ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როგორ წავახალისოთ მოსწავლეები, ჩართონ კამერა ონლაინგაკვეთილზე?

მაშინ, როცა დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა სახეების დანახვას, შორით სწავლების დროს ჩვენ არ შეგვიძლია, დავაძალოთ მათ კამერების ჩართვა, ისევე როგორც პირისპირ სწავლებისას არ შეგვიძლია დავაძალოთ თავის აწევა, ქუდის ან კაპიუშონის მოხდა, რომელიც სახეს უფარავს.

 

მაგრამ ექსპერიმენტებითა და თანმიმდევრულობით შეგიძლიათ მიხვიდეთ მუშა სტრატეგიებამდე. იქნება ეს არჩევნის მიცემა თუ წახალისება. უნდა არსებობდეს გამოსავალი, რომელიც კარგად მოერგება თქვენს კლასს, გარემოებებს, გაკვეთილებსა და მოსწავლეებს.

 

SEL-ის სტრატეგიები კამერის გამოყენების წასახალისებლად

 

თუ გსურთ, მოსწავლეებში კამერის ჩართვის წასახალისებლად გამოიყენოთ სოციალური და ემოციური სწავლების (SEL) სტრატეგიები, დაიწყეთ იმის გათვალისწინებით, რომ სიტყვები მნიშვნელოვანია, ჩვენი კომუნიკაცია მოსწავლეებთან ურთიერთობაზე უნდა იყოს დამყარებული და არა მაამებლობაზე.

 

ქვემოთ მოცემულია SEL-ის მიდგომები:

 

ჩამოაყალიბეთ ურთიერთობები. ფოკუსირდით ნდობაზე, როგორც მასწავლებლისა მოსწავლისადმი, ისე მოსწავლისა მასწავლებლისადმი. როცა მოსწავლეებმა იციან, რომ ისინი უსაფრთხოდ არიან და გარშემომყოფები ზრუნავენ მათზე, უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს ჩართული კამერებით.

 

გამოჰკითხეთ მოსწავლეები. ჰკითხეთ მოსწავლეებს პირადად ან Google form-ის საშუალებით, რა უშლით ხელს კამერის ჩართვაში და რა აგრძნობინებდათ თავს კომფორტულად. როდესაც დაადგენთ, რა ბარიერები აქვთ მოსწავლეებს, შეგიძლიათ ითანამშრომლოთ მოსწავლეებთან მათ შესამცირებლად ან მოსახსნელად.

 

გამოიყენეთ „ყინულმჭრელები”. გამოიყენეთ ურთიერთობის განმამტკიცებელი აქტივობები, რომლებიც კამერის გამოყენებას წაახალისებს. მაგ. შეგიძლიათ შესთავაზოთ მოსწავლეებს, „მოძებნონ ყველაზე დიდი ყვითელი ნივთი სახლში, რომლის კამერასთან უსაფრთხოდ მოტანა შეიძლება”.

 

ითამაშეთ. „ჯე-ი-რა-ნი”, შარადები და სხვ. კარგად გამოდგება ონლაინსწავლებისას.

 

თვალსაჩინოდ უყარეთ კენჭი. მიეცით მოსწავლეებს საშუალება, ხმა მისცენ აწეული ან ძირს დაშვებული ცერით ან გამოჰკითხეთ კლასი „მუშტიდან ხუთამდე” მეთოდით.

 

წაახალისეთ სოციალური კაპიტალის მქონე მოსწავლეები, გამოიყენონ კამერა. სავარაუდოდ, საუკეთესო როლური მოდელები კლასში უკვე გყავთ. სცადეთ, Google form-ის გამოყენება, რათა ჰკითხოთ მოსწავლეებს, დაასახელონ სამი თანაკლასელი, რომელთან ერთად მუშაობასაც ისურვებდნენ ჯგუფურ პროექტზე. მაღალი შედეგის მქონე მოსწავლეები, სავარაუდოდ, მეტი სოციალური კაპიტალის მქონე მოსწავლეები არიან და შეუძლიათ იყვნენ დადებითი როლური მოდელები კამერის ჩართვის აქტივობაში. კამერის გამოყენებისათვის საუკეთესო როლური მოდელის გამოსავლენად შეგიძლიათ სოციოგრამის გამოყენებაც.

 

იყავით ემპათიური. გაუზიარეთ მოსწავლეებს იმ დროის შთაბეჭდილება, როდესაც არ გსურდათ კამერის ჩართვა. მოუყევით, როგორ ემზადებით კამერის ჩასართავად მაშინაც, როცა ამისი განწყობა არ გაქვთ. მსგავსი ამბების გაზიარება თქვენს ადამიანურობას წარმოაჩენს.

 

რჩევები ZOOM-ში კამერის გამოყენების წასახალისებლად

 

სათითაოდ დაუშვით მოსწავლეები კლასში. შედით კლასში ხუთი წუთით ადრე და ჩართეთ „მოსაცდელი” (waiting room). როდესაც მოსწავლეები მოვლენ, დაუშვით და მიესალმეთ სათითაოდ. თქვენ შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე მოსწავლესთან შეძლოთ ეს, ვიდრე ყველას დაშვება (admit all) დაგჭირდებათ, მაგრამ ადრე მოსულები კომფორტულად იგრძნობენ თავს მცირე ჯგუფში, დანარჩენები კი, რომ მოვლენ, დაინახავენ, რომ ზოგიერთი კამერა უკვე ჩართულია.

 

გამოიყენეთ ვიდეოს მოთხოვნის („Ask to Start Video”) ფუნქცია. როგორც „მასპინძელს” (host), მონაწილეებისაგან შეგიძლიათ მოითხოვოთ კამერის ჩართვა ეკრანზე დაწკაპუნებით, შემდეგ დააწკაპუნეთ ჰორიზონტალურზე” და აირჩიეთ „Ask to Start Video”.

 

გაგზავნეთ პირადი შეტყობინება სასაუბროში. გამოიყენეთ სასაუბრო მისასალმებლად და წაახალისეთ მოსწავლეები, ჩართონ კამერა.

 

წაახალისეთ ვირტუალური ფონი. შესაძლოა, მოსწავლე არ რთავდეს კამერას სახლში არსებული გარემოს გამო. ასე რომ, ასწავლეთ, როგორ გამოიყენონ ზუმის ვირტუალური ფონი.

 

სხვა რჩევები კამერის ჩართვის წასახალისებლად

 

მიეცით მოსწავლეებს საშუალება, იცოდნენ, როდისაა კამერები არასავალდებულო. მოსწავლეებთან ერთად განიხილეთ, როდის უნდა იყოს კამერა ჩართული და როდის – არა. ეს ავტონომიის განცდას მიანიჭებს მოსწავლეებს, თან წინასწარ ეცოდინებათ, როდის უნდა ჩართონ კამერა.

 

მიეცით მოსწავლეებს საშუალება, კამერაში სხეულის ან სივრცის მხოლოდ ნაწილი გამოაჩინონ. ზოგ მოსწავლეს შეიძლება არ სურდეს ეკრანზე სრულად გამოჩენა.

 

ჩამოაყალიბეთ რუბრიკები (კრიტერიუმები), რომლებიც კამერის გამოყენებას მოითხოვს. გაკვეთილის დაწყებამდე გააზიარეთ რუბრიკები ან კრიტერიუმები მიცემულ დავალებაში წარმატებისათვის. თუ კამერის ჩართვა თქვენს მიზანს (დავალებას) შეესაბამება, მიუთითეთ ის როგორც წარმატების (ერთ-ერთი) კრიტერიუმი. ასევე, მიეცით მოსწავლეებს საშუალება, თვითონ შექმნან რუბრიკები დავალების შესაბამისად.

 

მიეცით საშუალება, წინასწარ ჩაწერონ ვიდეო უნარების დემონსტრირებისათვის. თუ მოსწავლეს სჭირდება უნარის ვიზუალური დემონსტრირება, ნება მიეცით, ჩაიწერონ ვიდეო. მთელი კლასი ვერ დაინახავს ამას, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, შეაფასოთ მოსწავლე და კომფორტულად აგრძნობინოთ მას თავი კამერასთან.

 

სთხოვეთ მოსწავლეებს, შემოგთავაზოთ ალტერნატივები. შეიძლება თქვენმა მოსწავლეებმა გირჩიონ სხვა გზები ვიზუალური მონაწილეობის ან სწავლის გაზიარებისათვის. ბევრმა აღმოაჩინა, რომ მოსწავლეები (მეტი ხალისით) აზიარებენ ვიდეოებს ტიკტოკზე, ვიდეოზე, იუთუბის კერძო არხებსა ან ინსტაგრამზე.

 

წყარო: https://www.edutopia.org/article/strategies-encourage-students-turn-their-cameras

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი