ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

თქვენზე მითხრეს, საბჭოთა წარსულში გაიჭედაო. მართალია?

მილოშ ფორმანი, სანამ დიდ კინემატოგრაფში გადაბარგდებოდა, ჩეხოსლოვაკიის ტელევიზიაში მუშაობდა. ჟურნალ Esquire-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ფორმანი იხსენებს, რომ თითოეული არტისტი, რომელიც ეკრანზე უნდა გამოჩენილიყო, სპეციალურ ფორმას ავსებდა, სადაც წინასწარ წერდა ყველა იმ რეპლიკას, რომელსაც ეთერში იტყოდა და ცენზორებთან გზავნიდა. ამას “ზემოთ გაგზავნას” ეძახდნენ. ერთხელ გადაცემას ჟონგლიორები უნდა სწვეოდნენ, რომლებიც ეთერში არაფრის თქმას არ აპირებდნენ, – როგორც იტყვიან, მხოლოდ საქმე, – თუმცა ცენზურამ თავისი მოითხოვა. ფორმანიც ადგა და ჟონგლიორებს ფორმა შეავსებინა, რომელშიც ეწერა: “ჰოპ! აპ! ახ! უხ!” – ანუ ის ბგერები, რომლებსაც ადამიანი ჟონგლიორობისას გამოსცემს. ზემოდან კი მოიწერეს: “მისაღებია”.

სხვა რომ არა იყოს რა, მილოშ ფორმანის ეს ნაამბობიც კმარა იმ კომიკური და იმავდროულად ტრაგიკული დაავადების აღსაწერად, რასაც დიქტატორული და ცენზურული სივრცე ერქვა და ზოგიერთ მიწაზე, სამწუხაროდ, დღემდე არსებობს. ასეთი მიწები ხელოვანთათვის ერთსა და იმავე დროს ჯოჯოხეთიც იყო და სამოთხეც, რადგან დამოკლეს მახვილის ქვეშ მუშაობდნენ, ცდილობდნენ, სათქმელი ისე შეეფუთათ, რომ როცა ნამუშევარს “ზევით გაგზავნიდნენ”, ცენზორებისგან პასუხად მოსულიყო: “მისაღებია”. ეს კი იოლი საქმე როდი გახლდათ.
არადა, “ცისფერ მთებზე” უნდა მელაპარაკა…

ყუფარაძის ზარისა არ იყოს, ელდარ შენგელაიას ეს ფილმი რომ არ გადაეღო, არ შეგაწუხებდით, მაგრამ გადაიღო… და საგონებელში ვარ, როგორ გამოეპარა ეს წმინდად ანტისაბჭოური სურათი საბჭოთა ცენზურას. მართლაც, ეს იყო სარკე, რომელიც იმდროინდელ ყოფას აირეკლავდა. აირეკლავდა ნატიფი იუმორითა და ტრაგიზმით, რომელიც თითოეულ პერსონაჟს თან სდევს. ხანდახან სარკეში ჩახედვა ხომ ძალიან ძნელია.

დაკვირვებული მაყურებელი ამ ფილმში ალბათ იმთავითვე ამჩნევდა კადრებს კადრების მიღმა, სიტყვებს დიალოგებს შორის, რაც, როგორც ჩანს, 1980-იანი წლების ლუკა ისარლოვებს (რომლებიც დაახლოებით საუკუნით ადრე ილია ჭავჭავაძეს საგაზეთო მასალებს წითელი მელნით უჭრელებდნენ) გამორჩათ. ზოგიერთმა ეს ყველაფერი “პერესტროიკის” შემდეგ დაინახა, როცა რკინის ფარდა ჩამოიმსხვრა. არსებობენ ისეთებიც, ვინც ამ ყველაფერს დღემდე ვერ ამჩნევს ან განგებ იბრმავებს თავს – აკი გითხარით, სარკე ხანდახან მწარე სიმართლეს ღაღადებს-მეთქი. ბოროტი დედინაცვლისა და სარკის ამბავი გაიხსენეთ… სწორედ ამიტომ ბევრი ჩემი უფროსი თაობის ნაცნობთაგანი ამბობს, რომ “ცისფერი მთები” ფილმი კი არა, ერთი დიდი აბდაუბდაა.

არადა, შედევრია!

საქმე ის გახლავთ, რომ შენგელაიას სურათი შექმნიდან სამი ათეული წლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას. მე ხშირად ვხვდები ადამიანებს, რომელთა პროტოტიპებიც ჯერ კიდევ 1983 წელს ვაჟა ზაზაევიჩი, ვასო ჩორგოლაშვილი, სოსო, თინა, შუქრი, იროდიონი და საშტატო განრიგის სხვა თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ. მხოლოდ შეხვედრა რა მოსატანია – ხანდახან მგონია, რომ მათი ნიშან-თვისებები თითოეულ ჩვენგანშია დარჩენილი. ახალგაზრდებისთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ჩვენ საბჭოთა კავშირის ჰორკრუქსები ვართ და მისი ნარჩენები ჩვენში ცოცხლობს, როგორც ლორდ ვოლდემორტის სულის ნაწილები სახლობდა საგნებში.

მეტიც: ხანდახან ვხვდები ადამიანებს, რომელთა დამოკიდებულებაც საბჭოთა წარსულის მიმართ ძალიან ჰგავს შენგელაიას ფილმის ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო პერსონაჟის, ალიოშა დევდარიანის, “გრენლანდიის პეიზაჟისადმი” დამოკიდებულებას – ისინი ვერ ელევიან “საიუზს”. ჩემი აზრი კი ვასო ჩორგოლაშვილისას ემთხვევა: “ეს არც ხელოვნების ნაწარმია და არც ნაწარმოები”. შეველიოთ.

საბჭოთა წარსულთან ბრძოლა სისულელეა. მთავარია, საბჭოთა აწმყოსა და მომავალს ვებრძოლოთ; მთავარია, გია ყანჩელის შესანიშნავი მუსიკა, რომელიც მთელი სისავსით ასახავს იმდროინდელი რეალობის რუტინასა და აბსურდულობას, საუნდტრეკად არ გასდევდეს თანამედროვე ცხოვრებას. ამისთვის, პირველ რიგში, საკუთარ თავთან ჭიდილია საჭირო: ვიცოდეთ, წვერავა მართლა ჯარშია თუ არა; ყურადღება არ მივაქციოთ ყუფარაძის ზარს ან, სულ ცოტა, გავიგოთ მაინც, ვინ არის ყუფარაძე; თუ იგავ-არაკები არ გვეხება – არ მივიღოთ; თუ შაბიამანი ჩვენი საქმე არაა, მიხედოს სხვამ, ვისაც ეს ეხება; არ დავეთანხმოთ გამყრელიძის დასკვნას; ვიყოთ ტანკისტები ომის დროს; ხელფასი (პრემიაც) მოგვცენ აზრიან ლაპარაკში; მურვანიძე ვაიძულოთ, ხელი მოაწეროს; სათაურების რაოდენობა ავტორის ნება-სურვილზე იყოს დამოკიდებული; წვერავამ ხელი მოაწეროს საკუთარ უწყისში; ვიცოდეთ, საიდან შეგვაქანა; სხდომები ჩავატაროთ სიტუაციის შესატყვისად და არა გეგმა-ვალდებულებით; ეგზემპლარები წავიკითხოთ და ისე გადავცეთ – ფანჯრიდან ნუ გადავყრით; ვუთხრათ არტემ ჩაჩანიძეს, რომ ლირიკა მისი საქმე არ არის; ამოვქექოთ ალიოშა დევდარიანის არქივი.

მასწავლებლებო, მოდი, ხვალიდანვე დავიწყოთ: საკლასო ოთახებში პროექტორები შეიტანეთ და მოსწავლეებს “ცისფერი მთები” აჩვენეთ. პირველად – უბრალოდ, მეორედ – კომენტარებით. პათეტიკისთვის ბოდიში მომითხოვია, მაგრამ თუ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას – “გაიტანეთ”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი