ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სიმარტივის არაჩვეულებრიობა

სანამ ბლოგის კითხვას შეუდგებოდეთ, მოდი, ეს მუსიკა მოვისმინოთ:
ეს ლინკი რამდენიმე დღის წინ მეგობარმა, პროფესიით მუსიკათმცოდნემ, გამომიგზავნა ფეისბუქის გვერდზე და თან კომენტარიც მოაყოლა: “მე-20 საუკუნის კომპოზიტორია, რომლის მუსიკა ჟღერს როგორც ანტიკური და შუა საუკუნეების დიატონიკა. რა მარტივია და იმავდროულად გენიალური…”
მართლაც მარტივი და გენიალურია.
მაგრამ სიმარტივის გამოა გენიალური თუ გენიალურობის გამოა მარტივი? არ არის იოლად პასუხგასაცემი კითხვა. ხანგრძლივი ფიქრი და ბჭობაც ვერაფერს მოგვცემს, ზოგი პირველ პოსტულატს მიემხრობა, ზოგი – მეორეს. მეც ხან ერთისკენ ვიხრები, ხან მეორისკენ.
ჭეშმარიტება კი, ორგანული მოლეკულების რეზონანსული სტრუქტურებისა არ იყოს (იხ. ბლოგი „ომი და მშვიდობა” https://www.mastsavlebeli.ge/?action=news&lang=geo&npid=713 როგორც ჩანს, სადღაც შუაშია. პასუხი ამ ორის დიდი გემოვნებით მიღებულ ნაზავს გულისხმობს.
სიმარტივეს მაგიური ძალა აქვს. როდის გახდა ავტომობილი პოპულარული? – როცა მისი მართვა გამარტივდა. როდის დაიწყო დედამიწის ფართო კომპიუტერიზაცია? მას შემდეგ, რაც პროგრამისტებმა მოახერხეს მისი გამარტივება. ასეთი მაგალითი უამრავი შეიძლება მოვიყვანოთ.
ქიმიიდანაც არაერთი შემთხვევა გაგვახსენდება, როცა, დიდ მოლეკულებს შეჭიდებულები, მივხვდით, რომ იმავე ეფექტის მიღწევა მარტივი მოლეკულებითაც შეიძლებოდა.

ქიმიკოსები მოყვასის მოყვარული და გამუდმებით მოფიქრალი ხალხი ვართ. ის გვიხარია, რაც დანარჩენებს, სატკივარიც ერთი გვაქვს, ამიტომ მუდამ დაუყოვნებლივ ვრეაგირებთ გამოწვევებზე. მედიკამენტებზე ადრეც ვწერდი – მათი შემუშავება, რაც დრო გადის, მით უფრო რთულდება, ვინაიდან ჩვენთან მოპაექრე მიკრობები – ვირუსები, ბაქტერიები და ძმანი მათნი – დღითი დღე “იზრდებიან” და “ჭკვიანდებიან”. ჩვენც იძულებული ვართ, სულ უფრო “დიდი” და “მძლავრი” მოლეკულები დავუპირისპიროთ. მაგრამ გამონაკლისები მათ შორისაც არის. მაგალითად, ესენი:

 

თითოეული ჩვენგანი ორივეს კარგად იცნობს. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების კვალობაზე მათ მეტისმეტად მარტივი შედგენილობა და აღნაგობა აქვთ, განსაკუთრებით – პარაცეტამოლს. იგი სიცხის დამწევი პრეპარატია, რომელსაც დღემდე არ გააჩნია ალტერნატივა. დღეს აფთიაქის თაროზე იმავე მოქმედების უამრავ მედიკამენტს ნახავთ, თუმცა მათი 90% სახელცვლილი და არა სახეცვლილი პარაცეტამოლია. ჩაიკითხეთ მათი შემადგენლობა – პარაცეტამოლს თითქმის ყველგან იპოვით. რით არის ის ასეთი არაჩვეულებრივი? სიმარტივით. მარტივი სტრუქტურაა – ე.ი. მარტივად მიიღება, შესაბამისად, იაფიცაა და ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი; ორგანიზმიც ადვილად ეგუება და დიდი ძალისხმევა არ სჭირდება მის გადასამუშავებლად. მედიკამენტებმა ხომ მეტაბოლიზმიც (დაშლაც) უნდა განიცადონ. სწორედ ამის შედეგად მიიღება ახალი ნაერთები, რომლებიც ზოგჯერ ძალიან საშიშია და ათასგვარ გართულებას იწვევენ. პარაცეტამოლი ამისგანაც თავისუფალია…
როცა სახელმძღვანელოებს, სასწავლო პროგრამებსა თუ სილაბუსებს ვკითხულობ, ხშირად მრჩება განცდა, რომ ისინი კოლეგებთან საკეკლუცოდ თუ „ზემდგომი მაკონტროლებლებისთვის” თავის მოსაწონებლად უფროა დაწერილი, ვიდრე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის… ვის, ვის და მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ პარაცეტამოლივით სიმარტივე…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი