პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ბავშვთა შიშები – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

ნებისმიერი ადამიანისთვის, განურჩევლად ასაკისა, შიში ნაცნობი გრძნობაა. ის მეტ-ნაკლები სიმძაფრით ყველას განუცდია. ამდენად, საგანგაშო შიშის გრძნობის არსებობა კი არა, მისი არარსებობაა. შიშის გრძნობა არ გააჩნიათ მხოლოდ ფსიქიკური გადახრების მქონე ადამიანებს. შიში ბუნებრივი და ერთ-ერთი უძლიერესი ემოციაა. ის აუცილებელიც კია ადამიანისთვის. საფრთხის დროს შიშის წყალობით, როგორც დამცავი ფუნქცია, იღვიძებს თვითგადარჩენის ინსტინქტი. თუმცა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ შიში სასარგებლოა მანამდე, სანამ არ გახდება პანიკური, არ მოახდენს ცნობიერების პარალიზებას და ზიანს არ მიაყენებს ბავშვის ფსიქიკას. ამდენად, ბავშვთა შიშები სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს.

განვითარების და სამყაროს შემეცნების პროცესში ბავშვს შეიძლება გაუჩნდეს სხვადასხვა სახის შიშები, რომლებიც მომავალში აუცილებლად მოახდენს გავლენას მის ცხოვრებაზე. მართალია, ხშირად ის, რასაც ბავშვი საფრთხედ აღიქვამს, სინამდვილეში საერთოდ არ არის საშიში, მაგრამ ეს არაფერს ცვლის – განურჩევლად იმისა, ნამდვილია თუ მოჩვენებითი საფრთხე, ბავშვის შიშები რეალურია.

ყველამ, ვისაც ბავშვთან ჰქონია ურთიერთობა, იცის, რა სახის შიშები აწუხებთ პატარებს. მათი ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, თუმცა მაინც შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი და გავრცელებული შიშების გამოყოფა. ბავშვს შეიძლება აშინებდეს სახლში მარტო დარჩენა, უცნობებთან ურთიერთობა, მოსალოდნელი სასჯელი, ზღაპრებისა და მულტფილმების საშიში პერსონაჟები, ჩაბნელებული ოთახი, ბუნებრივი მოვლენები, ცხოველები, დიდი შენობები და ხმაურიანი ქუჩები, ექიმები და საავადმყოფო, დედასთან დაშორება და სხვა.

შიშით შეპყრობილ ბავშვს რომ დავეხმაროთ, უპირველეს ყოვლისა, შიშის მიზეზს უნდა მივაგნოთ.

მიზეზები კი ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც თავად შიშები:

  • შიშები ბავშვებს უმეტესად მშობლების წყალობით უჩნდებათ. შვილებს ეშინიათ იმისი, რისიც ეშინიათ მშობლებს. თუ დედას ეშინია ძაღლის, დიდია ალბათობა, ბავშვსაც გაუჩნდეს ძაღლის შიში.
  • როცა ბავშვს ყოველ ნაბიჯზე ესმის დედის შეშფოთებული ხმა: „ფრთხილად, მანქანა არ დაგეჯახოს!“ „ნუ დარბიხარ, დაეცემი!“ „ხელი არ ახლო, დაგწვავს!“ „ძაღლს ნუ ეფერები, გიკბენს!“ – ის ეჩვევა მშფოთვარე გარემოში ცხოვრებას და ქვეცნობიერად გამუდმებით ელის საფრთხეს.
  • შიშის ერთ-ერთი მიზეზია ზღვარგადასული მეურვეობაც. თუ ბავშვი სასათბურე პირობებში იზრდება, მომავალში მას ძალიან გაუჭირდება ცხოვრებასთან ადაპტირება. ცდისა და შეცდომის გზით სამყაროს შემეცნების შეუძლებლობა შიშების აღმოცენების ხელშემწყობი ფაქტორია.
  • მრავალრიცხოვანი აკრძალვა, დაშინება, მუქარა, მკაცრი მოპყრობა, ფიზიკური დასჯაც შეიძლება შიშის აღმოცენების მიზეზად იქცეს.
  • შიშს ბადებს გულგრილობა და უყურადღებობაც. განსაკუთრებით ხშირად ასეთი რამ ხდება ოჯახებში, სადაც ბავშვს „არ ელოდნენ“, მისი დაბადებისთვის მზად არ იყვნენ, ან ბიჭს ელოდნენ, მაგრამ გოგონა დაიბადა. საკუთარ თავს მინდობილ, ემოციურ მიმღებლობას მოკლებულ ბავშვს უჩნდება შიში ყველასა და ყველაფრის მიმართ.
  • არასასურველი ატმოსფერო ოჯახში, უთანხმოება ოჯახის წევრებს შორის, ჩხუბი ბავშვის თანდასწრებით შიშის გავრცელებული მიზეზია. ხშირად ბავშვები თავს დამნაშავედ გრძნობენ მშობლების ჩხუბის გამო და ეშინიათ, მათი კონფლიქტის მიზეზად არ იქცნენ.
  • მშობლების დაშორებაც შიშის აღმოცენების რისკფაქტორია. შფოთვისა და შიშისადმი მიდრეკილებით გამოირჩევიან ბავშვები, რომლებიც უნდობლობის, ემოციური სიცივის, გაუცხოების ატმოსფეროში იზრდებიან. მაგალითად, მაშინ, როდესაც მშობლები მხოლოდ ფორმალურად არიან ერთად, ემოციურად კი უცხონი არიან ერთმანეთისთვის, ან როდესაც ბავშვს ზრდიან დედა და ბებია, რომლებსაც ერთმანეთთან ან ბავშვის მამასთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ.
  • შიშის აღმოცენებას ხშირად ხელს უწყობს თავდაჯერებას მოკლებული, ზედმეტად დამთმობი, მერყევი უფროსების გარემოცვა, რომლებიც ვერ უჩენენ ბავშვს დაცულობის შეგრძნებას. ბავშვი გარშემო მყოფი უფროსებისგან მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოელის და უჭირს შეგუება გაურკვეველ სიტუაციებთან, რომლებიც მასში საფრთხის შეგრძნებას ბადებს.

 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს შიშის დაძლევაში

  • შევინარჩუნოთ სიმშვიდე და თანავუგრძნოთ ბავშვს. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ ოქროს შუალედი გულგრილობასა და უზომო მღლვარებას შორის. ვესაუბროთ ბავშვს მის შიშზე, დავარწმუნოთ, რომ არავითარი საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ არ გავაუფასუროთ მისი შიში. საყვედურებსაც მოვერიდოთ. შეიძლება შევიმუშაოთ ღონისძიებათა მთელი კომპლექსი, მაგალითად, მოვიგონოთ ზღაპარი, რომელშიც ბავშვი თავის შიშს ამარცხებს. ვეცადოთ, გავუძლიეროთ ბავშვს საკუთარი ძალების რწმენა, ავუმაღლოთ თვითშეფასება. მხარი დავუჭიროთ მის ახალ გატაცებებს და, რა თქმა უნდა, დავაფასოთ მისი წარმატებები შიშების დაძლევის პროცესში.
  • შიშისგან თავის დაღწევის ეფექტიანი ხერხია იმის დახატვა, რაც ბავშვს აშინებს. ხატვის დასრულების შემდეგ ვესაუბროთ, მივცეთ საშუალება, ილაპარაკოს იმის შესახებ, რაც დახატა. შეიძლება შევთავაზოთ, „გაანადგუროს“ თავისი შიში – დახიოს, დაწვას… ან ნახატში რამე ისე შეცვალოს, რომ ფურცელზე გამოსახული არსებები შიშს აღარ ჰგვრიდნენ. ხატვა გაცილებით ქმედითი გზაა შიშის გამოსავლენად და დასაძლევად, ვიდრე სიტყვიერად მოყოლილი ისტორიები.
  • კარგი იქნება, მივცეთ იმ სიტუაციის გათამაშების საშუალება, რომელიც მასში შიშს იწვევს. ამ დროს ბავშვმა შეიძლება შეასრულოს იმის როლი, ვისიც ეშინია, ან გახდეს გმირი-დამცველი იმ ადამიანისთვის, ვისაც ეშინია.
  • უყურადღებოდ არ დავტოვოთ ბავშვის ჩივილი, არ აღვიქვათ მისი შიში ჭირვეულობად, არ დავსაჯოთ „სიმხდალისთვის“. დავანახოთ, რომ გვესმის მისი, რომ შეუძლია გვენდოს. ბავშვი, რომელსაც აქვს მშობლების იმედი, უფრო თავდაჯერებული და გამბედავია.
  • ნუ დავაშინებთ პატარას მხოლოდ იმისთვის, რომ დაგვემორჩილოს. შიშით აღზრდა სახიფათოა ბავშვის განვითარებისთვის. შედეგად შეიძლება მივიღოთ შფოთვა, ეჭვიანობა, პასიურობა და შემოქმედებითი საწყისის ჩახშობა.
  • ნუ შევარცხვენთ ბავშვს იმის გამო, რომ ეშინია. ვერიდოთ დაცინვას. დაცინვის შიშით ბავშვმა შესაძლოა დაგვიმალოს, რომ რაღაც აშფოთებს, მაგრამ შიში არსად წავა, პირიქით, გაძლიერდება კიდეც, რადგან ბავშვი მარტო დარჩება მის პირისპირ. თუ უფროსი შიშისგან თავის დაღწევაში არ დაეხმარება პატარას, შიში დაიმონებს ბავშვის ფსიქიკას, გაუჩნდება დეპრესიისადმი მიდრეკილება, დაემუქრება ნევროზის საფრთხეც.
  • გვახსოვდეს, რომ ბავშვის გონებრივი განვითარება პირდაპირ კავშირშია მის შიშებთან. რაც უფრო მეტი იცის ბავშვმა იმაზე, რაც აშინებს, მით უფრო ადვილია მისთვის შიშის დამარცხება.

დაბოლოს, გვახსოვდეს, რომ შიშის დასაძლევად ბავშვს სჭირდება, გვერდით ეგულებოდეს ემოციურად გაწონასწორებული და სულიერად მტკიცე მისთვის ძვირფასი, ახლობელი უფროსი ადამიანი. როცა პატარა ჩვენს თვალებში შიშს, შფოთვას, უძლურებას და გაურკვევლობას ხედავს, ის ვერც საკუთარ შიშს დაამარცხებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი