შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ვარგებული ახალგაზრდა

ეს ბლოგი არ იწერება მხოლოდ იმიტომ, რომ „იუნესკომ” 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის წლად გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი თარიღი ხშირად საბაბია დიდებული ადამიანის გასახსენებლად და მის პოპულარიზაციასაც ხელს უწყობს, ასე მგონია, მარტო იუბილეების დროს არ უნდა გვახსენდებოდეს დაუვიწყარი წარსული.
ამასწინათ ექვთიმე თაყაიშვილის ერთი პატარა, ფართო საზოგადოებისთვის უცნობი წერილი წავიკითხე და ერთხელ კიდევ დავრწმუნდი, რომ აზროვნების მასშტაბურობა ძირითადად დეტალების ზედმიწევნით ცოდნას ნიშნავს. უფრო გასაგებად ვიტყვი: კონკრეტული ადამიანის გასაცნობად და დასაფასებლად მისი ერთი, შეიძლება უმნიშვნელო მოქმედება, ხასიათის თავისებურებაც კი საკმარისი აღმოჩნდეს.

1913 წელს – ასი წლის წინათ – ექვთიმე თაყაიშვილმა სამეგრელოში იმოგზაურა, როგორც თავად აღნიშნავს, „არხეოლოგიური მიზნით”, აღწერა მხარის სიძველენი, ეკლესია-მონასტრები. იქ ყოფნისას მას იონა მეუნარგია მასპინძლობდა  და როგორც სხვა არაერთი სახელოვანი მოღვაწე, ექვთიმე თაყაიშვილიც კმაყოფილი დარჩენილა ცაიშში სტუმრობით.

ერთ გარემოებას განსაკუთრებით აღნიშნავს – მასპინძლისა და მისი ვაჟის, მიხეილის მამაშვილურ ურთიერთობას. და სანამ ამის დამამტკიცებელ საბუთს მოიხმობდეს, გაზეთ „ალის” იმ ცილისწამებას იხსენებს, რომლის ობიექტიც იონა მეუნარგია და მისი ოჯახი გახდა. კორესპოდენციის მიხედვით, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის წლისთავზე იონა მეუნარგიამ წაიკითხა ლექცია ილიას შესახებ და უარყოფითად დაახასიათა მისი მოღვაწეობა. ამ „გამოხმაურებამ” შეცდომაში შეიყვანა იაკობ გოგებაშვილი, რომელმაც ულმობელი სტატია უძღვნა მომხსენებელს და იგი „ილიას მეორედ მოკვლაში” დაადანაშაულა.
ვიდრე წლების შემდეგ მტყუან-მართალს გაარკვევდნენ და ქართული საზოგადოება შეიტყობდა, რომ ლექციაზე წაკითხული „ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდამ” ნამდვილი და მიუკერძოებელი ბიოგრაფიის დაწერის პირველი ცდა იყო, ცილისწამების ბევრმა წყალმა ჩაიარა. იმავე გაზეთის იმავე კორესპონდენტმა იაკობ გოგებაშვილს ისიც მოახსენა, რომ თითქოს იონა მეუნარგიამ თავის შვილს მხოლოდ რუსული ენა ასწავლა, ქართული კი – არა.
ექვთიმე თაყაიშვილი ემოციის გარეშე ვერ ყვება ამ ამბავს, კორესპონდენტის ცილისწამებას „საზიზღარს” უწოდებს, მის საპირწონედ კი ცაიშში თავის სტუმრობას იხსენებს:

– იონამ დიდი სიმპათიით მიმიღო. ის და მისი შვილი ახალგაზრდა გიმნაზისტი მიშა ხელს მიწყობდნენ ცაიშში სიძველეთა გამოკვლევაში. მე გამაკვირვა მისი შვილის ქართული ენის ცოდნამ, ის არათუ კარგად კითხულობდა მხედრულ წარწერებს, არამედ კარგად გავარჯიშებული იყო ხუცურის კითხვაშიც, როგორც ასო მთავრულის, ისე ნუსხურის, რაც ახალგაზრდა გიმნაზიის შეგირდისათვის არაჩვეულებრივი იყო.

ექვთიმეს გაუგია, რომ ცაიშთან ახლოს ჯეგეთას ეკლესია იყო და ახალგაზრდა გიმნაზისტისთვის უთხოვია, აღეწერა ეს ტაძარი და აღწერილობა გამოეგზავნა, იონასთვის კი უთქვამს, დახმარებოდა მას ამ საქმეში. იონა დახმარებას შეპირებია, მაგრამ არც იმის თქმა დავიწყებია, – ჩემი ახალგაზრდა არქეოლოგი უჩემოდაც ადვილად შეგისრულებს ამ თხოვნასო.
თხოვნა, ცხადია, ზედმიწევნით შესრულდა, მაგრამ….
დიდი ხნის შემდეგ, 1952 წლის 27 მაისს, როცა ექვთიმე თაყაიშვილი ახალგაზრდა ჭაბუკის, 1922 წელს ტრაგიკულად დაღუპული მიხეილ მეუნარგიას მიერ შედგენილი ჯეგეთის აღწერილობას გამოსაცემად ამზადებს, თანდართულ წინასიტყვაობაში მამაშვილური ურთიერთობის ერთ საოცარ დეტალსაც უკვირდება:

– მამა შვილს ისე ეპყრობოდა, როგორც ამხანაგს. თუ რამე გასაკეთებელი იყო, ის პირდაპირ მას ამის გაკეთებას არ შეუკვეთდა და ეტყოდა ხოლმე: ვარგებული ახალგაზრდა ამას ადვილად გააკეთებსო. ეს საკმარისი იყო, ის საქმე, რაც მამას სურდა, ამ ახალგაზრდას მოკლე ხანში გაეკეთებინა. მე ვიგონებ, იონა მეუნარგიამ უთხრა ერთხელ თავის შვილს, რომ ერთ ხეზე მორიელია გაჩენილი და ავნებს იქაურობას თავის გესლითო. ვარგებული ახალგაზრდა იმ მორიელს მოგვაშორებსო. ყმაწვილს არაფერი არ უთქვამს, წავიდა, ერთი-ორი საათის შემდეგ დაბრუნდა და გაგვიცხადა, ის მორიელი მოვკალიო.


(ცაიში, იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმი)

ამ დაკვირვებაში კარგად ჩანს დიდი მეცნიერის მახვილი თვალი, იონა მეუნარგიასა და მისი ვაჟის ურთიერთობის თავისებურება და იმ აღმზრდელობითი მეთოდის უპირატესობაც, რომლის მთავარი მიზანიც ადამიანის ყურმოჭრილ მონად კი არა, პიროვნებად ჩამოყალიბებაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი