პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

 თოვლის კაცი ანუ სიმართლის მარტივად დანახვის შესაძლებლობა

თოვლის ბაბუსადმი რწმენა პირველად მაშინ შემერყა, როცა უფროსმა ბიჭებმა ყოველგვარი შეფარვის გარეშე მაჯახეს: „მაგი მარტო კინოში არსებობს და ისიც მაშინ, თუ შუქი მოვიდა“.

ეს ბზარები იქამდეც არსებობდა. ვამჩნევდი, რომ თოვლის ბაბუა ჩემთან კომუნიკაციის სერიოზულ პრობლემებს უჩიოდა, თუმცა მაინც ჯიუტად ვებღაუჭებოდი იმედის ნაფლეთებს. სიმართლის გარკვევაში ყველაზე მეტად ხელს ის მიშლიდა, რომ მის ინტერესებს ოჯახის ლამის ყველა წევრი პერფექციონისტი ადვოკატივით იცავდა და ცდილობდა მისი არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებას. ასე მაგალითად – 1994 წლის 1 იანვრის ღამეს ეს ჩემი ბალიშის ქვევიდან ამოღებული მანდარინი და ჩურჩხელა აღმოჩნდა, ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი ბანანი და შოკოლადი. თოვლის ბაბუა ძალიან მოუცლელი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელიც ზუსტად მაშინ შემოირბენდა, როცა მე ღრმად მეძინა ხოლმე, ბალიშის ქვეშ საჩუქარს ამომიდებდა და სასწრაფოდ ტოვებდა სახლს.

„აბა რაფერ გინდათ, თქვენ ხომ არ ხართ ამ ქვეყანაზე მარტო?“ – მის გრაფიკს ჯიუტად ამართლებდა ერთი ჩემი მეგობრის მშობელი, ხოლო როცა ერთ ახალ წელს მის შვილს ბალიშს ქვეშ არაფერი დახვდა, თავის სამართლებლად მიზეზსაც იოლად მიაგნო:

„დაუდარაჯდნენ თურმე სხვა ბავშვები და იმდენი იქაქანეს, რომ დარჩი შენ უსაჩუქროთ“.

მშობლების მხრიდან დაგეგმილი ამ  შეთქმულების მსხვერპლნი მანამ ვიყავით, სანამ ერთი გულწრფელი კაცის წყალობით ციხესიმაგრე შიგნიდან არ გატყდა. ეს კაცი ბაბუაჩემი იყო.

„სულ რომ არსებობდეს საბაჟოსთან დააყაჩაღებდნენ. რა უნდა ბაბუ ამ დაქცეულ ქვეყანაში თოვლის ბაბუას?“ – თქვა და არც კი გამოუხედავს ჩემკენ, ისე განაგრძო ლურსმნის ფიცარზე მიჭედება.

„არ არსებობს? აქამდე რატომ არ მითხარი?“ – განაწყენებულმა ვუთხარი. „არ გიკითხავს და…“

ძალიან უცნაური და მოულოდნელი განცხადება იყო კაცისგან, რომელიც მთელი ჩემი ბავშვობა მიმტკიცებდა: ეზოს უკან მდებარე დაჭაობებულ აუზში უზარმაზარი ნიანგი წევს, რომელსაც ორ ფეხზე სიარული, ლექსების გამოთქმით წაკითხვა და ბურთის ასამდე აკენწლა შეუძლიაო. მეტად აღარ ჩავძიებივარ. მივხვდი – ბედს უნდა შევგუებოდი და დაკვირვება იმ დესტრუქციულ პროცესზე მეწარმოებინა, რომელიც ჩემი წარმოსახვითი პალიტრიდან დღითიდღე შლიდა ფერად პერსონაჟებს. ისე მოხდა, რომ ამ პროცესს თოვლის ბაბუაზე, ჯინზე, ფერიებზე და სირინოზებზე დიდხანს გაუძლო, თუმცა საბოლოოდ მაინც შეეწირა ბაბუაჩემის მეგობარი ფეხბურთელი ნიანგიც.

ამ ამბებიდან ბევრი წელი იყო გასული, როცა ჩემს პირველ კლასელ მოსწავლეებთან ერთად, ჯავახურ სუსხსა და ბუქში, თოვლის კაცის აგების პომპეზურ ფესტივალში მივიღე მონაწილეობა. ეს ზღვისპირეთის თოვლჭყაპში გართობის სულსწრაფ მცდელობას ნამდვილად არ ჰგავდა. მთის შვილი პირველკლასელები უცნაური სიდინჯით ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს და თითოეულ მათ ნაბიჯში გამოცდილება, წვრილმანებზე ორიენტირებულობა და საქმისადმი უჩვეულოდ სერიოზული დამოკიდებულება შეინიშნებოდა: ერთმა ცოცხი მოიტანა, მეორემ სტაფილო, მესამემ ნახშირი, მეოთხემ ქუდი, მეხუთემ კაშნე და ის მზრუნველად შემოახვია ხურჯინიან თოვლის კაცს. ექვსი პატარა აბორიგენით გარემოცული ვიდექი, ისეთი წარმოდგენა მრჩებოდა, თითქოს ისინი თავიანთი საკრალური რიტუალის საიდუმლოს მიზიარებდნენ და ალბათ ასე პირდაღებულს კიდევ დიდხანს მომიწევდა დგომა, ისევ მათ ხმამაღალ მოწოდებებს რომ არ მოვეყვანე აზრზე.

ეს სიდინჯე უპირველესად გარემოს საიმედოობით იყო გამოწვეული. ასეთ გარანტიებს ბარის თოვლჭყაპი არასდროს იძლევა, იქ ყინულის შედევრის წამოსაჭიმად არც დრო გყოფნის და არც ნერვები, რადგან შენს წარმოსახვას მტერი ერჩის, რომელიც მთელ შემოქმედებას გათენებისთანავე თავისი სხივებიანი საშლელით მიადგება. ბარისგან განსხვავებით კი ჯავახეთის ეზოებში წამოჭიმული თოვლის კაცები ხანდაზმულ ასაკამდე ცოცხლობენ. ფარავანის, ხანჩალის, მადატაფას, ბუღდაშენის, ტაბაწყურის, კარწახის ტბების პირას ამოზრდილი ეს მოღიმარი ზამთრის დარაჯები შენს ბავშვობაში იჭვრიტებიან, ამიტომ ბუნებრივია მუხრუჭისკენ გაგექცეს ფეხი, მანქანა გააჩერო და საკუთარი თავის გასახსენებლად გვერდით მიუჯდე.

თოვლის კაცის ძალიან პრიმიტიული რაკურსი სიმართლის მარტივად დანახვის შესაძლებლობას იძლევა: ჩვენს წარმოდგენებს საკუთარ თავებს სიცრუედ მხოლოდ იმ მიზეზით ვასაღებთ, რომ წლები გვემატება და გვგონია ვიცით სადაც გადის ზღვარი სიმართლესა და ტყუილს შორის. არადა ყველაფერს, რასთანაც კი ოდესმე გვქონია შეხება სიმართლის, ტყუილის, სიზმრის, ცხადის, კარგად დამახსოვრებულის, დავიწყებულის ან აწი დასავიწყებლის ჩათვლით, იმდენად აქვს ნამდვილობის დამადასტურებელი მოწმობის მოთხოვნის უფლება, რამდენადაც ჩვენს საკმაოდ ჩვეულებრივ, დროებით არსებობას. თუ სინამდვილე საგარანტიოდ მაინცდამაინც ფიზიკური არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტს იყენებს, ხოლო ტყუილს ამხელს იმ მიზეზით – შენ მსგავსი არაფერი მოგეპოვებაო – მაშინ აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენ, ადამიანები, განწირულები ვართ ადრე თუ გვიან გავიზიაროთ სიცრუის ბედი. დრო მოვა და სამყარო ჩვენს წინააღმდეგ იმ მრავალჯერ აპრობირებულ მეთოდს გამოიყენებს, რითაც თავის დროზე ჩვენ თოვლის ბაბუას გავუსწორდით – ადგება და თავისი მდიდარი წარმოსახვიდან ფიზიკურად წაგვშლის.

და ვერცერთი ფოტოსურათი, ვიდეოკადრი თუ აუდიოჩანაწერი ვერ იქნება იმაზე მყარი მტკიცებულება, რომ ოდესღაც მართლა ვარსებობდით, ვიდრე ის ადამიანები, რომლებსაც ვიცნობდით, ან გვიცნობდნენ, რომლებშიც გამოვიწვიეთ სულ უმნიშვნელო ემოციური ცვლილება, რომლებსაც შევუყვარდით, ან გვძულდნენ, სითბოდ, ან სიცივედ ვექეცით ერთმანეთს ცხოვრებაში. ამ პროცესში ჯინს, სალამურას, ოჩოკოჩს და სანტა-კლაუსსაც თავისი წვლილის შეხსენების ლეგიტიმური უფლება აქვთ, იმიტომ, რომ ეს სამყარო მხოლოდ ყველა იმ ტყუილთან ერთადაა ნამდვილი, რასაც კი ოდესმე ჩვენს გონებაში ადგილი ჰქონდა და რამაც იმად გვაქცია, რაც ვართ.

15, 20 წლის შემდეგ, როცა ჯავახეთში დავიწყე ცხოვრება, ძველი შეგრძნებები გამიმძაფრდა. ახლა იმ ბავშვებივით, რომლებსაც ვასწავლი, სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ თოვლის ბაბუა ნამდვილად არსებობს, ოღონდ ახალი საუკუნის უკიდეგანო ციფრულმა რესურსმა ჩვენს ფანტაზიაში ის ჰოლივუდური ბრწყინვალებით, ლაპლანდიური ზღაპრების გავლენითა და სანტა-კლაუსის შარმით შემოსა. ეს იმდენად დამაჯერებელი ამბავია, რომ ჯავახეთის თოვლით დაფარულ მთებში ზოგჯერ საიდუმლო პორტალს დავეძებ, რომელიც თეთრი წვერით დაფარულ, გაბურძგნული ბერიკაცის ჯადოსნურ სახლში გადამიყვანს. ძალიან მინდა ჯერ მის ბუხართან გავთბე და მერე ვკითხო, თუ რატომ იყო ჩემს ბავშვობაში გაცილებით ჯიბეგაღლეტილი!

მანამდე კი ისევ აქაურობისთვის ლამის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ქცეული ყინულისა და თოვლის ქანდაკებების აგებით დავკმაყოფილდები. პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს თავის დროზე მარტოობის დასავიწყებელი კარგი თერაპიაც იყო. იმ სახლის ფანჯრიდან, სადაც ცხოვრების სამი წელი მარტომ გავატარე, ქარბუქიან ეზოში მდგარი უზარმაზარი, ჩემ მიერ აგებული სტაფილოსცხვირა თოვლის კაცი ცნობისმოყვარედ იჭყიტებოდა და ასზე მეტი ღამე დარაჯობდა ჩემს ზამთრის სიზმრებს. სანამ დადნებოდა ალბათ ნახა, თუ როგორ დამესიზმრა ერთხელ ზაფხული; აუზთან ჩამუხლული ვიდექი და წყლისგან ვცდილობდი მის დაცლას. ვხედავდი, როგორ ნელა იწეოდა ფსკერი ზემოთ. ცაზე გულების ქუხილი ისმოდა, სანამ აუზიდან თავი მწვანე ნიანგმა არ ამოყო, მერე სველი შუბლი ხელით მოიწმინდა, ორ ფეხზე დადგა და ამაყად მკითხა: „შენ ბურთის ასამდე აკენწლვას შეძლებ?“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი