პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მასწავლებლის შვილი

ბაბუაჩემი სოფლის სკოლის დირექტორი იყო და როგორც ძველი თაობის დირექტორებს, სოფლის უფროს-უმცროსობაში სახელიც ჰქონდა და სიტყვაც ეთქმოდა. იქაურობისა ბევრი რამ იცოდა, ბავშვობიდან იქ გაზრდილიყო, შემდეგ რაიონის სხვადასხვა სასწავლებელი მოევლო და ბოლოს კი მშობლიური სოფლის სკოლის დირექტორად გაემწესებინათ.

შვილები ქალაქში დაზარდა, ქალაქის სკოლებში მისცა სწავლა-განათლება და თვითონ კი გამუდმებით სოფლისკენ მიუწევდა გული – ხან სად მასწავლებლობდა, ხან სად გაუშვებდნენ დირექტორად.

ყველა დირექტორი ხომ ჯერ მასწავლებელია, ამიტომ მამაჩემიც, პირველ ყოვლისა, ისტორიის მასწავლებლის შვილი იყო, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მამამისი მის სკოლაში არ ასწავლიდა. ეს, მე თუ მკითხავთ, ძალიანაც კარგია და ახლავე ავხსნი, რატომ არის კარგი.

მასწავლებლის შვილების მიმართ ძირითადად ერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს: განსმდგომი, შორიდან მაცქერალი კაცისთვის ეს პრივილეგიაა, რომლითაც შეუძლებელია მოსწავლემ არ ისარგებლოს, მით უმეტეს, თუ მისი მშობელი მისსავე სკოლაში ასწავლის, ან უფრო მეტი – კლასის დამრიგებელია, ან კიდევ უფრო მეტი – სკოლის დირექტორი. გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდის თვითდამკვიდრებისთვის ხშირად ხელშემწყობი ფაქტორია ისეთი დედა ან მამა, რომელსაც, სხვა მოსწავლეებისგან განსხვავებით, არა მარტო სკოლაში ხედავს, არამედ ოჯახშიც.

მაგრამ მთლად ასე იდეალურადაც არ არის საქმე. მიუხედავად იმისა, რომ პირადად შევსწრებივარ მასწავლებლის გაყოყოჩებული შვილების შემაწუხებელ და ხშირად აუტანელ საქციელს, მაინც მგონია, რომ მასწავლებლის შვილობა ტვირთია და მეტი არაფერი. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა მშობელი შენ გვერდით გეგულება, მაგრამ ალბათ არსებობს სტერეოტიპები, რასაც მასწავლებლის შვილი ვერსად წაუვა.

პირველი: ყველას ჰგონია, რომ მასწავლებლის შვილი აუცილებლად ბეჯითი და ფრიადოსანი უნდა იყოს (ამით იგი ძალიან ჰგავს მღვდლის შვილსაც, რომელიც, ხალხის აზრით, მორწმუნეობისა და ეკლესიურობის მაგალითს უნდა აძლევდეს თანატოლებს) – ეს ისეთ ჭეშმარიტებადაა მიჩნეული, რომელიც გადასინჯვას არ ექვემდებარება.

მეორე: მასწავლებლის შვილი მოწესრიგებული უნდა იყოს, არ უნდა იგვიანებდეს, არ აცდენდეს გაკვეთილებს, არ მიდიოდეს შატალოზე, უფრო მეტი ყურადღებით ეკიდებოდეს პირად ცხოვრებას, ბევრი რამისგან იკავებდეს თავს. ამავე დროს, მას არ უნდა ავიწყდებოდეს თანაკლასელის დაბადების დღე და გაკვეთილების ცხრილი.

ამ ყველაფერთან ერთად, მასწავლებლის შვილი მაინც არ ინდობა, თითქოს სხვა სოციალური კლასია, სხვაგვარ მიდგომასა და დამოკიდებულებას საჭიროებს.

და ასე შემდეგ და ასე შემდეგ…

ბესიკ ხარანაულმა ერთხელ, პირად საუბარში გაიხსენა, როგორ აბეზრებდა მასწავლებელს თავს ცელქობით. ის კიდე პირდაპირ ხომ ვერ მიახლიდა კოლეგისა და თანამშრომლის შვილს, შე ასეთო და ისეთოო. უყურა, უყურა თურმე დიდხანს გამწარებულმა და ბოლოს სიბრაზენარევი არტისტულობით უთხრა:

– მადლობთ, ხარანაული!

სტერეოტიპები აყალიბებენ და წარმართავენ საზოგადოებრივ აზრს, ქცევისა და თამაშის წესებს. ამ წესების დარღვევა მტკივნეულია ყველასათვის და ხალხი ხშირ შემთხვევაში შეუწყნარებელი ხდება ასეთი პიროვნებებისა და მათი „თავისუფალი გამოხდომების” მიმართ.

ალბათ ამიტომაც – ამ წესების, გაბატონებული შეხედულებების ტყვეობაში მოქცეული, მახსოვს, სულ ორჯერ ვარ ნამყოფი სოფლის სკოლაში ბაბუაჩემის დირექტორობის დროს. პირველად, აგვისტოში, როცა არდადეგები იყო და უბრალოდ წამიყვანა – დერეფნებში მატარა, ერთი ხანობა თავის კაბინეტშიც დამსვა, მერე მთელი ეზო შემოვიარეთ, შემოგარენი მოვათვალიერეთ.

მეორედ კი მაშინ, მესამე თუ მეოთხე კლასში ვიქნებოდი, უთენია რომ მივადექით სკოლას. კაციშვილი არ ჭაჭანებდა, მხოლოდ ასაკოვანი კაცები უსხდნენ მაგიდას ფიზკულტურის დარბაზში და ჭადრაკს თამაშობდნენ. ბაბუას გაეღიმა. ერთი იმათგანი, თქვენ წარმოიდგინეთ, მეცნო კიდეც, სადღაც მენახა. დაბნეული და ერთთავად დაბღვერილი სახე ჰქონდა, ფიგურებს მოულოდნელად დასტაცებდა ხელს, ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვამდა და დასძახოდა გამწარებით:
– შტიკ!

– შტიკ კი არა, ქიშ, ბიჭო! – უსწორებდა მეორე. ის კი, ისევ და ისევ: შტიკ. შტიკ. შტიკ.

დაბოლოს, როცა მოწინააღმდეგის მეფე თავისი ეტლითა და ლაზიერით მიიმწყვდია, უეცრად გაეხსნა სახე და ლმობიერად წარმოთქვა:

– შტიკ ბეხერუმ!

ჰოდა მაშინ გამახსენდა ის კაცი: მე და მისი ბიჭი ფეხბურთს ვთამაშობდით ერთად, მამაც დაჰყვებოდა ვარჯიშებზე და ხუმრობდნენ, – სკოლაში ხომ თავისი შვილის მასწავლებელია, სკოლის გარეთაც არ ეშვება, კუდში დასდევსო.

ამ დროს მინდოდა იმ კაცთან მივსულიყავი და მეთხოვა, დაენებებინა შვილისთვის თავი და თამაშები ჯანდაბას, მაგრამ ყოველ ვარჯიშზე მაინც ნუღარ მოვიდოდა; მეორე მხრივ, ის ქილიკა ბიჭებიც მინდოდა დამერწმუნებინა, რომ მასწავლებლის შვილობა პრივილეგია კი არა, ტვირთია. ტვირთი.


(ცაიშის საჯარო სკოლა, 2013)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი