სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ალექსანდრე მონტოს იცნობდით? არა?

საინტერესო ქალაქია პიტსბურგი, ახლაც დიდი ეთქმის, მე რომ ამბავს გიყვებით, მაშინ მით უმეტეს. დუღდა ცხოვრება, დუღდა და გადმოდიოდა. ეს ქარხნებიო, ეს ფოლადიო, ეს ხიდებიო, ეს ემიგრანტებიო. თვალს და ხელს შუა იზრდებოდა იქაურობა, იბერებოდა ფაციფუცით, მისვლა–მოსვლით, ქარხნის კვამლით, ადამის ტომის ენერგიით, იაკობის სიჯიუტით. მოცლილმა ხალხმა მოთვალა და დაადგინეს, დღეისღეს პისტბურგში ყველაზე მეტი, 446 ხიდია თურმე. ცათამბრჯენებიც ოხრად. საუკუნის წინ ცათამბრჯენები არა და ხიდი მტერს რომ ეწყინება, მაშინაც იმდენი იყო.

ალექსანდრე მონტოს თუ იცნობდით–მეთქი. არც მე. საშუალო სიმაღლის კაცი უნდა ყოფილიყო, მაღალი ვერ ეთქმოდაო, მასე იგონებენ. ხელები დიდრონი ჰქონდა, დაძარღვულები, როგორც მეზღვაურს შეეფერება, გემებზე ნათრევს, ნახევარი მსოფლიოს შემომვლელს და ბოლოს აქ, პიტსბურგის ერთ ღარიბულ სანაპიროზე თევზივით გამორიყულს. რამ მოიყვანა, ეგეც გაუგებარი დარჩა ბოლომდე, მე მაინც მგონია, უფრო ერთად თავშეყრილი ბევრი ხალხის ზრიალს შერჩა, თან რაღაცნაირი ადგილია ეს პიტსბურგი, დილაობით განსაკუთრებით. ცოლი გვიან მოიყვანა და ადრე დაქვრივდა. ქალი არ იქნებოდა ლამაზი, მოიშინაბერებდა ალბათ უკვე, ალბათ არც შეძლებული იყო, ალბათ თვითონაც უცხოელი, ემიგრანტი, საიდანღაც ჩამოხეტებული, იმედსგამოკიდებული ან უიმედობასგამოქცეული.

თუ იცით, რა ჭირდება ნამდვილ ქალაქს. თვალს და ხელ შუა აფეთქებულს, ყოველ დილით რო უფრო დიდია, ვიდრე საღამოს იყო, ისეთს. საბაყლო, დოკი, სასამართლო, საშაქრალამო, დუქანი, ბორდელი, ციხე. ოღონდ არი კიდე ერთი, ახლა არავისთვის საჭირო, დინოზავრივით გადაშენებული, საუკუნის წინ აუცილებელი, სიცოცხლისთვის საზრისის მიმცემი, საუკუნის წინ ცოტა უფრო მნიშვნელოვანი ქალაქისთვის ვიდრე შექსპირი და ბიბლია ერთად. რა იყო ეგეთიო იკითხავთ. სამრეცხაო–მეთქი გიპასუხებთ.

ალექსანდრე მონტოს ერთი სამრეცხაო ედგა პიტსბურგში, შვილიც ჰყავდა, გოგო, მამის შიშნარევად მოყვარული, როგორც იგონებენ. თავს ირჩენდა, ბევრი არც არაფერი, საქმე წაღმა მიუდიოდა. იოლი შრომა ერქვა სამრეცხაოს უფროსობას, ქვითრებს შვილი უყურებდა, რეცხვით სხვები რეცხავდნენ, ჩინელები, ზანგები, რუსები, დანარჩენებიც ბლომად.

გაზეთიც ჰქონდა მაშინდელ პიტსბურგს, კარგი, სიმპატიური გაზეთი, არც ისე ბევრი გვერდით, ახალი ამბებით და ალაგ–ალაგ დაბეჭდილი განცხადებებით, გარდაიცვალაო, იყიდებაო, გაკოტრდაო. თვე და რიცხვის რა გითხრათ, რაც არ ვიცი, ოღონდ ნაღდი კია, რომ ერთ დღესაც ამ ღარიბული გაზეთის დიდებაზე მეოცნებე რედაქტორმა (ერთი ცნობილი გამოთქმისა არ იყოს, აბა, რის მაქნისია რედაქტორი, რომელიც რომ დიდებაზე არ ოცნებობს) უცნაურზე უცნაური წერილი მიიღო, ვიღაც იწერებოდა, 1000 დოლარს მივცემ იმას, ვინც აქა და აქ მოვა და ჩემ ენაზე დამელაპარაკებაო. მთელი თვის ფულიც გამოეგზავნა დაბეჭდვის. იმ რედაქტორმაც ალბათ მხრები აიჩეჩა, კაცია და გუნებაო და დაბეჭდა განცხადება. უჩემოდაც არ გაგიჭირდებათ წარმოიდგინოთ, რამდენი გადამთიელი მიაწყდებოდა მითითებულ მისამართს, მშიერი მაშინაც ბევრი დააბიჯებდა ქუჩაში და 1000 დოლარიც გვარიანი თანხა გამოდიოდა, გზაში ვერ იპოვიდი, იმდენი. მოდიოდნენ და მოდიოდნენ. დაიღალა ეტყობა განცხადების გამომქვეყნებელი და იმ თვის მეტად აღარ გაუმეორებია, ხელიც ჩაიქნია, ვინ იცის.

ამ ამბებიდან ათი წლის მერე ერთი ცოტა შექანებული კაცი მოვიდა სამრეცხაოში დატოვებული თეთრეულის გამოსატანად. შექანებული–მეთქი ვთქვი, თვალებს არ აბრიალებდა, მაგრამ პირი არ გაუჩერებია, ღიღინებდა სულ რაღაცას. ქალმა, აქაური არ უნდა იყოთო, მერე ძველი ამბავიც მოაყოლა, ის ათასდოლარიანი, მამას დავუძახებ თუ არ შეწუხდებითო, გავიდა. ამ მოსულმა კიდე მარტოდარჩენილმა ისევ ,,წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდაო”, უკანა ოთახიდან კაცმა გამოიხედა, მოხუცებულმა, ოღონდ ჯანშერჩენილმა, რაო, ვინა მღერის, წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდაო?

და დაიძრა მერე ყინული, მეცხრამეტე საუკუნის შუაში 2 წლისა ბათუმში უშვილებია დაობლებული ბიჭი ვიღაცას, მერე მეზღვაური გამხდარა ის ბიჭი, დანარჩენი კი გიამბეთ უკვე.

პს. წინა კვირას, ბავშვებს ვკითხე ჩემსას, სამშობლო რა არის–მეთქი. იქოთქოთეს და ადგილი, სადაც წინაპრები დამარხულანო. ვიწვალე, მეთქი რა მიწა, რა ჭალა–ტყე, თქვენ თვითონა ხართ სამშობლო, მეთქი თქვენივე დაბნეული სულებია თქვენი სამშობლო. ვიწვალე. არ დამიჯერეს. მერე იმათაც ეს ამბავი მოვუყევი.

ჩვილი გული მაქ და მებრალებიან რაღაცნაირად. მებრალებიან და სულ მინდა ახსოვდეთ, რომ სამშობლო ცოტა უფრო მეტია, ვიდრე საგვარეულო სასაფლაო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი