ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

კრიტიკული აზროვნება – რატომ სჭირდებათ ის მოსწავლეებს?

ბევრი წლის წინ, როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, გაკვეთილებზე მოსწავლეები კითხვებს იშვიათად სვამდნენ. თუ უფრო გავთამამდებოდით და საკუთარ აზრს თავისუფლად გამოვთქვამდით, ეს იმ მასწავლებლის დამსახურება იყო, რომელიც ნდობით სავსე გარემოს ქმნიდა. ასეთი მასწავლებელი მაშინაც და დღესაც იშვიათი მგონია. ალბათ გამართლებაზეც არის, შეგხვდეს ისეთი მასწავლებელი, რომელთანაც მოსწავლე გაბედული იქნება, არ მოერიდება კითხვის დასმა, არ შეეშინდება შეცდომის დაშვება და არ შერცხვება საკუთარი მოსაზრების გაჟღერება. „გამართლება“ – ამ სიტყვის გამოყენებასაც ხომ ძალიან მივეჩვიეთ განათლების კონტექსტში. „გაგვიმართლა და კარგი მასწავლებელი შეგვხვდა“, „თუ გაგვიმართლა და კარგ მასწავლებელს შევხვდით“, „საჯარო სკოლაა, მაგრამ გაგვიმართლა“ – რამდენჯერ გვითქვამს ან რამდენჯერ მოგვისმენია მსგავსი ფრაზები მშობლებისგან…

ჩემი დროის სკოლაში ცოტა შეკითხვები იყო. მეც იშვიათად მიჩნდებოდა კითხვების დასმის სურვილი და საერთოდაც, ამ მხრივ ძალიან არც სხვები აქტიურობდნენ. საკმაოდ გვიან გავიაზრე, რომ ჩემი თაობის ადამიანები ისეთი სკოლებიდან მოვდივართ, სადაც არ იყო მოსწავლის მხრიდან შეკითხვების დასმის კულტურა და ტრადიცია, რომელსაც კამათამდე, დისკუსიამდე, თავისუფალ აზრამდე უნდა მივეყვანეთ. იმ გაკვეთილებზე, სადაც ბევრი შეკითხვა იბადება და ჟღერდება, ფიქრის მასშტაბი იზრდება, საკითხი უფრო ცხადი და გასაგები ხდება და ყველაზე მთავარი – მოსწავლის ცოდნა და გამოცდილებაც უჩვეულოდ მდიდრდება. თუ ასეთ გაკვეთილზე შექმნილია პირობა, იმისთვის, რომ მასწავლებელმა მოისმინოს მოსწავლის აზრები, შეხედულებები, პატივი სცეს მის ნააზრევს და წაახალისოს ის ამ მიმართულებით, ალბათ ეს არის ყველაზე ეფექტური სწავლების ფორმა, რომელიც აუცილებელია მომავალში მოსწავლის შედეგის გასაუმჯობესებლად.

როდესაც, სკოლისა და მასწავლებლის დანიშნულებაზე ვფიქრობ, ყველაზე უმთავრეს მისიად მიმაჩნია, სკოლამ ასწავლოს მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნება და შექმნას კომფორტული სივრცე ინდივიდუალური მოსაზრებებისა და ნააზრევის გაზიარებისთვის.

ჩემი რვა და ექვსი წლის შვილები ყოველდღიურად უამრავ შეკითხვას მისვამენ, რაც ბევრ საფიქრალს მიჩენს. მათ მეც შეუსვენებლად ვპასუხობ. იმასაც მივხვდი, რომ კითხვების დასმა, მათი მთავარი „პროფესიაა“ და ახლა მთავარია, ჩვენ დუმილით არ შევაფერხოთ მათი მზარდი ინტერესი და გამოვნახოთ დრო მათთან სასაუბროდ. ზოგჯერ მიფიქრია, რატომ დაინტერესდნენ მაინცდამაინც „ამ“ თემით, ეს ხომ არ უნდა შედიოდეს ბავშვის ინტერესებში, მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, თუ ბავშვი კითხვას სვამს, ე.ი მას აქვს მზაობა, მიიღოს და გაიაზროს პასუხი.

ჩემს შვილებს უკვირთ, რატომ ტოვებენ ნაგავს ქუჩაში მათზე ბევრად უფროსები და აბინძურებენ გარემოს; უკვირთ, რატომ არის მათ სახლთან მდებარე სკვერში დამტვრეული, მოძველებული და საფრთხის შემცველი გასართობები ბავშვებისთვის და რატომ არ ზრუნავენ თანაბრად ყველა ბავშვზე, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობს ის; ან რატომ დადის გარეუბნებში მოძველებული ტრანსპორტი და სხვაგან უფრო სუფთა და შედარებით გამართული. მათ მოსაზრებებს სამოქალაქო პოზიციიდანაც რომ შევხედოთ, ნამდვილად ჯანსაღი, კრიტიკული და ლეგიტიმურია. მათ მიერ გარემოს ასეთი კრიტიკული შეფასებაც დასაფიქრებელია, რადგან ბავშვის დაკვირვებულ თვალს ნამდვილად არაფერი გამოეპარება. ყურადღების მიღმა არ რჩებათ არც მავანი პოლიტიკოსების დაპირებები, რომლებიც დიდ სარეკლამო ბანერებზეა გამოტანილი, კარგად იკითხება და ნებსით თუ უნებლიეთ გვამახსოვრდება. ვფიქრობ, როდესაც მოსწავლეების მხრიდან ასეთი შეკითხვები ჩნდება, ეს ნიშნავს, რომ შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ უფრო შემართებით ვიზრუნოთ მათი სააზროვნო უნარების გაძლიერებისთვის და ამ მხრივ მსჯელობის გაღრმავებისთვის.

მოსწავლისთვის კრიტიკული აზროვნების სწავლება, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტული, გამჭოლი კომპეტენცია და აუცილებელი უნარი, გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმითაც. გეგმაში ნათქვამია, რომ ამ სააზროვნო უნარის ფლობა მოსწავლეს მომავალში გაუადვილებს თვითრეალიზებას და დაეხმარება, იყოს კარგი მოქალაქე, დაიმკვიდროს ადგილი საზოგადოებაში და შეიძინოს პრობლემის შეფასებისა და გააზრებისთვის საჭირო სააზროვნო უნარები. ეს უნარები განსაკუთრებით ახლა, ცვალებად კონტექსტშია მნიშვნელოვანი, როდესაც საკმაოდ რთულდება, გაარჩიო, სად არის სიმართლე. თუ ადამიანი ამ უნარებით აღჭურვილია, მას არ გაუჭირდება გააანალიზოს ინფორმაცია და გამოიტანოს სწორი დასკვნები.

რა უწყობს ხელს კრიტიკული აზროვნების განვითარებას? როგორ იწყებს მოსწავლე კრიტიკულ აზროვნებას? ვპასუხობთ თუ არა მათ კრიტიკულ შეკითხვებს? როგორ ვპასუხობთ? როგორ ვუსმენთ? – ეს ის შეკითხვებია, რომლებიც მაშინ ჩნდება, როდესაც ვიწყებთ ფიქრს – რისთვის დასჭირდება მოსწავლეს მთელი ის ცოდნა, რასაც აგროვებს, იმახსოვრებს, იზეპირებს; როგორ გამოიყენებს ამ დაგროვილ ცოდნას, თუ პრაქტიკაში, ყოველდღიურობაში, რთული ცხოვრებისეული ამოცანების შესრულების დროს არ ეცოდინება ამ ცოდნის გამოყენების საჭირო მექანიზმები.

პასუხების ძიების პროცესში მოსწავლეები ბევრ შეკითხვას სვამენ და ამ დროს მათ მეგზური სჭირდებათ ისეთი მასწავლებლის სახით, რომელიც ამ გზაზე შეეშველება, უფრო ღრმად დააფიქრებს, მსჯელობას კრიტიკული მიმართულებით წაიყვანს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ პროცესში შეცდომებისადმი ტოლერანტული დამოკიდებულება მგონია და ვისურვებდი, ჩვენმა შვილებმა, ჩვენმა მოსწავლეებმა შეცდომის შიშით არასოდეს თქვან უარი არასასიამოვნო და არასტანდარტული კრიტიკული მოსაზრების გამოთქმაზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი