პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ჩემი ალმა-მატერი – უნივერსიტეტი 95

8 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაარსებიდან ოთხმოცდათხუთმეტი წლის იუბილე იზეიმა. ეს თარიღი სადღესასწაულო გახლდათ ჩემთვისაც, რადგან მე თსუ-ს სტუდენტი ვარ.

უკვე დიდი ხანია, ჩემ ირგვლივ მყოფნი გადაულახავ სირთულეთა წინაშე აღმოჩენილი  სასწავლებლის შეურიგებელ კრიტიკოსად მიმიჩნევენ. ჩემს უკმაყოფილებას პირველი ქართული უნივერსიტეტის ყველა მმართველი რგოლი და უკლებლივ ყველა ადმინისტრაციული სტრუქტურა იწვევს. ხშირად მიწევს ნაკლებად ეფექტურ ბიუროკრატიულ ლიდერებთან საუნივერსიტეტო პოლიტიკის შესახებ უშედეგო კამათი. განსაკუთრებით მაღიზიანებს ის, რომ მრავალი სერიოზული პრობლემა სასწავლო პროცესის სტუდენტთა სასარგებლოდ მიმდინარეობას აფერხებს. მიუხედავად ამისა, მაინც ბედნიერი ვარ, ვამაყობ კიდეც, რომ სკოლის დასრულებისთანავე უნივერსიტეტელის საპატიო სტატუსი მოვიპოვე. ჩემი ერთი შეხედვით უცნაური დამოკიდებულების ახსნა მარტივად შემიძლია, ამიტომ მინდა ორიოდე სიტყვით გითხრათ, რას ნიშნავს თსუ ჩემთვის.

უნივერსიტეტს მისი დამფუძნებლების, ყველა დროის გამორჩეული ქართველი მოაზროვნეების, იდეათა გამოხატულებად განვიხილავ. ეს გახლავთ იდეები განათლებისა და მეცნიერების ერთობლივი კერის არსებობის შესახებ, რომლის მაღალ დონეზე განვითარებისა თუ საყოველთაო ხელმისაწვდომობის გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე, მოდერნულ სახელმწიფოზე ფიქრი. უნივერსიტეტი ცოდნაზე დაფუძნებულ საზოგადოებასა და ქვეყნის კვალიფიციური მმართველობის ხელშეწყობის აუცილებლობასთან ასოცირდება.

თსუ რეალური სამოქალაქო სექტორისა და თითქმის ყველა გავლენიანი, გულწრფელი სოციალური მოძრაობის წყაროდ მესახება. უძველესი უმაღლესი სასწავლებელი ყოველთვის იდგა და დღესაც დგას ნებისმიერი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პოზიციის სადარაჯოზე. მის გარემოში, მიუხედავად მუდმივი და სერიოზული ზეწოლისა, მაინც ყალიბდება კარგად დასაბუთებული კრიტიკული მოსაზრებები ბევრი უსამართლო პოლიტიკური გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ.

რაც მთავარია, თსუ კონკრეტული ადამიანების, სტუდენტებისა და ლექტორების ერთობლიობაა. აქ სრულიად განსხვავებული სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები, ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებებისა თუ მსოფლმხედველობის მქონე მოქალაქეები საერთო ნიადაგზე დგანან და ერთად ცდილობენ (სამწუხაროდ, ჯერჯერობით მხოლოდ ცდილობენ) მნიშვნელოვან კითხვებზე ლოგიკური პასუხის პოვნას.

მაშასადამე, ჩემთვის უნივერსიტეტი ის დაწესებულებაა, ურომლისოდაც სახელმწიფოც და საზოგადოებაც მანკიერნი, არასრულყოფილნი და ნაკლებად თავისუფალნი იქნებოდნენ. შესაბამისად, ჩემთვის ამ სასწავლებლის მძიმე მდგომარეობა საერთო ვითარების განმსაზღვრელიცაა.

დღესასწაულებზე სურვილებს ჩაუთქვამენ ხოლმე. მეც მივცემ თავს უფლებას, თსუ-სთან დაკავშირებული ჩემი ნატვრა ავახმოვანო.

უპირველეს ყოვლისა, ჩემს Alma mater-ს აკადემიურ თავისუფლებასა და პარტიული გავლენებისგან სრულ დამოუკიდებლობას ვუსურვებ. შეუძლებელია, უნივერსიტეტი ეფექტურად ფუნქციონირებდეს, თუ გადაწყვეტილებათა მიღება მხოლოდ საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრებს არ დაეკისრებათ.

აუცილებელია, სახელმწიფო უნივერსიტეტის უკეთესი ფინანსური უზრუნველყოფა. დღეს ჩვენი სასწავლებლის ბიუჯეტი ძირითადად მხოლოდ სტუდენტთა მიერ გადახდილი თანხის ან მათ მიერ მოპოვებული გრანტის საშუალებით ივსება. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დამატებითი მატერიალური რესურსების არარსებობა არის მეცნიერების დამუხრუჭების უმთავრესი წინა პირობაც.

თუმცა ყველაზე მეტად ის მინდა, თსუ ყოველთვის მკაფიოდ გრძნობდეს საზოგადოების მაჯისცემას, მისი სტუდენტები და ლექტორები მუდამ დარჩნენ  ეკონომიკის, პოლიტიკისა და ნებისმიერი სხვა სფეროს მთავარ მაკონტროლებელ საზოგადოებრივ ძალად.

შესაძლოა, გულუბრყვილო გეგონოთ, მაგრამ მაინც მჯერა, რომ 100 წლის იუბილეს უნივერსიტეტი გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში შეეგებება. იქნებ ამაში ჩემს მეგობრებთან ერთად მეც შევიტანო მოკრძალებული წვლილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი