ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

 „ესენციალიზმი – გზა უბრალოებისკენ“

ფილიპე მაკედონელმა, როგორც ისტორია გვიამბობს, როცა ერთდროულად, სიხარულითა და პატივით აღსავსე სამი ამბავი მიუტანეს, თავისი უძვირფასესი ბეჭედი მოიხსნა და ზღვაში გადააგდო, რათა მოჭარბებული სიხარული ბეჭდის დაკარგვით გაენელებინა.

Meden Agen – არაფერი გადაჭარბებითწარწერა აპოლონის ტაძარზე დელფოში

Weniger, aber besser – ცოტა, მაგრამ საუკეთესოგერმანული ანდაზა

 

Greg McKeown წიგნში –ესენციალიზმი – გზა უბრალოებისკენ“ – დაწვრილებით აღწერს რა არის ესენციალიზმი და როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა „ხარისხიან“ ცხოვრებას. ესენციალიზმი ისევე, როგორც მინიმალიზმი, ზედმეტისგან განტვირთვისა და გადატვირთვის გზაა. ესენციალიზმის გზაც არჩევანზე გადის.

ესენციალიზმი ლათინური სიტყვაა  essential და ნიშნავს არსს. ამავე ფუძისაა სიტყვა „ესენცია“ – რომელიც კონცენტრირებული ნაყენი ან ეთერზეთია. მეტაფორულად თუ გავიზარებთ, ესენციალიზმი არის ცხოვრების ისეთი გზა, რომელიც მცირეში იტევს ბევრს, როგორც ესენცია.  ესენციალიზმი ცხოვრების საუკეთესო გემო და ხარისხია.

თანამედროვე სამყარო სავსეა ხმაურითა და ინფორმაციით, რაც გვაშორებს რეალური შინაგანი ცხოვრებისგან. ადამიანი გახდა უბრალოდ, „დამწკაპუნებელი“, ბიოლოგიური რობოტი, რომელიც კი არ ცხოვრობს, არამედ დაკავებულია თავისი ციფრული ორეულის შექმნით, რომელიც აქეთ „მოიხმარს“ მას.  სწორედ ამის გამო გახდა მინიმალიზმი, ესენციალიზმი და ლაგომი – თანამედროვეობის მნიშვნელოვანი მიმდინარეობები. აზროვნებისა და ცხოვრების წესის შეცვლა აუცილებელი გახდა ადამიანის გადასარჩენად.

აი, რას წერს ნორბერტ ბოლცი: „რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვფლობთ, მით უფრო მწირია მნიშვნელოვანი ინფორმაციები, და მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ინფორმაციები ინფორმაციების შესახებ. ამას გვთავაზობენ საძიებო სისტემები. ანგლო-საქსონურად ერთი მშვენიერი ტერმინი არსებობს სადაზვერვოების სამუშაოსთვის: intelligence service. დღესდღეობით გუგლი, როგორც ყოველდღიურობის ერთგვარი საიდუმლო სამსახური, სწორედ ინტელექტის ამ მომსახურებას გვთავაზობს. ეს მაშინვე გასაგები გახდება, თუკი გავიაზრებთ, რომ ინტელექტი საძიებო სისტემის უმაღლესი გამოხატულებაა. და როცა საძიებო სივრცე საკმაოდ დიდია, ადამიანი ძიებასა და შემოქმედებითობას ერთმანეთისგან ვეღარ ასხვავებს“.[1]

მთავარი პრობლემა სწორედ ამ ფრაზაში იკითხება: „ადამიანი ძიებასა და შემოქმედებითობას ერთმანეთისგან ვეღარ ასხვავებს“. გუგლში მაძიებელი უბრალოდ „დამწკაპუნებელია“ და დაკარგულია ადამიანი-მაძიებელი. გუგლში ის ეძებს, კი არ ეძიებს.

ამიტომ Greg McKeown-ის წიგნი – „ესენციალიზმი – გზა უბრალოებისკენ“ – ეს არის დაბრუნება საკუთარ თავთან. ესენციალისტის გზა გასწავლით, დაინახოთ, რა არის ნამდვილად მთავარი, განიხილოთ ყველა არსებული ვარიანტი და ამოირჩიოთ მათ შორის ყველაზე ღირებული. Greg McKeown-ის განმარტებით, „ესენციალიზმი – ეს არის უნარი, ნაყოფიერად გამოიყენოთ თქვენი დრო და ენერგია ყველაზე მეტად სასურველი საქმეებისთვის, რათა მიაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტურობას!“[2]

მოდელი, რომელსაც გრეგ მაკკეონი გვთავაზობს:

 

რას ფიქრობს არაესენციალისტი და ესენციალისტი:

რას აკეთებს არაესენციალისტი

ბევრის გაკეთების სურვილი;

რეაგირებს ყველაფერზე;

თანხმდება ყველაფერზე გაუაზრებლად;

ყველას უნდა ასიამოვნოს.

 

რას აკეთებს ესენციალისტი

ცოტას გაკეთების სურვილი;

ფიქრობს, რა არის უფრო მნიშვნელოვანი;

უარს ამბობს ყველაფერზე, გარდა მნიშვნელოვანისა;

ხსნის ბარიერებს თავის გზაზე.

 

რას იღებს არაესენციალისტი

არ არის კმაყოფილი თავისი ცხოვრების დონით;

თავის თავზე იღებს ძალიან ბევრს და ამის გამო ზარალდება;

გრძნობს, რომ  კონტროლს კარგავს;

დარწმუნებული არ არის, რომ მოასწრებს ყველაფერს, რაც საჭიროა;

დაღლილი და დაძაბულია სამუშაოსგან.

 

რას იღებს ესენციალისტი

 

გრძნობს, რომ მისი ცხოვრემა მნიშვნელოვანია;

ყურადღებით არჩევს საქმეს, რომ შეასრულოს;

აკონტროლებს სიტუაციას;

აკეთებს, რაც აუცილებელია;

სიამოვნებას იღებს საქმის კეთებით.

 

ესენციალისტის 3 წესი კი ასე გამოიყურება:

  1. შეაფასე და გამოიკვლიე;
  2. უარი თქვი იმაზე, რაც არ გჭირდება;
  3. იმოქმედე.

 

მე მესამე წესიდან დავიწყებ: ი მ ო ქ მ ე დ ე და თქვენც ამას გირჩევთ!

[1] ნორბერტ ბოლცი, „წკაპუნით მომუშავეთა სამყარო“ – https://demo.ge/index.php?do=full&id=1836

 

[2] Greg McKeown, “ესენციალიზმი – გზა უბრალოებისკენ“ – https://www.litres.ru/greg-makkeon/essencializm/chitat-onlayn/

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი