ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ფილმი, რომელმაც საბჭოთა კავშირი გამაცნო

ციმბირის მთებში ჩაკარგული, ქიმიური კომბინატის გარშემო გაშენებული, დათოვლილი პატარა ქალაქი, სადაც გადასახლებულები და ყოფილი პატიმრები ცხოვრობენ და მუშაობენ. რეპრესირებული ინტელიგენციისა და “ბლატნოების” პირქუში, შიშითა და სიძულვილით, ძალადობით აღსავსე “თანაცხოვრება” თუ თანაარსებობა. ციმბირის გაყინულ, ქვიან და ბერწ მიწაზე გაშენებული ბაღები და ბოსტნები.

ქურდობა, ლოთობა, ცრემლები.

ჩხუბი, თვითნაკეთი დანების ფრიალი სოციალიზმის დიად მშენებლობებზე. იაფფასიანი პორტვეინით მთვრალი ფორმიან-ბაფთიანი, მუხლებგადაქლეტილი სკოლადამთავრებულები. ბიჭები: ნახევარი – პირდაპირ მილიციასა და ჯარში, ნახევარი – ზონაში. დასაფლავება, გარდაცვლილს სასულე ორკესტრი მთელ ქალაქში საშინელი ყმუილითა და კაკაფონიით მიაცილებს, ვერ გაიგებ, დასაფლავებაა თუ ქორწილი. კუბოს თავსახური კი, მთელი სამი დღე, სანამ მიცვალებული სახლში ასვენია, ბინის კართანაა მიყუდებული, სადარბაზოში. ძველი, გახუნებული ფოტოები, რომლებიდანაც კოპწიად გამოწყობილი წინაპრები გიყურებენ: ეს ომში დაიკარგა, ეს – ბანაკში, ეს… არა, ეს ავადმყოფობით მოკვდა, “თავისით”.

გაჩერებული საათი.

მატარებლები და რკინიგზის სადგური: მეზღვაურის დაგლეჯილ და ჭუჭყიან ზოლიან მაისურებში ჩაცმული უფეხო ადამიანები, რომელებიც პატარა, ბორბლებიან (ბორბალი სინამდვილეში დაჟანგული და მოშლილი საკისრებია, რომლებიც საშინლად ხმაურობს და ვიზუალს აუტანელი, მუდმივი ფონური ხმაური ემატება) ოთხკუთხედ ფიცრებზე “სხედან” და გადაადგილდებიან. ხელში ტყავის ნაჭრებისა და ჩვრებისგან გაკეთებული პატარა ბალიშები უჭირავთ, რომლებსაც მიწას უსვამენ და ისე დაგორავენ. ისინი მუდამ მთვრალები არიან, ტირიან, ძველ სამხედრო სიმღერებს მღერიან. ომზე არაფერს ჰყვებიან, გარდა იმისა, როგორ დახვდათ, ომიდან ჩამოსულებს, თავიანთი ქალები სხვასთან წასული. წითელი შეშუპებული სახეებით პორნოგრაფიული სურათებით მოხატულ ბანქოს ყიდიან. ამ ბანქოთი ხალხი ვაგონებში სამივლინებო ფულის უკანასკნელ კაპიკებს აგებს ოქროსკბილებიან ყომარბაზებთან. გამცილებლების საყვედურიანი, მუდამ უკმაყოფილო მზერა, გამოუძინებელი სახე და დაჭმუჭნილი, საყელოგაყვითლებული უნიფორმის პერანგი.

დიდი ქალაქის კომუნალური ბინები, ფანერის კედლები, მეზობლის უსასრულო, ჭლექიანი ხველა და ღამის ფაჩუნი მეზობელი “ოთახიდან”. ერთი ტუალეტი რვა ოჯახზე, სააბაზანოსა და ცხელი წყლის გარეშე, დილა-საღამოს – რიგით. საერთო სამზარეულო, სადაც მიმწვარი ზეთის, გამოხარშული სარეცხისა და საჭმლის სუნი ერთმანეთშია არეული. ჭრიალა, დროისგან ჩაშავებული იატაკი, მტვრიანი ნათურის მკრთალი შუქი დერეფანში. დასმენა, მიყურადება, შური.

სად ვნახე ეს ყველაფერი? საბჭოთა კავშირში. როგორ?! – მკითხავთ თქვენ (და მართალიც იქნებით), – შენ ხომ იქ თითქმის არ გიცხოვრია?! 1987 წელს არ დაიბადე? დიახ, 1987 წელს დავიბადე და საბჭოთა კავშირთან ძალიან ცოტა პირადი მოგონება მაკავშირებს. მე ეს ყველაფერი ფილმებში ვნახე. ალექსეი გერმანის ფილმებში. ზემოთ აღწერილ სცენებს ვერც იქ ნახავთ, თუმცა რატომღაც მგონია, რომ მისი შემოქმედება სწორედ ამაზეა. თავს არ შეგაწყენთ მისი არაერთგვაროვანი ბიოგრაფიის დეტალებით, ალექსეი გერმანი საბჭოთა და რუსული კინოს ერთ-ერთ უდიდეს რეჟისორად ითვლება და თუ დაინტერესდით, ინტერნეტში მის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება არ გაგიჭირდებათ.



იგი სულ ახლახან, 2013 წლის 21 თებერვალს გარდაიცვალა მშობლიურ სანკტ-პეტერბურგში. 20-ზე მეტი მხატვრული და დოკუმენტური ფილმის ავტორისადმი ჩემი ინტერესი ფილმმა «Хрусталёв, машину!» გამოიწვია.

ფილმის ტრეილერი:

 

ფილმის სრული ვერსია:

https://www.imovies.cc/ka/movies/17290/Khrustalyov-My-Car/RUS/HIGH

უფრო სწორად, იმ რეაქციებმა, ამ ფილმს რომ მოჰყვა. საზოგადოდ, კრიტიკა და, მით უმეტეს, კინემატოგრაფიული, იშვიათადაა ერთსულოვანი, თუმცა ამ ფილმის შემთხვევაში რეაქციათა ამპლიტუდა მაინც განსაკუთრებულად დიდი იყო.

ფილმი შავ-თეთრია და გერმანისთვის დამახასიათებელ დოკუმენტურ სტილშია გადაღებული. გადაღების ტექნიკა და სტილი იმდენად რთული და კომპლექსურია (მაგ., მრავალშრიანი ფონური გახმოვანება, რომელიც გერმანის ერთ-ერთი ექსპერიმენტია ამ ფილმში), რომ, უნდა ვაღიარო, მისი ყურება ნებისყოფის სერიოზულ გამოცდად შეიძლება ჩაითვალოს. ჩემთვის სწორედ ასე იყო, თუმცა როდესაც ფილმი დასრულდა, უზომო სიხარული ვიგრძენი, რომ ის ვნახე.

ფილმს ხანგრძლივი და რთული ისტორია აქვს, უჩვეულოდ რთული გადაღებები 7 წელი(!) მიმდინარეობდა. საბჭოთა კავშირსა და რუსეთში აღიარებული და უკვე სახელგანთქმული რეჟისორი ამთავრებს მუშაობას ფილმზე, რომელიც მისი შემოქმედების მთავარ სურათად ითვლება, ფილმზე, რომელმაც იგი უკვე მსოფლიოს უნდა გააცნოს. და აი, დგება 1998 წელი, ფილმის დასრულებული ვერსია კანის ფესტივალზე იგზავნება და… ფიასკოს განიცდის. მაყურებელი მას სტვენით ხვდება, ჩვენებისას დარბაზი თითქმის მთლიანად ცარიელდება… მოვლენებს გავუსწრებ და გეტყვით, რომ წამყვანი ფრანგული გამოცემები ბოდიშს მოუხდიან ფილმის ავტორს ამის გამო. მომდევნო ჩვენებები გაცილებით იმედის მომცემია და მალე საერთაშორისო კრიტიკა მას უკვე “შედევრად”, “ათწლეულის ფილმად” მოიხსენიებს. რუსეთში სურათს სრული ტრიუმფი ელის… ასეთ შემთხვევებზე ამბობენ ხოლმე, ფილმმა თავისი აუდიტორია იპოვაო.

თუმცა ეს პოსტი სულ სხვა რამემ დამაწერინა. დღეს, როცა მას ვწერ, 25 თებერვალია და ვიფიქრე, ურიგო არ იქნებოდა, დამეწერა ადამიანზე, რომელმაც დამანახვა საბჭოთა კავშირი – ქვეყანა, რომელიც არ მახსოვს. ვფიქრობ, “იმ” ცხოვრებაში ბევრი იყო გაკვეთილი, რომელიც “ამ” ცხოვრებაში უნდა გამოვიყენოთ. მაგრამ ამ გაკვეთილების ჩვენთვის გადმოცემა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც “იმ” ცხოვრებით იცხოვრა. ერთ-ერთი მათგანია ალექსეი გერმანი.

ვიცი, რომ ბევრი განსხვავებული აზრი არსებობს იმ 70 წელიწადზე, რომლებიც საბჭოთა კავშირში გავატარეთ. მეც მაქვს ჩემი აზრი.

ამ 70 წლისა მხოლოდ მას შეიძლება შეშურდეს, ვინც მათ შესახებ არაფერი იცის.

გმადლობ, ალექსეი!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი