პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ბიოგრაფია, ილუსტრაცია, დევიზი – იდეა ერთი გაკვეთილისთვის

დაფიქრებულხართ, როდის არის მასწავლებლის დღე სავსე და ბედნიერი? ჩემთვის – მაშინ, როცა საკლასო სამუშაოს თუ საშინაო დავალებას ყველა მოსწავლე გაართმევს თავს. ერთ ასეთ გაკვეთილზე უნდა გიამბოთ – შესაძლოა, ჩემი გამოცდილება თქვენთვის შთაგონების წყაროდ იქცეს.

„ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის“ ჩემმა მეორეკლასელმა მოსწავლემ აღმომაჩენინა. თანაკლასელისთვის დაბადების დღის საჩუქრად უყიდია და შესვენებებზე გულმოდგინედ ათვალიერებდა. ჩემი წიგნების თაროს მალევე შეემატა ჯერ პირველი, მერე კი მეორე ნაწილიც.

„ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის“ სულაკაურის გამომცემლობას ეკუთვნის. როგორც სათაურითაც მიხვდებოდით, წიგნი საინტერესო, მეამბოხე, ცვლილებებისთვის მებრძოლი ქალების შესახებაა. ვის არ შეხვდებით აქ – მათემატიკოსებს, მეცნიერებს, პალეონტოლოგებს, დედოფლებს, მეკობრეებს, სამოქალაქო აქტივისტებს, მოცეკვავეებს, მწერლებს, ველომრბოლელებსა თუ მოცურავეებს. ბიოგრაფიები წარსულ დროშია მოთხრობილი და ზღაპრული დეტალებით არის გაჯერებული. თითოეულ ტექსტს ერთვის ილუსტრაცია და დევიზი. ილუსტრაციებიც, ამბებისა და მათი ავტორების მსგავსად, განსაკუთრებულია. თითოეული ამბის გმირს პირადი ილუსტრატორი ჰყავს. რამდენიმე მათგანის შესახებ დამატებითაც მოვიძიე ინფორმაცია. ცალკე თავგადასავალია მათი ილუსტრაციებისა და ისტორიების გაცნობა.

„ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის“ დამატებით რესურსად იქცა ჩემთვის. მოსწავლეების ასაკის შესაბამისად ვეძებ თემატურ ბიოგრაფიებს და შემდეგ გაკვეთილს ვგეგმავ. ამასობაში საინტერესო გამოცდილებაც დამიგროვდა.

გაკვეთილი, რომლის შესახებაც უნდა გიამბოთ, ოქტომბრის ერთ მზიან დღეს მეექვსე კლასისთვის დავგეგმე.

„ბიოგრაფია, ილუსტრაცია, დევიზი“ – ასეთი სათაური მოვიფიქრე და გადავწყვიტე, ერთი გოგონას ცხოვრების გაცნობით ბავშვების ცნობისმოყვარეობა გამეღვივებინა, გაკვეთილის ბოლოს კი მეთხოვა, თავადაც შეექმნათ მსგავსი ტექსტი, ილუსტრაცია და დევიზი.

 

სკაი ბრაუნი

  1. ბიოგრაფია

პირველი ნაბიჯი სკეიტბორდის შესახებ ასოციაციური რუკის შექმნა იყო, მერე კი სკაის ბიოგრაფია წავუკითხე. მოკლე ტექსტები მოსასმენადაც მარტივია. ვთხოვე, მოსმენისას სწრაფი მორბენალი ჩანაწერები გაეკეთებინათ, რაც აქტიური მოსმენის გამომუშავებასა და ხმაურის თავიდან აცილებაში მეხმარება.

სკაი ბრაუნი 2008 წელს იაპონიაში დაიბადა. ის ჩემი მეექვსეკლასელების თანატოლი აღმოჩნდა და ამან კიდევ უფრო გაზარდა მისდამი ინტერესი. სკაის მამა სკეიტბორდისტი ჰყოლია და მისი გავლენით სკეიტბორდინგით დაინტერესებულა. გადატყავებული მუხლების ტკივილს, მცირე ასაკს, გოგოობას ხელი არ შეუშლია სკაისთვის, პროფესიონალ სკეიტბორდისტთა ტურნირის – Vans Park Series – ყველაზე პატარა მონაწილე გამხდარიყო („ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის“, მეორე ნაწილი, გვ. 154).

მეტი სიცხადისთვის მოვძებნე სკეიტბორდისტთა ტურნირის – Vans Park Series – ჩანაწერები და სკაის მიერ შესრულებული ურთულესი ილეთებით დავტკბით.

 

  1. ილუსტრაცია

შეუძლებელია, სკაი ბრაუნის პორტრეტით არ მოიხიბლო. მისი მებრძოლი და მხიარული ხასიათის შესახებ მყისვე შეგექმნებათ წარმოდგენა. ილუტრაციის მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილების შემდეგ ილუსტრატორ კეიტ პრიორის ვებგვერდს ვესტუმრეთ და მისი ნამუშევრები დავათვალიერეთ. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ილუსტრაციის დახატვა ყველას შეგვიძლია, მთავარია, საკუთარი თავისა ვირწმუნოთ და ვცადოთ.

 

  1. დევიზი

სკაი ბრაუნის ბიოგრაფიას შემდეგი დევიზი ერთვის: „ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როცა მეშინია… ამ დროს განსაკუთრებით სასაცილო სანახავია, როგორ მიყურებენ ბიჭები“.

დევიზის წაკითხვის შემდეგ განვმარტეთ სიტყვის მნიშვნელობა; ვთქვით, რომ ის მოწოდებაა, რომელიც გარკვეულ იდეას გულისხმობს.

 

  1. საკუთარი ბიოგრაფია, ილუსტრაცია და დევიზი

გაკვეთილის ეს ნაწილი ხმაურითა და უკმაყოფილო შეძახილებით იყო სავსე. საქმე ის არის, რომ ბავშვებს საკუთარი ბიოგრაფიის დაწერა, ილუსტრაციის დახატვა და დევიზის მოფიქრება შევთავაზე.

ერთად შევიმუშავეთ შეფასების კრიტერიუმები და დაფაზე ჩამოვწერეთ.

დავალების ინსტრუქცია ასეთი იყო:

  • წარმოიდგინე, რომ გაიზარდე და ის, რაზეც ახლა მთელი გულით ოცნებობ, აგიხდა.
  • დაწერე საკუთარი ბიოგრაფია.
  • აღწერე მიღწევები, რომლებმაც შენი ბიოგრაფია განსაკუთრებული გახადა.
  • დახატე ილუსტრაცია.
  • მოიფიქრე დევიზი.

თაბახის ფურცელი შუაზე გადაკეცეს. ერთ გვერდზე ტექსტი დაწერეს, მეორეზე კი ილუსტრაცია დახატეს და დევიზიც მიუწერეს.

 

ეროვნული სასწავლო გეგმის V-VI კლასებისთვის განკუთვნილ სტანდარტში მითითებულია, რომ მოსწავლემ უნდა შეძლოს:

ქართ. დაწყ. (II). 10 ნაცნობ თემატიკაზე სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების შექმნა

საკითხავი ტექსტების ტიპებში კი ბიოგრაფიას ვხვდებით, შესაბამისად, ამ გაკვეთილზე მოსწავლეებმა მოისმინეს, გაიაზრეს და შექმნეს მცირე ზომის ბიოგრაფიული ტექსტი.

 

როგორც უკვე აღვნიშნე, საკლასო სამუშაოს ყველა ვერ შეხვდა დიდი გაბედულებით. პირიქით, ინსტრუქციის გაგება ბევრს გაუჭირდა და რამდენჯერმე მომიწია განმარტება.

ხშირად ვფიქრობ, რისი დამსახურებაა, რომ ყველა მოსწავლემ გაართვა თავი დავალებას, თანაც ისე კარგად, რომ დღემდე სათუთად ვინახავ მათ ნამუშევრებს.

ვფიქრობ, სკაი ბრაუნის ასაკმა, სკეიტბორდისადმი დიდმა ინტერესმა, სახალისო ილუსტრაციამ, გოგონას შემართებამ და მხიარულმა დევიზმა, ვიდეოსიუჟეტმა, ოცნებების ახდენის იმედმა და წახალისებამ – ყველაფერმა ერთად მაჩუქა 21 ბავშვის უსაყვარლესი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ნამუშევრები.

ამ აქტივობამ კიდევ უფრო ახლოს გამაცნო ჩემი მოსწავლეები და მეც მჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მათი გულწრფელი ოცნებები ხორცს შეისხამს: ზოგი მასწავლებელი გახდება, ზოგი – ფეხბურთელი, ზოგი – მხატვარი, ზოგი კი – პედიატრი.

მათი დევიზები იმედს გაგიღვივებთ:

 

„ექიმები ძალიან კეთილები არიან, მე კი გადამრჩენელი ვარ“. – მეგი

„მთავარია, ვარჯიში არ შეწყვიტო“. – აკაკი

„იმ დროს ვარ ბედნიერი, როცა ცურვაზე მივდივარ“. – მიხეილი

„ახლა ყველა ძირითადად ყველაფრის გამო გაღიზიანებულია. ამიტომ ყველას ნევროზი ექნება“. – მარიამი

„არ შეუშინდეთ არაფერს. გაუძელით იმ ტკივილს, რასაც გრძნობთ და ყველაფერი გამოგივათ“. – თინათინი

„მე ვიბრძვი იმისთვის, რომ საქართველოში მხატვრობა დაფასდეს და თქვენც ასე გირჩევთ“. – ანა

„თუ ფეხბურთელობა გინდა, სულ უნდა ივარჯიშო და არ უნდა გაჩერდე. სულ ივარჯიშე და მიზანს მიაღწევ. შენი თავის მუდამ უნდა გჯეროდეს და ერთ ჩემპიონთა ლიგის თასს კი არ მოიგებ, შეიძლება, ოცი და ოცდაათი მოიგო“. – ნიკა

„ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როცა მეგობრები გვერდით მყავს“. – მარიამი

„არასოდეს დანებდე. ყველაფერი გამოგივა“. – დიანა

„ისევერ გამოხვალ კარგი სკეიტერი, ხელ-ფეხი თუ არ იტკინე“. – გიგა

„ნინი მაშინაა ბედნიერი, როცა მასწავლებლის მოვალეობას ასრულებს“.- ნინი

„მთავარია, აკეთო ის, რაც გინდა, ყველანაირი დაბრკოლების მიუხედავად“. – თეკლა

„არასდროს დანებდეთ.  შრომით ყოველთვის მიაღწევთ მიზანს“. – სალომე

„მე იმ დროს ვარ ბედნიერი, როცა კალათბურთზე ვარ და ჩემს მეგობრებს ვხედავ“. – ნიკა

„არასოდეს გეგონოს, რომ ვერ ცეკვავ“. – მარიამი

„ყველას ვურჩევ, არ იფიქრონ, ეს არ გამომდისო. არ დანებდნენ და მიზანს აუცილებლად მიაღწევენ“. – ნია

„მე ძალიან მომწონს, რომ სხვა ბავშვებს ვასწავლი“. – ნინი

„არასოდეს დანებდე, იმის მიუხედავად, რომ სხვებს არ მოსწონხარ. იყავი ისეთი, როგორიც ხარ და არა ისეთი, როგორიც სხვებს უნდათ, რომ იყო“. – მარიამი

 

გაკვეთილის მეხუთე ნაბიჯად ასეთი რამ მოვიფიქრე: სათითაოდ გადავუღე ფოტო ილუსტრაციებს, სლაიდშოუდ ავკინძე და მომდევნო გაკვეთილი, მათივე ნებართვით, ერთმანეთის ნამუშევრების გაცნობით დავიწყე. მსურდა, ამ აქტივობით ინდივიდუალიზმის მნიშვნელობაზე დამეფიქრებინა, ერთმანეთის დანახვა მესწავლებინა და მეჩვენებინა, რომ ფურცელზე გადატანილი მათი ფიქრები ჩემთვის ძალიან ძვირფასია.

სტატიის ბოლოს ნიმუშად ერთ-ერთი მოსწავლის ნამუშევარს გიტოვებთ:

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი