ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დოკუმენტური და მხატვრული ფილმები კლიმატის ცვლილებაზე

(ნაწილი მეორე)

როგორც შეგპირდით, ეტაპობრივად გაგიზიარებთ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს, რომლებშიც ნაჩვენებია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეები და შემოთავაზებულია გამოსავლის გზები. პირველი სტატია დაეთმო ოკეანეებში წყლის საშუალო ტემპერატურის მატებით გამოწვეულ პრობლემებსა და ნიადაგის ნაყოფიერი ფენის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს (იხ. ნაწილი  პირველი). ამ სტატიაში გაგიზიარებთ კიდევ ორ დოკუმენტურ ფილმს. პირველი მათგანში დედამიწაზე მიმდინარე ცვლილებების უშუალო შემსწრე გვესაუბრება, ხოლო მეორე ფილმი ყინულოვანი საფარის შემცირებაზეა.

დეივიდ ატენბორო: ცხოვრება ჩვენს პლანეტაზეფილმი, რომელსაც მეორედ აუცილებლად ნახავ!

ნებისმიერი დანაშაული მარტივად იხსნება, როდესაც ფაქტს ჰყავს შემსწრე. შესაბამისად, სასამართლოში მოწმის ჩვენებას, როგორც მტკიცებულებას, ძალიან დიდი ძალა აქვს. ვინ შეიძლება იყოს კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების „მოწმე“?

მრავლის მნახველი დევიდ ატენბორო გვიზიარებს თავისი თვალით დანახულ იმ ცვლილებებს, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე დიდი ხანია მიმდინარეობს. ახალგაზრდა დავიდი კარიერის საწყის ეტაპზე გადაშენების ისტორიულ პროცესს მხოლოდ კლდეების შრეთა შორის ხედავდა. შემდგომში აღმოაჩინა, რომ პროცესი მის თვალწინ მიმდინარეობდა. დამაფიქრებელია ფრაზა ფილმიდან „ახლა ჩვენ პლანეტას ადამიანი ადამიანისთვის განაგებს“. ამ დროს გვერდზე გვრჩება ცოცხალი ორგანიზმები, ყველაფერი, რაც დედამიწას ჯადოსნურს ხდის…

მისი დამაჯერებელი თხრობის სტილი, რომელსაც მდიდარი გამოცდილება უმაგრებს ზურგს, გვამოგზაურებს ზღაპრულ სამყაროში, სიღრმისეულად გვიჩვენებს დედამიწის მშვენიერებას. მოულოდნელად გადადის პრობლემებზე, იმ პრობლემებზე, რომლებზეც ჩვენ გამუდმებით ვსაუბრობთ, მაგრამ მიზერულს ვაკეთებთ მათ მოსაგვარებლად… სამაგიეროდ, ავტორი გვთავაზობს მათი გადაჭრის გზებსაც.

ფილმი დისტანციური სწავლების  პერიოდში მოსწავლეებს გავუზიარე. ვკითხე –  რატომ უნდა უყურონ მას ახალგაზრდებმა? ფილმმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე.

„როდესაც  ჩემმა  მასწავლებელმა  ეს  ფილმი პირველად  გამოგვიგზავნა,   სიმართლე  გითხრათ,  არ  მეგონა,  რომ  ასე იმოქმედებდა  ჩემზე.  ნუთუ  ერთმა  ადამიანმა  გაცილებით  მეტი  იცის  ბუნების  შესახებ,  ვიდრე  სხვებმა.  ეს  უნიკალური  ფილმი  იყო.  ფილმში გადმოცემულმა დეივიდ  ატენბოროს  გამოცდილებამ დიდი  შთაბეჭდილება  დატოვა  ჩემზე.  ფილმის  დამთავრების  შემდეგ  ვიყავი  გაოგნებული  და  გამიჩნდა  ასეთი  კითხვები:  მართლა  ასეთი  იყო  ერთ  დროს  დედამიწა?      ახლა  როგორია?     და  რაც  მთავარია,  როგორ  იქნება  მომავალში?   პირველი  ორი  შეკითხვაზე  პასუხი   შევძელი,  მაგრამ  როგორ  იქნება  მომავალში  დედამიწა?  ამ  შეკითხვაზე  პასუხი  არ  მაქვს.

რატომ  უნდა  უყურონ  ამ  ფილმს  ახალგაზრდებმა?  იმიტომ,  რომ  ჩვენ  ვართ  მომავალი  თაობა  და ჩვენ,  ახალგაზრდებმა  უნდა  გავცეთ  ამ  კითხვას  პასუხი,  ჩვენ  ისევ უნდა  ავაყვავოთ  ჩვენი  დედამიწა  და  არ  უნდა  გავანადგუროთ  ის.  სწორედ  ამიტომ,  ვურჩევ  ამ  ფილმს  ყველას,  რადგან  ის  მწარე  რეალობა,  რომელიც  მე  დავინახე,  მინდა  რომ  სხვებმაც  ნახონ.“

ფილმის მიხედვით უამრავი აქტივობის მოფიქრებაა შესაძლებელი. გიზიარებთ რამდენიმე ვარიანტს.

აქტივობა პირველი – კამპანია სოციალურ ქსელში

ფილმის ყურების შემდეგ შესთავაზეთ თქვენს მოსწავლეებს საინფორმაციო კამპანიაში ჩართვა. სთხოვეთ, თითოეულმა მათგანმა შექმნას ფილმის აფიშა ან პოსტერი, გააზიაროს იგი ფილმის ბმულთან ერთად და მონიშნოს მინიმუმ 5 მეგობარი. პოსტის განთავსებისას გამოიყენონ ჰაშთაგი #უყურეშენც #ჩვენიდედამიწასაფრთხეშია

აქტივობა მეორე – კითხვები რეფლექსიისთვის

  • რა როლი შეასრულა სეზონების განაწილებამ ფერმერულ მეურნეობაზე გადასვლაზე?
  • რა გავლენას ახდენს მოსახლეობის რაოდენობის ზრდა ატმოსფეროში ნახშირბადის რაოდენობის ზრდაზე და ველური ბუნების შემცირებაზე?
  • რა როლი შეასრულა ვეშაპებზე ნადირობის საწინააღმდეგო მოძრაობებმა მათ გადარჩენაში? რამდენად აქვს აზრი აქტივიზმს ამ მიმართულებით?
  • რა შეიძლება მოჰყვეს ეკოსისტემის/ბიომრავალფეროვნების მიზანმიმართულ განადგურებას? რა მოხდება თუ არ შევაჩერეთ ის?
  • როგორ პროგნოზს აკეთებენ მეცნიერები 2100 წლისთვის? რა მოხდება თუ არ ვიმოქმედებთ? არსებობს გამოსწორების შანსი?
  • რას გვთავაზობს დავიდი გამოსავლის გზად? მოიყვანეთ ფილმიდან მაგალითები.
  • როგორ მოახერხა ნიდერლანდებმა რომ გამხდარიყო N2 ექსპორტიორი მსოფლიოში?

აქტივობა მესამე – ინფოგრაფიკების შექმნა

  • ააგე სვეტოვანი დიაგრამა და წლების მიხედვით წარმოადგინე ველური ბუნების კლების ტენდენცია.
  • მსოფლიო ოკეანის მაგალითზე წარმოადგინე ჯაჭვური კავშირი, რა შეიძლება გამოიწვიოს ერთი სახეობის თევზის განადგურებამ.

აქტივობა მეოთხე – ჩეკლისტები

დაურიგეთ მოსწავლეებს აღნიშნული ცხრილი და სთხოვეთ, ფილმის ყურების დროს მონიშნონ პასუხები – დიახ/არა. ხოლო შემდეგ შეავსონ მეორე ნაწილი – როგორ/რატომ? გაითვალისწინეთ, რომ თანმიმდევრობა მიჰყვება ფილმის სიუჟეტს.

N დებულება დიახ/არა როგორ/რატომ?
1 ქანებზე დაკვირვებით შესაძლებელია დავინახოთ ევოლუციური პროცესები.  დიახ ქანებს შორის ჩანს ხაზები,  მილიონობით წლის წინ ჩამარხული სიცოცხლის ფორმებით.
2 ტექნიკის მასობრივი განვითარება იწყება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში.
3 1971 წელს ახალ გინეაში მყოფ ველურ ტომსა და იმდროინდელ საზოგადოებას შორის თვალშისაცემი განსხვავება იყო.
4 ჯუნგლებში დედამიწაზე არსებული ველური სახეობების მხოლოდ მცირე რაოდენობა ცხოვრობს.
5 ხეების გაჩეხვით ადამიანები  სარგებელს ვერ იღებენ.
6 ზღვებიდან/ოკეანეებიდან დიდი თევზების გაქრობა გამოიწვია უკონტროლო თევზაობამ.
7 მარჯნის რიფების გათეთრება დაკავშირებულია ტურიზმის განვითარებასთან.
8 ეკვატორის გარშემო ტყეების ვრცელი მასები ტენიანობისა და ჟანგბადის წყაროა.
9 ზაფხულის ზღვის ყინული არქტიკაში 40%-ით შემცირებულია.
10 ადამიანის მიერ შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გზა ბუნების ისევ „გაველურებაშია“.
11 ხარისხიანი განათლება და ჯანდაცვის სერვისები შობადობის შემცირებას იწვევს.
12 ადამიანის კვების რაციონის შეცვლა გამოსავალი არ არის.
13 ტყეების განახლება ჩვენი პლანეტის აღდგენის ფუნდამენტური ნაწილია.

 

აქტივობა მეხუთე – ლექსიკონი

ფილმში უამრავი ახალი სიტყვა და ტერმინია გამოყენებული. სთხოვეთ მოსწავლეებს, ფილმის ყურების დროს ჩაინიშნონ მათთვის უცნობი ტერმინები და შემდეგ მიუწერონ განმარტებები.

 

ყინულის დევნაში 2012 წლის დოკუმენტური ფილმია, რომელშიც ასახულია „National Geographic“-ის ფოტოგრაფის ჯეიმს ბალოგის (James Balog) მიერ შეგროვებული კადრები. ფოტოგრაფს თავისი საქმიანობის პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განუხორციელებია. XX საუკუნის დასაწყისიდან დაინტერესდა კლიმატის ცვლილების  საკითხით. ის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდა მყინვარებს, მათ მოძრაობასა და ზომების შემცირებას. აღიარებს, რომ წლების წინ თვითონაც სკეპტიკურად უყურებდა კლიმატის ცვლილების სერიოზულობას, თუმცა ახლა ამ საფრთხის რეალობის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირების დარწმუნებას ცდილობს…

კვლევითი გუნდის წევრები კუნძულებზე ისლანდიასა და გრენლანდიაზე, ასევე ალასკას ნახევარკუნძულზე და მონტანას შტატში მყინვარების დნობის პროცესზე დასაკვირვებლად სპეციალურ კამერებს აყენებენ.

მკვლევრები მტკიცებულებების მოსაპოვებლად უდიდეს შრომას დებენ. ზოგჯერ მათ მიერ გავლილი გზა არ არის მარტივი. რთული კლიმატის, გარემო პირობებისა და ტექნიკის კუთხით აწყდებიან დაბრკოლებებს. ხშირად გამოდიან დამარცხებული, თუმცა, არასოდეს კარგავენ შემართებას. ფოტოგრაფი ჯეიმს ბალოგი, კოლეგებთან ერთად მაინც ახერხებს მყინვარების ზომის შემცირების დამადასტურებელი ვიდეოკადრების შეგროვებას.

ფილმში ვიზუალური თვალსაჩინოებით ნაჩვენებია მყინვარების გულიდან ამოღებულ მასალაზე დაკვირვების შედეგები. საუკუნეებისა და წლების განმავლობაში ფიქსირდება ტემპერატურისა და CO2-ის ურთიერთშეთანხმებული აწევ-დაწევა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ეს ტენდენცია მკვეთრად იცვლება.

მოსწავლეებს დავუსვათ შეკითხვები:

  • როგორ ადგენენ მეცნიერები მყინვარების ასაკს?
  • როგორ აკავშირებენ მყინვარების ზომის ზრდის ტემპის შემცირებას კლიმატის ცვლილებასთან?

პრობლემა ჩვენთვისაც ახლობელია. მეცნიერები საქართველოში არსებული მყინვარების ზომისა და რაოდენობის შემცირებაზე დიდი ხანია საუბრობენ (დაწვრილებით იხილეთ მანანა სეხნიაშვილის სტატია – საქართველოს მყინვარები – კრიოსფერო).

ჩვენს ქვეყანაში მყინვარების ზომის შემცირების დამადასტურებელ მტკიცებულებებს  აქვეყნებს სამეცნიერო ვებგვერდი – კავკასიონის მყინვარები. გთავაზობთ აქტივობას, რომელიც შეგიძლიათ დაუკავშიროთ საქართველოს პრობლემებს.

  • გაეცანი „კავკასიონის მყინვარების“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო რესურსებს. საქართველოს ფიზიკური რუკის დახმარებით დაადგინე, რომელი მდინარეები საზრდოობენ აღნიშნული მყინვარებით. გამოთქვი ვარაუდი მომავალში მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები:

დეივიდ ატენბორო: ცხოვრება ჩვენს პლანეტაზე;

ყინულის დევნაში;

მანანა სეხნიაშვილი – საქართველოს მყინვარები – კრიოსფერო;

სტატია – ანტარქტიდის „აპოკალიფსის მყინვარი“ სერიოზულ საფრთხეშია — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება;

Glaciers of the Greater Caucasus -კავკასიონის მყინვარები.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი