პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ხელოვანები პარლამენტში

„მხატვარი იყო თენგიზ კიტოვანი და კიდეც მოჰხატა
რუსთაველის გამზირი” – ეს ფრაზა ოთარ ჩხეიძის ერთ-ერთი რომანიდან ხშირად
მახსენდება: მაშინ, როცა რუსთაველის გამზირზე ჩავივლი ან გამზირის ფოტოებს
ვნახულობ ხოლმე, ან სულაც ისეთ ხელოვანებს შევნიშნავ ტელეეკრანზე, რომლებიც
აქტიურად მონაწილეობენ პოლიტიკურ დებატებში.

ამასწინათ სოციალურ ქსელში ერთი ახალგაზრდა კაცი
ანგარიშობდა, თუ რომელი მოწვევის პარლამენტი იყო უფრო „სახელოვნო”, ყველაზე მეტი
კულტურის მოღვაწით დაკომპლექტებული. სიაც მოიტანა სანიმუშოდ და ის პერსონებიც
გადმოალაგა ბიოგრაფიებითურთ, ვინც სხვადასხვა დროს საქართველოს უმაღლეს
საკანონმდებლო ორგანოში იყვნენ.

პოეტი, მწერალი, კინორეჟისორი, მსახიობი, მთარგმნელი,
მუსიკოსი, მხატვარი, მოქანდაკე – საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი ხალხი
შეიკრიბა, ვისაც, სიმართლე ითქვას, გამორჩეული წვლილი აქვთ შეტანილი ქართული
ხელოვნების განვითარებაში, მაგრამ სოციალური ქსელის მომხმარებლებს სხვა რამ უფრო
აინტერესებდათ: როგორია მათი წვლილი ქართული პარლამენტარიზმის განვითარებაში.

სხვათა შორის, საგულისხმოა, რომ თავში ნახსენები
თენგიზ კიტოვანი 1992-1995 წწ. მოწვევის პარლამენტში მოხვდა, ისევე როგორც მწერალი
და დრამატურგი, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი ჯაბა იოსელიანი, და მაშინ, ალბათ, არა
სახელოვნო მასშტაბების მეტ-ნაკლებობამ, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში
გამოჩენილმა აქტიურობამ განსაზღვრა ხალხის ეს არჩევანი.


– ხელოვანის ადგილი დანომრილ
მიკროფონებთან კი არ არის, – გვითხრა ერთხელ ქართულის მასწავლებელმა,
ნოქალაქევში ვიყავით ექსკურსიით და პოლიტიკოს მწერლებზე ჩამოვარდა საუბარი, – მისი
ადგილი მარტოობაშია. მარტოობას უნდა გაუფრთხილდეს, საკუთარ მაგიდას გადაეფაროს,
თუკი ვინმე შეეცილება და არ დაანებოს თავისი განუყრელი სიმარტოვე. ჩვენთან კი
პირიქით ხდება: თავადვე ტოვებენ საკუთარ ოთახს და ტრიბუნებისკენ მიეშურებიან.

მაშინ მაღალფარდოვანი მეჩვენა იმ ქალის ხმააწეული
გამოსვლა, მაგრამ დრო რომ გავიდა, ამ ამბებს სხვა თვალით შევხედე: თუკი ქვეყნისა
და ხალხის სამსახურზე მიდგა საქმე, ყველაზე მეტს მაინც საწერ მაგიდასთან გააკეთებს
მწერალი, კინორეჟისორი – გადასაღებ მოედანზე, მსახიობი – სცენაზე, მხატვარი –
სახელოსნოში. ის ზღაპარი ხომ გახსოვთ? ბიჭი რომ უკვდავების (ამ შემთხვევაში –
სახელის, პატივის, გავლენის, ფულის, ლუკმაპურის) საძებნელად ცხრა მთას იქით წავა
და თავის ოჯახსა და სოფელს მიატოვებს. კარგა ხნის შემდეგ მიაღწევს ნანატრ
უკვდავებას (ამ შემთხვევაში – სახელს, პატივს, გავლენას, ფულს), მაგრამ სამი-ოთხი
დღის (ამ შემთხვევაში – ოთხი წლის, ერთი მოწვევის) შემდეგ მოენატრება თავისი ოჯახი
და სოფელი (ამ შემთხვევაში – ნამდვილი შემოქმედება), თავქუდმოგლეჯილი გამორბის
უკვდავებიდან, მაგრამ ყველაფერი შეცვლილი და გადასხვაფერებული დახვდება.

„მიწა თავისას მოითხოვს” – ასე ჰქვია იმ ზღაპარს.

„ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს” – თითქმის გაიცვითა
ეს სენტენცია, მაგრამ არის მასში სიმართლე, რომელიც ამ გზაზე შემდგარი
ადამიანისგან თვითშეწირვას მოითხოვს.

ოღონდ მედლის მეორე მხარეც არ უნდა დაგვავიწყდეს.

ტარიელ ჭანტურია თავის წიგნში „დინოზავრიდან
დიზაინამდე” თომას ვულფის ერთ ჩანაწერს მოიხმობს:

ინტერესდებიან თუ არა მწერლები პოლიტიკით?შექსპირი? კი. ჯონ
კიტსი? არა. პერსი ბიში შელი? კი. ბაირონი? რა თქმა უნდა. დიკენსი? კი. თეკერეი?
არა. ჰენრი ჯეიმსი? არა. ფლობერი? ჰოც და არაც. ზოლა? რა თქმა უნდა. ვიქტორ ჰიუგო?
რა თქმა უნდა. გოტიე? არა. ტოლსტოი? კი.

თომას ვულფის ანალოგიით, ქართველი პოეტიც ცდილობს
საკუთარ სამშობლოში იპოვოს მწერლები, რომლებსაც, მსგავსად, ვთქვათ, ჰენრი
ჯეიმსისა, არ აინტერესებთ პოლიტიკა:

– ნიკო ლორთქიფანიძე? მაგრამ „იყიდება საქართველო”
ვისია? ალბათ დავით კლდიაშვილი! მაგრამ ის სამხრეები მე დავაკერე? იქნებ… თუ
აქეთ გადმოვალთ და უახლეს ლიტერატურას გადავხედავთ, კიდევ უფრო გაძნელდება ეს
საქმე – პოლიტიკის გარეთ მდგარი მწერლების პოვნა! ეტყობა, პრობლემებით გაძეძგილი
პატარა ქვეყნის შვილი მოკლებულია ამ ფუფუნებას!

ეს ბოლო ფრაზა მთლიანად ხსნის ქართველ
ხელოვანთა პოლიტიკაში ყოფნის ძირითად სურვილს – თუ თავს ზემოთ ძალა არ არის და
ქვეყნისთვის აუცილებელია, სჯობს ისევ მან მიატოვოს (დროებით!) მთავარი საქმე, რომ
ქვეყნის მთავრობასა და საკანონმდებლო ორგანოში კარიერისტული მიზნებით შეპყრობილი
შემთხვევითი ადამიანები არ მოხვდნენ.

ოღონდ ერთი რამაა – ვიწროპარტიული ინტერესები ან
პირადული სიმპათია-ანტიპათია კი არა, სახელმწიფოებრივი შეგნება უნდა კვებავდეს
ხელოვანის ამ არჩევანს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰუმანიზმის იდეალები, ადამიანი და
ადამიანური ფასეულობები კიდევ ერთხელ გაითელება ფეხქვეშ.

…ფეისბუქის შეკითხვა კი შეკითხვად რჩება: როგორია
ინტელიგენციის როლი ქართული პარლამენტარიზმის განვითარების საქმეში?

პასუხი, რბილად რომ ვთქვათ, ბუნდოვანია. ალბათ,
უპასუხობა ჯობდა, მით უმეტეს, ხელოვნების საქმე შეკითხვის დასმა უფროა (საკითხების
დაყენება დღის წესრიგში). ალბათ ამიტომაც ვერ არის ხელოვანების
კანონშემოქმედებითი საქმიანობა 90-იანების დასაწყისის პარლამენტში იმ ხარისხისა და
მნიშვნელობის, როგორიც, ვთქვათ, მათივე „დათა თუთაშხია”, ვერგილიუსის
„ენეიდას” თარგმანი, „მუსიკა ქარში”, „შერეკილები”…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი