შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

“თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს”

ამას წინათ ჩემს თანამშრომელს ცუდი ამბავი შეემთხვა – მისი 3 წლის შვილი საბავშვო ბაღში წაიქცა და ენა საშინლად გადაიტყავა. საბავშვო ბაღის პედაგოგმა, ნაცვლად იმისა, რომ ექიმისა და მშობლისთვის დაერეკა, უსიამოვნო შემთხვევის დამალვა სცადა – ბავშვის სისხლიანი ჟაკეტი გარეცხა და გააშრო (პატარას ჟაკეტის ჯიბეში შოკოლადი დაუდნა), დედას კი მხოლოდ საღამოს დაურეკა და უთხრა, რომ მისი შვილი სუსტად იყო და სახლში წაეყვანა.

პატარა ბიჭს ენაზე ცხრა ნაკერი დაადეს. ექიმის შეფასებით, ჭრილობა ისეთი მძიმე იყო, რომ, სავარაუდოდ, ბავშვს ნახევარ საათზე მეტხანს სდიოდა სისხლი…

ამ შემთხვევის შემდეგ თავს არ მანებებს კითხვა – რატომ მუშაობს საბავშვო ბაღის აღმზრდელად ადამიანი, რომელსაც უბრალოდ არ უყვარს ბავშვები? ან მასწავლებლად რატომ უნდა იმუშაოს ასეთმა ადამიანმა? ხომ არსებობს უამრავი საქმე, რომლის შესრულებისას ბავშვებთან სულაც არ ექნება შეხება? – ვიფიქრე და გაბრიელა მისტრალი გამახსენდა, ჩილეელი პოეტი, ნობელის პრემიის ლაურეატი, მასწავლებელი…

გაბრიელა მისტრალის ნამდვილი სახელი და გვარი ლუსილა გოდოი ალკაიაგაა. ნახევრად ბასკმა და ნახევრად ინდიელმა გოგონამ 17 წლიდან დაიწყო მასწავლებლობა. მას შემდეგ წლების განმავლობაში ასწავლიდა ჩილეს სოფლებსა და ქალაქებში. დიდი კვალი დააჩნია არა მხოლოდ ჩილეს, არამედ მექსიკის საგანმანათლებლო სისტემასაც. ესპანური ლიტერატურის კურსს კითხულობდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და პუერტო-რიკოს უნივერსიტეტებში, საპატიო დოქტორი იყო ჩილეს, ამერიკის შეერთებული შტატების, ესპანეთის, იტალიის, კუბის მრავალი უნივერსიტეტისა. მოგვიანებით იყო ჩილეს კონსული ესპანეთსა და პორტუგალიაში.
გაბრიელა მისტრალი თავისი ტრაგიკული სასიყვარულო ისტორიის შემდეგ (შეყვარებულმა, რომელსაც იგი დაშორდა, თავი მოიკლა) არ გათხოვილა, არ ჰყოლია შვილი და მთელი თავისი დედობრივი სიყვარული პედაგოგიურ მოღვაწეობასა და პოეზიაში გადმოიტანა. ნობელის პრემიის მინიჭებისას შვედეთის აკადემია აცხადებდა, რომ “გაბრიელა მისტრალს პრემია ენიჭება ღრმა განცდებით შთაგონებული ლირიკული პოეზიისთვის, რომელმაც მისი სახელი მთელი ლათინური ამერიკის სულიერ მისწრაფებათა სიმბოლოდ აქცია”.

ძალიან დიდხანს შეიძლება საუბარი გაბრიელა მისტრალის პოეზიაზე, მის პროზად ნაწერ პოემებზე, მოთხრობებზე, მაგრამ ახლა მასზე როგორც მასწავლებელზე მინდა გესაუბროთ, უფრო სწორად, წაგაკითხოთ მისი “მასწავლებლის 10 მცნება”, გაჩვენოთ ამ შესანიშნავი პოეტის დამოკიდებულება მასწავლებლობის როგორც ცხოვრების საქმის მიმართ, პოეტისა, რომელიც ასე ლოცულობდა: “უფალო, მიბოძე უბრალოება და მიბოძე სიღრმე, დამეხმარე, რომ ჩემი ყოველდღიური გაკვეთილები არც რთული იყოს, არც ერთფეროვანი. ყოველ დილით, როცა ჩემი სკოლის კარს შევაღებ, შემაძლებინე დავივიწყო ჭრილობები, მკერდზე რომ მატყვია, შემაძლებინე, სამუშაო მაგიდასთან არ მიმყვეს ჩემი სადღეხვალიო საზრუნავი, გაუთავებელი წვრილმანი სატკივარი”.

გაბრიელა მისტრალი
მასწავლებლის ათი მცნება
(თარგმნა მანანა გიგინეიშვილმა)
1. გიყვარდეს მთელი გულითა და სულით. თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.
2. ასწავლე სადად, უბრალოდ, ისე, რომ მთავარი არ გაგეფანტოს.
3. გაიმეორე, როგორც ბუნება იმეორებს, ვიდრე არ მიაღწევს სრულყოფილებას.
4. ასწავლე ისე, რომ გახსოვდეს მშვენიერება, რადგან იგი დედაა ყოველივესი.
5. იყავი გულანთებული, ლამპრები რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში.
6. სული შთაბერე გაკვეთილს, ყოველ გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალი არსებასავით.
7. იზრუნე შენი სულის ამაღლებაზე, – რომ გასცე, უნდა გქონდეს.
8. გახსოვდეს, შენი პროფესია ხელობა კი არა, ღვთისმსახურებაა.
9. ყოველდღე, გაკვეთილის დაწყებამდე, საკუთარ სულში ჩაიხედე, წმინდა თუ გაქვს გული.
10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა.
მგონი, ადრეც ვთქვი, მაგრამ კიდევ გავიმეორებ – მთავარია, მასწავლებელს ბავშვები უყვარდეს, თორემ სწავლების თანამედროვე სისტემებს, გაკვეთილის მეთოდებსა და თვალსაჩინოებებს -მოევლება…

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი