ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მასწავლებლის პროფესია, სტრესი და ცხოვრება როგორც პოზიტიური გამოცდილება

მასწავლებლები უფრო მეტ სტრესს განიცდიან სამსახურში, ვიდრე სხვა პროფესიის ადამიანები. ამ მოსაზრებას დიდი ბრიტანეთის საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ფონდიც (NFER) ადასტურებს – 2019 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ყოველი მეხუთე პედაგოგი სამსახურში ყოველდღიურად განიცდის სტრესს. გარდა ამისა, მასწავლებლები ძნელად ახერხებენ სამუშაოსა და პირადი ცხოვრების დაბალანსებას, რაც ასევე ზრდის სტრესის დონეს.

ბერტილ მარკლუნდი, შესანიშნავი შვედი ექიმი და ავტორი პოპულარული წიგნისა „სკანდინავიური საიდუმლო. ჯანმრთელი და ბედნიერი ცხოვრების მარტივი წესები“, რთული პროფესიის ადამიანებს არწმუნებს, რომ სიცოცხლის გახანგრძლივება, სულ ცოტა, ათი წლით მაინც, თავისუფლად შეიძლება და ამისთვის მხოლოდ ჩვეული ცხოვრების მცირედი კორექციაა საჭირო.

მისი თქმით, „სხვა“ ცხოვრების წესზე გადასვლა ნელ-ნელა შეიძლება, რთული მიზნების დასახვის გარეშე. ეს პროცესი უნდა აღიქმებოდეს როგორც რაღაც პოზიტიური და მნიშვნელოვანი, რასაც თავის ტანჯვასთან არავითარი კავშირი არ ექნება. უბრალოდ, აუცილებელია ჩვევების შეცვლა და… ვიზუალიზაცია. ადამიანმა ხშირად უნდა წარმოიდგინოს სასიამოვნო ამბავი, ვთქვათ, როგორ შეექცევა გემრიელ და ჯანსაღ საკვებს ან როგორც სეირნობს ველოსიპედით. წარმოსახვაში მომავლის პოზიტიური სურათის შექმნა სულაც არ არის სასაცილო, უფრო – სასარგებლოა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ყველაზე ჯანსაღი ევროპელების ჩამონათვალში სწორედ შვედები ლიდერობენ და ამ საიდუმლოს გასაღებია არა მხოლოდ ის, რომ შვედები საკუთარ ჯანმრთელობას ბავშვობიდანვე უფრთხილდებიან. მკვლევარი ბერტილ მარკლუნდი ამტკიცებს, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე მემკვიდრეობაზე დიდ გავლენას ახდენს ცხოვრების წესი, რომელიც ჩვენს ხელთაა. პრაქტიკოსი ექიმი სწავლობს სტრესის გამომწვევ ფაქტორებს, დაავადებებსა და ნაადრევ სიკვდილს. ვფიქრობთ, მისი რჩევები მასწავლებლებისთვისაც საინტერესო იქნება.

 

„ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით

ადამიანებს სჭირდებათ ერთმანეთი. მეგობრული ურთიერთობები და გარშემო მყოფთა დახმარება ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. სავარაუდოდ, სწორედ არსებული ურთიერთობების დამსახურებითაა გადარჩენილი კაცობრიობა.

ადამიანს სჭირდება მტკიცე ოჯახური ურთიერთობა, მეგობრული კოლეგები და საიმედო მეგობრების წრე, მაგრამ მნიშვნელოვანია მეგობრების ან შეხვედრების არა მარტო რაოდენობა, არამედ ხარისხიც. მცირერიცხოვანი ახლო მეგობრული კონტაქტები ბევრ ზედაპირულ ურთიერთობას სჯობს.

თუმცა მარტოობის განცდა შეიძლება წარმოიშვას იმისდა მიუხედავად, რომ მეგობრები და ოჯახი გყავთ. მას ზოგჯერ ყველა განიცდის და ეს ნორმალურია. ნებაყოფლობითი მარტოობა არ არის სახიფათო ჯანმრთელობისთვის, იძულებითმა მარტოობამ კი შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს კეთილდღეობაზე.

 

რა საჭიროა მეგობრებთან ურთიერთობა

მეგობრებთან ურთიერთობა და იმის შეგრძნება, რომ ისინი პატივს გცემენ და უყვარხართ ისეთი, როგორიც ხართ, იმავდროულად – სხვებისთვის იმავეს განცდის შესაძლებლობის მიცემა გააძლიერებს თქვენს ურთიერთობებს. რაც უფრო მეტს გავუზიარებთ სხვებს, მით უფრო ჯანმრთელი და ძლიერი იქნება ჩვენი კავშირი.

სასიამოვნო ურთიერთობის დადებითი შედეგია ის, რომ ორგანიზმში გამოიყოფა სიხარულის ჰორმონები, მცირდება სტრესი და ამით ანთებითი პროცესებიც სუსტდება. შედეგად იმუნური სისტემის ფუნქციონირება უმჯობესდება, რაც ნიშნავს, რომ თქვენ უფრო მეტხანს და ბედნიერად იცხოვრებთ.

უფრო ძლიერია ის, ვინც გარშემორტყმულია ნათესავებით და მეგობრებით.

ადამიანები, რომლებმაც დაამყარეს პოზიტიური კავშირები, ანუ აქვთ კარგი ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, ნათესავებთან ან თუნდაც შინაურ ცხოველებთან, უფრო სწრაფად ამარცხებენ  ავადმყოფობას და უფრო მეტხანს ცოცხლობენ.

კვლევების თანახმად, ადამიანები, რომლებიც თავს მარტოსულად გრძნობენ, უფრო ადრე იხოცებიან, ვიდრე ისინი, ვინც მარტოობას არ განიცდიან. მაგალითად, მარტო მცხოვრებთა შორის ინსულტით სიკვდილის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე წყვილად მცხოვრებთა შორის.

კვლევამ, რომელშიც 180 000 ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ მარტოობის შეგრძნება და სოციალური კავშირების დეფიციტი 30%-ით ზრდის ინფარქტის ან ინსულტის რისკს. ამერიკული კვლევის თანახმად, მარტოხელა ადამიანებს ალცჰაიმერით დაავადების რისკიც უორმაგდებათ.

 

უნებლიე მარტოობა

თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში განიცდის სოციალური კავშირების დანაკლისს, მისი დაუცველობა იზრდება. უნებლიე და, შესაბამისად, სახიფათო მარტოობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს არ ჰყავს არავინ, ვისთვისაც შეძლებს გამოცდილების გაზიარებას, იმაზე საუბარს, რაც მისთვის მნიშვნელოვანია. მარტოობა გაცილებით მტკივნეულია, ვიდრე ფიზიკური ტკივილი.

ზოგჯერ გარშემო მყოფები მარტოობისკენ გიბიძგებენ და ისიც უფრო მკვეთრად იჩენს თავს. ზოგჯერ ბედნიერი ბებია გატაცებით საუბრობს თავის მშვენიერ შვილიშვილებზე და აზრადაც არ მოსდის, რომ მისი მსმენელები უშვილოები არიან. ასეთ სიტუაციებში საჭიროა, უფრო კორექტულად მოიქცეთ, ვინმეს არ აწყენინოთ. უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ არავინ იგრძნოს თავი უარყოფილად სამსახურში ან სხვა გარემოში. ამ შემთხვევაში ღირს ადამიანისადმი მეტი ინტერესის გამოჩენა, საუბრის წამოწყება – ასე მყარდება მეგობრობა.

სოციალურ კავშირებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე. მარტოობის შეგრძნება ასუსტებს სტრესისა და დაავადებებისგან დამცავ ბარიერს. ფსიქოლოგიური სტრესი იწვევს ანთებით პროცესებს და მავნედ მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, სისხლძარღვებსა და სხვა ორგანოებზე, ზრდის დაავადების განვითარებისა და ნაადრევი სიკვდილის რისკს.

ცნობილი ფაქტია, რომ სტრესი, ჭარბი წონა და უძრავი ცხოვრების წესი ანგრევს ჯანმრთელობას, მაგრამ ნაკლებად ცნობილია, რომ უნებლიე მარტოობაც დაავადების ხელშემწყობი სერიოზული ფაქტორია.

საშიში მარტოობა აორმაგებს დაავადების და ნაადრევი სიკვდილის რისკს. უარყოფის შეგრძნება უფრო მეტ გავლენას ახდენს სიკვდილიანობაზე, ვიდრე მოწევა, სტრესი, ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა.

 

მეგობრობის გაღმავება

მეგობრობა შეიძლება სიხარულისა და ნდობის წყაროდ იქცეს. სხვა ადამიანებთან თბილი ურთიერთობების დამსამყარებლად მნიშვნელოვანია ისაუბროთ როგორც სერიოზულ, ისე ზედაპირულ საკითხებზე, მოუსმინოთ, გასცეთ, იყოთ პოზიტიური, დააფასოთ სხვები, ერთად გაერთოთ, იზრუნოთ, პატივი სცეთ სხვის განწყობას, წახვიდეთ კომპრომისზე, იყოთ მოქნილი.

შეხვედრის დროს უნდა გამოამჟღავნოთ თანაგრძნობა და ემპათია, შეძლოთ სხვის ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენა. თუ არ გესმით, რა მდგომარეობაშია ადამიანი, ვერ მოექცევით მას მეგობარივით, ვერ გაუწევთ დახმარებას და ვერ მისცემთ საჭირო რჩევას. თუ ურთიერთობის განვითარების დროს ამას არ დაივიწყებთ, შეძლებთ, ხანგრძლივი, ღრმა და ძლიერი კავშირი დაამყაროთ.

 

ცვლილებების გასაღები

ნაბიჯი 1. გაცნობიერება

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, გაიაზროთ თქვენი მდგომარეობა, იყოთ გულწრფელი საკუთარ თავთან და ყურადღებით შეხედოთ პრობლემას და მის შედეგებს.

„მენატრება ნამდვილი მეგობარი ან პარტნიორი. შაბათ-კვირას მარტო ვარ, სხვები კი ერთად მხიარულობენ ან ფილმებს უყურებენ. სადღესასწაულო უქმეები ყველაზე ცუდი დროა. სწორედ მაშინ ვგრძნობ მარტოობას ყველაზე მეტად. ხშირად ვარ მოწყენილი. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ცხოვრება უჩემოდ გადის“. ზოგჯერ ძნელია საკუთარი თავისთვის ამ კუთხით შეხედვა და სიტუაციის სრულად გააზრება. მაგრამ სწორედ ამ მომენტში შეიძლება დაიბადოს აზრი, რომელიც ცვლილებებისკენ გიბიძგებთ.

 

ნაბიჯი 2. მოტივაციის შექმნა

ახლა თქვენ ფიქრობთ, რომ დროა, იპოვოთ გამოსავალი ამ სიტუაციიდან. გაჩნდა მოტივაცია და სწორედ ეს არის ის ძალა, რომელიც საჭიროა მარტოობის დასაძლევად.

უმეტესად თქვენ უკვე მიღებული გაქვთ გადაწყვეტილება – იცით, რა უნდა გაკეთდეს. გადაწყვეტილება, რომელიც თქვენს სულში იბადება, საუკეთესოა.

ამ მომენტში ყველაზე რთული შიშის დაძლევაა – ცხოვრების შეცვლის შიშის დაძლევა. მაგრამ ახლა თავი უნდა დააღწიოთ მას, წახვიდეთ უფრო შორს და ამავე დროს კრიტიკულად შეხედოთ მომავლის სხვადასხვა ვარიანტს. ნუ გააზვიადებთ საფრთხეს. შეეცადეთ, დაინახოთ პოზიტიური სურათი.

 

ნაბიჯი 3. დაისახეთ მიზანი

ახლა თქვენ უკვე გაქვთ ძალა და მოტივაცია სიტუაციის შესაცვლელად. მიჰყევით დასახულ მიზანს. რა გინდათ? როგორი ცხოვრებისკენ ისწრაფვით? ახლა თქვენ ახლოს ხართ მიზანთან – ეს იცით და გადაწყვეტილებაც მიიღეთ.

 

ნაბიჯი 4. აიღეთ ინიციატივა საკუთარ თავზე

იმოქმედეთ – თქვენ წარმატების ყველა წინაპირობა გაქვთ. რა თქმა უნდა, არსებობენ მეგობრები და პარტნიორები, რომლებიც შეგეფერებიან. იაყვით ენერგიული და მიზანდასახული და აუცილებლად მიაგნებთ თქვენს საგანძურს! მეგობრები ნამდვილი განძია. ისინი თქვენს ცხოვრებას უფრო მხიარულს, ჯანმრთელსა და ხანგრძლივს გახდიან.

 

ნაბიჯი 5. არ დანებდეთ

თუ შფოთვამ და გაურკვევლობამ კვლავ იჩინა თავი, გაიხსენეთ, რამ განაპირობა თქვენი ცხოვრების წესის შეცვლა. მიხვდებით, რისთვის ცდილობთ ამდენს და შიშს გადალახავთ. დროა, ცვლილებები შეიტანოთ ცხოვრებაში. არ იფიქროთ: „რით დასრულდება ეს ყველაფერი?“ ნაცვლად ამისა, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „როგორ შეიძლება ამის გამოსწორება, რომ უკეთ გავხდე?“

უამრავი გამოთქმა არსებობს პირველი ნაბიჯის გადადგმის, საკუთარი თავის რწმენის შესახებ: „შენ შეგიძლია“, „საუკეთესოს იმსახურებ“ და ა.შ. შეგიძლიათ, ბარათები ასეთი ტექსტით სააბაზანოს სარკეზე ან მაცივარზე მიამაგროთ. ისინი შეგახსენებენ, როგორ აფასებთ საკუთარ თავს და რომ წარმატების გზაზე დგახართ.

პირველი ნაბიჯი ნიშნავს, რომ მიზნისკენ დაიძარით. ახლა უფრო ადვილია, სვლა განაგრძოთ. ჩნდება სიტუაციის პოზიტიური ხედვა. ამიტომაა პირველი ნაბიჯი ყველაზე რთული.

რა თქმა უნდა, არის დღეები, როდესაც ეჭვი გეპარებათ, დაღლილობას და დაუცველობას გრძნობთ. ნუ ჩაიქნევთ ხელს, პირველივე წარუმატებლობის შემდეგ ნუ დანებდებით. ნაცვლად ამისა, ეცადეთ, უფრო მოქნილი გახდეთ. თუ პირველმა ცდამ ამაოდ ჩაიარა, მოძებნეთ პრობლემის გადაჭრის სხვა გზა.

თუ მარცხს მნიშვნელოვან გამოცდილებად აღიქვამთ, შანსი, რომ მომდევნო ჯერზე წარმატებას მიაღწევთ, მოიმატებს. წარუმატებლობა ზრდის განვითარების შესაძლებლობას. თუ მარცხს თავიდან აიცილებთ, იცოდეთ, რომ ეს შიშის გამო ხდება. მოდი, ვეცადოთ, ცნობისმოყვარეობამ გაიმარჯვოს. გაურკვევლობა ცხოვრების ნაწილია და ზოგჯერ ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი