პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდაჭერის გზები ონლაინსწავლებისას

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე მოსწავლეებს საკლასო ოთახის წესებისა და წესრიგის გარეშე სწავლა შეიძლება გაუჭირდეთ. როგორ შეუძლიათ მასწავლებლებს მათი დახმარება:

 

ცრემლი და ტანტრუმი – სოციალურ მედიაში ეს სიტყვები ხშირად გამოიყენება ADHD-ის მქონე ბავშვების მშობელთა მიერ დისტანციურ სწავლაზე საუბრისას. მასწავლებელთაგან ჩვეული მხარდაჭერის, საკლასო ოთახის წესებისა და წესრიგის გარეშე ორგანიზებულობის შენარჩუნების, გაკვეთილებთან და საშინაო დავალებებთან გამკლავებისათვის გაწეული ძალისხმევა დამთრგუნველი ხდება.

 

ADHD ბავშვებში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ნევროლოგიურ დარღვევად ითვლება და საბაზო და საშუალო საფეხურებზე სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს დავალებაზე მუშაობის დაწყებისა და დასრულების პრობლემებს, მოუსვენრობას აქტივობაში ჩაურთველობისას, ნაჩქარევ და არეულ სამუშაოსა და მრავალსაფეხურიანი მითითებების გათვალისწინების სირთულეს. დისტანციური სწავლა კიდევ უფრო ამძაფრებს ამ პრობლემებს.

 

ქვემოთ იხილავთ ჩამონათვალს, რა შეუძლიათ გააკეთონ მასწავლებლებმა ADHD-ის მქონე ბავშვებისათვის:

 

გაარკვიეთ, როგორ სწავლობენ უკეთ მოსწავლეები და მხარი დაუჭირეთ ამას

 

განმეორებადი და ხანგრძლივი გაკვეთილები, რომელთაც გონების მუდმივი დაძაბვა სჭირდება, ბავშვების უმეტესობისთვის რთულია, მაგრამ ისინი განსაკუთრებით მძიმეა ADHD-ის მქონე მოსწავლეებისათვის, რომლებიც მალე იღლებიან და ყურადღება იოლად ეფანტებათ. არჩევნის მიცემას შეუძლია, გაზარდოს ADHD-ის მქონე მოსწავლის ჩართულობა და მისი ყურადღებაც გაახანგრძლივოს. კვლევით დასტურდება, რომ როდესაც შემოგვაქვს ახალი აქტივობა, რომელიც სხვა გრძნობის/შეგრძნების ჩართვას გულისხმობს (მაგ. რამდენიმე წუთით ფეხზე დგომა ვირტუალური გაკვეთილისას; თეთრი ხმაურის ან ფონად წყნარი მუსიკის მოსმენა მათემატიკურ ამოცანებზე მუშაობისას), ეს შეიძლება დაეხმაროს მოსწავლეებს ძირითად საკითხზე კონცენტრირებაში.

 

მაგ. ADHD-ის მქონე 15 წლის მოსწავლე ალენ ჯეფერსონს ნიუ-ორლეანიდან ურჩევნია ონლაინგაკვეთილებს მობილურიდან ჩაერთოს, რადგან ეს აძლევს სახლში ან ეზოში გადაადგილების საშუალებას, ისე, რომ გაკვეთილი არ გააცდინოს. სხეული რომ დაკავებულია, ეს მას კონცენტრაციის შენარჩუნებაში ეხმარება.

 

ADHD-ის მქონე მოსწავლეებს რომ ოპტიმალური სასწავლო გარემოს შექმნაში დავეხმაროთ, სჯობს მათთანვე განვიხილოთ, როგორ სწავლობენ უკეთ და ერთად გამოვძებნოთ სასწავლო გარემოს გაუმჯობესების გზები.

 

დაბოლოს, როდესაც ADHD-ის მქონე მოსწავლეების ხელები დაკავებულია, მათ უკეთ შეუძლიათ კონცენტრირება. ამისთვის არ არის საჭირო ძვირადღირებული სპინერები, ნებისმიერი რამ შეიძლება გამოდგეს, მაგ. რეზინის ლენტები, მძივებიანი სამაჯური, თიხა, პატარა ბურთი, ან ქაღალდის სამაგრები.

 

დაეხმარეთ დროისა და განრიგის შეგრძნების შენარჩუნებაში

ADHD-ის მქონე მოსწავლეებს უჭირთ დროის კონტროლი. ტელეფონებზე შეხსენების დაყენება (გაკვეთილის დაწყების დრო და სხვ.) შეიძლება სასარგებლო იყოს. ზოგჯერ უბრალო სამზარეულოს წამზომი შეიძლება დაეხმაროს მათ დავალებების დანაწილებასა და დროის მოკლე მონაკვეთებში ფოკუსირების შენარჩუნებაში.

 

სახლში სწავლისას სასარგებლოა დროის მართვის სხვადასხვა ტექნიკის გამოყენება, მაგ. პომოდორის ტექნიკა, როცა ტაიმერს ვაყენებთ და 25 წუთით ვკონცენტრირდებით კონკრეტულ დავალებაზე, შემდეგ 5 წუთით ვისვენებთ და ისევ ვუბრუნდებით დავალებას.

 

ორგანიზებულობის შესანარჩუნებლად ბავშვებს სჭირდებათ ნათელი, მარტივად წასაკითხი განრიგი. გამოაქვეყნეთ დღის განრიგები ერთ სივრცეში და შეეცადეთ, არ შეცვალოთ ის. თუ შესაძლებელია, მიუთითეთ ნებ-ბმულები ნებისმიერ რესურსზე, რომელთაც გამოიყენებთ, მათ შორის Zoom-ის ID-ები და პაროლები. შესთავაზეთ მოსწავლეებს, ვისაც დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება, ამობეჭდონ დღიური განრიგი და სასწავლო სივრცეში ადვილად შესამჩნევ ადგილას დაკიდონ, ან (თუ ეს ციფრული განრიგია ბმულების მითითებით), შესთავაზეთ, შეინახონ თავიანთი კომპიუტერის ან პლანშეტის მთავარ გვერდზე.

 

დაიწყეთ სრული სურათით, შემდეგ დაანაწევრეთ გადადით დეტალებზე

ADHD-ის მქონე ბავშვებს ხშირად აქვთ აღმასრულებელ ფუნქციასთან დაკავშირებული პრობლემები. აღმასრულებელი ფუნქციები არის ტვინის თვითკონტროლის შესაძლებლობები; ისინი საშუალებას გვაძლევს, გავაგრძელოთ მოქმედება და გადავწყვტოთ პრობლემები.

 

ერთ-ერთი ასეთი აღმასრულებელი ფუნქციაა ქცევის სამართავად მენტალური რუკების შექმნა და მიზნის მისაღწევად საჭირო ნაბიჯების დამახსოვრება. შესაბამისად, რთული, მრავალსაფეხურიანი საშინაო დავალება სათანადო მხარდაჭერის გარეშე, შეიძლება დიდი დაბრკოლება აღმოჩნდეს ADHD-ის მქონე ბავშვისათვის.

 

დისტანციური სწავლის დროს ინსტრუქციის მიცემისას ADHD-ის მქონე ბავშვებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დავიწყოთ სრული სურათით და შემდეგ გადავიდეთ მცირე ნაწილებზე (მათ ჯერ ტყე უნდა დაინახონ და შემდეგ – ხეები).

 

გამოიყენეთ სტრატეგიები, რომელთაც ბავშვები ონლაინ უკვე იყენებენ

ADHD-ის მქონე ადამიანებს სუსტი მეხსიერება აქვთ, რამაც შეიძლება, გაართულოს წაკითხულის გაგება და დამახსოვრება. ეკრანზე კითხვისას მოსწავლეები ყურადღებით წაკითხვის ნაცვლად სწრაფად გადახედავენ ხოლმე ტექსტს, რაც ADHD-ის მქონე მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო ართულებს ტექსტის გაგება-დამახსოვრებას. ამ დროს შეიძლება, მაგალითად, ტემპის შენელება და რჩევა – შეაჯამონ თითოეული აბზაცი. შეიძლება ასევე შევთავაზოთ აბზაცის მთავარი იდეის ჩაწერა, ან ჰეშთეგის შექმნა თითოეული აბზაცისთვის.

 

დააწესეთ შესვენებები ტვინისა და სხეულისათვის

ყველა ბავშვისთვის სასარგებლოა სწრაფი შესვენებები სასკოლო დღის განმავლობაში, ADHD-ის მქონე ბავშვებისათვის კი Zoom-გაკვეთილებისას ფოკუსის შესანარჩუნებლად აუცილებელია რეგულარული შესვენება.

 

ონლაინგაკვეთილებს შორის შესვენებების შემდეგ შესაძლოა, ბავშვებს საგაკვეთილო პროცესში ჩართვა გაუჭირდეთ. ამ დროს მათ მობილიზებასა და გაკვეთილისათვის მზადებაში დაეხმარებათ სუნთქვითი ვარჯიშები.

 

და რადგანაც სახლიდან სწავლისას ბავშვებს აკლიათ თანატოლებთან სოციალიზების შესაძლებლობები, ზოგიერთი მასწავლებელი Zoom-ში ბავშვებს სპეციალურ შესვენებას აძლევს ერთმანეთთან სასაუბროდ, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია ეს სოციალური ინტერაქცია.

 

წყარო: https://www.edutopia.org/article/5-ways-support-kids-adhd-during-remote-learning

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი