შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

შეკითხვებისა და პასუხების ურთიერთმიმართება (QAR სტრატეგია — ტექსტის გააზრებისთვის)

„კარგი შეკითხვა ცუდ ამბავს სჯობიაო, — ნათქვამია, — ხოლო სწავლების მიზნებისთვის მოფიქრებული კარგი შეკითხვა კარგ ამბავსაც კი ჯობიაო”.

…ყველა საგნის სწავლებას სჭირდება სათანადო შეკითხვის დასმა და ეს საჭიროება განსაკუთრებულად აქტუალურია ტექსტების დამუშავების ფორმატში. ნებისმიერი ტიპის, ჟანრისა და ფორმატის ტექსტის სიღრმისეული გააზრების მიზნით შეკითხვების დასმა, დასმულ შეკითხვებზე პასუხების ძიება სასწავლო პროცესის საკვანძო ხაზია. თუკი რკინის შედუღების პროცესს შევადარებთ, კარგ შეკითხვებზე პასუხების ძიება არის სწორედ ნაპერწკლების გაყრის მომენტი, როდესაც მოსწავლის ტვინის მუშაობა დაძაბულობის უმაღლეს საფეხურს აღწევს.

როდესაც ტექსტს ვკითხულობ ხოლმე, განურჩევლად იმისა, სასწავლო ტექსტია თუ არასასწავლო, მხატვრული თუ არამხატვრული, ვცდილობ ჩავიჭირო ისეთი ადგილები, რომლებშიც შესაძლებლობა მეძლევა დასკვნა გავაკეთო ტექსტში მოცემული ინფორმაციისა და ჩემი ცოდნის შეჯერების საფუძველზე. როგორც მასწავლებელს, ამ დროს პროფესიული ჟინი მიპყრობს ხოლმე და სურვილი მიჩნდება ჩემს მოსწავლეებამდე მივიტანო ეს გაელვება — სწორედ ასეთმა შეკითხვამ უნდა აიძულოს მოსწავლე, ერთი მხრივ, ჩაეჭიდოს ტექსტის ამ მონაკვეთში მოცემულ ინფორმაციას, მეორე მხრივ, იპოვოს საკუთარ გონებრივ საბარგულში ის დამატებითი ცოდნა, რომელიც პასუხისთვის დასკვნის გაკეთებაში დაეხმარება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩემთვის ყველაზე საყვარელი შეკითხვები ის შეკითხვებია, რომლებიც ამ წერილში წარმოდგენილი სტრატეგიის მიხედვით დაჯგუფებულია, როგორც „შენ და ტექსტი”. მეტი სიცხადისთვის, გავეცნოთ ჯერ სტრატეგიას (მასალა გამოყენებულია საიტიდან: https://www.readingrockets.org/strategies/question_answer_relationship/). შემდეგ შეკითხვების ნიმუშებს კონკრეტული ტექსტების გამოყენებით (დამატებითი მასალის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ლიტერატურაში: პ. პაპავა, თ. ჭანტურია, წიგნიერება, მასწავლებლის სახელმძღვანელო, თბ., 2012, გვ. 46-54. აგრეთვე: კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი, თბ., გვ. 2015, 249-250)

მეთოდი Question-Answer-Relationship (შეკითხვა-პასუხი-ურთიერთმიმართება) მოსწავლეს ეხმარება განასხვაოს შეკითხვათა ტიპები, გააცნობიეროს რომ ერთ კითხვაზე პასუხს თუ ერთგვარი ძალისხმევა სჭირდება, მეორე კითხვაზე პასუხს, შესაძლოა, სხვაგვარი ძალისხმევა დასჭირდეს. ზოგიერთ შეკითხვაზე პასუხი პირდაპირ ტექსტშია მოცემული, ზოგიერთზე საპასუხოდ დაფიქრება და მოძებნაა საჭირო, ზოგიერთი შეკითხვის პასუხი ტექსტში მოცემული ინფორმაციის შეჯერებას მოითხოვს მკითხველის ცოდნასა და გამოცდილებასთან, ხოლო ზოგიერთი კი – მხოლოდ მკითხველის ცოდნას ეყრდნობა.

შესაბამისად შეკითხვები დაყოფილია 4 ჯგუფად: „პირდაპირ ტექსტში“, „დაფიქრდი და მოძებნე“, „ავტორი და შენ“, „შენ თვითონ“.

რა სარგებლობა მოაქვს QAR -ს?

  • იგი აუმჯობესებს წაკითხულის გააზრების დონეს;
  • ასწავლის მოსწავლეს შეკითხვის დასმას და მასზე პასუხის გაცემის ხერხებს;
  • ეხმარება მოსწავლეს, იფიქროს ტექსტზე მისი წაკითხვის შემდეგაც;
  • ხელს უწყობს შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, უბიძგებს მკითხველებს უფრო მაღალი, სიღრმისეული აზროვნებისკენ.
როდის გამოვიყენოთ

 

 

წაკითხვამდე

(მხოლოდ ერთი ტიპის შეკითხვები)

კითხვისას

(არა ყველა ტიპის შეკითხვები)

წაკითხვის შემდეგ

(ყველა ტიპის შეკითხვები)

როგორ გამოვიყენოთ ინდივიდუალურად მცირე ჯგუფებში მთელ კლასთან

 

როგორ გამოვიყენოთ QAR?

ნაბიჯი 1. განუმარტეთ მოსწავლეებს, რომ შეკითხვები, რომლებზეც მათ მოუწევთ პასუხის გაცემა არის 4 ტიპის. დაახასიათეთ თითოეული ტიპის შეკითხვები და დაასახელეთ მაგალითები:

  •  „პირდაპირ ტექსტში“ შეკითხვები: „ბუკვალური” შეკითხვები, რომლებზე პასუხებიც მოცემულია ტექსტში. ხშირად პასუხისთვის საჭირო სიტყვა/სიტყვები იმეორებს შეკითხვისავე სიტყვებს;
  • „დაფიქრდი და მოძებნე“ შეკითხვები: პასუხისათვის საჭიროა ტექსტის სხვადასხვა ადგილას მოცემული ინფორმაციის შეჯერება, დაკავშირება და ამგვარად აზრის გამოტანა;
  • „ავტორი და შენ“ შეკითხვები: ასეთ შეკითხვებზე პასუხები დაფუძნებულია ტექსტში გადმოცემულ ინფორმაციაზე, მაგრამ მოპასუხემ ეს ინფორმაცია საკუთარ გამოცდილებასა და/ან ცოდნას უნდა დაუკავშიროს. მიუხედავად იმისა, რომ პასუხი ტექსტში არაა მოცემული, პასუხის გასაცემად მოსწავლემ ტექსტი ყურადღებით უნდა წაიკითხოს.
  • „შენ თვითონ“ შეკითხვები: ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოსწავლისგან ტექსტის წაკითხვას არც კი მოითხოვს. სამაგიეროდ საპასუხოდ მოსწავლეს დასჭირდება, გამოიყენოს საკუთარი გამოცდილება და წინარე ცოდნა. რასაკვირველია, შეკითხვები თემატურად თუ საგნობრივად სამიზნე ტექსტს უნდა უკავშირდებოდეს.

ნაბიჯი 2. ხმამაღლა წაუკითხეთ ტექსტი თქვენს მოსწავლეებს. (ეს რეკომენდაცია შეესაბამება იმ კლასის მოსწავლეებს, რომლებსაც ცოტა მეტი დახმარება და ინსტრუქტაჟი სჭირდებათ. მოსწავლეები, რომლებიც მიჩვეული არიან, ერთი მხრივ, ამ სტრატეგიით მუშაობას, მეორე მხრივ, სხვა უნარებშიც გაწაფულები არიან, დამოუკიდებლადაც წაიკითხავენ და უპასუხებენ შეკითხვებს. მეტიც, თანდათანობით ისინი ასეთი შეკითხვების მოფიქრებასაც კი მოახერხებენ).

ნაბიჯი 3. წინასწარ ჩამოყალიბებული შეკითხვების დასმა კითხვის დასრულების შემდეგ. როდესაც დაასრულებთ კითხვას, მოსწავლეებს ხმამაღლა დაუსვით მომზადებული შეკითხვები და განუმარტეთ, როგორ და რატომ მიეკუთვნება თითოეული შეკითხვა დასახელებული ოთხი ჯგუფიდან ერთს. (დავუბრუნდეთ წინა შენიშვნას: ეს რეკომენდაცია აუცილებლად გასათვალისწინებელია სტრატეგიის გამოყენების საწყის ეტაპზე).

ნაბიჯი 4. აჩვენეთ მოსწავლეებს, როგორ მოძებნონ ტექსტში პასუხისთვის საჭირო ინფორმაცია. (ანუ ტექსტიდან უპასუხონ პირდაპირ, საკუთარი გამოცდილებით თუ…)

QAR-ის შეკითხვების ტიპები:

პასუხი ტექსტშია პასუხი ჩემშია
პირდაპირ ტექსტში

ამ შეკითხვაზე პასუხი ადვილად მოიძებნება ტექსტში; საჭირო სიტყვები პასუხისათვის მოცემულია ერთ წინადადებაში.

ავტორი და შენ

პასუხი არ არის ტექსტში; შეკითხვაზე პასუხის გასაცემად მკითხველი აჯერებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას თავის წინარე ცოდნასთან.

დაფიქრდი და მოძებნე

შეკითხვაზე პასუხი ტექსტშია, მაგრამ საჭიროა ინფორმაციის შერჩევა და ამოკრება სხვადასხვა ადგილიდან.

შენ თვითონ

პასუხი არ არის ტექსტში; შეკითხვაზე პასუხის გასაცემად მკითხველი იყენებს თავის წინარე გამოცდილებას.

კიდევ დავუკვირდეთ:

პირდაპირ ტექსტში

ამ ტიპის შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოითხოვს ტექსტთან მიბრუნებას და სწორი ინფორმაციის ამოღებას. მათ ხანდახან ბუკვალურ შეკითხვებსაც უწოდებენ, რადგანაც სწორი პასუხი მოიძებნება ტექსტშივე სიტყვასიტყვით.

შეკითხვები ხშირად შეიცავენ შემდეგ სიტყვებს: „ტექსტის მიხედვით“, „რამდენი“, „ვინ“, „სად“, „რა არის“.

 

ავტორი და შენ

ამ ტიპის შეკითხვებზე საპასუხოდ საჭიროა იმ ინფორმაციისა და იდეების გამოყენება, რომლებიც პირდაპირ არაა ტექსტში მოცემული. შეკითხვა მოითხოვს, დაფიქრდეთ წაკითხულის შესახებ და ჩამოაყალიბოთ საკუთარი მოსაზრებები და იდეები.

შესაძლო სიტყვები შეკითხვებში: „რას გულისხმობს ავტორი“, „რაა მოსალოდნელი“, „პერსონაჟის დამოკიდებულებით“.

დაფიქრდი და მოძებნე

ამ ტიპის შეკითხვებზე პასუხის გაცემა შენგან მოითხოვს დაფიქრებას, თუ როგორ არის ტექსტში ასახული იდეები ან ინფორმაციები ერთმანეთთან დაკავშირებული. საჭიროა ტექსტის ხელახლა გადათვალიერება, შეკითხვასთან დაკავშირებული რამდენიმე ინფორმაციის/იდეის მოძებნა და მათი ერთმანეთთან დაკავშირება.

შეკითხვები შეიძლება შეიცავდნენ შემდეგ სიტყვებს: „ტექსტის/ მონაკვეთის მთავარი აზრი“, „რამ გამოიწვია“, „შეადარეთ/განასხვავეთ“.

შენ თვითონ

ამ ტიპის შეკითხვებზე პასუხის გაცემა შესაძლებელია მკითხველის წინარე ცოდნის გამოყენებით. ასეთი შეკითხვები არ გამოიყენება წაკითხულის გააზრების შესამოწმებელ ტესტებში, რადგან არაა საჭირო ტექსტთან მიბრუნება ან მასზე დაყრდნობა.

ამ შეკითხვებში გამოყენებულია-ხოლმე სიტყვები: „თქვენი აზრით“, თქვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით“, „რას ფიქრობთ თქვენთვის ცნობილი ვინმეს/რაიმეს შესახებ“.

სხვაგვარადაც დავაკვირდეთ:

პირდაპირ ტექსტში

პასუხი გულისხმობს ტექსტის ერთ წინადადებას და თქვენ უნდა მიუთითოთ იგი. პასუხის მოძებნა ადვილია, რადგან მასში გამოყენებულია იგივე სიტყვები, რაც კითხვაში. შესაბამისად, პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ვერსია/ვარიანტი.

ავტორი და შენ

პასუხის გასაცემად თქვენ იყენებთ იმას, რასაც ავტორი გეუბნებათ ტექსტში და ამატებთ მანამდე არსებულ თქვენს ცოდნას. პასუხი არაა მოცემული ტექსტში. თქვენ ტექსტის ინფორმაცია უნდა გამოიყენოთ თქვენს ცოდნასთან ერთად, შეჯერებულად.

დაფიქრდი და მოძებნე

პასუხი შედგება ტექსტში არსებულ ორი ან მეტ წინადადებაში გაფანტული ინფორმაციისაგან. პასუხი არის ტექსტში, მაგრამ თქვენ იგი უნდა მოძებნოთ.

შენ თვითონ

ეს შეკითხვები არ გამოიყენება წაკითხულის გააზრების შესამოწმებელ ტესტებში, რადგან არაა საჭირო ტექსტთან მიბრუნება ან მასზე დაყრდნობა.

 

განვიხილოთ მაგალითები.

მაგალითი 1. (საიტიდან: https://www.readingrockets.org/strategies/question_answer_relationship/ )

ამ მაგალითში წარმოდგენილია მონაცემების ცხრილი „ცვლილებების საუკუნე” და მათზე დაყრდნობითაა მომზადებული შეკითხვები. სტრატეგია უბიძგებს მოსწავლეს იმის გაცნობიერებისკენ, რომ ამგვარი მონაცემებიდან სხვადასხვაგვარი ინფორმაციის ამოსაღებად საჭირო იქნება, როგორც პირდაპირ მოცემული ცნობების მოძებნა, ასევე სხვადასხვა ადგილას წარმოდგენილი მონაცემის შეჯერება და მათი საკუთარ ცოდნასთან დაკავშირებაც, გარკვეული დასკვნების გასაკეთებლად.

ეს მაგალითი გვიდასტურებს, რომ სტრატეგია/მეთოდი „შეკითხვები-პასუხები-ურთიერთმიმართება” საუკეთესო ინსტრუმენტია საინფორმაციო, არამხატვრულ მასალაზე სამუშაოდაც.

ცვლილებების საუკუნე
1902 2002
აშშ-ის მთლიანი მოსახლეობა 79,2 მილიონი 284,8 მილიონი
ლიდერი ქვეყანა უცხოეთში დაბადებულების მიხედვით (გერმანია)        2, 7 მილიონი (მექსიკა)                7, 8 მილიონი
ფენიქსის (არიზონა) მოსახლეობა 5 544 1, 3 მილიონი
საშუალო ასაკი 22,9 წელი 35,9 წელი
სიცოცხლის ხანგრძლივობა 51,5 წელი 77,1 წელი
წლიური შემოსავალი 467 $ (საშუალო) 37 339 $ (საშუალოდ მამ.) 27 355 $ (საშუალოდ ქალ.)
ქალთა წილი სამუშაო ძალაში 19 % 61 %
უმაღლესი განათლების მქონეთა წილი მოზრდილებში 6 % 84 %
მარტოხელა ოჯახების პროცენტული რაოდენობა 5 % 26 %
ოჯახის წევრთა საშუალო რაოდენობა 4,8 2,6
მთლიანი ექსპორტი 1,5 მილიარდი $ 1,1 ტრილიონი $
თამბაქოს გადამამუშავებელი საწარმოების რაოდენობა 14 959 118
ნავთობპროდუქტებისა და ქვანახშირის გადამამუშავებელი საწარმოების რიცხვი 308 2 226
რეგისტრირებული ავტომობილები 23 000 212 მილიონი

 

შეკითხვა QAR-ის ტიპი პასუხი
1. დაასახელეთ ორი მონაცემი, რომელიც აჩვენებს, რომ ბოლო საუკუნეში ამერიკელები უფრო დიდხანს ცხოვრობენ. დაფიქრდი და მოძებნე საშუალო ასაკი,

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა

2. რამ მოახდინა გავლენა მომუშავეთა რიცხვში ქალთა რაოდენობის გაზრდაზე 1902-2002 წლების პერიოდში? ავტორი და შენ ომი, მარტოხელა მშობლები, ცხოვრების ღირებულება, ქალებისთვის უკეთესი განათლება და სხვ.
3. მოსახლეობის რამდენ პროცენტს ჰქონდა უმაღლესი სკოლის დიპლომი 1902 წელს? პირდაპირ ტექსტში 6 %
4. თქვენი აზრით რა არის ყველაზე საინტერესო შედარება /ცვლილება, რომელიც გამოვლინდა 1902-2002 წლების პერიოდში? ავტორი და შენ პასუხები იქნება სხვადასხვა
5. კიდევ რა მონაცემებს ისურვებდით 1902 და 2002 წლების ცხოვრების სტილის შედარებისთვის? შენ თვითონ პასუხები იქნება სხვადასხვა
6. რამდენით გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა 2002 წელს 1902 წელთან შედარებით? დაფიქრდი და მოძებნე 25,6 წელი

 

მაგალითი 2.

მოდი, ვნახოთ ვენახი

მოდი, ვნახოთ ვენახი – რამ შეჭამა ვენახი?

მიველ, ვნახე ვენახი – თხამ შეჭამა ვენახი.

მოდი, ვნახოთ თხა – რამ შეჭამა თხა?

მიველ, ვნახე თხა – მგელმა ჭამა თხა.

მგელმა – თხა, თხამ ვენახი შეჭამა.

მოდი ვნახოთ მგელი – რამ შეჭამა მგელი?

მიველ, ვნახე მგელი – თოფმა ჭამა მგელი.

თოფმა – მგელი, მგელმა – თხა, თხამ ვენახი შეჭამა.

მოდი, ვნახოთ თოფი – რამ შეჭამა თოფი?

მიველ, ვნახე თოფი – ჟანგმა ჭამა თოფი.

ჟანგმა – თოფი, თოფმა -მგელი, მგელმა – თხა, თხამ ვენახი შეჭამა.

მოდი, ვნახოთ ჟანგი – რამ შეჭამა ჟანგი?

მიველ, ვნახე ჟანგი – მიწამ ჭამა ჟანგი.

მიწამ – ჟანგი, ჟანგმა – თოფი, თოფმა – მგელი, მგელმა – თხა, თხამ ვენახი შეჭამა.

მოდი, ვნახოთ მიწა, რამ შეჭამა მიწა?

მიველ, ვნახე მიწა, თაგვმა ჭამა მიწა.

თაგვმა – მიწა, მიწამ – ჟანგი, ჟანგმა – თოფი, თოფმა – მგელი, მგელმა – თხა, თხამ ვენახი შეჭამა.

მოდი, ვნახოთ თაგვი – რამ შეჭამა თაგვი?

მიველ, ვნახე თაგვი – კატამ ჭამა თაგვი.

კატამ – თაგვი, თაგვმა – მიწა, მიწამ – ჟანგი, ჟანგმა – თოფი, თოფმა – მგელი, მგელმა – თხა, თხამ ვენახი შეჭამა.

პირდაპირ ტექსტში

1. რა შეჭამა თხამ?

2. რამ შეჭამა ვენახი?

3. რამ შეჭამა თხა?

4. რა შეჭამა მგელმა?

5. …

ავტორი და შენ

1. რას შეჭამდა ვენახი?

2. რამ შეიძლება შეჭამოს კატა?

3.

დაფიქრდი და მოძებნე

1. რამ არ შეჭამა რამე?

2. რა არ შეჭამა რამემ?

3. რამ შეჭამა მგლის შემჭმელი?

4. ჯერ თოფმა ჭამა მგელი თუ მიწამ ჭამა ჟანგი?

5. ჯერ თაგვმა ჭამა მიწა თუ ჟანგმა ჭამა თოფი?

შენ თვითონ

1. რას ჭამს ჟანგი?

2. რას ჭამს კატა?

3. რა ჭამს ვენახს?

4. არის რამე, რასაც ვერაფერი ჭამს?

5. რა ჭამს ყველაფერს?

 

 

მაგალითი 3.

ქვემოთ მოცემულია კიდევ ერთი ნიმუში, რომლის შეტანა განზრახული მქონდა ქართულის, როგორც მეორე ენის მერვე კლასის სახელმძღვანელოსთვის, თუმცა ავტორთა ჯგუფის შიდა რედაქტორმა მოსწავლეებისთვის რთულად აღსაქმელად მიიჩნია და სახელმძღვანელოდან ამოიღო. ნიმუშში გამოყენებულია „რობინზონ კრუზოს” ჩემ მიერ ადაპტირებული ტექსტი:

დავალება 1. ყურადღებით წაიკითხე ტექსტი რობინზონ კრუზოს შესახებ და უპასუხე შეკითხვებს:

15 ივლისს კუნძულის დათვალიერება დავიწყე. მდინარის სათავისკენ წავედი. წელიწადის ამ დროს საერთოდ არ წვიმდა და ყველაფერი ყვითელი იყო. მდინარის სათავესთან კი ბევრი მწვანე ბალახი იყო, გორაკებზე — უამრავი უცნობი მცენარე და ხეხილი. მხოლოდ ფორთოხალი და ყურძენი ვიცანი. მთელი ღამე იქ დავრჩი, ხეში მეძინა.

მეორე დღესაც ბევრი ვიარე და ყველგან სიმწვანე იყო. მე ფორთოხალი და სხვა ხილი ჩემს გამოქვაბულში წამოვიღე. ძალიან გემრიელი იყო. შემდეგ დავფიქრდი: სახლი ხომ არ გავაკეთო იქ, მწვანე ბაღში?! მაგრამ ჩემი გამოქვაბულიდან ნაპირი ჩანდა, მწვანე ადგილი კი ზღვისგან შორს იყო. მე ხომ ნაპირთან ახლოს ყოფნა მინდოდა, იქნებ გემი დამენახა!..

გამოქვაბულში ყველაფერი მქონდა: ჩემი ჰამაკი, ჩემი სკამი, ჩემი მაგიდა. ყველაფრის თავიდან დაწყება ძნელი იყო. მე მიყვარდა ჩემი გამოქვაბული… მთელი ივლისი მაინც მწვანე ბაღში გავატარე და იქ მეორე სახლი გავაკეთე. პატარა სახლი გამოვიდა ხეებში, ტოტებითა და ფოთლებით. გარედან სახლი არ ჩანდა, ხეები ფარავდა. უკვე ორი სახლი მქონდა — ზღვასთან და მწვანე ბაღში.

დადგა აგვისტო და წვიმებიც დაიწყო. მე ისევ გამოქვაბულში გადავედი, რადგან იქ წვიმაშიც კომფორტი იყო და მზეშიც. წვიმდა მთელი აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბრის ნახევარი. 30 სექტემბერს ჩემს ხეზე 365-ე ნიშანი დავსვი. ანუ უკვე ერთი წელი გახდა, რაც ამ კუნძულზე ვიყავი — მე ხომ ყოველ დილით ვნიშნავდი ხეზე…

წვიმების შემდეგ ისევ დავიწყე მუშაობა ჩემს ფერმაში. უკვე მყავდა თხები და მქონდა მარცვლეული. თავიდან მარცვლეული ვერ მოვიყვანე, რადგან არ ვიცნობდი ჩემი კუნძულის ამინდს. თანდათან შევისწავლე, როდის, რომელ თვეში იყო მზე, როდის — წვიმა და ასეთი სურათი მივიღე:

თებერვლის მეორე ნახევარი

მარტი

აპრილის პირველი ნახევარი

 

წვიმა

აგვისტოს მეორე ნახევარი

სექტემბერი

ოქტომბრის პირველი ნახევარი

 

 

წვიმა

აპრილის მეორე ნახევარი

მაისი

ივნისი

ივლისი

აგვისტოს პირველი ნახევარი

 

მზე

ოქტომბრის მეორე ნახევარი

ნოემბერი

დეკემბერი

იანვარი

თებერვლის პირველი ნახევარი

 

მზე

საერთოდ, მიწაზე მუშაობისას ამინდის ცოდნა აუცილებელია. უნდა იცოდე, როდის რა გააკეთო. და მესამე წელიწადს უკვე მარცვლეულიც მქონდა და ორი სახლიც. ნოემბერში, წვიმების შემდეგ, მეორე სახლში მივდიოდი, სადაც ყველაფერი მწვანე და ლამაზი იყო.

 

შეკითხვები:

ა) კუნძულზე ყოფნის მერამდენე თვეს აღმოაჩინა მწვანე ბაღი რობინზონმა?

ბ) რატომ უნდოდა რობინზონს ოკეანის ნაპირთან ახლოს ყოფნა?

გ) რატომ უნდათ ხოლმე ადამიანებს ორი სახლი?

დ) როგორ ფიქრობ, რობინზონს ჰქონდა თუ არა საჭმელად ხორცი? პასუხი დაასაბუთე.

სავარჯიშო 4. წიგნში მოცემულ შეკითხვებზე უპასუხე წერილობითაც:

ა) კუნძულზე ყოფნის მერამდენე თვეს აღმოაჩინა მწვანე ადგილი რობინზონმა?

——————————————————————————————————

ბ) რატომ უნდოდა რობინზონს ოკეანის ნაპირთან ახლოს ყოფნა?

——————————————————————————————————————————————————————————————————————————-

გ) რატომ უნდათ ხოლმე ადამიანებს ორი სახლი?

——————————————————————————————————————————————————————————————————————————-

დ) როგორ ფიქრობ, რობინზონს ჰქონდა თუ არა საჭმელად ხორცი? რატომ ფიქრობ ასე?

——————————————————————————————————————————————————————————————————————————-

სავარჯიშო 5. კიდევ ერთხელ დაუკვირდი წინა სავარჯიშოს შეკითხვებსა და მათზე გაცემულ პასუხებს. გადაანაწილე ისინი ქვემოთ მოცემულ ცხრილში შემდეგი მითითების მიხედვით:

1-ლ უჯრაში ჩაწერე ის შეკითხვა, რომელზე პასუხიც ტექსტში პირდაპირ იპოვე.

მე-2 უჯრაში ჩაწერე ის შეკითხვა, რომელზე პასუხის გასაცემადაც ტექსტის ორი ადგილი გამოიყენე.

მე-3 უჯრაში ჩაწერე ის შეკითხვა, რომელზე პასუხის გასაცემადაც დაგჭირდა ტექსტის ინფორმაციაც და შენი წინარე ცოდნაც.

მე-4 უჯრაში ჩაწერე ის შეკითხვა, რომელზე პასუხის გასაცემადაც ტექსტი რობინზონის შესახებ სულაც არ დაგჭირვებია.

1) პირდაპირ ტექსტში

————————————————————————————————————————————————————–

3) შენ და ტექსტი

————————————————————————————————————————————————————–

2) დაფიქრდი და მოძებნე

————————————————————————————————————————————————————–

4) შენ თვითონ

————————————————————————————————————————————————————–

შენ მიერ შევსებული ცხრილი შეადარე თანაკლასელების ნამუშევრებს. თუ მოახერხებ, მოიფიქრე თითო შეკითხვა ოთხივე ჯგუფში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი