ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

კარტოფილის ამოღება და თავისუფალი ლექსის ხიბლი

თავისუფალი, თეთრი ლექსი, იგივე ვერლიბრი ძალიან უცნაურად გავიცანი, თან პირდაპირ ჟანრის კორიფე – ბესიკ ხარანაულის შედევრით დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ისეთი დრო იყო, რომ ყველას გვქონდა სახლში პატარა ბოსტანი, ზოგს დიდი ნაკვეთიც კი, სადაც მოგვყავდა კარტოფილი, სიმინდი, ლობიო – ასე გაგვქონდა თავი 90-იანების გაჭირვებისას.

ჰოდა, ერთხელ, საღამოს, ჩვეულებისამებრ ჩემი კლასელი მესტუმრა, რომელიც ამავე დროს მეგობარი და კარის მეზობელიც იყო. ფაქტიურად მთელს დღეს ერთად ვატარებდით. ჰოდა, ხითხითებდა, უნდა გაცინოო, ნახე რა ვიპოვე სახლშიო. ლექსი რომელსაც რითმა არ აქვს და თან „კარტოფილის ამოღება“ ჰქვიაო.

საქმე იმაშიც იყო, რომ კარტოფილის ამოღება ჩვენც მალე გვიწევდა და რაღაცნაირად დაემთხვა ამ ტექსტის აღმოჩენა და ალბათ ამანაც გაახალისა ეს ჩემი მეგობარი. დაიწყო კითხვა, ინტონაციით:

„– ხვალე კარტოფილი უნდა ამოვიღოთ! –

მითხარი შენ

და საწოლისკენ სკამი მიიწიე,

რომელზეც შემდეგ,

შუქს რომ ჩააქრობდი,

ტანსაცმელი უნდა დაგეწყო.

მე კედლისკენ გადავბრუნდი.

ამით ისიც გაგრძნობინე,

რომ გავიგე შენი ნათქვამი

და ისიც გითხარ, რომ ხვალინდელ დღეს

სულ სხვა რამეებს ვაპირებდი:

_ მე თხუთმეტი წლისა ვიყავი,

ხვალ კვირა იყო

და მე მქონდა ჩემი გეგმები.

მაგრამ შენ თქვი, რომ

კარტოფილი უნდა ამოვიღოთ…“

ლექსი ძალიან გრძელი იყო, უგრძელესი, ჩვენთვის პოემას გავდა, თითქოს რითმა არ ჰქონდა, მაგრამ სიტყვები მღეროდნენ, ბგერები ირხეოდნენ, ალბათ იმ ასაკში ბევრს ვერ გავიგებდი, თუმცა რაღაცნაირად გულში ჩამწვდა. წიგნის დატოვება ვთხოვე და საღამოს თავად ჩავუჯექი. მერე სხვა ლექსებიც წავიკითხე და აი ასე შემიყვარდა.

ერთი ბლოკნოტი მქონდა, წითელ-მწვანე კუბოკრული ყდით, საყვარელ ლექსებსა და ფრაზებს იქ ვიწერდი, ვაგროვებდი ხოლმე, ჰოდა მთელი ღამე გავათენე, სანამ ბესიკ ხარანაულის ყველა ლექსი არ გადავწერე რაც კი მომეწონა. მას მერე ვერლიბრი რითმიან ლექსს ვარჩიე (ჩემი პირადი აზრია), რადგან ადამიანი სათქმელს ყოველგვარი რითმის ჩარჩოების გარეშე ამბობს, უფრო თავისუფლად. თუმცა რითმიანი ლექსი კლასიკად რჩება და თავის ადგილი უკავია ლიტერატურაში.

უამრავი წელი გავიდა, მე მასწავლებელი გავხდი და ხშირად ხდება ისე, რომ მოსწავლეებს უჭირთ განსხვავებული სტილის, ურითმო ლექსის მიღება. უკვირთ და რაღაცნაირად სკეპტიკურად არიან ხოლმე განწყობილები, რადგან მათთვის ლექსი აუცილებლად რითმასთან ასოცირდება, თუმცა რა მათი ბრალია, ასე ასწავლეს. ვეუბნები, რომ პოეზია რითმა არ არის და ის მუსიკაა, რომელსაც სიტყვები ქმნიან, ეს სიტყვები კი ავტორის ემოციებიდან იბადებიან, ავტორის განცდები, გრძნობები იქცევა პოეზიად, მუსიკად და იქმნება ლექსი – ვერლიბრი, ყველაზე თავისუფალი და ყველაზე თეთრი.

ზოგიერთს აქვს იმის ნიჭი, რომ საკუთარი ემოციებს რითმის ღობე შემოარტყას, და ხშირად ეს ძალიან ლამაზია, მაგრამ ხელოვნური და უსიცოცხლოც გამოდის ხოლმე, სიტყვები ემოციებისგან იცლებიან და მკვდარი სიტყვები, მხოლოდ რითმებით საცოდაობაა.

გალაკტიონია რითმის დიდოსტატი, რითმის მეფე, მას რითმა სჭირდება, რითმა ამ შემთხევაში, პირიქით ახალ სიცოცხლესა და მნიშვნელობებს ჩუქნის სიტყვებს. თუმცა გალაკტიონი რის გალაკტიონია თუ იდეალური თავისუფალი ლექსებიც არ ექნება.

ლექსების წერა ყველას უფლებაა, მათი გამოქვეყნებაც კი. თქვენც შეგიძლიათ დაწეროთ აბა სცადეთ, თან მუსიკას ვურთავ, რაიმე მშვიდს, წყნარს, რომანტიკულს, ფიქრებისა და გრძნობების ამშლელს.

  • რაზე დავწერო მას, არ ვიცი… – ვერ ისვენებენ. ვეუბნები რომ აი, ამ წუთას რასაც

გრძნობენ, რაც აწუხებთ აქციონ სიტყვებად. თან ვუკითხავ ხარანაულს, ლია სტურუას. მალევე ხვდებიან, და იწყებენ. წერენ იმაზე რომ შიათ, რომ უყვართ, ოცნებებზე, სურვილებზე, მოგზაურობებზე, მოგონებებზე, სიზმრებზეც კი. კითხულობენ ხმამაღლა და ვცდილობთ მუსიკა ვიპოვოთ. ვუხსნი როგორ გამოიყენონ ეპითეტები, მეტაფორები, რომ ისინი სამკაულებია ლექსებისთვის.

თანამედროვე სამყარო სავსეა იდეებით, ემოციებით, ტკივილებით, სევდებით, მეტაფორებითა და სიმბოლოებით, ანუ იმ ყველაფრით რითაც თეთრი ლექსი იქმნება, გარდა ამისა დროის მსვლელობა იმდენად აჩქარებულია, სათქმელი იმდენია რომ ვინღა დაეძებს რითმას, მთავარია ითქვას, გულიდან გადმოიღვაროს, ადამიანი დაიცალოს.

ჰო, დღეს ლექსმა რაღაცნაირად განტვირთვის ფუნქციაც მოირგო, ის აღარ არის ლამაზი სიტყვებით აკინძული ყელსაბამი, ის შეიძლება მძიმე, ტკივილიან, მოუქნელ ხანჯლად იქცეს, წაკითხვისას ჭრილობებს რომ გაგვიხსნის და გვატკენს, გვატირებს, შეგვზარავს. დამთავრდა ლამაზი, ბრჭყვიალა ლექსების ეპოქა, მხოლოდ ტრფობა და სულ უმნიშვნელო სევდა რომაა გარითმული, ან სულის ობლობა თუ მთვარის შუქზე გათენებული ღამეები. თუმცა ისინი მაინც ციმციმებენ მოლურჯო შუქით და მკითხველს რაღაც მაგიურ, რომანტიულ არა ამ ქვეყნიურ საბურველში ახვევენ. ტკბილია ეს გრძნობა, და გვჭირდება კიდეც ყოველდღიური ტრაგედიებით დაღლილებს, თუმცა დღევანდელი პოეზია ხისტია, ქვენა გრძნობები უფრო საინტერესო და მრავალმხრივია.

ჰოდა იქნებ ამ ჩვენს მოსწავლეებს შევაყვაროთ ვერლიბრი, იქნებ თავადაც სცადონ წერა, რაღაცნაირად ჩვენ იმ იარაღის ფლობას ვასწავლით რითაც სიმშვიდეს მოიპოვებენ, ტკივილის გაშვებას ისწავლიან. წერონ ყველაფერზე, ნებისმიერი წვრილმანი შეიძლება დიდებულ პოეზიად იქცეს, თუნდაც მეტროთი ან ავტობუსით მგზავრობა ან უბრალო გრიპიც კი. რა გასაკვირია, როცა  საოცარი ლია სტურუამ შაკიკს ამაღელვებელი, შეუდარებელი და ამაფორიაქებელი ლექსი მიუძღვნა, რა თქმა უნდა თეთრი და თავისუფალი:

ბალადა შაკიკზე

ყველაზე მწარე მოგონება ბავშვობის _

როგორ მოდიოდა ჩემთან

ზაფხულის ცხელი დღე,

შუბლს ამხდიდა სახურავივით

და მზესუმზირას ყვავილს

ჩამიტენიდა თავში…

თუ დედაჩემი მოასწრებდა

და ჩვენს შორის ჩადგებოდა,

ტკივილი უკან იხევდა,

თუ არა და გავარვარებული ჰორიზონტი

კედელივით მიშენდებოდა თვალწინ,

დაუნგრეველი კედელივით,

რადგან შიგ ჩემი ბავშვობა იყო ჩატანებული…

მთელი სიცოცხლე იდგა დედაჩემი

ჩემსა და ადუღებულ ჰორიზონს შორის

და, ზოგჯერ, ახერხებდა

სველი ტილოდან

გარეცხილი ფანჯარასავით კრიალა

გრილი დღე ამოეყვანა,

ვეღარავინ შველის

ჩემს ტკივილს,

(გინდა, ჰორიზონტის კედელთან გიბრძოლია,

გინდა, ქარის წისქვილებთან)

მათ შორის ან დედა უნდა იდგეს,

ან პოეზია

და ორივე შემთხვევაში

მადლიერი ვიქნები ბედის,

ოღონდ, ამ ბოლო დროს, შიში დამჩემდა,

ფანჯარას რომ გავაღებ,

ყინული არ ჩამივარდეს გულში.

(იქაც მზესუმზირების ცეცხლი თავში)

და სამოთხეში ვინ შემიშვებს ამხელა ტკივილით,

ჯოჯოხეთისთვისაც ვერ გამიმეტებენ,

ამიტომ სადმე შუაში გავჩერდები,

ვარსკვლავივით,

ჩემს შვილს გზას გავუნათებ…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი