შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

„პორტო“, „მონაკო“ და ფიზკულტურის გაკვეთილები

2004 წლის მაისი განსაკუთრებულად მახსოვს. პირველ კურსს ვამთავრებდით. გოგოები  გამოცდებისთვის ისე ვემზადებოდით, თითქოს სხვას არავის დასწოლია მხრებზე მსგავსი პასუხისმგებლობა. კურსზე სულ რამდენიმე ბიჭი გვყავდა, რომლებსაც აშკარად ეტყობოდათ, რომ კარს მომდგარ გამოცდებზე მეტად სხვა რამ აღელვებდათ _ ჩემპიონთა ლიგა. ფინალში ერთმანეთს „პორტო” და „მონაკო” ხვდებოდნენ. სიმართლე უნდა ითქვას, მანამდე ფეხბურთით არასოდეს დავინტერესებულვარ, სპორტის ეს სახეობა ჩემთვის დევიდ ბექჰემით იწყებოდა და მთავრდებოდა, ამიტომ დღემდე არ ვიცი, რამ გადამაწყვეტინა ლიგის ფინალის დიდ ეკრანზე საყურებლად წასვლა. ალბათ, ჩემი ყველა მეგობარი მიდიოდა და არ ჩამოვრჩი. თამაში დაიწყო და აი, აქ მე ხმადაბლა და მორიდებით ვიკითხე: „პორტო” და „მონაკო” კლუბებია თუ ნაკრებები?” ბიჭების გამაყრუებელი სიცილი ახლაც ყურში ჩამესმის.
დიახ, ფეხბურთის და საერთოდ, სპორტის შესახებ მაშინ ძალიან ცოტა რამ ვიცოდი. უბრალოდ, სკოლაში სწავლისას ერთი „სპორტული” ოცნება მეც მქონდა _ მინდოდა, ჩვენს სკოლას საფეხბურთო გუნდი ჰყოლოდა, ხშირად ეთამაშათ მეზობელი სკოლის გუნდთან, ყოველთვის მოეგოთ (ამ ორ სკოლას შორის რატომღაც ყოველთვის არსებობდა ისტორიული შუღლი), ჩვენ კი, გოგოები, მატჩებს დავსწრებოდით და ისე გვეგულშემატკივრა, როგორც ამერიკულ ფილმებშია. გარდა იმისა, რომ ხსენებული ფილმების წყალობით ეს ყველაფერი საოცრად რომანტიკულად და ამაღელვებლად მეჩვენებოდა, ყოველთვის მეგონა, რომ სკოლა, რომელსაც სპორტული გუნდი ჰყავს, სხვანაირია, მის კედლებში სულ სხვა ხალისი ტრიალებს, მოსწავლეები სხვანაირად ამაყობენ ერთმანეთით, მეგონა, რომ სპორტი აახლოვებს და აკავშირებს ადამიანებს. დღეს კიდევ უფრო ღრმად ვარ დარწმუნებული სპორტის ყოვლისშემძლეობაში, უფრო მეტიც, ზუსტად ვიცი, რომ საერთო მოგებასა და წაგებას საოცარი ძალა აქვს, წარმოუდგენლად ბევრი, სხვადასხვანაირი ადამიანის ერთად შემკვრელი ძალა.
არადა, ჩემს მართლაც საუკეთესო სკოლაში ცუდად ერთადერთი საგანი, ფიზკულტურა ისწავლებოდა. ვიმარჯვებდით ოლიმპიადებში, ვდგამდით სპექტაკლებს, გამოვცემდით გაზეთს, ვმღეროდით, ვცეკვავდით, მაგრამ სპორტის რომელიმე სახეობაში გუნდი არასოდეს გვყოლია. ფიზკულტურის დარბაზში სულ ერთი ფარი ეკიდა, სხვათა შორის, საკმაოდ მაღლა, რის გამოც ბურთის კალათში ჩაგდება ჩემთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა. ერთი შეღავათი ის იყო, რომ როგორც პატარა, მწკრივში ბოლოდან მეორე ვიდექი და ჩემი ჯერი სულ ერთხელ მოდიოდა _ კლასში ორმოცდარვა ბავშვი ვიყავით. ალბათ ხვდებით, რომ სასკოლო გუნდის გულშემატკივრობაზე ოცნება მაღალ კლასებამდე არც მიმყოლია, გადავწყვიტე, რომ ჩემთვის  ხელმისაწვდომი ერთადერთი სპორტი თავისუფალი თემების წერა იყო.
დევიდ ბექჰემი ზემოთ უკვე ვახსენე. მე ის დღემდე მიყვარს. როგორც ბევრმა სხვამ, ფეხბურთის თამაში მანაც სკოლის პერიოდში დაიწყო. „პროფესიონალური ფეხბურთისკენ მიმავალი გზა ჩემთვის  სკოლის გუნდში თამაშით დაიწყო.” _  წერს ბექჰემი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „ჩემი მხრიდან” _ „სასკოლო ფეხბურთს ხშირად აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ აქ ყველაფერი ბურთის გაგორებაზე, სისწრაფესა და ზუსტ დარტყმაზეა დაფუძნებული, მაღალ კლასებში კი ყოველთვის მოიძებნებიან ბიჭები, რომლებიც თამაშის მოგებას ახერხებენ. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ორივე სკოლაში, სადაც ვსწავლობდი, ყველა იმ გუნდში, სადაც ბავშვობაში მითამაშია, საქმე სხვაგვარად იყო.” ბექჰემის წიგნის კითხვისას კიდევ ერთხელ დავფიქრდი სასკოლო სპორტის მნიშვნელობაზე. დარწმუნებული ვარ, საქართველოს სკოლებში დღესაც სწავლობენ ბავშვები, რომლებიც ჯერ არავის აღმოუჩენია _ ქართული სპორტის მომავალი ვარსკვლავები. სკოლა ხომ, სინამდვილეში, სულაც არაა ის ადგილი, სადაც იძულებით ასწავლიან ზუსტ მეცნიერებებს და შავი ასოებით დაბეჭდილ წესებს. სკოლის დანიშნულება სხვაა _ გზა იქით გაგვიხსნას, საითაც ჩვენ თვითონ გვინდა სიარული.

საკუთარმა გამოცდილებამ დამანახა, რომ სპორტის შეყვარება, ისევე, როგორც საერთოდ, შეყვარება, არასოდესაა გვიან. არასოდესაა გვიან იმის აღმოჩენა, რომ არსებობს რაღაც, თავისუფალი თემების წერაზე უფრო აზარტული. ერთი წლის წინ, როცა ბარსელონაში, „ნოუ კამპზე” ლაიონელ მესისთვის ოქროს ბურთის გადაცემის საზეიმო ცერემონიალს დავესწარი, ჯერ ჩემი მეგობრები გამახსენდნენ, სწორედ ისინი, წლების წინ „პორტოსა” და „მონაკოს” შესახებ დასმული კითხვით რომ გავამხიარულე, მერე კი, რატომღაც, ფეხბურთის გუნდი, რომელიც ჩემს სკოლას არასოდეს ჰყოლია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი