ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

saba.com.ge – ელექტრონული წიგნების პლატფორმა

ელექტრონული წიგნების სახლი “საბა” ვებსერვისია, რომელიც ნებისმიერ მსურველს, ერთი მხრივ, ელექტრონული წიგნების შეძენის, მეორე მხრივ კი საკუთარი ტექსტის ინტერნეტში გასაყიდად განთავსების  საშუალებას აძლევს. “საბაზე” განთავსებული ტექსტი ავტომატურად კონვერტირდება ელექტრონული წიგნის ფორმატში, რომლის წაკითხვა როგორც კომპიუტერით, ასევე ტაბლეტითა და სმარტფონით ან სულაც ელექტრონული წიგნის წამკითხველით არის შესაძლებელი.
ელექტრონული წიგნების სახლმა “საბამ” სამი ეტაპი გაიარა:
. თავდაპირველად ლიტერატურული პრემია “საბას” ნომინანტი წიგნები აიტვირთა ინტერნეტში;
. შემდეგ – სხვადასხვა გამომცემლობის ხელთ არსებული წიგნების ელექტრონული ვერსიები;
. ხოლო მესამე ეტაპზე, ანუ ამჟამად, “საბაზე” საკუთარი ნაწარმოების განთავსება უკვე ნებისმიერ ავტორს თავად შეუძლია.

რეგისტრაცია

“საბაზე” პირველი ნაბიჯი რეგისტრაციაა. თუ ყოველ ჯერზე პაროლისა და მომხმარებლის სახელის შეყვანა არ გსურთ, შეგიძლიათ თქვენი ფეისბუქის ექაუნთის საშუალებით დარეგისტრირდეთ. ამისთვის საიტზე შესვლისას მიაჭირეთ ღილაკს “რეგისტრაცია”, მერე კი ამოცურებულ მენიუში – ფეისბუქის ღილაკს:

“საბა” რეგისტრაციის გამარტივებულ პროცედურას გთავაზობთ: მომავალში საიტზე შემოსვლისას მიაჭირეთ ღილაკს “შესვლა” და კვლავ ფეისბუქის ღილაკზე მიჭერისას სისტემა ყოველგვარი პაროლისა და ლოჯინის გარეშე შეგიყვანთ თქვენს ონლაინპროფილში.

ფეისბუქით რეგისტრაციისას თქვენს ფეისბუქგვერდზე გამოჩნდება თქვენ მიერ საიტზე განხორციელებული აქტივობები, მაგალითად, რომელ წიგნს კითხულობთ ამჟამად ან რომელი შეიძინეთ.
თუ არ გსურთ, თქვენი აქტივობები ფეისბუქზე გამოჩნდეს, ონლაინრეგისტრაციის სტანდარტული მენიუ შეავსეთ. შეიყვანეთ თქვენი მონაცემები, სასურველი პაროლი და მომხმარებლის სახელი. შესაბამისად, მომავალში “საბაზე” ამ პაროლითა და ლოჯინით მოგიწევთ შემოსვლა.

წიგნის შერჩევა

მას შემდეგ, რაც რეგისტრაცია დასრულდება, შეგიძლიათ გადახვიდეთ განყოფილებაში “წიგნები” და სასურველი წიგნის ძიებას შეუდგეთ. ამაში მარცხენა მხარეს განლაგებული ვერტიკალური მენიუ დაგეხმარებათ. მენიუში მოცემული პარამეტრების მონიშვნით შეძლებთ, ეკრანზე სასურველი ტიპის წიგნები გამოიძახოთ.
წიგნის ძიება ვებგვერდის ზედა ნაწილში განთავსებული საძიებო მენიუს საშუალებითაც არის შესაძლებელი. საძიებო მენიუ სამ არჩევანს გთავაზობთ. თუ საძიებო ფანჯარაში სასურველი ინფორმაციის ჩაწერისას აირჩევთ მენიუს “წიგნები”, ძიება სათაურის მიხედვით მოხდება, თუ აირჩევთ მენიუს “ავტორები” – ავტორის სახელისა და გვარის მიხედვით, ხოლო თუ მენიუს “გამომცემლები” – გამომცემლობის სახელის მიხედვით. საკმარისია, ამ მენიუში რამდენიმე ასო ჩაწეროთ, რომ სისტემა თავად შემოგთავაზებთ შესაძლო ვარიანტებს.

წიგნის შეძენა

თუ მოწონებული წიგნის გამოსახულებაზე დააწკაპუნებთ, თქვენ მიერ შერჩეული წიგნის პირად გვერდზე გადახვალთ. ამ გვერდზე განთავსებულია წიგნის “პასპორტი” – ფასი, ანოტაცია და სხვა მონაცემები. თუ მაუსს წიგნის გამოსახულებასთან მიიტანთ, ამოცურდება ღილაკი “წაიკითხე წიგნის უფასო ნაწილი”. წიგნის პირად გვერდზე მოცემულია კომენტარის ფანჯარა და სოციალურ ქსელებში გაზიარების ღილაკები. აქვე შეგიძლიათ მიანიჭოთ წიგნს თქვენი რჩეულის სტატუსი.
ღილაკზე “ყიდვა” მიჭერით წიგნის ყიდვის პროცედურის პირველ საფეხურზე გადახვალთ. პროცედურა რამდენიმესაფეხურიანია. ეს მიღებული პრაქტიკაა, რათა მომხმარებელმა შეცდომით, ერთ ღილაკზე მიჭერით არ იყიდოს ის, რაც არ სურს.

ვირტუალური ბიბლიოთეკა

“საბაზე” მკითხველს შეუძლია საკუთარი, ვირტუალური ბიბლიოთეკა შექმნას. როდესაც მომხმარებელი რომელიმე წიგნს ყიდულობს, ეს წიგნი მის ვირტუალურ ბიბლიოთეკაში თავსდება. შემდეგ მომხმარებელს შეუძლია, ინტერნეტის საშუალებით, ონლაინრეჟიმში მიაკითხოს თავის ბიბლიოთეკას. ამ შემთხვევაში მან ზედა მარჯვენა მხარეს განთავსებულ ღილაკს “ბიბლიოთეკა”  უნდა მიაჭიროს.

მომხმარებელს ასევე შეუძლია, თავისი ბიბლიოთეკა კომპიუტერში, სმარტფონსა თუ ტაბლეტში გადმოტვირთოს. ამ შემთხვევაში “საბაზე” შეძენილი წიგნების კითხვა ინტერნეტის გარეშე, ოფლაინრეჟიმშიც იქნება შესაძლებელი.

ბიბლიოთეკაში განთავსებული წიგნის გამოსახულებაზე მიჭერით შესაძლებელია წიგნის გახსნა და წაკითხვა.

ავტორებისთვის

თუ ვინმე “საბაზე” საკუთარი წიგნის განთავსებას გადაწყვეტს, ამისთვის მან ავტორად რეგისტრაციის პროცედურა უნდა გაიაროს. ავტორად დარეგისტრირების მსურველი ჯერ მკითხველად უნდა იყოს დარეგისტრირებული. თუ უკვე ხართ მკითხველი და ავტორად დარეგისტრირებას გადაწყვეტთ, გაიარეთ ავტორიზაცია “საბაზე”, მიიტანეთ მაუსი თქვენს სახელსა და გვართან ზედა მარჯვენა კუთხეში და ამოცურებულ მენიუში მიაჭირეთ ღილაკს “ჩემი გამომცემლობა”.

შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა. ავტორად რეგისტრაციისას საჭიროა ისეთი მონაცემების შეყვანაც, როგორიცაა პირადი ნომერი. თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის საფუძველზე TBC ბანკში გაიხსნება თქვენი უფასო ანგარიში. მომავალში თქვენი წიგნების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი ამ ანგარიშზე ჩაირიცხება.
ონლაინფორმის შევსების შემდეგ საჭიროა TBC ბანკის შესაბამის ფილიალში მისვლა და ავტორად რეგისტრაციის პროცესის დასრულება, კერძოდ, ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებული ფორმალობების მოგვარება და ელექტრონული წიგნების სახლ “საბასთან” ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. TBC ბანკში უფასო ანგარიშის გახსნისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული ფორმალობების მოგვარების შემდეგ შეიძლება საკუთარი ნაწარმოების “საბაზე” ატვირთვა და გასაყიდად განთავსება.

ტექსტიდან ელექტრონულ წიგნამდე

საკუთარი წიგნის “საბაზე” განთავსება მარტივია. ამისთვის ავტორმა უბრალოდ უნდა ჩააკოპიროს ტექსტი შესაბამის ფანჯარაში, დაურთოს მას ილუსტრაციები, გამოყოს სათაურები, მიუთითოს წიგნის ფასი და გამოქვეყნების ღილაკს მიაჭიროს. ავტორის მიერ ჩაკოპირებულ ტექსტს “საბა” თავად გადააქცევს ელექტრონულ წიგნად.

მივყვეთ წიგნის გამოქვეყნების პროცესს თანამიმდევრულად.

წიგნის გამოსაქვეყნებლად საჭიროა სისტემაში ავტორიზება, “საბაში” შესვლა. შემდეგ მიაჭირეთ ღილაკს “ჩემი გამომცემლობა” და თქვენ თქვენი ვირტუალური გამომცემლობის გვერდზე აღმოჩნდებით. ამ გვერდის ქვედა ნაწილში მიაჭირეთ ღილაკს წიგნის გამოქვეყნება:

ღილაკზე “წიგნის დამატება” მიჭერით სისტემა თქვენ ახალ გვერდზე გადაგიყვანთ, რომელზეც თქვენს წიგნთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა ჩაწეროთ ანუ თქვენი წიგნის პასპორტი შექმნათ. აქვე უნდა ატვირთოთ თქვენი წიგნის ყდაც. თუ ყდა არ გაქვთ, “საბა” თავად შექმნის თქვენი წიგნისთვის სტანდარტულ გარეკანს.

თუ ინფორმაციის შეყვანისას მონიშნავთ ღილაკს “Kindle-ს ვერსია”, მკითხველს საშუალება ექნება, შეძენილი წიგნი ელექტრონული საიტიდან თავის კომპიუტერში გადმოტვირთოს და შემდეგ ქინდლში ან სხვა ელექტრონულ წიგნის საკითხავ მოწყობილობაში გახსნას. “საბა” ავტორებს სთავაზობს, თავად გადაწყვიტონ, რომელ ფორმატში სურთ თავიანთი ნაწარმოების გაყიდვა – მხოლოდ დაცულ “საბას” ფორმატში თუ ნაკლებად დაცულ MOBI და EPUB ფორმატებშიც. დაცულ ფორმატს ის ღირსება აქვს, რომ მკითხველს ასეთ ფორმატში შეძენილი წიგნის სხვა მკითხველისთვის გადაწერის საშუალება არ ექნება, ხოლო MOBI და EPUB ფორმატებში წიგნის შეძენის შემთხვევაში მკითხველს საშუალება ექნება, სხვასაც გადაუწეროს შეძენილი წიგნი. თუმცა “საბაზე” წიგნის ამგვარად განთავსების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ამ ფორმატებს ბევრი მომხმარებელი ჰყავს, შესაბამისად, პოტენციური მკითხველების რიცხვიც საგრძნობლად იზრდება.
მას შემდეგ, რაც წიგნის პასპორტი შეივსება, მიაჭირეთ ღილაკს “პასპორტის ცვლილებების შენახვა”. ამ ღილაკზე მიჭერით ზედა მარცხენა კუთხეში გაჩნდება ახალი მენიუ – “თავის დამატება”. “საბაზე” ყველა წიგნი თავებისგან შედგება. თუ, მაგალითად, ავტორის მიერ “საბაზე” განსათავსებელი წიგნი მხოლოდ ერთ მოთხრობას მოიცავს, მაშინ ეს წიგნი ერთი თავისგან იქნება შემდგარი. შესაბამისად, მოთხრობის სათაური თავის სათაური იქნება. მას შემდეგ, რაც ფანჯარაში “თავის სათაური” სათაურს ჩაწერთ და ღილაკს “თავის დამატება” მიაჭერთ, გაჩნდება ახალი ფანჯარა, რომელშიც უნდა აიკრიფოს ან ჩაკოპირდეს წიგნის ტექსტი. ტექსტის ჩაკოპირების შემდეგ შესაძლებელია ქვესათაურების გამოყოფა და წიგნში ილუსტრაციების ჩასმა. “თავის სათაური” ერთგვარი ინდენტიფიკატორია – როდესაც “საბა” ელექტრონულ წიგნს დააგენერირებს, მისი სარჩევი თავის სათაურების მიხედვით შეიქმნება, ამიტომ ელექტრონულ წიგნში იმდენი თავი უნდა შეიქმნას, რამდენი ელემენტის სარჩევში ხილვაც სურს ავტორს.
როდესაც წიგნზე მუშაობა დასრულდება, მიაჭირეთ გვერდის ქვედა ნაწილში განთავსებულ ღილაკს “წიგნის შექმნა”. ამ ღილაკზე მიჭერით წიგნი გამომცემლის ბიბლიოთეკაში აღმოჩნდება და გამომცემელს საშულება ექნება, ნახოს იგი ისეთი სახით, როგორითაც მას მკითხველი იხილავს. თუ წიგნი ისე გამოიყურება, როგორც ავტორს ჰქონდა ჩაფიქრებული, მომდევნო ნაბიჯი წიგნის გასაყიდად გამოტანაა. ამისთვის გამომცემლის პანელში, წიგნის სათაურის გასწვრივ, უნდა მონიშნოთ ღილაკი  4 საათის შემდეგ წიგნი მყიდველთათვის ხელმისაწვდომი გახდება.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი