პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

დღეები და დღესასწაულები

დღესასწაულები არ მიყვარს, ჩვეულებრივი დღეები მირჩევნია, ყოვლად ჩვეულებრივი დღეები, შესანიშნავ მასალას რომ გაძლევენ დღესასწაულის შესაქმნელად. უბრალოდ, თებერვალი და მარტი ისეთი თვეებია, ხშირად მიწევს დღესასწაულებზე ფიქრი – სიყვარულის, დედის და ქალთა დღეები ერთმანეთს მოსდევს და ყვავილებით ხელდამშვენებული მამაკაცები უფრო ხშირად მხვდებიან თვალში, ვიდრე სხვა დროს.

რა თქმა უნდა, ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება ზემოთ ჩამოთვლილი დღეების მიმართ არაფერს ცვლის. ადამიანები დღესასწაულებს წლიდან წლამდე ელოდებიან, მე კი მირჩევნია, როგორც ქალს, შეყვარებულს და დედას, წელიწადში ბევრი დღე მქონდეს, იმდენი, რამდენიც მომინდება. მიმაჩნია, რომ ასე ცხოვრება უფრო საინტერესოცაა და გაცილებით სამართლიანიც, ამიტომ წითლად მონიშნულ თარიღებს ყურადღებას არ ვაქცევ, ნებისმიერი დღე, როცა ბედნიერი ვარ, ჩემი დღეა.

მიუხედავად ამისა, ხშირად ვფიქრობ მათზე, ვისთვისაც ცხოვრება სხვაგვარადაა მოწყობილი, განსაკუთრებით კი სწორედ მარტის პირველ დღეებში ვფიქრობ იმ ქალებზე, ვისაც, რბილად რომ ვთქვათ, უფრო ნაკლებად გაუღიმა ბედმა, ვიდრე მე. ვფიქრობ მათზე, ვისთვისაც სამყარო თვალების გარშემო შემოხვეული შავი ნაჭრით შემოისაზღვრება, მათზე, ვისაც საკუთარმა გარემომ სხვა არჩევანი არ დაუტოვა და სიკვდილის იარაღად აქცია, მათზე, ვისთვისაც ჩემი ჩვეულებრივი ცხოვრება, შესაძლოა, საოცნებო იყოს, ვისთვისაც ჩემი თავისუფლება მიუწვდომელი ფუფუნებაა, ვისაც მხოლოდ ფილმებში უნახავს ის ტანსაცმელი, მე რომ ყოველდღე მაცვია.

ვფიქრობ იმ ქალებზე, რომლებიც ჩემგან არც ისე შორს ცხოვრობენ, თითქოს იმავე სოციუმში იზრდებიან, სადაც მე გავიზარდე და მაინც ბევრად განსხვავებული ყოფა ხვდათ წილად. მათი ცხოვრება მორჩილებაა, მრავალსულიანი ოჯახისთვის მომზადებული სადილ-ვახშამი და ენის წვერზე შეკავებული საკუთარი აზრი, საღამოობით სერიალების ყურება და წამიერად გაფიქრება, რომ შეიძლებოდა, ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო.

ვფიქრობ და ერთი კითხვა მაწუხებს – ნუთუ ერთი დღე, თუნდაც სამი, საკმარისია? ნუთუ წელიწადში სამმა თაიგულმა შეიძლება ქალს ბედნიერად აგრძნობინოს თავი? ნუთუ შეუძლებელია, ვცხოვრობდეთ სამყაროში, სადაც არავის დასჭირდება ქალთა უფლებებზე ლაპარაკი და ქალებს ექნებათ იმდენი დღე, რამდენიც თავად მოუნდებათ?

ამ დღეებში, მარტის დასაწყისში, განსაკუთრებით ხშირად მახსენდება შირინ ებადი, ირანელი ნობელიანტი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ მექსიკაში გამართულ კონფერენციაზე მოვუსმინე. ის იდგა ორიათასკაციანი აუდიტორიის წინაშე და თავის ენაზე ჰყვებოდა სამშობლოს შესახებ, რომელმაც მას, წარმატებულ ადვოკატ ქალს, თავისუფლების სიყვარული არ აპატია. მიუხედავად იმისა, რომ თარგმანში ემოციის დიდი ნაწილი იკარგება, ჩვენ მთელი სიმძაფრითა და სიცხადით აღვიქვამდით ყოველ სიტყვას, რომელსაც ებადი წარმოთქვამდა.

რა გასაოცარიც უნდა მოგეჩვენოთ, ებადისთან ერთად ბოლო ხანს ყველაზე ხშირად მახსენდება ჩემი ქართულის მასწავლებელი, რომელიც არასოდეს მელაპარაკებოდა სტანდარტული ფრაზებით და უფრო მეტ დროს სწორედ იმ საკითხებს უთმობდა, რომლებიც ტექსტში წინა პლანზე არ იყო წამოწეული. მას არ მორიდებია, ეთქვა ჩემთვის, თოთხმეტი წლის გოგოსთვის, რომ შუშანიკისა და ვარსქენის დაპირისპირება, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეკლესიისა და სახელმწიფოსთვის, მეორე მხრივ, ოჯახური კონფლიქტი იყო – ქმარმა ცოლს უღალატა და მისი უფლებები უხეშად დაარღვია. ის ყოველთვის მელაპარაკებოდა თავისუფლებასა და სიყვარულზე, ქალის ძლიერებასა და როლზე და ახლა, როცა ვხვდები, რომ წელიწადში უამრავი დღე მეკუთვნის და არა ერთადერთი 8 მარტი, უზომოდ მადლობელი ვარ მისი.

შესაძლოა, ბევრმა იფიქროს, რომ ჯერ საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება არ მაქვს, სკოლის მერხიდან სულ რაღაც ათი წლის წინ ავდექი და ჩემი წარმოდგენა ოჯახური ყოფის შესახებ საკმაოდ ბუნდოვანია (ჩვენ ხომ გვიყვარს ასეთი შეფასებები), მაგრამ რაც დრო გადის, მით მეტად ვრწმუნდები, რომ მხოლოდ განათლებული ქალი შეიძლება იყოს თავისუფალი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ისიც კარგად ვიცი, რომ ჩაკეტილ საზოგადოებაში განათლება ქალს მხოლოდ ტვირთად აწვება, მაგრამ ვიტოვებ უფლებას, არ მჯეროდეს იმის, რომ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს.

ძვირფასო მასწავლებლებო, როცა 8 მარტს ყვავილებით ხელდამშვენებული შეხვალთ გაკვეთილზე, აუცილებლად უამბეთ თქვენს მოსწავლეებს ამ დღესასწაულის თავდაპირველი იდეის შესახებ, რადგან აქ მთავარი სწორედ იდეაა და არა თავად დღესასწაული, უთხარით გოგონებს, რომ მათი ძალა წარმოუდგენლად დიდია, რომ ცხოვრება გაცილებით მშვენიერია მაშინ, როცა მას თავად განაგებ და არ გეუხერხულება, ქუჩაში გასულმა ყვავილები საკუთარი თავისთვისაც იყიდო, უთხარით ბიჭებს, რომ მათი კეთილშობილება სწორედ მათ გვერდით მდგომი ქალების თავისუფლებით იზომება, უთხარით ყველა მოსწავლეს, რომ სამყაროს წონასწორობის საიდუმლო თანასწორობაში მდგომარეობს, თანასწორობა კი მხოლოდ კარგი განათლებით მიიღწევა.

ანდა, ნუ დაელოდებით მომავალი წლის 8 მარტს, დღესვე უთხარით მათ ეს ყველაფერი, გაუმეორეთ ხვალაც, ზეგაც, ყოველდღე და ერთხელაც აუცილებლად დაიჯერებენ იმას, რისიც მე ასე მტკიცედ მჯერა – მე ბევრი დღე მაქვს. დღესაც ჩემი დღეა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი