პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მასწავლებელი

სიტყვა “მასწავლებლის” გაგონებისას ყველას სულ სხვადასხვა რამ ახსენდება.

ზოგს – თავისი დაწყებითი კლასების მასწავლებელი, ვინც სითბოს არასდროს იშურებდა, ზოგს – საშუალო კლასების დამრიგებელი და ყურთან ახლოს ნაგრძნობი სუსტი წვა, ზოგიერთს – პლატონი და არისტოტელე, ან არისტოტელე და მაკედონელი, ან კიდევ, რა ვიცი, ბევრი სხვა წყვილიც მოიძებნება.

ერეკლე ტატიშვილი – ჩემი საყვარელი პოეტის, ნიკო სამადაშვილის, სულიერი მამა და ძმა, ფილოსოფოსი, მეცნიერი, პედაგოგი, უდიდესი პიროვნება, რომელზეც ჯერ არ დამიწერია და რომელსაც ეძღვნება ეს პოსტი.

ერეკლე ტატიშვილი 1884 წელს გორში დაიბადა, გორის გიმნაზიის შემდეგ ელიზავეტოპოლის გიმნაზიაში სწავლობდა, უმაღლესი განათლება ჯერ ლაიფციგის, შემდეგ მონპელიეს უნივერსიტეტებში მიიღო, 1913 წელს კი პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლა დაამთავრა საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. 1918 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ერეკლე ტატიშვილი სამშობლოში დაბრუნდა და პედაგოგიურ მოღვაწეობას მიჰყო ხელი. ჯერ გორის ვაჟთა გიმნაზიაში, მერე კი თბილისის ვაჟთა ქართულ გიმნაზიაში ასწავლიდა გერმანულ ენას. შემდეგ მცირე ხნით დაუბრუნდა პოლიტიკურ მოღვაწეობას: 1920-1921 წლებში იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური განყოფილების გამგე, მერე – ამავე სამინისტროს დირექტორი, მაგრამ მალევე მიატოვა თანამდებობა.

1921-1923 წლებში ასწავლიდა ვაჟთა მესამე ტექნიკუმში, იყო მწერალთა აკადემიური ასოციაციის წევრი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვის შემდეგ ცდილობდა მისი კულტურული ავტონომიის შენარჩუნებას, თანამშრომლობდა ქართულ პერიოდიკასთან (“ილიონი”, “საქართველოს სამრეკლო” (რედაქტორი – კონსტანტინე გამსახურდია), “პოეზიის დღე” (რედაქტორი – ვახტანგ კოტეტიშვილი), “კავკასიონი” და “ახალი კავკასიონი” (რედაქტორი – პავლე ინგოროყვა).

1923 წელს ივანე ჯავახიშვილმა მიიწვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო საჯარო და კერძო სამართლის ლექტორად, 1927 წლიდან კი ასწავლიდა უცხო ენებსა და ლიტერატურასაც. 1931 წელს ხელისუფლებამ დაარბია და საბოლოოდ დაშალა ქართველ მწერალთა აკადემიური ასოციაცია და სხვებთან ერთად ერეკლე ტატიშვილიც გარიცხეს საქართველოს მწერალთა კავშირიდან (17 მაისის სხდომაზე).

1935 წელს იყო უნივერსიტეტისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენის – უცხო ენათა კათედრის – დამაარსებელი და პირველი გამგე.

იმ დროიდან დაიწყო მისი დევნა. ჩამოართვეს უნივერსიტეტში სასწავლო კურსები, ხოლო 1941 წლის 23 ივნისს დააპატიმრეს. მან ორ წელიწადზე მეტი ხანი დაყო თბილისის საპატიმროში. გათავისუფლების შემდეგ კვლავ უნივერსიტეტს და პედაგოგიურ მოღვაწეობას დაუბრუნდა, თუმცა დიდხანს აღარ უცოცხლია. გარდაიცვალა 1946 წლის 1 თებერვალს. ერეკლე ტატიშვილის ცხედარი მისმა მეგობრებმა და მოწაფეებმა ხელით წაასვენეს მთაწმინდის უბნიდან, სადაც ერთ პაწია ოთახში ცხოვრობდა, და დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე (მისი საფლავის ქვა ნიკო სამადაშვილმა ჩამოიტანა).

დიდია ერეკლე ტატიშვილის ღვაწლი ქართული სამეცნიერო თუ მხატვრული ლიტერატურის წინაშე. მნიშვნელოვანი თარგმანები – ჩარლზ დარვინის “სახეობათა წარმოშობა”, ფრიდრიხ შილერის “ვერაგობა და სიყვარული” (პირველად დაიდგა 1935 წელს), ბერნად შოუს “კეისარი და კლეოპატრა”, ფრიდრიჰ ნიცშეს ფილოსოფიური რომანი “ესე იტყოდა ზარატუსტრა”…

იგი თავისი პუბლიცისტური თუ კრიტიკული წერილებით აქტიურად ეხმიანებოდა ქართული კულტურისთვის ძალიან რთულ დროს, როგორც ჭეშმარიტი ინტელექტუალი – გულშემატკივარიც და კრიტიკოსიც ერთდროულად:

“ლიტერატურული ესთეტიკა ჯერ კიდევ აკვანში განისვენებს, სადაც კრიტიკა ვერ გასცილებია პირადი სიმპათია-ანტიპათიის შურის მისრით შეზღუდულ არეს, სადაც პიროვნების დაფასება-პატივისცემა შორეულ ჟამთა არაკად გარდაქმნილა, სადაც ყველა კუთხეში პამპულას ძონძებში გამოწყობილ, ფაფარაშლილ კადნიერებას თავისი ბალაგანი დაუდგამს და უამრავ “საკუთარ ფირმათა” ჭრელი იარლიყების გამოფენა ადამიანს თავბრუს დაახვევს, სადაც ყველა უსუსურ ბავშვსაც კი წარმოდგენილი აქვს, რომ ზეცას ცეცხლი მოსტაცა, რათა თავის მოძმე უბედურ მომაკვდავთ ძვალ-რბილი გაუთბოს. რა გასაკვირველია: “ჩვენი ქვეყანა ხომ ამირანის ქვეყანაა?!” (ერეკლე ტატიშვილი, “ეკლიანი გზით ვარსკვლავებისაკენ”).

ერეკლე ტატიშვილს, როგორც ნიკო სამადაშვილის მასწავლებელს, მისი პოეზიის გულშემატკივარსა და, ერთგვარად, აღმომჩენსაც ძალიან დიდი როლი ენიჭება მეოცე საუკუნის ქართული პოეზიის ისტორიაში.

თამაზ ჩხენკელი წერს: “ერეკლე ტატიშვილი იყო დიდი ერუდიციის კაცი, ევროპული კულტურისა და ლიტერატურის შესანიშნავი მცოდნე, მეტად საინტერესო პიროვნება. ეს მოაზროვნე კაცი, თავისი ბრწყინვალე განათლებისა და პიროვნული მომხიბვლელობის წყალობით, დიდ გავლენას ახდენდა შედარებით ახალგაზრდა, ზოგჯერ სავსებით ყმაწვილ მეგობრებზე. ნიკო სამადაშვილი მოწაფე და მეგობარი იყო ერეკლე ტატიშვილისა, რომელიც მას რაღაც უცნაური ძალით უყვარდა თავისი სიცოცხლის ბოლომდე. ჩვენი მეგობრობის მანძილზე მე არ მახსოვს არც ერთი შეხვედრა ღვინისმიერი თუ უღვინო, რომ მას გულისშემძვრელი სიყვარულითა და თაყვანისცემით არ მოეგონებინოს ამ კაცის სახელი. ეს მართლაც საოცარი იყო და ჩემზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა. მე მინდა ვთქვა, რომ რამდენადმე ამ ძლიერ პიროვნებასთან ურთიერთობამ განაპირობა ნიკო სამადაშვილის პოეტური ბიოგრაფიის თავისებური გეზი”.

“შეხვედრები და სინანული” – ეს პროზაული კრებული პოეტმა სწორედ ერეკლე ტატიშვილს მიუძღვნა წარწერით: “ჩემი ცხოვრების სიხარულსა და გულშემატკივარს, ერეკლე ტატიშვილის ხსოვნას”.

“როცა გხვდებოდი, ჩემს საგონებელს
ვფიქრობდი, ვუმზერ შუბლმაღალ ხეთებს,
შენ რომ წახვედი, ასე მგონია,

მთელი ქვეყანა თან გაიხვეტე”, –

ასეთი სიტყვებით გააცილა პოეტმა მეგობარი და მასწავლებელი უკანასკნელ გზაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი