პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

 მოზარდების  მხარეს რომ ვიყოთ  

ახლანდელი სამყარო სწრაფად აირეკლება მოზარდებზე. სოციალური ქსელები და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ყოველდღიურად ცვლის მათ ცნობიერებას. ზრდასრულ თაობასთან შედარებით, მოზარდები ტექნიკურად ხშირად მშობლებსა და მასწავლებლებზე წიგნიერი არიან. გაჯეტებზე დამოკიდებულების გამო, ისინი ინფორმაციას, სასწავლო მასალას სურათებით, ფოტოებით, ვიდეოებით უკეთესად აღიქვამენ. მათთვის უინტერესო ხდება ერთფეროვანი ამოცანების გადაწყვეტა და უინტერესო ვხდებით ჩვენც, ვინც ერთფეროვნებისკენ ვუბიძგებთ.

 

უფროს თაობას სწყინს, როდესაც მოზარდებისთვის Instagram-Youtube-ერ ბლოგერთა რჩევები უფრო ღირებული ხდება, ვიდრე მშობლებისა და მასწავლებლების გამოცდილება. ეს აბნევს უფროს თაობას, ზოგჯერ კი – იმედებსაც უცრუებს. დიდებს ეჩვენებათ, რომ მოზარდები შეგნებულად არღვევენ ავტორიტეტულ სისტემას, ხდებიან დაუმორჩილებელი. მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არსებობს და ამ გამოსავალს მოზარდის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა ჰქვია.

 

ჩვენს თაობასთან შედარებით, ახლანდელი თაობა უფრო ადრე იწყებს საკუთარი თავის პიროვნებად შეცნობას. ის უფრო პრაგმატულია. მიუხედავად ამისა, საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, მშობლები და მასწავლებელი ვალდებული არიან მოზარდებს უწყვეტად დააკვირდნენ, რადგან ისინი ძალიან მოწყვლადი არიან კრიტიკის მიმართ. მარტივმა შენიშვნამაც კი შეიძლება სახლიდან გააქციოს. ამ დაკვირვების დროს, სასურველია დავადგინოთ, რა თემებზე მოსწონთ საუბარი მოზარდებს, რას კითხულობენ, რომელი ფილმებითა და მუსიკით ინტერესდებიან. ეს დაგვეხმარება მათი ქცევების შესწავლაში.

 

მოზარდობის ასაკში განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს მეგობრული კომუნიკაცია. დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის დამახასიათებელი ახალი საგნების სწავლის სურვილი მოზარდებისთვის მეორე პლანზე გადადის. მათთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი ხდება ვიღაცის მხარდაჭერა, თანამოაზრეობა, ისინი ახალ ავტორიტეტებს ეძებენ.

 

სწორედ ამიტომ, მაგალითად, სწავლებაში, სასურველი ხდება მოზარდი არ იყოს მარტო და ხშირად ჩაერთოს ჯგუფურ მუშაობაში, დისკუსიაში, საპროექტო საქმიანობაში.

 

მოზარდების თვითშეფასება უკიდურესად არასტაბილურია. თვითშეფასების შემცირება 9 წლის ასაკიდან იწყება და 12 წლის ასაკისთვის პიკს აღწევს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მოზარდის სკოლაში თუ სკოლის გარეთ საქმიანობას ახლდეს კონსტრუქციული და მხარდამჭერი უკუკავშირი. მაგალითად, სკოლაში მასწავლებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რა გამოსდის კარგად მოზარდ მოსწავლეს და რა – არა. თუ საქმე შეცდომებთან გვაქვს, პედაგოგმა უნდა განუმარტოს მიზეზები, კრიტიკისა და ბრალდების გარეშე.

 

უფროსმა თაობამ უნდა შექმნას მოზარდისთვის საკუთარი შესაძლებლობების გამოსახატი კომფორტული ველი. თანამედროვე მოზარდები საკმაოდ ამბიციური არიან. მათ მოსწონთ საკუთარი აზრის გაჟღერება. სოციალური მედიის დახმარებით შეუძლიათ, შეკრიბონ უზარმაზარი აუდიტორია და თავადაც გახდნენ ავტორიტეტები.

 

11-15 წლის ასაკში მოზარდებს უვითარდებათ კრიტიკული აზროვნება. მათ სურთ და მოსწონთ კამათი, კამათში ჭეშმარიტების ძიება. მათთვის მნიშვნელოვანია სხვა ადამიანებთან ურთიერთობა და საკუთარი თავის პიროვნებად წარმოჩენა. ამიტომ მასწავლებლებმა მოზარდ მოსწავლეებს მაქსიმალურად უნდა მისცენ გაკვეთილზე აზრის გამოთქმის საშუალება, ჩაატარონ კლასგარეშე აქტივობები, მოუწყონ შემოქმედებითი საღამოები, სადაც თითოეული მოზარდი რაღაცას მოამზადებს. სასურველია მასწავლებელმა მოზარდ მოსწავლეებს მისცეს ისეთი  დავალებები, რომ მათ მოახერხონ საკუთარი თავის გამოხატვა. წააქეზეთ მოზარდები, რომ ჩაერთონ ოლიმპიადებში, სადაც ისინი სხვა კლასებისა და სკოლების თანატოლებს შეხვდებიან, გაიფართოვებენ მეგობრულ წრეს.

 

მასწავლებელი უნდა ეცადოს მოზარდის ასაკობრივი სიჯიუტე სწორ კალაპოტში მოაქციოს. ამისათვის კარგია მრგვალი მაგიდების ჩატარება, სადავო თემებზე მსჯელობა. მუშაობის დროს აუცილებელია მოზარდებს დეტალურად ავუხსნათ,  რას შედეგს ველოდებით მათგან.

 

გაკვეთილებსა და არაფორმალურ გარემოში ზრდასრულებმა უნდა შექმნან ისეთი ატმოსფერო, სადაც მოზარდები თამამად ისაუბრებენ, შეცდომების დაშვების შიშის გარეშე.

 

მასწავლებლებმა მოზარდ მოსწავლეებთან ხშირად უნდა გამოიყენონ ინტერაქტიული დაფები, პროექტორები, საგანმანათლებლო ვიდეოები, მისცენ კომპიუტერით შესასრულებელი, საკირკიტო დავალებები, მოაძიებინონ ინფორმაცია ინტერნეტში.

 

მასწავლებლებმა უნდა გამოიყენონ ტექნიკური ინოვაციები სასწავლო მასალის მისაწოდებლად. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ მოზარდები ციფრულ თაობას წარმოადგენენ. ისინი მიბმული არიან ტექნოლოგიებს. სხვადასხვა კვლევის თანახმად, დღის განმავლობაში მოზარდები ინტერნეტში საშუალოდ ექვს საათს ატარებენ.

 

მკვლევართა თქმით, ციფრული ტექნოლოგიების გადაჭარბებულმა გამოყენებამ მოზარდებში შეიძლება დეპრესიასა და შფოთვის ზრდას შეუწყოს ხელი, მაგრამ უინტერნეტო ცხოვრება კიდევ უფრო პრობლემურია – ბევრი მოზარდი ინტერნეტის გარეშე ვერ იჩენს ახალ მეგობრებს, ვერ იღებს მისთვის საკმარ  სოციალურ მხარდაჭერას.

 

ინტერნეტით მოსარგებლე მოზარდები საკუთარ სათქმელს ბლოგებით, ვიდეოებით, სოციალური მედიით, პოდკასტებით გამოხატავენ. ისინი აღიარებენ ციფრული საშუალებების პოტენციალს ინფორმაციის მოპოვებაში და იმ პრობლემების გადაჭრაში, რომლებიც აწუხებთ.

 

იმისათვის, რომ საქმის კურსში იყოთ, რა აწუხებთ და რისი თქმა სურთ მოზარდებს, უყურეთ მათ ბლოგებს; დაინტერესდით, ისინი ერთმანეთში რა ენაზე საუბრობენ. თუ თქვენ მათი ენა გესმით, შრომას ორმაგად დაგიფასებენ.

 

მოზარდ მოსწავლეებთან მასწავლებლები გამუდმებით უნდა ზრუნავდნენ გაკვეთილების გამრავალფეროვნებაზე. მოზარდებს კონცენტრაციის პრობლემები აქვთ. მათთვის მოსაწყენია გაუნძრევლად დიდხანს ჯდომა. მათ კლიპური აზროვნება აქვთ. კლიპური აზროვნება საშუალებას აძლევთ, სწრაფად იმოძრაონ დიდ ინფორმაციულ ნაკადებში, ამოირჩიონ იქედან მთავარი. სწორედ ამიტომ თანამედროვე მოზარდები კარგად აღიქვამენ სასწავლო მასალას სლაიდებით, ვიზუალურად.

 

მოზარდებს მოსწონთ, როდესაც მათ განუმარტავენ, რა კავშირშია ერთმანეთთან სხვადასხვა საგანი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალი საგანი ემატებათ. მათ უძნელდებათ დაუკავშირებელი ინფორმაციის ათვისება. ამიტომ მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოზარდებს დისციპლინებს შორის კავშირების გაცნობიერებაში, რათა მათ გაიგონ, სად არის მათი შეხების წერტილები.

 

დღევანდელი მოზარდები სოციალურ ქსელებში ათასობით პოსტს აწყდებიან, უსმენენ საყვარელ ბლოგერებს, რომლებიც ათას რჩევასა და რეკომენდაციას იძლევიან. რადგან მოზარდობაში ადამიანს ღირებულებებისა და ზნეობრივი იდეალების საკმაოდ არამდგრადი სისტემა აქვს, ეს ზოგჯერ გარკვეულ რისკსაც ქმნის. კლასის კარგ დამრიგებელს, რომელიც დიდ დროს უთმობს მოსწავლეებს, ბლოგერებზე არანაკლები წვლილის შეტანა შეუძლია მოზარდების ღირებულებების, ზნეობის ფორმირებაში.

 

მოზარდებისთვის მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნების სწავლება, მათ შორის ინტერნეტში არსებულ საფრთხეებზე, განზრახ ყალბი ინფორმაციის გავრცელების საკითხებსა და ფიშინგზე. თანაც, დღეს არცთუ ბევრი ვიცით იმის შესახებ, რამდენად აცნობიერებენ მოზარდები ონლაინსაფრთხეებს. მიუხედავად ინტერნეტის მზარდი მოხმარებისა, ბევრ მოზარდს არ აქვს ციფრული ცოდნა და არც კრიტიკული უნარი, რომ საკუთარი უსაფრთხოების მიზნით გადაამოწმოს ინფორმაციის, ონლაინკონტაქტების სანდოობა. დაარწმუნეთ მოზარდები, რომ საფრთხის დროს ერთად ყველანაირ პრობლემას თავს გაართმევთ. აჩვენეთ, რამდენად უნდა ჰქონდეთ მათ თქვენი მხარდაჭერის იმედი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი