პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მოდელირება – ,,ხმამაღლა ფიქრის’’ ტექნიკა

პატარაობისას, როცა საბავშვო ბაღში დავდიოდი, ასეთი რამ გადამხდენია თავს:

ამხანაგმა გამაბრაზა. დავდექი თურმე ჩემთვის და საკმაოდ ხმამაღლა ვთქვი:

–  დაიცადოს ,,მაგან’’! დედამისს   ვეტყვი, გაუბრაზდება და გატყეპავს!

შემდეგ შევჩერდი… და იქვე, ჩემთვის:

-მაგრამ მერე რომ შემეცოდება და ვიტირებ?..

და მე თვითონ ჩავეხუტე…

თითქოს საკვირველი არაფერია. ამ ასაკის ბავშვებს სჩვევიათ ნაფიქრის გახმოვანება.

მეც, რამდენჯერმე, ასე ხმამაღლა გამომითქვამს ჩემი ფიქრები…

ამის გამო, თურმე, გულიანად იცინოდნენ  ბაღის ძალიან კარგი მასწავლებლები და დედას ეუბნებოდნენ, როგორ ,,ტაქტიკურად’’ ვიყენებდი აღმზრდელობით სტრატეგიებს ბაღის აღსაზრდელი ,,მეტიჩარა’’ გოგონა…

არავის ახსოვს ჩემს ,,ხმამაღალ ფიქრებს’’  თანატოლებისგან მსგავსი ქმედების განხორციელება მოჰყვა თუ არა, მაგრამ ერთი რამ ცალსახად ცხადია, თურმე, აბსოლუტურად გაუცნობიერებლად ვვარჯიშობდი და ვემზადებოდი, რომ ბევრი წლის შემდეგ მოდელირების მეთოდით მესწავლებინა ბავშვებისთვის ტექსტის გაგება-გააზრების სტრატეგიები…

ეს ხუმრობით…

რეალურად, როდესაც ტექსტის გაგება-გააზრების უნარზეა საუბარი, თვალწინ წარმოგვიდგება საკმაოდ რთული პროცესი, რომელიც იწყება წაკითხვამდე, მიმდინარეობს კითხვის დროს და გრძელდება წაკითხვის შემდეგ.

სწორედ ამიტომაა, რომ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ვერ ეუფლებიან ამ უნარს მარტივად. კვლევებით დადასტურებულია, წაკითხულის გაგება-გააზრების უნარი ყველაზე კარგად ვითარდება, როცა მასწავლებელი ჩვენების, ახსნისა და მართული პრაქტიკის სტრატეგიებს იყენებს, ანუ, ექსპლიციტურად, პირდაპირი გზით ასწავლის.

ექსპლიციტური სწავლება მიმდინარეობს ოთხ ეტაპად:

  • პირდაპირი ახსნა-განმარტება
  • მასწავლებლის მიერ მოდელირება, ანუ მაგალითის ჩვენება
  • მართული პრაქტიკა
  • დამოუკიდებლად გამოყენება

გაგება-გააზრების სტრატეგიების სწავლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვუჩვენოთ მოსწავლეებს, როგორ ვიყენებთ კონკრეტულ სტრატეგიას ჩვენ.

ამისთვის მივმართავთ მოდელირებას, ,,ხმამაღლა ფიქრის’’ტექნიკას.

მინდა, გაგიზიაროთ საგანმანათლებლო ვებპორტალზე https://kargiskola.ge/ განთავსებული მინიგაკვეთილი, მოდელირების საუკეთესო ნიმუში, ჯანი როდარის ზღაპრის, ,,ტროლეიბუსი № 75-ის’’ მაგალითზე.

მინიგაკვეთილის შესავალი

მასწავლებელი იღებს წიგნს და შეამზადებს მოსწავლეებს ხმამაღლა ფიქრის აქტივობისთვის (მინიგაკვეთილისთვის). ის აყალიბებს კითხვის მიზანს, შემდეგ მიმოიხილავს სათაურს, ათვალიერებს წიგნის გვერდებს და ლაპარაკობს ტექსტის ელემენტების შესახებ (ქვესათაურები, გამუქებული სიტყვები, ილუსტრაციები). კითხულობს სათაურს და ხმამაღლა ამბობს, რა იცის უკვე. აყალიბებს ვარაუდებს და სვამს შეკითხვებს.

– დღეს მე გიჩვენებთ, თუ როგორ კითხულობს კარგი მკითხველი. ამისათვის მე ჩემს ფიქრებს ხმამაღლა გამოვთქვამ. თქვენ დაინახავთ და გაიგონებთ, რა ხდება ჩემს გონებაში, როცა მე ვკითხულობ. ასე რომ, დღეს ძალიან საინტერესო მოგზაურობა გელით.  თქვენ ჩემი ფიქრების სამყაროში იმოგზაურებთ.

– მაშ, ასე, დავიწყოთ. პირველ რიგში, სათაურს წავიკითხავ და დავფიქრდები.  სათაური ხომ საკმაოდ მნიშვნელოვანია. წიგნის სათაურია ,,ტროლეიბუსი №75’’.

წინარე ცოდნის გააქტიურება

– რა ვიცი უკვე ტროლეიბუსზე? ვიცი, რომ ის ტრანსპორტია, რომ ქალაქში მოძრაობს, გადაადგილდება ბიგელების მეშვეობით, რომლებიც დენის მავთულებზეა ჩაბმული, ბიგელების გარეშე ადგილიდანაც ვერ დაიძვრება, რადგან საწვავზე არ მუშაობს.

– ჰო, კიდევ ისიც ვიცი, რომ ნომრები აქვს, № 27, 51, 75… ეს ნომრები იმისთვისაა საჭირო, რომ ადამიანები ადვილად მიხვდნენ, საით მიდის და ამის მიხედვით ჩასხდნენ შიგ. საიდან ვიცი? ვმჯდარვარ, თან საკმაოდ ხშირადაც პატარაობისას ბაბუასთან ერთად ზოოპარკში ტროლეიბუსით მივდიოდი ხოლმე, ოღონდ რა ნომრით, ეგ აღარ მახსოვს… ახლაც ხომ ვისაუბრეთ და კიდევ რაღაცები გავიხსენეთ მის შესახებ.

– აბა, ვნახოთ რაზე იქნება მოთხრობა, რომელსაც, ცოტა არ იყოს, უცნაური სათაური აქვს. მოდი, ახლა პირველ წინადადებას წავიკითხავ.

ტექსტის წაკითხვა ხმამაღლა ფიქრით

მასწავლებელი ხმამაღლა კითხულობს პირველ წინადადებას.

– ვერასდროს გამოიცნობთ, რა მოხდა ერთ მშვენიერ, თითქოსდა ჩვეულებრივ დილას!

მასწავლებელი ხურავს წიგნს, თავს მაღლა სწევს, აკეთებს მცირე პაუზას და იწყებს საუბარს.

ვარაუდების გამოთქმა `

– ნეტავ რა უნდა მომხდარიყო ასეთი უცნაური და არაჩვეულებრივი? თან ისეთი, ვერასდროს რომ ვერ გამოვიცნობთ? ჩემი აზრით, ტროლეიბუსი აღარ დახვდა მძღოლს სადგომზე. შეიძლება ტროლეიბუსში მოხდა ჩხუბი მგზავრებს შორის? ან, ალბათ, შუა გზაში გაფუჭდა.

საუბრის შემდეგ აგრძელებს კითხვას, კითხულობს რამდენიმე მომდევნო წინადადებას.

– ტროლეიბუსი № 75, რომელიც საერთოდ პარკიდან მოედნამდე დადის, ჩვეული გზით კი არ წავიდა, გარეუბნისკენ გადაუხვია… ჯერ ორ წუთსაც არ გაევლო, რომ იმხელა ტროლეიბუსმა ქალაქი უკან მოიტოვა და ტრიალ მინდორზე დარეტიანებულივით გავარდა.

შეკითხვების დასმა

-კი მაგრამ, შეიძლება, რომ ტროლეიბუსმა ბიგელების გარეშე იმოძრაოს? თუ რაღაც განსაკუთრებული ტროლეიბუსი იყო? იქნებ მძღოლი ნასვამი იყო და საჭე ვეღარ დაიმორჩილა? მაგრამ დილაადრიან სად დათვრებოდა… იქნებ გამოუძინებელი იყო და ჩაეძინა საჭესთან საწყალს…

შემდეგ მასწავლებელი ისევ ჩერდება და აგრძელებს ლაპარაკს.

ვიზუალიზება

-აბა, ერთი წამით თვალები დავხუჭოთ და ყველამ წარმოვიდგინოთ ეს მომენტი… მასწავლებელი თავადაც ხუჭავს თვალებს და ბავშვებსაც იმავეს სთხოვს. ახლა დავინახე, როგორ მიქრის დარეტიანებული ტროლეიბუსი მინდორზე, ბიგელები ცაში აქვს აშვერილი და შხუილით ჩაუქროლებს ხალხს, ხეებს… რა სანახავი იქნებოდა!..

მინიგაკვეთილის შეჯამება

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ისაუბრონ მოდელირებული სტრატეგიების შესახებ. სთხოვს მოსწავლეებს გამოიყენონ მოდელირებული სტრატეგიები მართული კითხვისა და დამოუკიდებელი კითხვის დროს.

-რას იტყვით, რა დაგამახსოვრდათ? რომელი სტრატეგიები გაჩვენეთ? რა მოგეწონათ? როგორ გამოიყენებთ ჩემ მიერ ნაჩვენებ სტრატეგიებს კითხვის დროს?

-ახლა გთხოვთ, თქვენ გააგრძელოთ ტექსტის წაკითხვა და გამოიყენოთ ჩემ მიერ მოდელირებული სტრატეგიები.

რას ხედავენ და რას ხვდებიან  ბავშვები?

ფიქრის გახმოვანებისა და ილუსტრირების მეთოდის დახმარებით ბავშვები აკვირდებიან და ხვდებიან, როგორ მიმდინარეობს გაგება-გააზრების პროცესი და მოდელირებულ ქმედებას იმეორებენ, როცა დამოუკიდებლად იწყებენ კითხვას.

სასურველია, მასწავლებლის მიერ მოდელირება ,,ხმამაღლა ფიქრის’’ ტექნიკის გამოყენებით მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდეს.

ჩვენ არ ვიცით, რას ფიქრობენ ჩვენი მოსწავლეები ნაწარმოების წაკითხვისას ან საერთოდ ფიქრობენ იმ მომენტში თუ არა.

სამაგიეროდ შეგვიძლია, მოდელირების გზით ვუჩვენოთ, რას უნდა ფიქრობდეს მკითხველი წიგნის წაკითხვამდე, კითხვის პროცესში და დასრულების შემდეგ.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://kargiskola.ge/teachers/resource_books/kitxva/resursi_kitxva.pdf

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი