პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

eTwinning -ის ,,გემრიელი რეცეპტები’’

eTwinning პროგრამა წარმოადგენს ევროკომისიის ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს ევროპის სკოლებს თანამშრომლობითი პარტნიორობის ჩამოყალიბებას. მისი მთავარი მიზანია ევროპის მასშტაბით სკოლების არაფორმალური დაძმობილება.  აქვს ხარისხისა და მხარდაჭერის უნიკალური სტრუქტურა, რომელსაც სთავაზობს ყველა საფეხურის მასწავლებელს.

პორტალ www. etwinning.net-ზე დარეგისტრირების შემდეგ მასწავლებლები მოიძიებენ პარტნიორს და მოსწავლეებთან ერთად ჩაერთვებიან პროექტში. შესაძლებელია, როგორც  მზა პროექტის გამოყენება, ასევე – საკუთარი იდეის შემუშავებაც.

პლატფორმა, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უსაფრთხო გარემოში,  მასწავლებლებს თავიანთ პროექტზე მუშაობის გამარტივებისთვის მთელ რიგ საშუალებებს სთავაზობს, მათ შორის – პარტნიორის მოძიების ფუნქციას.

პარტნიორთან მუშაობის დროს უნდა განისაზღვროს, რომელი მხარე რა საკითხზე იქნება პასუხისმგებელი. ძალიან მნიშვნელოვანია ნდობის ფაქტორი. ისინი სამუშაოს თანაბრად ინაწილებენ. უპირველეს ყოვლისა, გაწერენ გეგმას და განსაზღვრავენ, როგორ და როდის დაიწყება და დასრულდება პროექტი, რამდენი საგანი და რამდენი მასწავლებელი ჩაერთვება მასში.

მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისოა პორტალზე განთავსებული პროექტების თემატიკა. მინდა, გაგიზიაროთ  რამდენიმე ,,გემრიელი რეცეპტი’’

თაფლაკვერის სახლი

ამ პროექტის მთავარი თემაა ზღაპარი. ბავშვების დავალებაა, გადააქციონ თავიანთი სასკოლო ცხოვრება ზღაპრულ ცხოვრებად. ისინი გამოსახავენ ზღაპრულ სამყაროს ნახატების მეშვეობით, რომელიც საბოლოოდ ციფრულ სახეს იღებს. ხატავენ თაფლაკვერის სახლს, რომელსაც სურათებიანი წიგნის ფუნქცია აქვს და გადააქვთ ციფრულ ფორმატში. ეს ნახატი განთავსდება მათ საერთო ვებგვერდზე. ამის შემდეგ, ბავშვებს, სხვადასხვა ზღაპრის გმირის სახით, სურათებიან წიგნში შეაქვთ  ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ.

 

ცისარტყელა სოფელი

რას იტყვით ცისარტყელა სოფელში შემოერთებაზე, სადაც მოსწავლეები საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან, სლოვაკეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ისწავლიან ერთად ცხოვრებას და გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას?

eTwinning-ის პლატფორმის საშუალებით, მოსწავლეები ჯერ გაიცნობენ ერთმანეთს, განიხილავენ ყოველდღიურ ცხოვრებისეულ თემებს და შეადარებენ თავიანთ ქცევის ნორმებს მათი ევროპელი პარტნიორებისას. ეს მონაცემები შემდეგ გამოყენებული იქნება ვირტუალური სოფლის შესაქმნელად, რომელიც არის კულტურების ნარევი, სადაც მოსწავლეები 1) იღებენ ახალ იდენტობას (ფიზიკური აღწერილობა, ხასიათი, რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ…) 2) წერენ მათთვის იდეალური სოფლის ფიზიკურ აღწერილობას 3) მოიფიქრებენ ემბლემას, ეროვნულ ჰიმნს და საერთო კანონს. ამბები განთავსდება პროექტისთვის სპეციალურად შექმნილ ბლოგზე. მოსწავლეებს შეუძლიათ ელ.ფოსტის ან ვიდეო კონფერენციების საშუალებით კომუნიკაცია.

პროექტის ბმული: www.etwinning.net/profile/rainbow_villa

რეპორტაჟი საზღვრების გარეშე

მოსწავლეები თანამშრომლობენ და ქმნიან ელექტრონულ ჟურნალს.  ირჩევენ მათთვის სასურველ გამოსაკვლევ თემებს, იღებენ ინტერვიუებს  ევროპელი პარტნიორებისგან ამ საკითხებზე მათი მოსაზრების გასაგებად, შემდეგ ორგანიზებას უკეთებენ შეგროვილ ინფორმაციას და წერენ სტატიებს.

პროექტის ბმული: www.etwinning.net/profile/reporting_without_borders

ვქმნით ჩვენს საკუთარ მიკროქვეყანას

პარტნიორები იკვლევენ იმ ძირითად მახასიათებლებს, რომლებიც მათ ქვეყნებს საერთო აქვს. სუვერენიტეტი: სუვერენული სახელმწიფოს სტატუსი, ელჩების გაცვლა, პასპორტების მიღება, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა.  დროშა და ეროვნული ჰიმნი, რომლებიც სახელმწიფოს სიმბოლოს წარმოადგენს. კონსტიტუცია ან ძირითად კანონთა კრებული, რომლითაც ხელმძღვანელობს ქვეყნის სამართლებრივი სისტემა. მთავრობა: არჩეული და დაკომპლექტებული, კონსტიტუციის შესაბამისად.

პროექტის დასაწყისში მასწავლებლები და მოსწავლეები განიხილავენ და თანხმდებიან იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანი ღირებულებები უნდა იყოს დამკვიდრებული მათ მიერ შექმნილ წარმოსახვით სახელმწიფოში. მოსწავლეებს შეუძლიათ, შექმნან საკუთარი კონსტიტუცია და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოს მეთაურების არჩევნებში. პროექტის ბოლოს, შესაძლებელია, გაიმართოს მსჯელობა, რომლის დროსაც განხილული იქნება, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენი რეალური საზოგადოება დაემსგავსოს მოსწავლეების მიერ შექმნილ იმ იდეალურ საზოგადოებასა

და სახელმწიფოს, რომელიც მოსწავლეებმა საკუთარი წარმოსახვით შექმნეს პროექტის ფარგლებში.

მე მიყვარს მწვანე პლანეტა – დედამიწა

მიზანი – სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა. მოსწავლეები თანხმდებიან, რომ სიყვარული მხოლოდ სიტყვებით კი არ გამოიხატება, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მოქმედებებით ვლინდება და ეკოლოგიურად ჯანსაღი პლანეტის – დედამიწის სიყვარული ნიშნავს კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას. ისინი იწყებენ მოხალისეობრივ საქმიანობას, როგორიცაა სკოლის ბაღის დასუფთავება, ხეების დარგვა, ხეებისადმი მიძღვნილი დღის აღნიშვნა. გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში  თითოეული გუნდი გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ასპექტზე მუშაობს, იკვლევს  გამომწვევ მიზეზებს და ეძებს პრობლემის გადაჭრის გზებს. მოსწავლეები გასართობი ღონისძიებებით, ხეების დარგვით და მოსაზრებათა ერთმანეთისთვის გაზიარებით  თანატოლებს და სრულიად საზოგადოებას აწვდიან იდეებს და შთააგონებენ, რომ ყველამ იზრუნოს გარემოსა და პლანეტის გაჯანსაღებაზე.

eTwinning -ის პროექტები აფართოებს მოსწავლეთა და მასწავლებელთა თვალსაწიერს. იზრდება  მოტივაცია. ამას ყოველთვის მოაქვს დადებითი შედეგი, რაც მთელ სკოლაზე აისახება.

სკოლების მიერ ნამუშევრების ეროვნულ და ევროპულ პორტალებზე განთავსება თვალსაჩინოდ წარმოაჩენს მათ საქმიანობას, ხოლო ხარისხის ნიშნის მინიჭება პროექტებისთვის, როგორც ეროვნულ, ასევე ევროპულ დონეზე, საამაყოა თითოეული სკოლის მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლისთვის.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ძალისხმევით, ითვინინგის პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები, რომელთა შესახებ შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. სწავლა ითვინინგის პროგრამით – სახელმძღვანელო მასწავლებელთათვის –

ევროპული სკოლის ქსელი

  1. ისწავლეთ დემოკრატია და იცხოვრეთ დემოკრატიულად „eTwinning“-ის საშუალებით – ევროკავშირის გამომცემლობა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი