პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

რამდენიმე ფრაგმენტი დედის პორტრეტების გალერეიდან

ბავშვებს უყვართ ნამდვილი ამბების მოსმენა მხატვრების ცხოვრებიდან. როგორც კი ხელოვნების გაკვეთილზე რაიმე ბიოგრაფიულ პასაჟს ვეხებით, იმ წამს უმახვილდებათ ყურადღება. და თუ საუბარი მათთვის ნაცნობ ხელოვანს ან ხელოვნების ნაწარმოებს ეხება, უფრო აქტიურად ერთვებიან დისკუსიაში, ერთმანეთს უზიარებენ ფაქტებს წაკითხული წიგნებიდან თუ სტატიებიდან და საკუთარ შეფასებებს აკეთებენ.

რამდენიმე დღის წინ, ხელოვნების გაკვეთილზე მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეებთან ერთად, დედის დღის მოახლოებასთან დაკავშირებით განვიხილეთ – „დედის პორტრეტები ცნობილ მხატვრებთან“. სანამ ბავშვები დედებისთვის საკუთარ ისტორიებს ნახატებად აქცევდნენ, ჯერ ნაცნობი მხატვრების მიერ შესრულებული ნამუშევრები გავიხსენეთ, მერე კი ახლებსაც გავეცანით. ერთად შევუდექით ცნობილი მხატვრების მიერ შექმნილი დედის პორტრეტების თვალიერებას, დაკვირვებას, მათში ასახული უფაქიზესი მომენტების აღმოჩენას.

ჭკვიანი, განათლებული და მზრუნველი დედები ხელოვანებს ხშირად გვერდში ედგნენ, ამხნევებდნენ. ფერწერაში, გრაფიკაში, ქანდაკებასა თუ სხვა მედიაში ასახული ეს სახეები, ჩვენი ფიქრისა და შთაგონების წყაროც გახდა. გამიხარდა, რომ ახსოვდათ დავით კაკაბაძის „იმერეთი, დედაჩემი“ (თუმცა, სევდიანად აღნიშნეს, პანდემიის გამო რომ გადაგვედო მუზეუმში ვიზიტი), რენესანსის მადონები, ჯეიმს უისტლერის „მხატვრის დედა“, ალბრეხტ დიურერის დედის გრაფიკული ნახატიც და ა.შ.

***

რემბრანდტი, „მხატვრის დედა“ (1629) (სურ. 1)

ჰოლანდიელმა მხატვარმა, რემბრანდტ ვან რეინმა დედის ეს პორტრეტი სულ ახალგაზრდამ დახატა, ლეიდენში ყოფნის ბოლო პერიოდში, 1629 წელს. აქაც უკვე ავლენს ასაკის ფიზიკური მახასიათებლების, დანაოჭებული თვალების, მოშვებული კანის ხატვისას დიდ ოსტატობას. მოხუც დედას ეგზოტიკური მოსასხამი მოსავს, კაბაზე მოდებული აქვს ბეწვი, კაბას თეთრი ნაქარგებით შემკული საყელო აგვირგვინებს. ნახატის ტონალობა მუქია, მაგრამ მას ფერმკრთალი სახე, თეთრი საყელო და მოსასხამის ყვითელი ნაქარგობა უპირისპირდება. შუქი, რომელიც მოხუცის სახეს კომპოზიციის მარჯვენა მხრიდან ეცემა, მაყურებლის ყურადღებას სწორედ მისკენ მიმართავს და დრამატიზმით ავსებს სურათს.

ვინსენტ ვან გოგი, მხატვრის დედის პორტრეტი (1888) (სურ. 2)

ვინსენტ ვან გოგს ხომ დედამ, ანა კორნელია კარბენტეს ვან გოგმა, გააცნო და შეაყვარა ხელოვნება, რომელიც თავადაც კარგი მხატვარი იყო და ექვსი შვილი სახლში შემოქმედებით გარემოში გაზარდა.

ეს პორტრეტი 1888 წელს შავ-თეთრი ფოტოდან დაუხატავს მხატვარს და დედის სახე ფერის ცოცხალი გრძნობით განუმსჭვალავს. ანნას კეთილგანწყობილი, მზრუნველი და ფხიზელი სახე გვნუსხავს. ის ვინსენტს წერილებს ხშირად სწერდა, ცხადია ღელავდა მასზე.

ვინსენტ ვან გოგი, ეტენის ბაღის მოგონებები 1888 (სურ. 3)

ანნას ძალიან უყვარდა მცენარეები, სახლში პატარა ბაღიც ჰქონიათ და შვილებიც პატარაობიდანვე ეხმარებოდნენ მის მოვლაში. ბუნებისადმი მისი დიდი სიყვარული ვინსენტს ადრეული ასაკიდან გადაეცა. 1888 წელს შესრულებულ ტილოში „მოგონებები ეტენის ბაღიდან“, ვან გოგი დედისა და ორი დის პორტრეტს ამ იდილიურ ადგილას ხატავს.

 „კომპოზიცია ნაცრისფერსა და შავში #1“ – „მხატვრის დედა“, ჯეიმს უისტლერი, 1871 (სურ. 4)

ჯეიმს უისტლერის დედის, ანნა მკნეილის პორტრეტს ვიქტორიანულ „მონა ლიზად“ მოიხსენიებენ. პორტრეტი ლონდონში შეიქმნა. ამბობენ, რომ ანნამ სხვა მოდელი შეცვალა, რომელიც აღარ მისულა სახელოსნოში დანიშნულ დროს. თავიდან უისტლერს ფეხზე მდგომი სურდა დაეხატა ნატურა, მაგრამ ასაკოვანი დედა დიდხანს ვერ შეძლებდა ფეხზე დგომას და ამიტომ მხატვარმა კომპოზიცია შეცვალა. იგი პროფილში, მჯომარე პოზაში დახატა. საინტერესოა, რომ უისტლერის თავდაპირველი ჩანაფიქრი ფერისა და კომპოზიციის შესწავლას ისახავდა მიზნად. ამჟამად ნახატი ორსეს მუზეუმში ინახება და დედის სახის ბრწყინვალე ხატია.

პაბლო პიკასო, მხატვრის დედის პორტრეტი (1896) (სურ.5 )

პატარა ბიჭი იყო პიკასო, როცა დედის ეს პორტრეტი დახატა. მარია პიკასოს პასტელში შესრულებული ფაქიზი და პოეტური სახე, მხატვრის შემოქმედების ადრეული წლებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა. გვიანი პერიოდის პიკასოს კუბისტური ნამუშევრებისგან განსხვავებით, ეს საპირისპირო, რეალისტური, ტრადიციული ნახატია.

პროფილში მჯდომარე ფიგურა, თავისუფლად შეკრული თმა, თეთრი ბლუზი, მარგალიტის საყურე, დახრილი მზერა, ჩუმი გამომეტყველება – უნაზეს შტრიხებს სძენს მის პორტრეტს.

როცა 1881 წელს პირველი შვილი, პაბლო დაიბადა, მარია 26 წლის იყო. შემდეგ, ლოლა და კონჩიტა გაჩდნენ. დედის გადმოცემით, პაბლოს პირველი სიტყვები “piz, piz”- ყოფილა, ესპანურად lapiz ფანქარს ნიშნავს და “piz, piz”კი მისი შემოკლებული ვერსიაა.

მოგვიანებით პიკასო განაცხადებს – 12 წლისა უკვე რაფაელივით ვხატავდიო. ასეც იყო. ის 14 წლისა ბარსელონას ხელოვნების აკადემიაში მიიღეს. ახალგაზრდა პიკასო ხატავდა მამას, დეიდას, დას ლოლას, ბებიას და დედას. პასტელში შესრულებული ეს პორტრეტი 1896 წლით თარიღდება, როცა პაბლო 15-ის, დედა კი 41 წლის იყო. ნახატის კვლევისას, რამდენიმე წლის წინ, აღმოაჩინეს, რომ პორტრეტის უკანა მხარეს პიკასოს ჩიბუხიანი კაცი დაუხატავს.

ჯორჯო დე კირიკო, დედის პორტრეტი, 1911 (სურ 6)

იტალიელი მხატვარი ჯორჯო დე კირიკო თურმე მოგზაურობების დროს ძვირფას დედას ხშირად შეუვლიდა და მის პორტრეტებს ხატავდა. მხატვრის დედა, ჯემა ჩერვეტო, გენუელი ბარონესა გახლდათ, რომელიც წარჩინებულ სიცილიელს გაჰყვა ცოლად. ამ ნახატში, კირიკო დედას სადღაც სიშორეში მიმართული მზერით ხატავს, ცარიელი ცა და რამდენიმე დეტალია მონიშნული ფონზე.

მიგრანტი დედა, დოროთეა ლანგი, 1936

ეს ფოტო, „მიგრანტი დედა“, რომელზეც 32 წლის ფლორენს ტომპსონია აღბეჭდილი, შვილებთან ერთად,  შეუპოვარი მზერით, ლანგის საკულტო სურათია. ხელოვნებაში ეს ფოტო დედის სახეების ერთ-ერთი ძლიერი სიმბოლო გახდა და ამავე დროს, ამერიკის ისტორიაში „დიდი დეპრესიის“ წლებში, ამერიკელი ხალხის ბრძოლისა და სიმტკიცის გამომხატველია. როცა ხელოვანმა ეს ფოტო გადაიღო, გაყინულ ფერმაში აღარ იყო სამუშაო უსახლკარო მკრეფავებისთვის. ფლორენს ტომპსონს შვილებისთვის საკვების მოსაპოვებლად, რაც ებადა უკანასკნელის, მანქანის საბურავების გაყიდვა მოუხდა.

ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ ხელისუფლება გამოფხიზლდა და ლტოლვილთა ბანაკს დახმარება გაუგზავნა. ესეც თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რა ძალა აქვს ხელოვნებას, რომ ხელოვნებას შეუძლია სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს.

***

ამ ნამუშევრების მიმოხილვის შემდეგ ბავშვებმა დახატეს დედის პორტრეტები, ის, რაც დედას ყველაზე მეტად უყვარს და ახარებს, კონკრეტული სიტუაციები – დედასთან ერთად სეირნობა, დედის სამუშაო თუ სახლის გარემო, ულამაზესი თაიგულები, ყვავილებითა და მზით ავსებული მდელოები, გულებით აციმციმებული კომპოზიციები. ნახატებში სიტყვებიც გამოჩდნენ, თბილი, სიყვარულით სავსე გულწრფელი სტრიქონები. ბოლოს ნამუშევრების ამ მშვენიერ ციკლს სახელი ერთხმად შეურჩიეს – „დედა, მიყვარხარ!“

ბავშვების ნახატები (სურ. 8,9)

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი