ოთხშაბათი, თებერვალი 8, 2023
8 თებერვალი, ოთხშაბათი, 2023

კომპლექსური დავალება ფიზიკაში: უკაცრიელი კუნძული

როგორც ვიცით, ახალი სკოლის მოდელი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროექტია. ეს პროექტი მასწავლებელს ძირითადად ორ მოთხოვნას უყენებს:

  • სწავლა-სწავლების ორიენტირება გრძელვადიან მიზნებზე (პედაგოგმა სამიზნე ცნებებზე ორიენტირებულად უნდა დაგეგმოს სასწავლო პროცესი).
  • სწავლა-სწავლების დაფუძნება კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებზე, რაც გულისხმობს ხუთივე პრინციპის პრაქტიკაში რეალიზებას კომპლექსური დავალებებით.

კომპლექსური დავალება არის შემოქმედებითი პროდუქტი, რომელსაც ქმნის მოსწავლე და რომლის საშუალებითაც ადასტურებს საკუთარ ცოდნას კონკრეტულ საგნობრივ საკითხებთან/შესასწავლ მასალასთან მიმართებით. კომპლექსური დავალება სასწავლო პროცესში შუალედური მიზნის როლს ასრულებს. მისი საშუალებით მოსწავლე ახდენს გაკვეთილზე შეძენილი თეორიული ცოდნის რეალიზაციას ყოველდღიურ ცხოვრებაში (რამის დამზადება, რამე მოვლენაზე დაკვირვება, ვირტუალური ლაბორატორიით მოვლენის სიმულაცია, კვლევა). ცხადია, არ არის უგულებელყოფილი სტანდარტული სავარჯიშოებისა და ამოცანების საგაკვეთილო პროცესში გამოყენება, რაც ფაქტობრივი და პროცედურული ცოდნის განმტკიცებაში გვეხმარება, მაგრამ კომპლექსური დავალება უფრო მეტად ორიენტირებულია პირობისეული ცოდნის შეძენაზე.

წარმოგიდგენთ ჩემ მიერ შექმნილ კომპლექსურ დავალებას, რომლის შესასწავლი საკითხია არქიმედეს ძალა, ხოლო თემა – სტატიკა და დინამიკა, მე-9 კლასი. სამიზნე ცნება, რომლის გააზრებასაც ემახურება ეს დავალება, არის „ენერგია და ურთიერთქმედება“ და „კვლევა“. მინდა აღვნიშნო, რომ სამიზნე ცნება „კვლევა“ ყველა სამიზნე ცნებასთან ერთად მუშავდება, რადგან ფიზიკაში შეუძლებელია რომელიმე საკითხის შესწავლა კვლევის გარეშე.

 

კომპლექსური დავალების პირობა:

უკაცრიელი კუნძული

წარმოიდგინეთ, რომ თქვენმა გემმა კატასტროფა განიცადა და თქვენი ჯგუფი აღმოჩნდა უკაცრიელ კუნძულზე, სადაც არ მოიპოვება საკვები, მხოლოდ სასმელი წყალია. თქვენდა საბედნიეროდ, იპოვეთ ნაპირზე გამორიყული ორლიტრიანი კოკა-კოლა zero-ს საკმაოდ ბევრი შეკვრა და ერთი ყუთი კონსერვი (ყუთს გარედან აწერია „მასა – 20 კგ“). კუნძული ლიანებით და ხეებით არის დაფარული, რომელთაგან ზოგი გამხმარია და ძირს გდია. ერთმა თქვენგანმა ჯიბეში წებოვანი ლენტა აღმოაჩინა, მეორემ კი პატარა სასწორი (5 კგ-მდე). უახლოესი დასახლებული პუნქტი კუნძულიდან დაახლოებით 20 დღის სავალზეა (ნავით) დასავლეთით.

თქვენი ამოცანაა, წარმოადგინოთ თავის გადარჩენის გეგმა და შექმნათ გადარჩენისთვის საჭირო მოდელი თქვენს ხელთ არსებული ნივთებით. ამისთვის დაგჭირდებათ დამხმარე ამოცანის განხილვა: რა მაქსიმალურ დატვირთვას გაუძლებს წყალში მოტივტივე სხეული? რეალურ ამოცანაში, როცა ტვირთის როლს ადამიანები ასრულებენ, რა უნდა გავითვალისწინოთ დამატებით? იქნებოდა თუ არა პირობა რეალობასთან მიახლოებული, თუ კოკა-კოლა zero-ს ნაცვლად პირობაში ეწერებოდა „ლიმონათი „ზანდუკელი“?

იმსჯელეთ არგუმენტირებულად, უპასუხეთ კითხვებს რეალური პირობების გათვალისწინებით და ჩამოაყალიბეთ თავის გადარჩენის კონკრეტული გეგმა, რომელსაც წარმოადგენთ პრეზენტაციის სახით.

ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

  • თავის გადარჩენის მოწყობილობის მოდელი/ ნახაზი/ აღწერა, თავის გადარჩენის კონკრეტული გეგმა;
  • გამოსახეთ სხეულზე მოქმედი ძალები, გაითვალისწინეთ თქვენი ჯგუფის მონაცემები, რეალური პირობები;
  • ძალების ტოლქმედის მიხედვით იმსჯელეთ სხეულის მოძრაობაზე/უძრაობაზე.
  • იმსჯელეთ, რატომ მცირდება სხეულის წონა სითხეში და რაზეა დამოკიდებული არქიმედეს ძალა;
  • ჩამოაყალიბეთ ცურვის პირობები, დააკავშირეთ ეს პირობები სხეულისა და სითხის სიმკვრივეებთან.
  • იძირება თუ არა კოკა-კოლა zero ან ლიმონათი „ზანდუკელი“ წყალში? ახსენით სავარაუდო მიზეზი. შეგვიძლია თუ არა ვამტკიცოთ, რომ ზღვის წყალში იმავე შედეგს მივიღებთ?
  • საზოგადოდ, მოტივტივე სხეულის მოცულობის რა ნაწილია სითხეში (ფორმულა) და მაქსიმალური დატვირთვის შემთხვევაში რა ნაწილი უნდა ვიგულისხმოთ სითხეში?
  • რა რაოდენობის მასალა (და რა მასალა) დაგჭირდებათ მოწყობილობისთვის?
  • რეალური პირობების გათვალისწინებას რა შესწორებები შეაქვს გამოთვლებში?

სასურველია, ნაშრომის პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლე დაფიქრდეს შემდეგ საკითხებზე: რა სტრატეგიები გამოიყენა მან დავალების შესრულების თითოეულ ეტაპზე დასმული ამოცანების შესასრულებლად და თავიდან რომ იწყებდეს მუშაობას, რას და როგორ გააუმჯობესებდა? როგორ გამოიყენა ფიზიკის ცოდნა პრობლემის გადაჭრის პროცესში?

მინდა აღვნიშნო, რომ კომპლექსურ დავალებას მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს საკითხის შესწავლამდე და არა შესწავლის შემდეგ, რაც გავრცელებული შეცდომაა. დავალების წინასწარ გაცნობა მათ აძლევს შესაძლებლობას, დაფიქრდნენ და დაგეგმონ, რას და როგორ შეასრულებენ, გაინაწილონ როლები (თუ დავალებას ჯგუფურად ასრულებენ). განურჩევლად იმისა, დავალება ჯგუფურად შესრულდება თუ ინდივიდუალურად, დავალების წარდგენისას ყველა მოსწავლის წვლილი უნდა შეფასდეს, ანუ ყველა მოსწავლე ცალ-ცალკე უნდა იქნეს შეფასებული.

კომპლექსური დავალება მოსწავლეს ინტერესს უნდა აღუძრავდეს. უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრის და თავის გადარჩენის იდეა, ჩემი აზრით, მათთვის საინტერესო და დამაინტრიგებელია, თანაც მოსწავლე ხედავს ფიზიკის საკითხების ცოდნის აუცილებლობას ცხოვრებაში.

კომპლექსურ დავლებას ყოველთვის არ აქვს ერთი სწორი პასუხი. პასუხი კითხვაზე, რამდენი ბოთლი დასჭირდებოდათ მათ თავის გადასარჩენად, დამოკიდებულია იმაზე, როგორ დაასაბუთებს მოსწავლე თავის მოსაზრებას. მაგალითად, კონკრეტულმა ჯგუფმა შეიძლება გაგვცეს პასუხი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ბოთლებით თან წასაღები სასმელი წყლის გარკვეული რაოდენობა, საკვები, ჯგუფის მთლიანი მასა, რაც სხვადასხვა ჯგუფის შემთხვევაში სხვადასხვა იქნება, ტივის მასა, ნიჩბები, რომლებიც მოძრაობისთვის აუცილებელია და, რაც მთავარია, ითქვას, რომ ამ გზით გამოთვლილი ბოთლების რაოდენობა მინიმალურია – რეალურ პირობებში ეს რაოდენობა საგრძნობლად მეტი უნდა იყოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ დავალება მოითხოვდეს კვლევის ან მისი რომელიმე ეტაპის ჩატარებას, მაგალითად, მოდელის დამზადებას. ამ შემთხვევაში ეს იქნება ბოთლებისგან შეკრული ტივის მოდელი.

ეს კომპლექსური დავალება კიდევ ერთ კვლევას მოითხოვს – იმის შემოწმებას, ტივტივებს თუ არა კოკა-კოლა zero ან ლიმონათი „ზანდუკელი“ წყალში. მოსწავლეებმა უნდა ივარაუდონ, რაზე შეიძლება მეტყველებდეს ეს ფაქტი. ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ ზღვის წყლის სიმკვრივე მცირედით მეტია მტკნარი წყლის სიმკვრივეზე, შესაბამისად, იმსჯელონ, რეალურია თუ არა კოკა-კოლა zero-ს შეკვრების გამორიყავა და შეიძლებოდა თუ არა, ლიმონათ „ზანდუკელის“ შეკვრები გამორიყულიყო?

ჩემი ხედვით, ასეთია კომპლექსური დავალება: საინტერესო, შემეცნებითი, მოითხოვს მოსწავლის აქტიურ ჩართულობას და, საბოლოოდ, სამიზნე ცნების გააზრებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

http://ncp.ge ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი

http://ncp.ge/ge/curriculum/satesto-seqtsia/akhali-sastsavlo-gegmebi-2018-2024/sabazo-safekhuri-vi-ix-klasebi-proeqti-sadjaro-gankhilvistvis საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024

https://www.youtube.com/watch?v=OPi6qqS33zw&fbclid=IwAR2V1wWxx5pHAYLBsQkGRfMUTh5CUOvPazMSUzKvHHnavp_AtQeVyRJ0vXU ახალი სკოლის მოდელის პედაგოგიური მრწამსი

https://edu.aris.ge/news/gzavnili-saskolo-sazogadoebas-axali-skolis-modelis-shesaxeb-procesi-gamowvevebi-da-savaraudo-shedegi.html

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

 ნანატრი ზეცა

უმისამართო ცეცხლი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი