერესო ნაშრომები აქვთ დაწერილი მარკ ჯოიალს და იან მაკდუგალს, რომელთა OPUS Magnum-ად „რომაული და ბერძნული განათლება“ ითვლება.

ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო იქნებოდა უძველესი ცივილიზაციების გამოცდილება ამ მიმართულებით და რაკი კლასიკური განათლების აკვნად მაინც საბერძნეთი მესახება, სწორედ ამ ნაწილით დავიწყებდი.

ძველ საბერძნეთში გოგონები და ვაჟები განსხვავებულ განათლებას იღებდნენ. ბერძნებს მიაჩნდათ, რომ ქალებს რაიმე განსაკუთრებული ცოდნა არაფერში არგიათ და მთავარ გასაკეთებელს კაცებიც კარგად აუვიდოდნენ, ამიტომაც გოგონების განათლება ძირითადად ხელსაქმესა და პრაქტიკული გამოყენებით ცოდნაზე გადიოდა. მხოლოდ ძალიან შეძლებულ ოჯახებში დაბადებულ ქალებს შეეძლოთ და მასწავლებელი, ახლანდელი გაგებით, რეპეტიტორი შინ დაექირავებინათ.

მაშინდელ საბერძნეთში ოჯახის წევრებს და ალბათ თვითონ გოგოებსაც არ სჯეროდათ, რომ ნათელ გონებას სქესი არ აქვს და სრულებით შესაძლებელია დიდი მოაზროვნე ქალიც და კაციც ერთნაირად ყოფილიყვნენ.

ეს სეგრეგაცია მხოლოდ სქესის მიხედვით არ იყო, რადგან უმაღლესი და ძვირი განათლების მიღება არც იმ ბიჭებს შეეძლოთ, მათი მშობლები დაბალ სოციალურ ფენას რომ მიეკუთვნებოდნენ. მოკლედ, საუკეთესო განათლება მხოლოდ მდიდარი ბიჭების საქმე იყო.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნეში, პირველი, ვინც განათლების, როგორც ფუფუნების საგნის ცნება შემოიტანა საბერძნეთში, იზოკრიტე იყო. პლატონის თანამედროვე ეს უდიდესი მოაზროვნე და ბრძენი კაცი ხშირად საყვედურობდა თანამედროვეებს, რომ თქვე კაი დედმამიშვილებო, მოსწავლეებს უმთავრეს და უძვირფასეს მოცემულობას – სიბრძნეს ასწავლით და ამას ორ გროშად აკეთებთ. რანაირი სიბრძნეა კაცს ოქროს მოპოვება ასწავლო და შენ პურის ფული არ გქონდესო.
იზოკრიტე თვლიდა, რომ მხოლოდ იმ განათლებას მოაქვს შედეგი, სადაც მენტორი ფინანსურადაც და სულიერადაც კმაყოფილი და ძლიერიაო. მისი აზრით, მშიერი და აღსაზრდელის ოჯახის მიმართ შინაგანად უარყოფითად განწყობილი მენტორი კაი ვერაფრის მსწავლებელი იყო აღსაზრდელისთვის და ამას, ვიწროდ სუბიექტური მიზეზები ჰქონდა.

იზოკრიტე და მისი მიმდევრების მიერ შემუშავებულ საგანმანათლებლო სისტემას ბერძნებმა პაიდეია (Paideia) უწოდეს, რაც განათლების ღრმა ბავშვობიდან მიღებას (რამდენადაც ვიცი პაიდია ბავშვს ნიშნავს) გულისხმობდა.
იზოკრიტები თვლიდნენ, რომ ბიჭების სრული ფიზიკური და სულიერი გაჯანსაღება უნდა მოეხერხებინათ და ყველა ვაჟი უნდა ყოფილიყო მზად საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო და სამხედრო ტვირთი აეღო თავზე.

მაგრამ პაიდეას იდეა არ ეხებოდათ ქალებს, რადგან ძველ საბერძნეთშიც თვლიდნენ, რომ სახელმწიფო და სამხედრო საქმე ქალს არ ეხებოდა.

 

განათლების სისტემის სტანდარტი

როდესაც ჰომეროსის „ოდისევსი“ და „ილიადა“ დაიდგა, განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებები მოხდა, რადგან თანამედროვე პედაგოგებმა, თამასა კიდევ უფრო ასწიეს და ყმაწვილების განვითარება რაღაც კონკრეტული, დაწერილი სქემების მიხედვით დაიწყეს.

ოდისევსი, როგორც მოდელი, როგორც „ცოცხალი“ მაგალითი გმირობის, სამხედრო უნარების, საზრიანობისა და მორალური სიმტკიცისა უძველესმა ბერძენმა მენტორებმა იმთავითვე დანერგეს. ყმაწვილებიც, მისაბაძ ადამიანებად სწორედ მათ თვლიდნენ და არა რომელიმე თანამედროვე წარმატებულ მხედართმთავარს ან სახელმწიფო მმართველს.

ოდისევსის მსგავსი გმირის აღზრდას უბრალოდ ჭკვიანი ადამიანი ვერ მოახერხებდა, ამიტომ, ტრაგედიამ უდიდესი როლი ითამაშა განათლების მიცემისა და მიღების სისტემურ ჩამოყალიბებაზე. ძველ ბერძნებმა დაიწყეს ფიქრი, როგორი სკოლა შეექმნათ, სადაც ყმაწვილები ერთბაშად და ერთნაირად ჯანსაღად განვითარდებოდნენ და რა ასაკიდან უნდა მომხდარიყო „გმირების გამოჭედვა“.

ათენელებმა ეს ასაკი 16 წლიდან განსაზღვრეს, ეს იყო პირველი ნამდვილი საჯარო სკოლა და სწორედ ამ დროს იწყებოდა ბიჭის მამაკაცად გადაქცევის რთული და მნიშვნელოვანი პერიოდი.

რაკი ყველა ადამიანის გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ერთნაირი არ არის, ძველ ბერძნებმა აქაც საინტერესო სეგრეგაცია მოიფიქრეს, ათენის სკოლა თუ აქცენტს გონებრივ შესაძლებლობაზე აკეთებდა, სპარტის აღმზრდელები ყმაწვილებს სწორედაც რომ საპირისპიროდ, ფიზიკურად ავითარებდნენ. ამიტომაც, ითვლებოდა, რომ სპარტის სკოლაგამოვლილი ბიჭები, როგორც წესი მეომრები უნდა ყოფილიყვნენ და მათ, სახელმწიფო სადავეებთან არავინ მიუშვებდა.

თანამედროვე სამყაროში ალბათ ეს ერთგვარი დისკრიმინაცია იქნებოდა, მაგრამ ძველ ბერძნებმა იმთავითვე განსაზღვრეს ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობა – შეიძლება განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, მაგრამ ის არაფრისდიდებით უნდა გაუფასურდეს (უნებლიედ გაგვახსენდება 90-იან წლებში ლამის ყველა სადარბაზოში გახსნილი „უნივერსიტეტი“ და უმაღლესი განათლების სრულიად გაუფასურებული ცნება).

იმიტომ, რომ ძველი ბერძენი (და შეგვიძლია ეს ფორმულა თითქმის ყველა უძველეს ცივილიზაციას მოვარგოთ) განათლებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა და ამის სადემონსტრაციო მაგალითი ისაა, თუ როგორი რუდუნებით არჩევდნენ ისინი მასწავლებელს, ვისთვისაც შვილის აღზრდა უნდა მიებარებინათ. ასეთი პედაგოგი, როგორც წესი, ოჯახისთვის უახლოესი და სანდო ასაკოვანი მამაკაცი იყო, ვინც მოსწავლეს საზოგადოებისთვის სათნო ყველა სიქველეს ასწავლიდა, რაც იმ დროს იყო მიღებული.

მენტორისა და აღსაზრდელის ურთიერთობა არ იყო ფორმალური, მექანიკური და აღზრდის ეს წესი, მოგვიანებით ქრისტიანულმა კულტურამაც საუკეთესოდ შეითავსა (ერთი სული ზრდის ერთ სულს). იმისთვის, რომ შედეგი ყოფილიყო საფუძვლიანი და განათლება ხარისხიანი, მასწავლებელს მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდაზე და „მაცივრის გავსებაზე“ კი არ უნდა ეფიქრა, მისი საზრუნავი დაკისრებული პასუხისმგებლობის სრულყოფილად აღსრულება იყო, რაც, ცხადია, გაწეული შრომის ადექვატურ ანაზღაურებაში გამოიხატებოდა (ძნელია აქაც არ გაგვახსენდეს ჩვენი რეალობა, როდესაც „რეპეტიტორი“ ერთ ბავშვს რომ გაისტუმრებს, შეუსვენებლად მეორესთან გარბის ან შინ იღებს, რომ „მეტი მოასწროს“, რადგან სხვაგვარად, მისი ფინანსური უზრუნველყოფა ვერ მოხდება).

საინტერესოა, რომ აღზრდის ამგვარი სისტემა საქართველოსთვისაც არ უნდა ყოფილიყო უცხო და გაუგებარი „ზნენი სამამაცონის“  365 თავი (თავის დროზე სისტემურად თავმოყრილი კახაბერ ზარნაძის მიერ) სწორედ აღზრდის ამგვარ „მემკვიდრებითობას“ ეფუძნებოდა. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, განა სპორტშიც, წარმატების მიღწევა ინდივიდუალურ წვრთნაზე არ დგას და როგორ შეიძლება მაიკ ტაისონი გამხდარიყო ის, ვინც გახდა, ბრუკლინის რომელიმე კრივის დარბაზში 50 მოყვარულთან ერთად რომ გაეგრძელებინა ვარჯიში?

ნეტარ ავგუსტინეს მტკიცედ სჯეროდა, რომ ეკლესიისთვის „ყრმა სულების“ მოძიებას თავდაუზოგავი და ინდივიდუალური შრომა ჭირდებოდა ბავშვებთან. იმისთვის, რომ საფუძვლიანად და სწორად აღვზარდოთ ჩვენი შვილები, საჭიროა მათთვის მეტი ინდივიდუალური დროის დათმობა, რაც შესაძლოა მთელი ცხოვრების მიძღვნადაც კი დაგვჭირდესო, ამტკიცებდა დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე და პედაგოგი.

მართლაც ასეა. რასაც ზერელედ ვუდგებით და ვაუფასურებთ, ხშირად ნამდვილ ფასს ნამდვილად კარგავს. ვიცი, რომ ბევრი ადამიანი ე.წ. „რეპეტიტორის“ იდეის წინააღმდეგია, რადგან უმთავრესად ეს „ერთი სულის მიერ ერთი სულის აღზრდა“ ფინანსურ ტვირთად და განათლების სისტემისთვის ხელოვნურ ბარიერად აღიქმება, მაგრამ თუ საკითხს სხვა კუთხითაც შევხედავთ, იქნებ ღირდეს დაფიქრებად, რას აძლევს ერთი ზრდასრული ადამიანი მეორეს, როდესაც მისი აღზრდის პროცესში სრულადაა ჩართული?

ხშირად მახსენდება და არაერთხელ დამიწერია, რომ წერა მას შემდეგ დავიწყე, რაც წითელი ნავთქურით გამთბარ ოთახში თემქაზე, ჯერ კიდევ სტუდენტი გოგოს, ნატო ცერცვაძის დაუღალავი შრომის ესწავლებინა ჩემთვის ქართული ენა შრომამ შედეგი გამოიღო და მწერალი გავხდი. ან კიდეც ჩემი „რეპეტიტორის“ ზაურ გოგრიჭიანის შესახებ, გაყინულ თბილისში, მთელ თექვსმეტ სართულს რომ ამოივლიდა ხოლმე ფეხით (რათა მე, მოსწავლეს დრო არ დამეხარჯა სიარულში). განა ჩვენი მეცადინეობები მათემატიკური ამოცანების მექანიკური შესრულება იყო? რომ არა ეს უდიდესი პედაგოგი, არც კი ვიცი რა იქნებოდა ჩემი ცხოვრების მთავარი საფიქრალი.

ვფიქრობ, ამ საკითხზე მსჯელობა შესაძლებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი